Thursday, October 27, 2011

არის თუ არა ინდივიდუალურ ნომრებსა და ელექტრონულ დოკუმენტებში აპოკალიპტური რიცხვი 666?

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი დოკუმენტი ინდივიდუალური ნომრების პრობლემასთან დაკავშირებით

მოსკოვი 19-20 თებერვალი, 2001
ამას წინათ ჩვენს ბლოგზე შემოგთავაზეთ პროფ. ზაზა ოსმანოვის სტატია "შტრიხ კოდების შესახებ", სადაც ავტორი ამ საკითხს მათემატიკური კუთხით განიხილავს. მოქალაქეთა პირად ნომრებთან დაკავშირებული საკითხიც ანალოგიურ პრობლმეტიკას განეკუთვნება. ამასთან დაკავშირებით, გვსურს შემოგთავაზოთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 2001 წლის სინოდალური კომისიის დადგენილება ინდივიდუალურ ნომრებთან დაკავშირებით.
დადგენილება ბლოგისათვის ქართულად თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ
წყარო: http://www.pravoslavie.ru/news/010219/inn.htm




მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის უწმინდესის ალექსი II – ის ლოცვა-კურთხევით საეკლესიო და საზოგადო წრეებში ბეგარის გადამხდელი მოქალაქეების ინდივიდუალური ნომრების (შემოდგომში: ინდივიდუალური ნომრები - მთარგმნელი) შემოღების პრობლემასთან არსებულ დისკუსიებთან დაკავშირებით, 2001 წლის 19-20 თებერვალს წმინდა სამების სახელობის სერგის ლავრაში, მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, შედგა სინოდალური საღვთისმეტყველო კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ოთხი ქვეყნის – რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიების მწყემსმთავრებმა, სტავროპეგიალური მონასტრების იგუმენებმა და სულიერმა მოძღვრებმა, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, კონსტულტანტებმა და ექსპერტებმა.

კომისიის მუშაობისას გაიმართა მეგობრული და ნაყოფიერი დიალოგი ეკლესიისა და სახელმწიფო ორგანოების - სახელმწიფო დუმისა და დაბეგვრის სამინისტროს წარმომადგენლეთა შორის. დიალოგის დროს გაირკვა მოქალაქეთა დაბეგვრის აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები.

პლენუმმა განიხილა ის საკითხები, რომლებიც საეკლესიო წრეების ნაწილში იწვევს გაურკვევლობას და ღელვას და რომლებსაც მორწმუნეები სვავენ თავიანთ მრავალრიცხოვან მიმართვებში და მედიის პუბლიკაციებში:

1. არის თუ არა ინდივიდუალურ ნომრებსა და ელექტრონულ დოკუმენტებში აპოკალიპტური რიცხვი 666?
2. არის თუ არა ინდივიდუალური ნომერი ანტიქრისტეს ბეჭედი?
3. კარგავს თუ არა ქრისტიანი თავის სახელს, როდესაც ღებულობს ინდივიდუალურ ნომერს?
4. წარმოადგენს თუ არა გლობალიზაციის პროცესი სულიერ საშიშროებას?
5. რამდენად კანონიერია ზოგიერთი ღვთისმსახურის ქმედება ინდივიდუალურ ნომრების ირგვლივ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით?

ამ თემების ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ, პლენუმმა დაასკვნა:

1. ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, ინდივიდუალური ნომერი წარმოადგენს 12 არაბული ციფრის თანმიმდევრობას, რომელთაგან პირველი ორი რეგიონის კოდს წარმოადგენს, შემდეგი ორი - ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციის ნომერს, შემდგომი ექვსი – გადამხდელის გადახდის ჩანაწერის ნომერს და ბოლო ორი – ეგრეთ წოდებულ ”საკონტროლო ციფრების” ჩანაწერის სიზუსტის შემოწმებისათვის. სამი ექვსიანის არსებობა ციფრების ამ კომბინაციაში შეიძლება იყოს მხოლოდ შემთხვევითი. საუბარი იმაზე, რომ რიცხვი 666 აუცილებლად მონაწილეობს ინდივიდუალურ ნომრებში, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ზოგიერთ პუბლიკაციაში ვხვდებით მტკიცებულებას, რომ ელექტრონულ დოკუმენტებში, რომლებიც იყენებენ მაგნიტურ-წამკითხველ ჩანაწერებს, კოდის ნაცვლად გამოიყენება რიცხვი 666. ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, რომელიც ჩვენმა კომისიამ მიიღო, ასეთ მტკიცებულებას საფუძველი არ გააჩნია.

666-ის ფარულად არსებობის ვარაუდი ნაწილობრივ შეიძლება საფუძველს მოკლებული არ იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია EAN-13/UPC-ის სტანდარტით შესრულებულ ინფორმაციის კოდირებაზე შტრიხ-კოდების საშუალებით, რომელსაც იყენებენ საქონლის მარკირებისას (თანაც უნდა აღინიშნოს, რომ კერძოდ კომპიუტერი არ აღიქვამს სამ წყვილ გამყოფ წაგრძელებულ ხაზს როგორც ექვსიანებს, თუმცა კოდირების ამავე სტანდარტში მათი გრაფიკული მონახაზი ციფრი 6-ის გრაფიკული მონახაზის მსგავსია). ჩვენთვის ცნობილი სხვა, EAN-13/UPC-სგან (საქონლის შტრიხ-კოდები) განსხვავებული ჩანაწერების სისტემების, კერძოდ კი ელექტრონულ დოკუმენტებში არსებული მაგნიტური ლენტების შემთხვევაში ექსპერტებმა რიცხვი 666-ის არსებობა ინფორმაციის ამ ტიპის ჩანაწერში ვერ აღმოაჩინეს.

2. ზოგიერთ მართლმადიდბელს შორის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ანტიქრისტე ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ თავის ბეჭედს უკვე სვამს”, ანდა რომ არსებობს გარკვეული ”ბეჭდის წინამორბედი” ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას კაცობრიობის ისტორიის ”ბოლო ჟამს” ანტიქრისტეს გამოჩენის შესახებ. როგორც უკვე ნათქვამი იყო 2000 წლის 7 მარტის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაში სახელწოდებით ”პატივი ვცეთ მორწმუნეთა გრძნობებს. შევინარჩუნოთ ქრისტიანული საღი აზროვნება”, ”იმათთვის ვინც ცდილობს ინდივიდუალური ნომრების ”ანტრიქრისტეს ბეჭედთან” დაკავშირებას , შევახსენებთ, რომ წმინდა მამათა გადმოცემაში ასეთ ბეჭედში მოიაზრებოდა ნიშანი იმისა, რომ ადამიანი თავისი ნებით განუდგებოდა ქრისტეს... მიუხედავად ამ ტრადიციისა ხანდახან ამტკიცებენ, რომ თითქოსდა ტექნოლოგიურ მოქმედებას თავისდათავად შეუძლია მოახდინოს ადამიანის სულის სიღრმეებში გადატრიალება, რასაც შედეგად მოყვება ადამიანის განდგომა ქრისტესაგან. ასეთი ცრურწმენა ეწინააღმდეგება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნის მართლმადიდებლურ განმარტებას, რომლის მიხედვითაც ”მხეცის ბეჭდით” ინიშნებიან ისინი, ვინც შეგნებულად ირწმუნებენ მას ”მხოლოდ და მხოლოდ მისი ყალბი სასწაულების გამო” (წმინდა იოანე ოქროპირი). არანაირი გარეგნული ნიშანი არ ანგრევს ადამიანის სულიერ სიჯანსაღეს, თუ ეს ნიშანი არ არის შეგნებულად ქრისტეს ღალატის და სარწმუნოების შეურაცხყოფის შედეგი”.

ანალოგიური დადგენილება ბერძნული ეკლესიის წმინდა სინოდის მიერაც იყო გაკეთებული 1998 წლის 9 თებერვლის N 2641 მიმართვაში: ””ბეჭედს”, იქნება ეს ანტიქრისტეს სახელი ანდა მისი სახელის რიცხვი, როდესაც დადგება მისით დაბეჭვდის დრო, მხოლოდ მაშინ მოყვება ქრისტესაგან განდგომა და ანტიქრისტესთან შეერთება, როდესაც ის ნებაყოფლობით იქნება მიღებული. ”ბეჭდის” ნებაყოფლობით მიღება, უტოლდება რა ქრისტესგან განდგომას, აშორებს ღვთიურ მადლს, ვინაიდან ადამიანი თავისი ნებით წყვეტს ამ მადლთან თანაქმედებას და ყოველგვარი სინანულის გარეშე ისწრაფვის, რომ განუდგას მას”.

3. შეკითხვაზე – კარგავს თუ არა ქრისტიანი თავის სახელს, როდესაც ღებულობს ინდივიდუალურ ნომერს, ჩვენ შეგვიძლია არქიმანდრიტ იოანე (კრესტიანკინის) სიტყვებით გავცეთ პასუხი: ”ჩემო ძვირფასებო, როგორ მივენდეთ პანიკას – დავკარგოთ ჩვენი ქრისტიანული სახელი ნომრის მიღებით? განა უფლის თვალში ეგ შესაძლებელია? განა ბარძიმის წინ ვინმე დაივიწყებს თავის თავს და თავის ზეციურ მფარველს, რომელიც მას ნათლობისას მიეცა? განა ჩვენ არ მოვიხსენებთ ყველა იმ ღვთისმსახურს, ქრისტიან ერისკაცებს, რომლებსაც თავისი ცხოვრების ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა დაევიწყათ თავიანთი სახელები, გვარები, ისინი ნომერმა შეცვალა, და ბევრია ვინც ასე ნომრით წავიდა მარადიულობაში. ხოლო ღმერთმა თავისი მამობრივი სიყვარულით ჩაიხუტა ისინი როგორც მღვდელმოწამეები და მოწამეები, და გამარჯვებულთა თეთრმა პერანგებმა დაფარა პატიმრის ქურთუკები. სახელი არ ჰქონდათ, მაგრამ ღმერთი მათ გვერდით იყო და სასიკვდილე გარემოცვაში მყოფ მორწმუნეებს უფალი წინამძღოლობდა ყოველდღე. უფალი არ ფიქრობს ადამიანზე, როგორც ნომერზე, ნომერი მხოლოდ თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკისათვისაა საჭირო, ხოლო უფლისათვის არაფერია ისე ძვირფასი, როგორც ადამიანის ცოცხალი სული, რომლის გულისათვის მან თავისი მხოლოდშობილი ძე – ქრისტე მხსნელი მოგვივლინა. და მოვიდა მხსნელი ამქვეყნად მოსახლეობის აღწერით”.

ამასთან ერთად, მორწმუნე ერში ინდივიდუალურ ნომრების მიღებასთან არსებული გაურკვევლობის გათვალისწინებით, წმინდა სამების სახელობის სერგის ლავრის არქიმანდრიტ კირილის (პავლოვი) წინადადებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა გამართეს დიალოგი რუსეთის ფედერაციის დაბეგვრის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. დიალოგის დროს სამინისტრომ განაცხადა მზადყოფნა, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას მიმართოს წინადადებით რათა რუსეთის ფედერაციის დაბეგვრის კოდექსში შეიტანონ ცვლილებები. კერძოდ, რათა შემოიღონ დოკუმენტი ”ბეგარის გადამხდელის - ფიზიკური პირის პირადი ანგარიში” და მცნება ”გადამხდელის – ფიზიკური პირის პირადი ანგარიშის ნომერი”. ამ გადაწყვეტილების რეალიზაციის შემთხვევაში, ზოგიერთის შიში რომ ”ქრისტიანული სახელი შეიცვლება ნომრით” ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იქნება (ვინაიდან ამ შემთხვევაში ნომერი მიენიჭება დოკუმენტს და არა პირს).

4. სახელმწიფოთა და ხალხთა მზარდი ურთიერთდამოკიდებულებით გამოწვეული გლობალიზაციის პროცესები შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული ადამიანთა და საზოგადოებათა დამონებისათვის. ამდაგვარად, არ შეიძლება უგულებელვყოთ საშიშროება იმისა, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიები გამოყენებულ იქნას ტოტალური კონტროლის დამყარებისათვის, პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის დარღვევისათვის და პიროვნების რელიგიური და მსოფლმხედველური არჩევნის გაკეთებაზე გავლენისათვის.

ღვთისმეტუველური კომისიის კრების თანამონაწილეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს საეკლესიო-საზოგადოებრივი საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით ზემოთ ხსენებული პროცესების და ტენდენციების შესწავლას განახორციელებდა, ანალიზს გაუკეთებდა სათანადო საერთაშორისო ნორმების განვითარებას, და აგრეთვე იმ საკანონმდებლო ინიციატივებისა და აღმასრულებელი ორგანოების ქმედებებს, რომლებიც პიროვნების თავისუფლებასა და ხალხთა მართლმადიდებლობასთან ისტორიულად დაკავშირებულ კულტურულ-რელიგიური თავისებურებას საშიშროებას უქმნის. ამასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილი იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტისა და ფედერალურ საკრებულოსათვის პატრიარქისა და წმინდა სინოდის შესაბამისი წერილის გაგზავნა.

ბევრ ქვეყანაში არსებობს სამართლებრივი თავდაცვის მექანიზმები პიროვნების ერთიანი უნივერსალური იდენტიფიცირების ანდა საერთო უწყებათაშორისი მონაცემთა ბაზის შექმნის დანერგვის მცდელობის საწინააღმდეგოდ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ელექტრონული პასპორტების და იდენტიფიკაციის სხვა უახლესი მეთოდების, რომლებიც გამოყენებული იქნება ანგარიშის წარმოების, სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღებისათვის, შემოღების საკითხს.

იმასთან ერთად, რომ თვით წარმოების ტექნოლოგია და მსგავსი იდენტიფიკატორების გამოყენება არ შეიძლება ჩაითვალოს დასაგმობად, საჭიროა გარანტიების მიღება, რომ პირადი კონფიდენციალურობა დაცული იქნება, რომ პიროვნებას ეცოდინება თუ რა ინფორმაციას აგროვებენ მასზე, და რომ ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელი იქნება, გარდა განსაკუთრებულად უფლებამოსილ სახელმწიფო ინსტანციებისათვის, რომელთა ქმედება ეფუძნება შესაბამის კანონებს.

პლენუმის მონაწილეები, აღიარებენ რა გლობალიზაციის პროცესების ობიექტურ და არაერთგვაროვან ხასიათს, თავიანთ მოვალეობად თვლიან შეგვახსენონ, რომ სამყაროს შემქმნელი და განმგებელი არის ღმერთი. თავისი ორათასწლიანი ისტორიის განმავლობაში ქრისტეს ეკლესიამ გაუძლო სახელმწიფოთა სხვადასხვა წყობას, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ეკლესიის განადგურებას და ქრისტიან ერთა სულიერ დამონებას, მაგრამ ყველა ისინი დაიმსხვრნენ უფლის კლდეზე: ”აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მათე 16, 18).

5. ”რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეპციის საფუძვლებში” ნათქვამია (III, 5), რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებს ცოდვისაკენ აიძულებს, მაშინ ეკლსიას შეუძლია მოუწოდოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ. მაგრამ ეს სიტყვები გულისხმობენ ეკლესიას, და არა ცალკეულ მღვდელმსახურებს ანდა ერისკაცებს, რომლებიც თვითნებურად კადრულობენ ეკლესიის სახელით საუბარს.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბევრი სასულიერო პირი მწყემსმთავრების კურთხევის გარეშე კადრულობს იმოქმედოს, ზოგჯერ კი – პირდაპირ იმ პოზიციის საწინააღმდეგოდ, რომელიც ღიად და მკაფიოდ იყო გამოხატული მმართველი ეპისკოპოსებისა და უმაღლესი საეკლესიო ორგანოს – საეპისკოპოსო კრების, წმინდა სინოდის და პატრიარქის მიერ. სრულებით მიუღებელია სასულიერო პირებისა და ბერ-მონაზვნების მიერ საინფორმაციო საშუალებებში და სახელმწიფო ორგანოებში გამოსვლის ფაქტები, რაც საეკლესიო მწყემსმთავრებზე აშკარა ზეწოლის ხასიათს ატარებს. ასეთებს შევახსენებთ სარდის კრების მე-11 წესს: ”თუ ეპისკოპოსი, ან პრესვიტერი, ანდა საერთოდ ვინმე სასულიერო დასიდან საოლქო და მითუფრო ეპარქიის ეპისკოპოსის ნებართვის ანდა რწმუნებათა სიგელის გარეშე იკადრებს და მეფესთან მივა: დაე ასეთი განყენებული იყოს და წაერთვას არამარტო ზიარების უფლება, არამედ ღირსება რომელიც გააჩნდა... და თუ აუცილებლობა აიძულებს ვინმეს მეფესთან მისვლას, ასეთმა დაე იმოქმედოს ეპარქიისა და ოლქის ეპისკოპოსების ნებართვით და დაე თან ჰქონდეს რწმუნებათა სიგელებიც”

აუცილებელია ასეთ ”მოშურნეებს” შევახსენოთ, რომ უფალმა ეპისკოპოსებს მიანიჭა განსაკუთრებული მისია: რათა იყვნენ უფლის საიდუმლოებების აღმშენებლები და წმინდა გადმოცემის უცვლელად დამცველები. კანონიერი სამღვდელოებისაგან განდგომა იგივეა რაც განდგომა წმინდა სულისაგან, თვით ქრისტესაგან. როგორც წმინდა მოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი ამბობს: ”ყველა გაჰყევით ეპისკოპოსს, როგორც იესო ქრისტე – მამას, ხოლო პრესვიტერებს - როგორც მოციქულებს. პატივი მიაგეთ დიაკვნებს როგორც უფლის მცნებებს. დაე ეპისკოპოსის გარეშე არავინ არაფერი არ აკეთოს რაც ეკლესიას ეხება... სადაც ეპისკოპოსია ხალხიც იქ უნდა იყოს, ისევე როგორც სადაც იესო ქრისეა იქაა კათოლიკე ეკლესიაც” (წმინდა ეგნატე ანტიოქიელი, სმირნელებს 8). მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს, რომ ”ეპისკოპოსის გარეშე არათუ ეკლესია ვერ იქნება ეკლესია, და ქრისტიანი – ქრისტიანი, არამედ ვერც კი იწოდებიან ასეთებად. რამეთუ ეპისკოპოსმა, როგორც მოციქულთა მემკვიდრემ, ხელდასხმითა და წმინდა სულის მოხმობით მიიღო ღვითსაგან ბოძებული ძალაუფლება შეკვრისა და გახსნისა” (აღმოსავლეთ პატრიარქთა მიმართვა).

დასკვნები:

1. ინდივიდუალური ნომრების მიღება ან არ მიღება არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს აღმსარებლობის საკითხს ან რაიმე ცოდვას. ეს არის პირადი არჩევანი, მას არ გააჩნია რელიგიური დატვირთვა.

2. ეკლესიურ წრეში ინდივიდუალური ნომრების ირგვლივ არსებული შფოთი მოწმობს ეკლესიური იერარქიის პედაგოგიური მსახურების გაძლიერებისა და მრევლის სულიერ დაპურებაში არსებული ნაკლის აღმოფხვრის აუცილებლობაზე.

ამასთან დაკავშირებით უმორჩილესად ვთხოვთ უწმინდეს პატრიარქს მიმართოს სრულიად რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას სამოძღვრო ეპისტოლეთი.

3. არ უნდა იყვნენ განკითხულნი ისინი, ვინც უარს ამბობენ ინდივიდუალური ნომრების მიღებაზე, მაგრამ საგანგაშოა ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა, ვინც თავისი უარით სხვების წინაშე თავს იმაღლებს, განიკითხავს რა მათ, ვინც მათ მაგალითს არ მიყვა.

4. სრულიად დაუშვებელია მოძღვრების მიერ საეკლესიო ეპიტიმიის დადება ინდივიდუალური ნომრების მიღება ან არ მიღებისათვის.

5. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ის მორწმუნეები, რომლებმაც უარი თქვეს ინდივიდუალურ ნომრებზე, არც ისე იშვიათად განიცდიან დისკრიმინაციას სამსახურის უფროსობისაგან. რუსეთის ფედერაციის დაბეგვრის საკითხებში სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, ასეთი ქმედება კანონსაწინააღმდეგოა. ასეთ შემთხვევებში ადამიანმა უნდა მიმართოს ზემდგომ საბეგვრო ინსტანციებს.

6. პლენუმის მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას საეკლესიო და საზოგადოებრივი პრობლემების შესასწავლად და გასაშუქებლად ესაჭიროება ბეჭვდითი გამომცემლობისა და საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის სერიოზული გაუმჯობესება.

7. ამქვეყნად ცოდვის გამრავლებასთან საბრძოლველად ეკლესიას თავისი საშუალებები გააჩნია: ეს არაა მიტინგები და ბროშურები, არამედ ღვთიური მცნებების შესრულება, ლოცვა და სინანული. სამყაროში გამრავლებულ ბოროტებასთან ჭიდილი ჭეშმარიტად ქრისტიანულ საქმედ იქცევა არა მაშინ, როდესაც ქრისტიანები ერთმანეთს დაუსაბუთებული შიშებით მუხტავენ, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ კონკრეტული საქმიანობით, რომელიც მიმართულია, ჩვენი რწმენის გასაძლიერებლად და ახლობლის დასახმარებლად. “ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (მათე 5, 16).