Friday, September 9, 2011

ქალის „უწმინდურობა“

მართლმადიდებლური კანონიკურ-ანთროპოლოგიური ანალიზი

  მართლმადიდებელი ეკლესიის ადამიანის შესახებ სწავლებაში ერთ-ერთ დელიკატურ პრობლებად დღემდე რჩება ქალის „უწმინდურობის“ საკითხი. კერძოდ, დედათა წესის, ანუ მენსტრუალური ციკლის დღეებში და მშობიარობის შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში, ქალი ითვლება უწმინდურად, შესაბამისად, მას ეკრძალება საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა და ზოგადად სიწმინდეებთან მიახლოება. გარდა იმისა, რომ ასეთი დამოკიდებულება ქალის ბუნებრივი ფიზიოლოგიისადმი საკმაოდ სერიოზულ დოგმატურ-ანთროპოლოგიურ პრობლემას ქმნის (რამდენად შეიძლება უწმინდურად ითვლებოდეს ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი (!)), ამავდროულად, სამოძღვრო-მისიონერულ პრაქტიკაშიც ხშირად სერიოზულ პრობლემად წარმოგვიდგება - ქალებს უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი, ეკლესიას კი ექმნება უარყოფითი იმიჯი, რის შედეგადაც ქრისტეს ტაძარს ეკარგება მრევლი.  
  
ავტორი: მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი
თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში




მართლმადიდებელი ეკლესიის ადამიანის შესახებ სწავლებაში ერთ-ერთ დელიკატურ პრობლებად დღემდე რჩება ქალის “უწმინდურობის” საკითხი. კერძოდ, დედათა წესის, ანუ მენსტრუალური ციკლის დღეებში და მშობიარობის შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში, ქალი ითვლება უწმინდურად, შესაბამისად, მას ეკრძალება საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა და ზოგადად სიწმინდეებთან მიახლოება: მონათვლა, აღსარების ჩაბარება, ზიარების მიღება, ჯვრის დაწერა, ნაკურთხი წყლისა და სეფისკვერის მიღება, ხატების მთხვევა, სანთლის დანთება და საერთოდ, ტაძარში შესვლაც კი. გარდა იმისა, რომ ასეთი დამოკიდებულება ქალის ბუნებრივი ფიზიოლოგიისადმი საკმაოდ სერიოზულ დოგმატურ-ანთროპოლოგიურ პრობლემას ქმნის (რამდენად შეიძლება უწმინდურად ითვლებოდეს ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი (!)), ამავდროულად, სამოძღვრო_მისიონერულ პრაქტიკაშიც ხშირად სერიოზულ პრობლემად წარმოგვიდგება - ქალებს უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი, ეკლესიას კი ექმნება უარყოფითი იმიჯი, რის შედეგადაც ქრისტეს ტაძარს ეკარგება მრევლი. 

აღსანიშნავია, რომ ქალებისადმი ასეთმა არაერთგვაროვანმა დამოკიდებულებამ ასახვა ჰპოვა ზოგიერთ კანონიკურ და ლიტურგიკულ ტექსტში, მაგალითად: 

დიდ სჯულისკანონში შესულ, ნეტარი დიონისე ალექსანდრიელის კანონიკურ ეპისტოლეში ვკითხულობთ: „დედობრივი წესით სისხლმდინარე დედებს აქვთ თუ არა ღვთის სახლში შესვლის ნება, როდესაც ამ მდგომარეობაში არიან, ამის კითხვაც ზედმეტი მგონია. რადგანაც ვერ დავიჯერებ, რომ თუ ღვთისმოსავნი და მორწმუნენი არიან, როგორ უნდა გაბედონ ბუნებრივ ვნებაში ყოფნის დროს წმინდა ტრაპეზთან მისვლა, ან ქრისტეს ხორცისა და სისხლის შეხება. (...) სიწმენდეთა შეხებისა და წმინდათა წმინდათაში შესვლის უფლება არა აქვს არავის, თუ სულით და ხორცით მთლიანად წმინდა არ იქნება“ [3: 291].;
  
ასევე დიდ სჯულისკანონში წმინდა ტიმოთე ალექსანდრიელი კითხვაზე, შეუძლია თუ არა ქალს დედათა წესის დროს მოინათლოს ან მიიღოს წმინდა ზიარება, პასუხობს, რომ, როგორც ნათლისღების, ასევე ზიარების „გადადება საჭიროა, სანამ დედაკაცი არ განიწმინდება“ [3: 418].;
  
წმინდა იოანე მმარხველის 28-ე კანონში დაწესებულია: „ორმოცი დღე უზიარებელი დარჩეს დედაკაცი, რომელიც გაკადნიერდება და კანონის აკრძალვის მიუხედავად, [მენსტრუალური ციკლის დროს] საღმრთო საიდუმლოებს მიეახლება“ [3: 480].
  
XII საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი კანონისტი ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი თვლიდა, რომ დედათა წესის დროს ქალები არც უნდა უახლოვდებოდნენ ტაძარს [11: 3]. 

სამღვდელო კურთხევანში არსებობს ნამშობიარები ქალისთვის პირველ და მეორმოცე დღეს წასაკითხი „განმწმენდი ლოცვები“, სადაც, სხვათაშორის, წერია:  

„რომელმან უწყნი სნეულებანი კაცთა ბუნებისანი, შეუნდევ მხევალსა ამას შენსა (სახელი), რომელმან შვა დღეს მრავლითა წყალობითა შენითა...“;   

„განსწმიდე მხევალი ესე შენი (სახელი) ყოვლისაგან ცოდვისა და ყოვლისაგან მწიკვლისა, მოსრული წინაშე შენსა წმიდასა ეკლესიასა შენსა, რათა დაუსჯელად ღირს-იქმნას მიღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა...“;  

„ეგრეთვე მოვედ მხევალსაცა ამას შენსა ზედა (სახელი) და ღირს-ჰყავ ესე (...) შესვლად ტაძარსა ამას დიდებისა შენისა და ღირსჰყავ ესე მიღებად პატიოსნისა ხორცისა და სისხლისა ქრისტეს შენისა. განბანენ ესე მწიკვლისაგან ხორცთასა და სულისა, აღსრულებად მეორმოცესა დღესა, რომელიც ღირს იქმნა მოსვლად წმიდასა ტაძარსა შენსა“ [4: 5, 8-10].  

კურთხევანიდან მოყვანილი ციტატებიდან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს თავად ბავშვის გაჩენის პროცესში და შემდეგ პოსტნატალურ ორმოცი დღის განმავლობაში ქალი იმყოფება არა მხოლოდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმაში, არამედ სულიერ ცოდვასა და სიმწიკვლეშიც. 

აღსანიშნავია, რომ სერბეთის პატრიარქი პავლე, ყველა ხსენებული წყაროს შესწავლის შემდეგ, ასკვნის, რომ ქალის „უწმინდურებასთან“ დაკავშირებული არცერთი ციტატა არ გამოხატავს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ სწავლებას და წარმოადგენს მხოლოდ მათი ავტორების კერძო აზრს. უწმინდესი პატრიარქი პავლე წერს: „ბალსამონის და ციტირებული სხვა ავტორების კერძო აზრები არ იყო დამტკიცებული ეკლესიის რომელიმე უმაღლესი ავტორიტეტული ორგანოს - მსოფლიო ან ადგილობრივი კრების მიერ - და არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია“ [11: 3].
  
მაშ რამ გამოიწვია ეკლესიაში ქალის უწმინდურობის საკითხის დაყენება? ხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებული ლიტერატურის შესწავლისას ცხადი ხდება, რომ ქალის ფიზიოლოგიისადმი ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება ემყარება, უმთავრესად, ხალხურ ტრადიციულ წარმოდგენას, თითქოს დედათა წესის დროს ქალი იბილწება. ნეტარი ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამ თემაზე მსჯელობისას პირველ მიზეზად ზუსტად ხალხურ ცრურწმენას ასახელებს, რადგან ადამიანები უწმინდურად მიიჩნევენ ყველაფერს, რასაც ორგანიზმი გარეთ გამოყოფს ყურიდან, ცხვირიდან, ყელიდან და ა.შ. [11: 2]. ასეთ ხალხურ წარმოდგენას, რა თქმა უნდა, გამართლება აქვს მხოლოდ ჰიგიენური თვალსაზრისით, მაგრამ ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოვლენებისთვის რელიგიურ-სულიერი შინაარსის მიცემა სრულიად მიუღებელია ქრისტიანული სწავლებიდან გამომდინარე, ადამიანზე, როგორც ღვთის ქმნილებაზე. 

მეორე მიზეზად წარმოგვიდგება ძველი აღთქმა. კერძოდ, მოსეს სჯული განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი ითვლებოდა წაბილწულად და ითხოვდა სპეციალურ რიტუალურ განწმედას. მაგალითად, ლევიტელთა წიგნში ნათქვამია, რომ მენსტრუალური სისხლდენის შვიდი დღის განმავლობაში, ასევე ვაჟის გაჩენის შემდეგ ორმოცი დღის, ხოლო გოგოს გაჩენის შემთხვევაში ოთხმოცი დღის განმავლობაში ქალი უწმინდურად ითვლებოდა: 

„თუ ქალს გამონადენი აქვს, სისხლი სდის სხეულიდან, შვიდ დღეს წიდოვნებაშია, ვინც კი შეეხება მას, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. თუ ქალი წიდოვანი არ არის და დიდი ხნის განმავლობაში სდის სისხლი ან გამონადენი აქვს წიდოვნობის ვადაზე მეტ ხანს, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც გამონადენი აქვს, წიდოვნად ჩაითვლება, გაუწმიდურებულია“ (ლევიტელთა 15: 19, 25) [1: 110].;
  
„თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია იგი. როგორც წიდოვანების დროს, ისე უწმიდურდება. ოცდაცამეტი დღის მანძილზე უნდა დარჩეს ქალი განწმედის სისხლში; წმიდას არაფერს შეეხოს, არც ტაძარში შევიდეს, ვიდრე გაწმედის ვადა არ გავა. თუ გოგო შვა, ორ კვირას იქნება გაუწმიდურებული, როგორც წიდოვანების დროს. სამოცდაექვსი დღის მანძილზე უნდა დარჩეს განწმედის სისხლში“ (ლევ. 12: 2, 4, 5) [1: 105].
  
მოყვანილი ციტატების სწორი გააზრებისათვის აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მოსეს სჯულში სიწმინდე-უწმინდურობის აღქმაში ბევრი ჰიგიენური შინაარსის ცნება და წესი არსებობდა. მაგალითად, ხსენებული შემთხვევების გარდა, უწმინდურად ითვლებოდა მამაკაცი ღამის პოლუციის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში (ლევ. 15: 16, 17); ასევე უწმინდურად ითვლებოდა კეთროვანი ადამიანი ან მიცვალებულის გვამი და შესაბამისად, მათთან შეხება (ლევ. 13: 3 / 21: 1); აკრძალული იყო გარკვეული ცხოველების ხორცის საკვებად მიღება (ლევ. 11: 1-47) და ა.შ. არსებობდა განწმენდის სპეციალური რელიგიური რიტუალები მსხვერპლშეწირვისა და წყლით განბანვის სახით. 

სჯულში ასეთი წესების არსებობას ჰქონდა ორმაგი შინაარსობრივი დატვირთვა: 

1. პრაქტიკულ-ჰიგიენური. ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა - მიცვალებულის გვამი, კეთრი, სისხლი, სპერმა და ასევე პალესტინის ცხელ კლიმატში სწრაფად ფუჭებადი ხორცი - შეიძლება ადვილად გამხდარიყო გარკვეული ვირუსების, ბაქტერიებისა და შესაბამისად ეპიდემიის გავრცელების წყარო. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სისხლს, რომელიც „თუ დაქცეული იყო მსხვერპლშეწირვის გარდა რიგ სხვა ვითარებებში, ბილწავდა სხეულს, რადგან მკვდარი სისხლი შეიძლება დაავადებების გადამდები გამხდარიყო ცოცხალი ორგანიზმებისთვის“ [7: 44]. ამიტომ, ადგილი რომ არ ჰქონოდა ადამიანურ სიზარმაცესა და დაუდევრობას, მით უმეტეს, რომ პალესტინაში წყალი საკმაოდ დიდ დეფიციტს წარმოადგენდა, აუცილებელი იყო ჰიგიენური წესებს სჯულის ავტორიტეტი და ვალდებულება მიცემოდა. მაგალითად, წმინდა იოანე მმარხველი 28-ე კანონში მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოსეს სჯულში დედათა წესის დროს ქალი უწმინდურად ითვლებოდა და შესაბამისად, იკრძალებოდა მასთან სქესობრივი თანაცხოვრება, „რადგან ისე ხდება, რომ ის, რაც ითესება [ბავშვი], შემდგომში ხშირად გამოდის ავადმყოფური და სუსტი, რის გამოც, საღმრთო მოსე ქვებით ჩაქოლვას განუწესებს ასეთი მახინჯი ნაყოფის მშობელ მამას, რადგან იგი, ცოლის თავშეუკავებლობის მიზეზით, არ დაელოდა მის განწმენდას“ [3: 480]. ნეტარი თეოდორიტე ასევე აღნიშნავს, რომ მენსტრუალურ ციკლში მყოფ ქალთან დაკავშირებული მოსეს სჯულის მუხლების მიზანი იყო „სქესობრივი კავშირების შეზღუდვა“ [10: 458]; 

2. რელიგიურ-ზნეობრივი. ადამიანს მუდმივად უნდა ხსომებოდა თავისი სულიერად და ხორციელად დაცემული, უძლური და ხრწნადი ბუნება. ძველი აღთქმის ადამიანების რელიგიური აზროვნება არ იყო მაღალგანვითარებული და მათ უჭირდათ ცოდვის აღქმა, როგორც გულის სიღრმეში წარმოშობილი ვნებები და შესაბამისად, სულის ავადმყოფობა, რომ ადამიანი მოწოდებულია არ სცოდოს არა მხოლოდ საქმით, არამედ გონებითაც და გულისთქმით. ამიტომ, ღმერთი ისრაიტელიანებს სჯულში უდგენს ჰიგიენურ წესებს, რომ მათი დაცვით ადამიანებს ეფიქრათ ზნეობრივ სიწმინდეზე. ნეტარი თეოდორიტე ხსნის, რომ ღმერთი „ხორციელი უძლურებებით მიუთითებს სულიერ უძლურებებზე და უნებლიე ავადმყოფობებზე საუბრისას, განმარტავს ჩვენი ქმედებით შეძენილ სნეულებებს. რადგან, თუ ბუნებრივი უძლურებანი უწმინდურობად ჩანს, მითუმეტეს, უწმინდურობას წარმოადგენს ჩვენი ზნეობრივი ნაკლულოვანებები“ [10: 445].
  
ამავდროულად, განწმენდის სხვადასხვა რიტუალები მაცხოვარი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ქრისტიანული ეკლესიის საიდუმლოებების წინასახეს წარმოადგენდნენ. მაგალითად, წყლით განბანის რიტუალი ქრისტეს იორდანეში ნათლობისა და ყველა ქრისტიანი ადამიანის ემბაზში ნათლობის სიმბოლოს წარმოადგენდა, ხოლო ცხოველების სისხლიანი მსხვერპლშეწირვა მაცხოვრის ჯვარზე გაკვრისა და ქრისტიანული ევქარისტიის წინასახე იყო. 

რაც შეეხება ახალი აღთქმის ტექსტს, ქალის უწმინდურების მომხრეებს არგუმენტად მოყავთ ერთადერთი ადგილი: წმინდა დიონისე ალექსანდრიელი ხსენებულ კანონიკურ ეპისტოლეში იხსენიებს თორმეტი წლის განმავლობაში სისხლმდინარე ქალს (მათე 9: 20-22), რომელიც „თავისი განკურნებისათვის თავად უფალს კი არ შეეხო, არამედ მისი სამოსლის კალთას“, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის დენა უწმინდურებაა და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქალი უნდა მოერიდოს სიწმინდეებთან შეხებას - ასკვნის წმინდა დიონისე [3: 291]. 

ალექსანდრიელი ეპისკოპოსის შეცდომა მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ სახარებაში ნახსენები ქალი იუდეველი იყო და შესაბამისად, ძველი აღთქმის მოსეს სჯულით ხელმძღვანელობდა და ამიტომ მას ეკრძალებოდა არა მხოლოდ სხვა ადამიანის სხეულზე, არამედ სამოსლის კალთაზე შეხებაც კი. მახარობელი მათე იმიტომაც იხსენებს ამ ფაქტს, რომ ებრაელებს დაანახოს ძველი აღთქმის უწმინდურობის კრიტერიუმების უსაფუძვლობა. იესო ქრისტეს ქადაგების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ზუსტად იმის განმარტება, რომ ადამიანი სცოდავს არა რაიმე უწმინდურ საგანთან შეხებით, არა სხეულიდან რაიმე სითხის გამონადენით და არა რომელიმე საკვების მიღებით, არამედ გულიდან ამოსული ღვარძლით: „ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს კაცს. ვინაიდან გულიდან გამოდიან უკეთური ზრახვანი, კაცის კვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი; ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს“ (მათე 15: 17-20) [1: 974].
  
წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს რა მათე მახარობლის სახარებას, აღნიშნავს, რომ „ძველი აღთქმის სჯული დიდ უწმინდურობად თვლიდა ქალებში სისხლდენას“ [5: 381], ანუ წმინდა მამა არ ლაპარაკობს აწმყო დროში - ახალი აღთქმის სჯული თვლისო - აქედან ჩანს, რომ ქრისტიანული სარწმუნოებისთვის უცხოა ადამიანის ბილწად წარმოდგენა ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოვლენების გამო. 

ნეტარი დიონისესა და წმინდა იოანე მმარხველის ციტირებული კანონებიდან მტკიცდება სერბეთის პატრიარქის პავლესა და სხვა მკვლევარების დასკვნა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ქალის უწმინდურობის შესახებ მოსაზრება გავრცელდა, როგორც ძველი აღთქმის მოსეს სჯულის არაცენზირებული გადმონაშთი [11: 2]; [8: 1428]. 

საინტერესოა, რომ XV საუკუნის ბოლოს ესპანელი ინკვიზიტორების მიერ ჩამოთვლილ ნიშნებში, რომელთა მიხედვითაც შეიძლებოდა ამოცნობა ქრისტიანობაზე ფორმალურად მონათლული ებრაელი ქალის, რომელიც ფარულად ისევ აგრძელებდა იუდაური სჯულის წესების შესრულებას, მოხსენებულია ასეთი ნიშანიც: „თუ მშობიარობის შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში ქალი არ დადის ეკლესიაში“ [12: 266].
  
ახალი აღთქმიდან მრავალრიცხოვანი ადგილებიდან, რომლებიც მეტყველებენ მოსეს სჯულის წესებისა და რიტუალების გაუქმებაზე, გამოვყოფდით პეტრე მოციქულის სიტყვებს: „ღმერთმა მიჩვენა, არცერთ კაცთაგანს არა ვთვლიდე ბილწად ან არაწმიდად“ (საქმე. 10: 28).
  
საბედნიეროდ, ყველა წმინდა მამა და საეკლესიო მწერალი არ იყო ძველი აღთქმის წარმოდგენების ზეგავლენის ქვეშ და თავის ნაშრომებში ასახავდნენ ჭეშმარიტ სახარებისეულ სწავლებას ადამიანის სიწმინდესა თუ უწმინდურობასთან დაკავშირებით. მაგალითად, დიდ სჯულისკანონში შესული წმინდა ათანასე ალექსანდრიელის კანონიკური ეპისტოლე განიხილავს რა მამაკაცის უწმინდურობის საკითხს ღამის პოლუციების დროს, აღწერს ქრისტიანულ დოგმატურ-ანთროპოლოგიურ სწავლებას ადამიანის ცოდვა-სიბილწესთან დაკავშირებით, რაც შინაარსობრივად სრულად შეესაბამება ქალების შემთხვევასაც: 

„(...) მითხარი მე, რა აქვს ცოდვისა თუ არაწმიდებისა რომელიმე ბუნებრივ გამონადენს? ეს იგივეა, მაგალითად, ვინმემ რომ ისურვოს ბრალად შერაცხოს სისველის წამოდენა ნესტოებიდან და ნერწყვის გადმოსვლა ბაგეთაგან. შეიძლება ვისაუბროთ ამაზე მეტზეც, მუცლიდან გამონაყოფებზეც, რაც აუცილებელია ყოველი ცოცხალი არსების სიცოცხლისათვის. გარდა ამისა, რაკი გვწამს საღმრთო წერილისა, რომ ადამიანი ღმერთის ხელთა საქმეა, მაშინ როგორ შეიძლებოდა დაგვეჯერებინა, რომ წმინდა ძალისგან შეიძლება შებილწული საქმე წარმოიშვას?! ხოლო რადგან ჩვენ „ნათესავცა ვართ“ ღმრთისა, წმინდა წერილის თანახმად (საქმე მოციქ. 17, 28), მაშინ, ცხადია, არაწმიდა არაფერი გვაქვს საკუთარ არსებაში. რამეთუ ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიბილწებით, როცა ცოდვას - ყოველგვარ სიმყრალეზე უარესს - ჩავდივართ. ხოლო როცა (ორგანიზმიდან) რაიმე ბუნებრივი და უნებლიე გამოყოფა ხდება, ამას ჩვენც, სხვებთან ერთად, როგორც ზემოთ ითქვა, ვექვემდებარებით ბუნებრივი აუცილებლობით. მაგრამ რადგანაც იმათ, რომელთაც სურთ მხოლოდ შეეწინააღმდეგონ სამართლიან სიტყვებს, უფრო მეტად კი ღმერთის მიერ შექმნილს, არასწორად მოჰყავთ სახარების სიტყვებიც იმის შესახებ, რომ არა (პირით) შემავალი შებილწავს ადამიანს, არამედ (პირიდან) გამომავალი (მთ. 15, 11) - ამიტომ საჭიროა მათი ეს უაზრობაც ვამხილოთ. ჯერ ერთი, ისინი საღმრთო წერილსაც, თავიანთი უმეცრებით, ვითარცა სარწმუნოებაში განუმტკიცებელნი, დამახინჯებულად იყენებენ. ხოლო ღვთაებრივი სიტყვის გონიერი გაგება შემდეგია: როცა ზოგიერთნი, ამათ მსგავსად, ორჭოფობდნენ საზრდელის გამო, მაშინ თავად უფალმა, რათა გადაეჭრა მათი უმეცრება, ანდა უფრო მეტიც - ემხილებინა მათი ცდომილება, თქვა: „არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა“ (მთ. 15,11). და დასძენს ამასაც: საიდან გამომავალი? - გულიდან. რამეთუ უწყის, რომ მასშია ბილწ ზრახვათა და სხვა ცოდვათა ბოროტი საუნჯეები. უფრო მოკლედ კი, ამაში განსწავლული მოციქული ამბობს: „საჭმელმან ჩუენ არა წარგუადგინნეს ღმრთისა“ (1 კორ. 8, 8). ამ შემთხვევაში, სამართლიანად შეუძლია მავანს თქვას: გარკვეული ბუნებრივი გამონაყოფიც არ მიგვიყვანს ჩვენ სასჯელამდეო. შესაძლოა, მკურნალებმაც (დაე, გარეშეთაგან მაინც დარწმუნდნენ მოკამათენი) ამის დასაცავად თქვან, რომ ცოცხალ არსებას მიცემული აქვს რაღაც აუცილებელი გამოსავალნი ზედმეტი სითხის გამოსადევნად, რაც თითოეული ჩვენგანის ორგანოებში გროვდება, როგორებიცაა თავის თმის ზედმეტობები და თავისაგან გამოყოფილი სინოტივე, და მუცლიდან გამონაყოფი, ასევე გარკვეული სიჭარბე თესლოვან სადინარებში. ამდენად, რა ცოდვაა აქ ღმერთის წინაშე, როცა ცოცხალი არსების შემქმნელმა უფალმა თავად ინება და შეჰქმნა ისე, რომ ამ ორგანოებს ასეთი გამონაყოფები ჰქონოდათ? (...)“ [3: 314-315]. 
  
სახარებისეულ ამავე აზრს აგრძელებს მე-III საუკუნის სხვა კანონიკური ძეგლი - „მოციქულთა განწესებანი“, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არაა დიდი სჯულისკანონის შემადგენლობაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონიკურ წყაროს წალმოადგენს: 

„ზოგიერთები, რომლებიც სიზუსტით იცავენ იუდაურ წეს-ჩვეულებებს: თესლის გამონადენი, ძილის დროს პოლუციები, სჯულის შესაბამისად, სქესობრივი კავშირი, - გვეუბნებიან, რომ იმ დღეებში, როდესაც მათ მოსდით მსგავსი რამ, თავს იკავებენ ლოცვისგან, წმინდა ზიარებისა და ბიბლიის შეხებისაგან. გასაგებია, რომ ისინი მოკლებულები არიან სულიწმიდას, რომელიც მუდმივად რჩება ჭეშმარიტ მორწმუნეებთან. [...] თუ შენ გწამს, დედაკაცო, რომ შენი სისხლდენის შვიდი დღის განმავლობაში მოკლებული ხარ სულიწმიდას, ე.ი თუ მოულოდნელად გარდაიცვლები, გარდაიცვლები სულიწმიდისა და ღვთის (ცხონების) იმედის გარეშე; მაგრამ თუ ატარებ სულიწმიდას, რომლის წართმევაც შეუძლებელია, მაშინ გესაჭიროება ლოცვაც, ზიარებაც და სულიწმიდის მადლიც, რადგან დედათა წესის გამო არაფრით არ დაგირღვევია სჯული; რადგან ვერც სჯულისმიხედვითი სქესობრივი კავშირი, ვერც შვილების შობა, ვერც სისხლდენა, ვერც თესლდენა ძილის დროს ვერ შებილწავს ადამიანის ბუნებას და ვერ მოახდენს სულიწმიდის გაგდებას, თუ ადამიანი არ ჩაიდენს ბოროტ და უსჯულო საქმეს. სულიწმინდა მუდმივად რჩება მათთან, ვინც მას მოიხვეჭს, ხოლო ცოდვაში დაცემის შემთხვევაში, მაშინ, როცა სულიწმიდა ტოვებს ადამიანს, ადამიანის სული რჩება ცარიელი და ბოროტი სულის მიერ დაპყრობილი. ყველა ადამიანი სავსეა ან სულიწმიდის, ან ბოროტი სულის მიერ. ყველა მონათლული ადამიანი შორსაა ბოროტი სულისაგან და სავსეა სულიწმიდით და ვინც ასრულებს ღვთის მცნებებს, სულიწმიდა რჩება მასში და მადლით ავსებს მას. მაშასადამე, შენ, დედაკაცო, თუ ამბობ, რომ შენი სისხლდენის დღეებში რჩები სულიწმიდის მადლის გარეშე და ივსები ბილწი და ბოროტი ძალებით, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ იწვევ შენკენ ბოროტ ძალებს და უნებლიედ განაგდებ სულიწმიდას. სწორედ ამიტომ სჯობს მოერიდო უაზრო საუბარს და მუდამ გახსოვდეს ღმერთი, რომელმაც შეგქმნა შენ. იფიქრე ღვთის მცნებებზე და ნუ მიაქცევ ყურადღებას ნურც დედაკაცის ბუნებრივ განწმენდას, ნურც მშობიარობას და ნურც უნებლიე აბორტს, რადგან ეს სულელი ადამიანების გადმოცემებია; მხოლოდ ღვთის მცნებების დარღვევა და მოყვასის მიმართ ჩადენილი ცოდვა განაშორებს ადამიანს სულიწმიდის მადლს. ამიტომ, შორს გაექეცით ასეთ წესებს, რადგან ისინი წარმართულია.“ [6: 175], [13: 157-159]. 
  
ბოლოს მოვიყვანთ სერბეთის პატრიარქის, უწმინდესი პავლეს სიტყვებს, რომელმაც შეისწავლა რა საკითხთან დაკავშირებული ყველა წყარო, დაასკვნა, რომ „ქალის ყოველთვიური განწმენდა არ ხდის მას რიტუალურად, ანუ ლიტურგიკულად უწმინდურს. ეს უწმინდურობა მხოლოდ ფიზიკური, ანუ სხეულისებურია, ისევე, როგორც სხვა ორგანოებიდან გამონადენები. ამასთან ერთად, რადგან თანამედროვე ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით, შესაძლებელია იმის ეფექტურად დაცვა, რომ სისხლის შემთხვევითი გამონადენით არ დაისვაროს ტაძარი და ასევე, შესაძლებელია სისხლის სპეციფიკური სუნის განეიტრალება, ჩვენ ვთვლით, რომ ამ მხრივ არ არსებობს ეჭვი: ყოველთვიური განწმენდის დროს აუცილებელი სიფრთხილითა და შესაბამისი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით, ქალს შეუძლია, დადიოდეს ტაძარში, ემთხვიოს ხატებს, მიიღოს სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი და იგალობოს კიდეც. თუმცა, ამ მდგომარეობაში ყოფნისას, ქალს არ შეუძლია მონათლვა და წმინდა ზიარების მიღება; მაგრამ, გარდაცვალების საშიშროების შემთხვევაში, მას შეუძლია ეზიაროს და მოინათლოს კიდევაც“ [11: 4].
  
უწმინდესი პავლეს მიერ მოყვანილი ციტატიდან იბადება ერთი ბუნებრივი შეკითხვა: თუ დედათა წესის დროს ქალი ლიტურგიკულად არ ითვლება უწმინდურად, რატომ არ შეიძლება დაუბრკოლებლად მიიღოს ზიარება, ან მოინათლოს? სერბეთის პატრიარქი ხსენებულ ნაშრომში აღარ ავითარებს თემას, მაგრამ პასუხი არც თუ ისე რთულია. მიზეზი არა რელიგიური, არამედ უფრო მეტად ფსიქოლოგიური ხასითისაა. ხშირად დედათა წესის დროს ქალები განიცდიან არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ძლიერ ფსიქოლოგიურ დისკომფორტსაც, რაც იწვევს მათში გაღიზიანებას, ნერვიულობას, დეპრესიას და ზოგადად, შინაგან არასტაბილურობას. ბუნებრია, ასეთ მდგომარეობაში არაა მიზანშეწონილი ზიარების მიღება ან მონათლვა. ამ საიდუმლოებების მისაღებად აუცილებელია სულიერი სიმშვიდე და წონასწორობა. განსაკუთრებით, ნათლობის საიდუმლოს შემთხვევაში, ბევრ ტაძარში მიღებულია მორწმუნეების სრული შთაფლვით მონათლვა, რაც უფრო მეტად შეუძლებელს ხდის იმას, რომ „კრიტიკულ“ მდგომარეობაში მყოფი ქალი ემბაზში ჩავიდეს. 

იმედი გვაქვს, რომ წინამდებარე სტატია მცირედ მაინც მოჰფენს ნათელს ეკლესიის სახარებისეულ სწავლებას ქალის „უწმინდურობასთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ იყო აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გაგვეცა პასუხი, არამედ, უფრო მეტად, ამ საკმაოდ დელიკატური და პრობლემატიური საკითხის განსახილველად მოგვეწვია ეკლესიის ფართე საზოგადოება და განსაკუთრებით, ღვთისმეტყველი სპეციალისტები.

PS. მის მერე, რაც ჩვენი გამოკვლევა უკვე იყო მზად გამოსაქვეყნებლად, შესწავლილ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მოვიძიეთ ძალზედ საინტერესო მასალა, კერძოდ, 1997 წლის 26-27 მაისის ანტიოქიის საპატრიარქოს წმინდა სინოდის დადგენილება, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ: 

ეკლესია და ქალები: წმინდა სინოდმა განიხილა გარკვეული საკითხები, რომლებიც ეხება მორწმუნე მართლმადიდებლების ცხოვრებას და დაადგინა, რომ ქალები და მამაკაცები თანაბარი უფლებით უნდა მონაწილეობდნენ საღვთო მსახურებებში და იღებდნენ წმინდა საიდუმლოებებს. ნებისმიერი მითითება, მოცემული ლიტურგიკულ წიგნებში, რომ ქალი არის უწმინდური და ბილწი, უნდა გაუქმნდეს. მათ შეუძლიათ შევიდნენ ტაძარში და მიიღონ ზიარება ნებისმიერ დროს. ეს მოითხოვს ჩვენი ლიტურგიკული ტექსტების ახლებულ ხედვას“ [14: 33].



გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბიბლია, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 1989.
2. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, I ტომი, გამომცემლობა “ალილო”, თბილისი, 2007.
3. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, II ტომი, გამომცემლობა “ალილო”, თბილისი, 2011.
4.გამოკრებილი კურთხევანი, წიგნი გამოსაცემად მოამზადეს დეკანოზმა მიქაელ გალდავამ და მამია საქანდელიძემ, თბილისი, 2009.
5. Sfintul Ioan Gura de Aur, Omilii la Matei, PSB, Scrieri partea a treia, Carte tiparita cu binecuvintarea Prea Fericitului Parinte Teoctist Patriarhul Bisericii Ortoxe Romane, Traducere, introducere, indici si note de Pr. D. Fecioru, Editura Institutului Biblic si de Misiune al Bisericii Ortodoxe Romane, Bucuresti, 1994.
6. Scrierile Parintilor Apostolici, trad. De Pr. Ioan Mihalcescu, Econ. Matei Paslaru si Econ. G. N. Nitu, Editura Facultatii de Teologie din Chisinau, 1928.
7. Manolache Anca, Problematica feminina in Biserica lui Hristos, Editura Mitropoliei Banatului, Timisoara, 1994.
8. Vlad Maxim, Protosinghel, Asist univ. drd., Femeia crestina intre “pur” si “impur”. Consideratii ecleziologico-canonice, în volumul „Omagiu Profesorului Nicolae V. Dură la 60 de ani”, Editor şi coordonator, Prof. Univ. Dr. Teodosie Petrescu, Editura Arhiepiscopiei Tomisului, 2006, p.1426-1430.
9. Socosan Cristina, Prof. Drd. Statutul femeii in Biserica primara, http://www.ortodoxia.md/articole-preluate/2564-statutul-femeii-in-biserica-primar   05.06.2011
10. Толковая Библия или Коментарий на все книги Св. Писания Ветхаго и Нового Завета, 1 Том, Бытие - Притчи Соломона, Петербург, 1904-1907. Второе издание Института Перевода Библии, Стокгольм, 1987.
11. Патриарх Павел Сербский, Может ли женщина всегда посещать храм, опубликованно в «ВЕСТНИК Германской Епархии Русской Православной Церкви за границей», ჰტტპ:// http://www.rocor.de/Vestnik/20022/html/07_pavel.htm 05.06.2011
12. Диакон Андрей Кураев, Церковь и Молодеж: неизбежен ли конфликт? Издательский Дом «Русский Остров», Санк-Петербург, 2006.
13. Постановления Апостольские, Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2008.
14. Excerpts from the Meeting of the Holy Synod of Antioch, 1997 May 26-27, gamoqveynebulia antioqiis sapatriarqos iurisdiqciis qveS arsebuli CrdiloeT amerikis arqidiocezis (saegrzarqosos) oficialur samauwyeblo JurnalSi The Word, september 1997.