Friday, March 18, 2011

დედა მარიამი (სკობცოვა). მოყვასის სიყვარულის საიდუმლო

ინგერ ბრიგიტე ბიერგი

”არაფერი არჩიო მოყვასის სიყვარულს, თუ იგი ღმერთის სიყვარულში არ დაგაბრკოლებს”

ელისაბედ პილენკო, ”ლიზა”, დაიბადა 1891 წლის 8 დეკემბერს ქალაქ რიგაში და აღესრულა როგორც დედა მარიამი (სკობცოვა) რავენსბრუკის საკონცენტრაციო ბანაკის გაზის კამერაში 1945 წლის 31 მარტს. 2004 წლის 11 თებერვალს მსოფლიო საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეგზარხატის ეპარქიის საბჭომ მთავარეპისკოპოს გაბრიელის თავმჯდომარეობით გამოაცხადა, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დედა მარიამი წმინდანად შერაცხა. მასთან ერთად წმინდანთა დასს შეემატნენ დეკანოზი ალექსი მედვედკოვი, მღვდელი დიმიტრი კლეპინინი, იური სკობცოვი (დედა მარიამის შვილი) და ელი ფონდამინსკი. ყველანი რუსული წარმოშობის იყვნენ, მაგრამ ცხოვრობდნენ და აღესრულნენ დასავლეთ ევროპაში 1930-40 წლებში.

სტატია ბლოგისათვის დანიურიდან სპეციალურად თარგმნა ნანა ყუფარაძემ, რომელმაც აგერთვე მოხატა აქ განთავსებული დედა მარიამის ხატი. თარგმანზე უფლება ავტორისაგან აღებულია. სტატია განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე:



ლიზა დაიბადა კეთილშობილ და მდიდარ ოჯახში, რომელიც ფლობდა მიწებსა და ვენახებს შავიზღვისპირა ქალაქ ანაპასთან. მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, ბედნიერად გრძნობდა თავს შავ ზღვასთან, განსაკუთრებით ქარსა და ნისლში. მშობლები ლიზას და მის ძმას სითბოთი და სიმკაცრით ზრდიდნენ, ახლობლები კი ბავშვებს ”პატარა სპარტანელებს” ეძახდნენ. ლიზას ადრევე გაუჩნდა პოეზიისადმი ინტერესი, სკოლაში კი ყველა საგანში წარმატებული იყო, გარდა მუსიკისა. ზამთრებს ოჯახი ლიზას დეიდასთან სანქტ-პეტერბურგში ატარებდა. სწორედ მისგან ისწავლა ლიზამ თანასწორობისა და დემოკრატიის ძირითადი პრინციპები. აქ შეხვდა კონსტანტინე პობედონოსცევს, რომელიც იყო წმინდა სინოდის პროკურორი და, შესაბამისად, რევოლუციონერების მამხილებელი. 12 წლის გოგონა ერთის მხრივ აღტაცებული იყო ამ ხანდაზმული მორწმუნე კაცით, რომელიც პატარა გოგოს როგორც ზრდასრულ ადამიანს ისე ესაუბრებოდა, ხოლო მეორეს მხრივ მომავალი რევოლუციით. და მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ პატარა იყო, ხვდებოდა, რომ არჩევანი უნდა გაეკეთებინა პობედონოსცევსა და რევოლუციას შორის. ლიზა მივიდა მასთან და პილატეს შეკითხვა დაუსვა: ”რა არის ჭეშმარიტება?” მან უპასუხა, რომ ჭეშმარიტება მოყვასის სიყვარულშია, მოყვასისა რომელიც ჩვენს გვერდითაა აქ, ახლა და რომ ცდება ის ვისაც ჭეშმარიტება შორეული, არაკონკრეტული, ზოგადი კაცობრიობის სიყვარულში ჰგონია. მისი სიტყვები კარგად დაიმახსოვრა ლიზამ, მაგრამ ჯერ კიდევ მრავალი წელი უნდა გასულიყო, სანამ ამ სიტყვებით ცხოვრებას დაიწყებდა, ამჯერად კი რევოლუციონერთა ბანაკი არჩია.

რევოლუცია ლიზას ოჯახსაც შეეხო. მამამისს, იური პილენკოს (1857-1906), დევნა დაუწყეს იმის ბრალდებით, რომ მან ხელი შეუწყო რევოლუციონერი სტუდენტების დამალვას ქალაქ იალტის სკოლაში, რომლის რექტორიც თვითონ იყო. ამ ინციდენტმა მას ისე შეურყია ჯანმრთელობა, რომ მალევე გარდაიცვალა. ლიზამ მამის სიკვდილი, სამწუხაროდ, აღიქვა როგორც ღმერთის არ არსებობის მტკიცებულებად.

დედა და შვილები სანქტ-პეტერბურგში გადავიდნენ საცხოვრებლად. ლიზას სტუდენტობა არასისტემატურად მიმდინარეობდა. იგი ნიცშეს და მარქსს კითხულობდა, ეძიებდა ქმედებას და თავგანწირვას, დადიოდა ლიტერატურულ სალონებში, რათა დაახლოვებოდა თანამედროვე პოეტებს. განსაკუთრებით აღტაცებული იყო ალექსანდრე ბლოკით (1880-1921). ლიზა მას საკუთარი ლექსების მონახაზებს უჩვენებდა, ბლოკის ლექსებს კი ზეპირად სწავლობდა. მაგრამ ბლოკი ურჩევდა განრიდებოდა მას და მის მსგავს “მომაკვდავ” პოეტებს და შეეყვარებინა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც მიწა და ცა უფრო ეყვარებოდა ვიდრე თუნდაც გარითმული სიტყვები მიწასა და ცაზე. ლიზას კი ლამის დედობრივი სიყვარულით უყვარდა ბლოკი და უნდოდა დახმარება და მფარველობა გაეწია მისთვის. თუმცა მალე ლიზამ უარი თქვა მასზე და ყველას გასაკვირად გათხოვდა დიმიტრი კუზმინ-კარავაევზე, ახალგაზრდა კაცზე კარგი ოჯახიდან, რომელიც ასევე ლიტერატურულ წრეებში ტრიალებდა. ლიზა აღაფრთოვანა მისმა რიტორიკულმა ნიჭმა, და თავის თავს ამოცანად დაუსახა რათა “მუშაობის დისციპლინა ესწავლებინა მისთვის და გადაერჩინა, ეხსნა იგი”. ქორწინებამ გასტანა 1913 წლამდე, როდესაც ლიზას მეუღლე ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, სადაც კათოლიკობა მიიღო და მღვდელი გახდა. იმავე წელს ლიზას ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა ერთ მამაკაცთან, რომელიც ბავშვობის ქალაქ ანაპაში გაიცნო და მისგან შეეძინა პირველი შვილი, გოგონა, სახელად გაიანა (“მიწა”).

ამასობაში რუსეთში რევოლუცია ძლიერდებოდა. ლიზა უკმაყოფილო იყო პროცესების განვითარებით. იგი ხედავდა, რომ რევოლუციონერები თითქოს უკაცრიელ კუნძულზე გამოდიოდნენ ლამაზი მოხსენებებით, კაცობრიობა უფრო უყვარდათ, ვიდრე ცალკეული ადამიანი, და ამასობაში თვითონ, ისე რომ არავის უმხელდა, შორდებოდა მეამბოხეებს და თანდათანობით უახლოვდებოდა ქრისტეს.

შემდგომი მოვლენები განვითარდა ასე: იგი შევიდა რევოლუციურ სოციალისტურ პარტიაში, ძალაუფლება კი ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში ხელისუფლების დამხობის შედეგად 1917 წლის 25 ოქტომბერს. 1918 წელს ლიზა ბოლშევიკებს ანაპაში გაექცა, სადაც იგი აირჩიეს პირველ ქალ ქალაქის მერად რუსეთის ისტორიაში. სამოქალაქო ომი წითლებსა და თეთრებს შორის ძლიერდებოდა. ლიზა დააპატიმრეს თეთრებმა წითლებთან თანამშრომლობის ეჭვის საბაბით. მან ისე კომპეტენტურად დაიცვა თავი, რომ არა თუ სიკვდილით არ დასაჯეს არამედ საერთოდ შეიწყალეს. სასამართლო პროცესის დროს ლიზა შეხვდა კაზაკ ოფიცერს დანილო სკობცოვს, რომელსაც იგი შეუყვარდა, და რომელსაც ლიზა ცოლად გაჰყვა შეწყალებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ.

1919 წელს, წითლების საბოლოო გამარჯვების შემდეგ, დაიწყო მათი დევნილობა. ლიზას რუსეთი აღარასოდეს უნახავს. დანილო სკობცოვმა მოახერხა ოჯახი გაექცია რუსეთიდან. ჯერ თბილისში ჩავიდნენ, სადაც ლიზამ მეორე ბავშვზე, იურიზე, იმშობიარა (1921 წლის 27 თებერვალი). მალე იძულებულნი იყვნენ საქართველოდანაც წასულიყვნენ ჯერ კონსტანტინეპოლში, ხოლო შემდეგ სერბეთში, სადაც ლიზას მესამე შვილი - ანასტასია შეეძინა (1922 წლის 4 დეკემბერი). დანილომ ვერ მონახა სამსახური სერბეთში და გადაწყვიტა პარიზში ეცადა ბედი ოჯახთან ერთად, რომელიც მასა და ლიზას გარდა სამი ბავშვისა და ლიზას დედისაგან, სოფია პოლენკოსაგან, შედგებოდა.

ემიგრანტების ცხოვრება პარიზში და საერთოდ საფრანგეთში იმ პერიოდში არ იყო ადვილი. დანილომ ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა, ლიზა სხვადასხვა, ხშირად მძიმე, სამუშაოთი იყო დატვირთული. შიმშილისა და ავადმყოფობისაგან თავის დაცვა რთული იყო. ამ ყველაფერმა იმოქმედა ლიზას ქორწინებაზე და 1927 წელს მეუღლეები ერთმანეთს დასცილდნენ.

დაცილებამდე ერთი წლით ადრე მათი უმცროსი შვილი, ანასტასია, გარდაიცვალა მინინგიტით. ლიზა დღე და ღამ შვილის სასთუმალთან იყო, უმძიმესი გამოცდა იყო მისთვის, მაგრამ ამავე დროს ეს იყო თვალების ახელა, ან უფრო სწორად, ღვთისაგან მონახულება: ”ანასტიას სასთუმალთან ვიგრძენი, რომ ჩემი სული, მთელი ჩემი ცხოვრება, დახეტიალობდა უსწორმასწორო ბილიკებზე. ახლა მე მწყურია მართალი, სწორი, სუფთა გზა, არა იმიტომ, რომ მე მჯერა სიცოცხლის, არამედ რათა გავამართლო, გავიგო და მივიღო სიკვდილი. ამ გზაზე არ უნდა დავივიწყო ჩემი საკუთარი უღირსება. არ არსებობს ამაზე ძლიერი სიტყვები: იყვარებოდით ურთიერთარს. მხოლოდ ჩვენ ეს უნდა ვაკეთოთ უსაზღვროდ, ბოლომდე და არ დავუშვათ გამონაკლისები. მაშინ ყველაფერი გამართლებული იქნება და სიცოცხლე ახსნილი. ამის გარეშე ყველაფერი საშინელია და მძიმე” [1]. შვილის სიკვდილი მისთვის გახდა დასაწყისი მოწოდებისა, საიდუმლო და უცვალებელი მოწოდებისა ღვთის მიერ.

პარიზში ლიზამ კვლავ მონახა თავისი ქრისტიანული ფესვები ღარიბი ემიგრანტების მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელიც თავისუფალი იყო ყოველგვარი ამქვეყნიური ძალაუფლებისაგან. იგი შეუერთდა ACER – ს ( l’Action chrétienne des étudiants russes / რუსი სტუდენტების ქრისტიანული მოძრაობა). 1926 წელს ლიზა გახდა ამ ორგანიზაციის მდივანი. იგი მოგზაურობდა მთელს საფრანგეთში. მან საკუთარი თვალით ნახა რუსი ემიგრანტების უმძიმესი ეკონომიური, ფიზიკური, მორალური და სულიერი მდგომარეობა. ლიზა დარწმუნებული იყო, რომ თვით ღმერთმა მიიყვანა იგი ამ გაჭირვებულ ხალხთან და დაიწყო თვითოეულ მათგანის საქმით, პრაქტიკულად, პირადად დახმარება. პარიზში დაბრუნებულმა კი განგაშის ზარები აახმიანა, სტატიების წერა დაიწყო ემიგრაციულ პრესაში, რათა დახმარება მიეწვდინა მათთვის.

ლიზას ACER-ში თავისი დაუღალავი შრომის ნაყოფი არადამაკმაყოფილებლად მიაჩნდა, რადგან თვლიდა, რომ მისი მსხვერპლი არ იყო საკმარისად დიდი. ამ პერიოდში მან გამოსცა ორი ტომი წმინდანთა ცხოვრებისა, სათაურით ”სულიერი სამკალი”, სადაც მონასტრული ცხოვრების საკუთარი ხედვა გადმოსცა, ცხოვრებისა სრული თავგანწირვით, რაც გამოიხატებოდა მოყვასის ცოდვებისა და ტანჯვის საკუთარ თავზე აღებით. მაგრამ მონაზვნური ცხოვრების დაწყება ჯერ არ შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი მეუღლე 1927 წლიდან ცალკ-ცალკე ცხოვრობდნენ, ისინი ჯერ კიდევ დაქორწინებულნი იყვნენ. თანაც ლიზა არ აპირებდა მონასტრის მაღალ კედლებს უკან სულიერ ცხოვრებას და ამქვეყნის პრობლემებისაგან იქ დამალვას. ასეთი ცხოვრება, მისი აზრით, არ შეეფერებოდა ”აპოკალიფსურ დროს”, რომელშიც თვითონ ცხოვრობდა. მისი სულიერი მოძღვარი სერგეი ბულგაკოვი (1871-1944, ყოფილი მარქსისტი, ლენინის მიერ 1923 წელს გამოძევებული, პარიზში სანტ სერჟის (წმ სერგის) ინსტისუტის ლექტორი) და მიტროპოლიტი ევლოგი (1868-1946, 1922 წლიდან დასავლეთ ევროპის ეპარქიის / 1931 წლიდან ეგზარხატის მიტროპოლიტი) მხარს უჭერდნენ ლიზას მონაზვნობისადმი მოწოდებას. დანილო მხოლოდ მიტროპოლიტის პირადად ჩარევის შემდეგ დათანხმდა განქორწინებაზე.

ოფიციალურად განქოწრინება მოხდა 1932 წლის 7 მარტს და მაშინვე სანტ სერჟის ინსტიტუტის ეკლესიაში მოხდა ლიზას მონაზვნად აღკვეცა. მიტროპოლიტმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა: ”მე გიწოდებ შენ მარიამს, წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელს. როგორც ის განეშორა და განვიდა უდაბნოში მშფოთვარე ცხოვრების შემდეგ, შენც გადი, იქადაგე და იშრომე უდაბნოში, რომელიც ადამიანის გულშია” [2].

ასე გახდა ლიზა დედა მარიამი და დაიწყო მონაზვნის ცხოვრება ამ სოფელში. თვითონ უქონელმა გადაწყვიტა მარტოხელა ქალებისათვის თავშესაფარი გაეხსნა. მიტროპოლიტი 5000 ფრანკით დაეხმარა და სხვებისაგანაც შესაწირი მოედინებოდა. დედა მარიამი, რომელიც ფიზიკურად ძლიერი იყო, დილა უთენია დგებოდა, რომ საჭმელი მოეტანა ამ თავშესაფრის მცხოვრებთათვის. პატარა სამლოცველო თვითონ მოაწყო და ხატებიც მოხატა მისთვის. მწირველი მღვდელი იყო ლევ ჟილე (1893-1980, დღეს ცნობილია თავისი წიგნებით, რომელსაც ხელს აწერს როგორც “აღმოსავლეთის ეკლესიის ბერი”). დედა მარიამი მას 1929 წლის ივნისში ACER-ში შეხვდა. პირველი შენობა, რომელიც ვილა დე საქსზე, VII აროდისმენტში, მდებარეობდა ცოტა ხანში პატარა აღმოჩნდა. დედა მარიამმა 1934 წელს ტევადი და პრაქტიკული შენობა მონახა, რომელშიც 100 ადამიანი მოთავსდებოდა და რომელიც რუე დე ლურმელის 77-ზე, XV აროდისმენტში, მდებარეობდა. ეს ის უბანი იყო, სადაც ბევრი რუსი ემიგრანტი ცხოვრობდა. სახლი საშინელ მდგომარეობაში იყო და დედა მარიამს დიდი შრომის გაწევა მოუწია მის წესრიგში მოსაყვანად. სამლოცველოსათვის, რომელიც ღვთისმშობლის საფარველის სახელობისა იყო, თვითონ მოხატა ხატები. მალე სახლი ყოველგვარი საზოგადოებისაგან გარიყული ადამიანებით აივსო: უსახლკაროები, უმუშევრები, მეძავები, ფსიქიურად დაავადებულები, ახალგაზრდები და მოხუცები, მარტოხელები და მთელი ოჯახები. მათ აქ თავზე ჭერი ჰქონდათ, საჭმელი და ტანსაცმელი. დედა მარიამი ყველას სიყვარულით და თანაგრძნობით იღებდა, აკმაყოფილებდა მათ ყველა საჭიროებას და თვალებს ხუჭავდა ყველა სისუსტეზე. მისი ერთგულება სრული იყო, თითქმის ზღვარგადასული, შეეძლო ეშრომა დღეების განმავლობაში საჭმლისა და ძილის გარეშე.

მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით დედა მარიამმა ახალი მართლმადიდებლური მოძრაობა (Action Orthodoxe) ჩამოაყალიბა, რომელიც სწორედ ის სოციალური, სულიერი და კულტურის ცენტრი გახდა, რომელზეც იგი ყოველთვის ოცნებობდა, და რომელსაც რუსული ემიგრაციული წრეებიდან ბევრი უჭერდა მხარს: მამა სერგეი ბულგაკოვი, ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი (1874-1948), პროფესორები კონსტანტინ მოჩულსკი (1892-1948) და ელი ფონდამინსკი (1880-1942, ებრაელი, რომელსაც ძალიან ახლო თანამშრომლობა ჰქონდა დედა მარიამთან ამ მართლმადიდებლურ საზოგადოებაში და რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოწამეობრივ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოინათლა), ფეოდორ პიანოვი (1889-1969, დედა მარიამის დაუღალავი მარჯვენა ხელი), ასევე მამა ლევ ჟილე (1938 წლამდე, რა დროიდანაც იგი ინგლისში გადავიდა), დედა - სოფია (1862-1962, რომელიც ბოლომდე შვილის გვერდით იდგა), და შვილები - გაიანა (1913-1936) და იური (1921-1944).

ყველა არ მიესალმებოდა ცხოვრების იმ სტილს, რომელიც ლურმელზე ვითარდებოდა. ბევრი პირდაპირ განაწყენებული იყო დედა მარიამის დასვრილი და გაცვეთილი ტანსაცმლით, ძველი ფეხსაცმლით და ჭორებით იმაზე, რომ დედა მარიამი ეწევა, ლექსებს წერს და .ღამით საუბრებს ატარებს. ორი მონაზონი, დედა ევდოქსია და დედა ბლანდინე, რომლებიც მის დასახმარებლად მოვიდნენ, სულიერი ცხოვრებისაკენ მოუწოდებდნენ, ლიტურგიაზე კონცენტრაციისაკენ, მაგრამ ამაოდ. დედა მარიამი მშვიდად პასუხობდა: “განკითხვის დღეს მე არ მომკითხავენ ჩემს ასკეტურ მოღვაწეობას ანდა საკურთხევლის წინაშე მეტანიების რაოდენობას. მე მკითხავენ თუ დავაპურე მშიერი, თუ შევმოსე შიშველი, თუ მოვიკითხე პატიმრობაში მყოფი. აი, ამაზე უნდა გავცე პასუხი” [3]. ორივე მონაზონმა დატოვა ლურმელი და საფუძველი ჩაუყარა ახალ ერთობას, ამჟამინდელ “ღვთისმშობლის საფარველის სახელობის” მონასტერს (Bussy-en-Othe). დედა მარიამთან საერთო ენა ვერც იმ მღვდელმა გამონახა, რომელიც მამა ლევის შემდეგ მსახურობდა ლურმელზე. მაგრამ 1939 წლის 10 ოქტომბერს ჩამოვიდა მამა დიმიტრი კლეპინინი (1904-1944) მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად. იგი მართლაც უფალმა მოუვლინა ლურმელს: ახალგაზრდა, მშვიდი, მოკრძალებული, და ნამდვილი ქრისტეს მხედარი, რომელსაც შეეძლო ამ რთული სამრევლოს მოვლა და ამასთანავე უშუალოდ ესმოდა დედა მარიამის.

მოკლე ხანში საფრანგეთში გერმანელები შემოვიდნენ და დაიწყო დაპატიმრებები და ებრაელთა დევნა. მართლმადიდებლური საზოგადოება ბევრ ებრაელს მშველელად და თავშესაფრად მოევლინა, რუსი იქნებოდა იგი თუ არარუსი. დედა მარიამი ამბობდა: “ქრისტემ პასუხისმგებლობა დამაკისრა ყველა დევნილებზე. დღეს ესენი ებრაელები არიან. ასე, რომ პირველ ადგილას ისინი დგანან. თანაც თვითონ ქრისტე რა ეროვნებისა იყო?” [4]. მამა დიმიტრი კი ნათლობის მოწმობებს გასცემდა ებრაელებისათვის, ზოგს ყალბს, ზოგს კი ნამდვილს, რადგანაც მღვდელთან წინასწარი საუბრის შემდეგ ბევრს უჩნდებოდა ნამდვილი ნათლობის სურვილი. დედა მარიამი მალავდა ებრაელებს და გაქცევაში ეხმარებოდა. მაგრამ 1943 წელს მათი ეს საქმიანობა დასრულდა, რადგან ერთმა რუსმა ქალმა ისინი გესტაპოში დაასმინა.

პირველად იური დაიჭირეს, რომელსაც ჯიბეში მამა დიმიტრის მიმართ ნათლობის მოწმობის თხოვნის წერილი ედო. მამა დიმიტრი თვითონ გამოცხადდა გესტაპოში მას შემდეგ, რაც უკანასკნელად აღასრულა წირვა სამლოცველოში. რამოდენიმე დღის შემდეგ დედა მარიამიც ლურმელის რამოდენიმე მხარდამჭერთან ერთად დააპატიმრეს. მამაკაცები 43 წლის დეკემბრამდე ბანაკში იმყოფებოდნენ, რომელიც პარიზის ჩრდილოეთით, 70 კმ. მანძილზე მდებარეობდა. აქაც კი შესძლო მამა დიმიტრიმ საღვთო ლიტურგიის აღსრულება. იური წერდა ბებიას: “ჩვენ ყველანი … ძმურად, ურთიერთ სიყვარულში ვცხოვრობთ. ერთმანეთს შენობით მივმრთავთ, და იგი მე სამღვდელოებისათვის მამზადებს” [5]. ფეოდორ პიანოვიც ადასტურებს მოგვიანებით: “მე ვბედავ დავამოწმო, რომ ღმერთს შეუძლია ადამიანის პირით იმეტყველოს. მამა დიმიტრისთან ურთიერთობისას დავინახე, თუ როგორი ძლიერი მორალური და სულიერი მხარდაჭერა შეუძლია ერთ ადამიანს მეორისა” [5]. მამა დიმიტრი დორაში, ბუხენვალდთან მიმდებარე საკონცენტრაციო ბანაკში, მძიმე იატაკქვეშა საქმიანობისაგან გადაღლილი 1944 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა. იური კი იმავე თვეს ავადმყოფობისაგან აღესრულა, თუ სად - უცნობია.

დედა მარიამი რავენსბრუკში 1943 წლის 23 აპრილს მიიყვანეს. მონაზვნის სამოსი განძარცვეს, თმა გადაპარსეს, და დადაღეს - nr.19263, F (საფრანგეთი) და იასამნისფერი სამკუთხედი (მორწმუნე). გადარჩენილთა ბევრი მონათხრობიდან ვგებულობთ მის გასაოცარ თვისებაზე შეენარჩუნებინა თავისი ადამიანური ღირსება წარმოუდგენელი დამცირებების მიუხედავად და ეჩვენებინა საოცარი გამბედაობა და სიმტკიცე რათა გაეძლო არაადამიანური ტანჯვისათვის ბანაკში. დედა მარიამი მათთან ერთად ლოცვით მათ გულებში იესოს ლოცვას აღძრავდა. იგი მათ ესაუბრებოდა რუსეთის რევოლუციაზე, თავის პოლიტიკურ, სოციალურ და განსაკუთრებით რელიგიურ გამოცდილებებზე. უკითხავდა და განუმარტავდა ვიღაცის მიერ მცველებისაგან გადამალულ ქრისტიანულ სახელმძღვანელოში დაბეჭდილ ადგილებს წმინდა წერილიდან. ქარგავდა ხატებს საქსოვი საამქროდან მოპარული ძაფებით, ბოლო ხატზე გამოსახულია ღვთისმშობელი ჯვარცმული მაცხოვრით ხელში. თვით კრემატორიუმის საკვამურიდან ასული ავისმომასწავებელი კვამლი შეეძლო იმედად გადაექცია: “ეს კვამლი მხოლოდ დასაწყისშია ბნელი და საშინელი, შემდეგ ზემოთ აიწევს და გარგაიქმნება მსუბუქ ღრუბლად, რომელიც უსასრულობაში იკარგება, ისე როგორც ჩვენი სულები, რომლებიც მოსწყდებიან ამ ცოდვილ მიწას, და მსუბუქი აღმასვლით შევლენ მარადისობაში, ახალ და ბედნიერ ცხოვრებაში” [5].


ვერანაირმა განსაცდელმა, ვერც ფიზიკურმა და ვერც ფსიქოლოგოურმა ვერ შესძლო მისი ღვთისაგან დაცილება. ბოლოს, როგორც ყვებიან, იგი თითქოს ორი ცხოვრებით ცხოვრობდა: სხვებთან ერთად და თითქოს მათ მაღლა, განუწყვეტელ ლოცვაში, უფალთან საუბარში. ბანაკში ყოფნის თითქმის ორი წლის შემდეგ, 1945 წლის 31 მარტს, დიდ შაბათს, სავარაუდოდ სხვა ქალის ნაცვლად, დედა მარიამი რავენსბრუკის გაზის კამერაში მოაკვდინეს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ომის დამთავრებამდე მხოლოდ ერთი თვე და ცხრა დღე რჩებოდა.

ჩვენი ეკლესია მის ხსენებას აღასრულებს 31 მარტს და 20 ივლისს, წმ ილია წინასწარმეტყველის დღეს, წმინდა მოწამეებთან მამა დიმიტრისთან, იური სკობცოვთან და ელი ფონდამინსკისთან ერთად.

წმინდაო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

1. H. Arjakovsky-Klépinine ”Mère Marie Skobtsov ,Le sacrement du frère”. (Cerf, 2001) p.31;
2. Ibid. p.39;
3. Ibid. p.48;
4. Dominique Desanti “La sainte et l’incroyante”, (Bayard, 2007) p.189
5. H. Arjakovsky-Klépinine “Mère Marie Skobtsov…” (Cerf, 2001) p.57

H. A.-Klépinine “Mère Marie Skobtsov, Le sacrement du frère” ბიოგრაფიის გარდა (გვ. 15-69), ასევე შეიცავს დედა მარიამის ზოგიერთ ჩანაწერს და ლექსს (გვ. 73-305).

აგრეთვე იხილეთ: Sergei Hackel ”Pearl of Great Price” (St. Vladimir’s Press, 1981, პირველი გამოცემა 1965)

ინგერ ბრიგიტე ბიერგი