(სტატია დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალში "ჯვარი ვაზისა", 2010, #2. აქ წარმოგიდგენთ მას მცირეოდენი ცვლილებებით)
2007 წლის აგვისტოს ბოლო კვირას მე და ჩემმა მეგობარმა - სოსომ ვიმგზავრეთ საბერძნეთში ათონის მთაზე. იქ ჩასვლას და განსაკუთრებით კი ივერონის მონასტრის მოლოცვას ყოველთვის ვნატრობდით. პირადად მე კი განსაკუთრებული მიზეზიც მქონდა ათონის მთის მოსალოცად. სწორედ იქ მდებარე ჰილანდრის სერბული მონასტრიდან მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ წმინდა სვიმეონის სასწაულთმოქმედი ვაზის ნაყოფი და გავხდით მშობლები.
ახლა კი შემოგთავაზებთ სოსოსა და ჩემს ჩანაწერებს ათონზე მოგზაურობის შესახებ, რომლებიც უკან დაბრუნებისთანავე გავაკეთეთ.
ათენი
დიაკვანი ირაკლი:
26 აგვისტოს, კვირას, დილაადრიან ჩავფრინდი ათენში და ცოტა ხანში ჩემი ქართველი მეგობარი სოსოც ჩამოფრინდა იტალიიდან. უკვე აეროპორტშივე იგრძნობოდა, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ჩამოვედით – მოსაცდელ დარბაზში იჯდა ბერი და ვიღაცას ელოდებოდა...
სოსო:
იქ წასვლა არაა უბრალო მოგზაურობა, ან თუნდაც რიგითი პილიგრიმობა, იქ თითქოს ცხოვრების აუცილებელ შემადგენელ რაღაც დაკარგულ დეტალს პოულობ, იქ თითქოს კი არ მიდიხარ, არამედ გადიხარ მიწიერიდან, იქ თითქოს სახელიც ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს, მსგავსი ნახევარკუნძულისა, ანუ რაღაც შუა, მიწასა და წყალს შორის, ხიდი თავისებური, თუმცა არა მარტო მიწასა და წყალს, არამედ მიწასა და ზეცას, ამიტომაც ჩვენს მას მთას ვუწოდებთ, მთა, რომელიც ჯვრით მთავრდება, და ზედ ტაძრით რომელიც ფერისცვალებისაა, უკვე გემიდანვე ხედავ ამ მთას, მის სილუეტს და ხვდები, რომ ეს ის გზაა რომელიც ტაძარში მიდის; ფერისცვალების ჯვარცმული გზა.
ამ ფიქრებით ჩავფრინდი ათენში, ამ ფიქრებითვე წავედით თესალონიკში და ამ ფიქრებით შევცურდით ათონის მთისკენ მიმავალ -აია პანტელეიმონ-ად სახელდებულ ბორანზე, იქ სულ ფიქრები დაგყვება თან, როგორც კი გემზე ავედით, ყველა სახლს სურათს ვუღებდით, ყველა მონასტერი გვეგონა, ყველა ნასახლარი კელია... და ეს არაა უბრალო ემოციები, ესაა ყველა ის გრძნობა, რამაც აქამდის მოგიყვანა, ხედავ ქვემოთ ისე წმიდა წყალს, რომ ლამის ქვებიც გამოჩნდეს, თევზები, როგორც აკვარიუმში ისე დაცურავენ, ყველაფერი უცნაურია, წმინდაა...
დიაკვანი ირაკლი:
ათენში საშინლად ცხელოდა. სკანდინავიიდან და იტალიიდანაც ჩამოსულებს ათენი საკმაოდ არეულ ქალაქად მოგვეჩვენა. სიცხე, ბუღი, მტვერი, ნაგავი ქუჩებში, სახლები უღიმღამო, თუმცა ხალხი თბილი.
პირველი რაც გავაკეთეთ იყო ბილეთების ყიდვა ღამის მატარებელზე, იმ ღამეს მივდიოდით თესალონიკში. ათენის ცენტრალურ სადგურში, რომელიც ძალიან პატარა იყო, დავდექით რიგში. ჯერ გაბრაზებული ხალხი ეჩხუბა მოლარეს, რომელიც ხმას არ იღებდა. ჩვენს წინაც შევარდა ერთი კაცი და ხმამაღლა უყვიროდა იმ საწყალს. ჩვენი რიგი რომ დადგა, მოგვცეს ბილეთები მარტო ერთი მიმართულებით, უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ შეგიძლიათ აქ იყიდოთო. მერე დამიჯავშნეს ბილეთი და ჯავშნის ნომერი ქაღალდის ნაკუწზე დამიწერეს პასტით, არც სახელი, არც გვარი...
მოვიარეთ აკროპოლისი, რაც ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. აკროპოლისის მიდამოებშიც, ცენტრშიც ძალიან ხშირი იყო ქუჩები, რომლებიც ატარებდნენ წმიდნანების სახელებს. ძალიან სასიამოვნო გრძნობა იყო.
ვისადილეთ ცენტრალურ სადგურთან ახლოს პატარა რესტორანში. მივირთვით ზღვის საჭმელები, რაც საკმაოდ გემრიელი და ძალიან იაფი იყო. მომსახურებაც იმდენად კარგი იყო, რომ საღამოთიც მანდ მივედით იმავე ოფიციანტთან.
თესალონიკი
ღამე მატარებლით გავემგზავრეთ თესალონიკში. 6 ადგილიან კუპეში დაგვემგზავრა ერთი მოხუცი კაცი – ძია საბა – თავისი შვილიშვილით. მე და სოსო ერთმანეთში ქართულად რომ ვლაპარაკობდით, ის კაცი სულ გვაკვირდებოდა, მოგვიანებით კი ქართულად დაგვიწყო საუბარი. თურმე საქართველოდან 15 წლის წამოსული ბერძენი ყოფილა. ჩვენ კი გაგვიკვირდა, რომ ამ მატარებელში და თანაც ჩვენს კუპეში ქართულად მოსაუბრე დაგვემგზავრა და დიდი სიამოვნებით გავესაუბრეთ მას.
დაახლოებით ღამის 2 საათზე მატარებელი გაჩერდა. თურმე თბომავალს ქონდა რაღაც პრობლემები და ამიტომ შემდეგი რამოდენიმე გაჩერება უნდა გვემგზავრა ავტობუსებით. ორი საათი ვიმგზავრეთ და მერე ისევ მატარებელში ჩაგვსვეს. ასე ძილგატეხილებმა ვიმგზავრეთ თესალონიკამდე, სადაც დილის 7-8 საათისათვის ჩავედით.
სადგურში სოსოს ნათესავი დაგვხვდა. ის უკვე რამდენიმე წელია რაც საბერძნეთშია. მან მაშინვე ამიღო უკან დასაბრუნებელი მატარებლის ბილეთი, მიუხედავად ჩემი თხოვნისა რომ მე ავიღებდი (თანაც ის ქაღალდის ნაკუწი ჯავშნის ნომრითურთ არ გამომიყენებია). მერე მოგვატარა ქალაქის ცენტრი, წაგვიყვანა წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ტაძარში, სადაც ამ წმინდანის განუხრწნელი ნაწილებია. მოვილოცეთ ტაძარი და ამ წმინდანის ნაწილებიდან მომდინარე მირონში ამოვლებული ბამბაც მივიღეთ იქაური მღვდლისაგან. საოცარი სურნელება აქვს ამ მირონს.
მოგვიანებით წავედით საქალაქთაშორისო ავტობუსების ერთერთ ცენტრალურ გაჩერებაზე, სადაც ურანოპოლისისაკენ მიმავალ ავტობუსზე ავიღეთ ბილეთები. რეისამდე რამოდენიმე საათი გვქონდა, და სოსოს ნათესავის დაჟინებული თხოვნით ერთერთ სანაპიროსთან გავისეირნეთ. რაც შეეხება თვით ქალაქს, ის საკმაოდ დიდია ფართობით. აქაც არეულობა, მტვერი, დაულაგებელი უბნები. როგორც გავიგეთ თესალონიკში დიდი რაოდენობით ქართველი და საქართველოდან წამოსული ბერძენი ცხოვრობს. მთელს საბერძნეთში, როგორც გვითხრეს, დაახლოებით 250 000 ქართველი იქნება. რამდენად ზუსტია ეს რიცხვი ნამდვილად არ ვიცი.
იმავე დღეს საღამოთი გავემგზავრეთ ურანოპოლისში, სადაც საღამოს 9-10 საათზე ჩავედით. გზად ბევრი მთა იყო გასავლელი. როცა მთის წვეროზე ავდიოდით, არაჩვეულებრივი ხედები იშლებოდა. ათენის და თესალონიკისაგან განსხვავებით ძალიან ლამაზი იყო ეს მხარე როგორც ბუნებით, ასევე პატარა სახლების ნაგებობითაც. იქაური პატარა ქალაქები და არქიტექტურა უფრო იტალიურს წააგავდა. ადგილებიც უფრო მოვლილი იყო ვიდრე ათენში და თესალონიკში.
ურანოპოლისი
ეს არის საკმაოდ პატარა, კარგად მოვლილი და სუფთა, ტურისტული ქალაქი. ამ ქალაქს ემიჯნება ათონის მთის საზღვარი. 27 აგვისტო იყო ჩვენ რომ ურანოპოლისში ჩავედით. აქ დაჯავშნული გვქონდა სასტუმრო, სადაც გამაგრილებელი შხაპი მივიღეთ და ცოტათი შევისვენეთ. ჩვენი სასტუმრო პირდაპირ გადაჰყურებდა ზღვას და ურანოპოლისის პორტს, საიდანაც მეორე დღეს უნდა გაგვეცურა გემით ათონისაკენ.
დილით ადრე გავემართეთ პორტისაკენ, სადაც უნდა აგვეღო ოფიციალური საშვი ათონზე შესასვლელად. საშვი უპრობლემოდ ავიღეთ და თანაც ერთი ქართველი მომლოცველიც გავიცანით (მან საშვი მეორე დღეს მიიღო). იქვე ავიღეთ გემის ბილეთებიც და ადრევე ავედით გემზე.
მგზავრობა დაფნისაკენ
რაც კი საბერძნეთში ვიყავით ამინდი სულ ჩვენსკენ იყო. მოწმენდილი ცა, წყნარი ზღვა, სიცხე. იმ დღესაც ამინდმა გაგვახარა. ზღვა კი ცალკე აღწერის ღირსია: მშვიდი, სუფთა და გამჭვირვალე, ფერით ხან ზურმუხტოვანი, ხან მელნის ფერი და ხან ცისფერი. იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ ფსკერი გამოკვეთილად ჩანდა, ხან თევზების გუნდიც გამოაჩენდა თავს, ალაგ ალაგ კი დიდი და ნარინჯისფერი მედუზებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე.
გემი საკმაოდ დიდი იყო. უფრო სწორედ ეს იყო ბორანი. პირველ სართულზე მანქანები იყო, მეორე და მესამეზე კი მგზავრები. ჩვენ ვიყავით სულ ბოლო სართულზე – ღია ადგილას და გაოცებულები თვალს ვერ ვაშორებდით ათონის მთის სილამაზეს. ათონის მწვერვალი, რომელიც 2033 მეტრს ითვლის, მკაფიოდ მოჩანდა გემიდან. საოცარი სანახაობა იყო. ამ მწვერვალზე კი განთავსებულია ფერისცვალების მონასტერი.
ურანოპოლისიდან დაფნიმდე (ათონის მთავარი პორტი) გზის დასაფარად გემს 2 საათი დასჭირდა. გზადაზგა ვჩერდებოდით სხვადასხვა მონასტრებთან. დიდებული სანახაობა იყო – ზღვასთან ახლოს, მთის ძირში, მაგრამ ზღვიდან ცოტა ამაღლებულ დონეზე განთავსებული მონასტრული კომპლექსები. როგორც იცით, ათონზე სულ 20 მონასტერია, გარდა ამისა არის სკიტებიც. აღსანიშნავია, რომ ივერონის მონასტერი იერარქიულად არის მესამე მონასტერი ათონის მთაზე და მას გააჩნია ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა.
პირველი ბერი
ჩვენი გემი უახლოვდებოდა ერთერთ მონასტერს, როცა მის მისადგომთან შევნიშნეთ ბერი, რომელიც ჯდებოდა გასაბერ ნავში. ჩვენ მას დავაკვირდით. როცა კარგად მოკალათდა შეხედა ჩვენს გემს და დაგვიქნია
ხელი. მანძილი შორი იყო, მაგრამ ჩანდა, რომ თბილად გვიღიმოდა ყველას. ჩვენც, ვინც გემის ბაქანზე ვიდექით, ყველამ დავუქნიეთ ხელი და უცბად ამ ბერმა აამუშავა ელექტროძრავა და თავისი ნავი ”გააჭენა” ისე როგორც ცხენს აჭენებენ – ნავის ცხვირი ჰაერში ავარდა. ძალიან კარგი სანახაობა იყო, ყველას გაგვეღიმა. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა იქაურ ბერთან.
დაფნი და კარიესი
შუადღისას უკვე დაფნიში ვიყავით. იქვე დაგვხვდა ავტობუსები, რომლითაც ჩავედით ათონის ადმინისტრაციულ დედაქალაქში – კარიესში. ძალიან პატარა ქალაქია, თავისი მაღაზიებით, ბანკით, ფოსტით ტელეფონების ჯიხურებით. დაფნიდან კარიესისაკენ მიმავალი გზის ნაწილი კარგად იყო მოპირკეთებული, ნაწილი კი უბრალო მტვრიანი გზა იყო. კარიესში იდგა მიკროავტობუსები. ჩვენ მოვნახეთ ივერონში მიმავალი ავტობუსი და ასე 40 წუთში აღმოვჩნდით ნანატრ ადგილას.
ივერონი
28 აგვისტო, სამშაბათი
ვერ გადმოგცემთ ჩვენს გრძნობას. მადლობა ღმერთს! ჯერაც არ გვქონდა გააზრებული თუ სად მოვხვდით – ათონი და თანაც ივერონი!
სოსო:
ფეხი დავაბიჯე დაფნის მიწას და ემოციები ბოლომდე ვერც კი შევიგრძენი, რომ ჩვენმა ავტობუსმა, რომელიც ათონის მთის დედაქალის კარიესისაკენ წაგვიყვანა, გზად საოცარი ხედები გადაგვიშალა, იქით მონასტერი, აქეთ კელია, იქ კიდევ გამოქვაბული... ეს ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, რომ გააზრებას ძლივს ვასწრებდით, მალე ივერონისაკენ მიმავალ მიკრო ავტობუსში გადავინაცვლეთ, აქ კი საერთოდ ამავსო ფიქრმა და ემოციამ, ჩუმმა, უთქმელმა, მაგრამ ძალიან მეტყველმა, ივერონმა! მეც, ივერიის ერთი პატარა შვილი, იქ მივდივარ, სადაც ათასი წლის უკან მიდიოდნენ და მიდიოდნენ შემდეგშიც, სადაც იზრდებოდა, იხვეწებოდა და იჭედებოდა ჩვენი კულტურა და ჩვენი ისტორია, სადაც აღვლენილი ლოცვები ზე-ეფარებოდა მრავალტანჯულ ერთ მუჭა ერს, სადაც უამრავი ქართველი მოღვაწე აღესრულა, სადაც ბევრი ღვთის სათნო ღმერთს ესათნოა... კარიბჭეში შესულს, მისალმებასავით ხატი დაგვხვდა, ლამის იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოს, ვინა ხარ და სად შედიხარ, ქტიტორები იოანე, ექვთიმე და გიორგი, ასე გვაუწყებდა ბერძნული წარწერა, მთაწმიდელთა ხატებზე, გვერდით კი გაბრიელი ზღვაზე მუხლმოყრილი მიირქმევდა ივერონის ხატს, ხატი, რომელიც ტაძარში იყო გამოსვენებული, აკი 28 აგვისტო იყო. სავსე ეზო, უცნაურად ბევრი ხალხი, მონასტერი გადაჭედილი, მოსაცდელში მომლოდინე ცივი წყალი და ლუხუმი, ყველაფერი ის, როგორც ფილმში ისე მიდიოდა ჩემს წინაშე, ივერონში ვიყავი, შეიძლება ღვთის მადლით, შემდეგშიც მომიწიოს ჩასვლა, მაგრამ როცა პირველად მიდიხარ, ასეთ წმინდა ადგილზე, სულ სხვა განსხვავებული და განუმეორებელი გრძნობა გიპყრობს, მერე იყო სწრაფი მთხვევა იმ ხატისადმი, რომლის მხოლოდ ასლები მინახავს ადრე, ცოტა ხანში დრო ვიხელთე და მთელი ნახევარი საათი ვიდექი დედა ღვთისმშობლის იმ ხატის წინ, რომელიც იდუმალებიდან მიყურებდა, ხატის პერანგის ქვევიდან რაღაცნაირად ნათელი ბუნდოვანებიდან ღვთისმშობლის ძალიან თბილმა მზერამ თავიდან ფეხებამდე დამიარა და ხატის წინ ვერცხლის, ლამაზის მცირე ლიმონის ხის ზომისა და ფორმის სასანთლეზე დანთებულ დიდ, თაფლის სანთელივით ვიყავი მეც, სანამ რომელიღაც ბერმა არ მანიშნა, რომ ტაძარი უნდა დაეკეტა...
ახლა თითქმის ყველაფერი ბერძნულია, ყველა საგანი ბერძნულად მეტყველებს, მაგრამ არცერთი არაა ისეთი ხმამაღალი და სულში ჩამწვდომი, როგორც ის ძველქართული წარწერა ღვთისმშობლის ხატის პერანგზე ფრაგმენტულად რომაა და ბუსუსებს რომ გაყრის მისი შეხედვისას...
ლოცვა შუაღამიანი, ჭაღნი თაფლსანთლიანი, ბერნი შავმანტიანი, რეკვა ჩაქუჩიანი, ასეთია ის მოკლე გაფიქრებები, რომლებიც შუაღამის ოთხ საათზე ამდგარს და მთვარით განათებულ ქვაფენილზე მიმავალს, თავში კი არა გულში გიტრიალებს, ხანდახან ტაძარში შემავალ ბერს ვერც ხედავ, ჩქარებია, და ღამის წყვდიადში შავი მანტიით მოსილნი ტაძარში შევლენ, ასეთივე ჩქარი და თან კდემამოსილი მოძრაობით შემოილოცავენ ტაძარს და კუთხეში მდგარ სკამებზე ოდნავ დაეყრდნობიან და თავჩახრილნი ლოცვაში იძირებიან, ხანდახან გამორკვეულვარ ლოცვიდან, და ჩუმად თვალი შემივლია ამ მიწის ანგელოზთ, ღრმა თვალებს და თბილ. თეთრ წვერებს, ან მკაცრ შავს, და მაინც თბილს...
დიაკვანი ირაკლი:
მონასტერი განლაგებულია ძალიან ახლოს ზღვასთან. კომპლექსის გარეთა ნაწილი ხარაჩოებშია ჩასმული, მიმდინარეობს მშენებლობა და ალბათ რეკონსტრუქციაც. მონასტრის შესასვლელთან დიდი აბრაა ბერძნული წარწერით. ჩვენ ბერძნული არ ვიცით, მარამ ასე მივხვდით რომ ევროგაერთიანებას გამოყოფილი აქვს დაახლოებით 3 მილიონი ევრო, როგორც ჩანს, რეკონსტრუქციისათვის.
ჩვენ ჩავედით ივერონში 28 აგვისტოს, მიძინების დღესასწაულს, შუადღის მერე. სადღესასწაულო მსახურება უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ხალხი, ბერი და ერი, მონასტერში იყო. ჩვენ მივედით მონასტრის სასტუმრო კომპლექსში, სადაც მაგიდაზე დაგვხვდა ცივი წყალი და ბერძნული ტკბილეულობა – ლუქუმი. ცოტა მოვისვენეთ და სული მოვითქვით იმ სიცხიან დღეს. რამოდენიმე ხანში გამოჩნდა ბერი – მამა იერემია, რომელსაც ევალებოდა სტუმრების მიღება. მან ინგლისური კარგად იცოდა, ასე რომ ურთიერთობა არ გაგვიძნელდა. ახალი მომლოცველები სტუმართა კომპლექსში ბევრნი იყვნენ და ყველა ელოდებოდა მამა იერემიას. როცა ჩვენი რეგისტრაციის რიგი დადგა, მან გადახედა ჩვენს ადრე გაგზავნილ ფაქსს, დაგვსვა სკამებზე და თბილად გამოგვკითხა თუ საიდან ვიყავით, რა სპეციალობის. გაეხარდა რომ გაიგო რომ საქართველოდან ვიყავით და აღნიშნა რომ მარიამობის დღესასწაულს ივერონში დაახლოებით 40-მდე ქართველი დაესწრო. უნდა ითქვას, რომ დიდი პატივით მიგვიღო. ჯერ აგვიყვანა მეორე სართულზე, სადაც 10 კაციან ოთახში უკვე 4 კაცი იყო განთავსებული და გვკითხა გვსურდა თუ არა ამ ოთახში დარჩენა. ჩვენ უარი არ ვუთხარით და დავიწყეთ დაბინავება. მაგრამ ჩანდა, რომ მამა იერემია რაღაცაზე დაფიქრდა და გვთხოვა მას გავყოლოდით. აგვიყვანა ბოლო სართულზე, სადაც მოგვცა ერთადგილიანი ოთახი (ერთი გაწყობილი ლოგინით), სადაც მოგვიტანა დამატებით გასაშლელი საწოლი, ზეწრები და მოგვიმზადა ლოგინი. საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო. რამდენჯერმე შევთავაზე და ვცადე კიდეც მოხმარება, მაგრამ მან დამაწყნარა – დაბრძანდით და დაისვენეთ, მე ამას მივხედავო. მოგვიანებით სოსო და მე ვსაუბრობდით მის შესახებ, ჩვენ ვიფიქრეთ რომ ალბათ მორჩილი ან ახალი ბერი იყო. თუმცა მოგვიანებით ვნახეთ, რომ ის იყო მღვდელმონაზონი (მასთან აღსარება ჩავაბარეთ). აი ასეთი თბილი და თავდაბალი მოპყრობა დავინახეთ, რასაც ხშირად ჩვენ ვივიწყებთ ან, სამწუხაროდ, არ ვკადრულობთ.
ჩვენი ოთახი იყო ძალიან სადა და კოხტა, ჰქონდა გასასვლელი აივანზე, რომელიც იმ სართულზე განლაგებულ სხვა ოთახებს უერთდებოდა. ოთახის კედელზე ეკიდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატი, და ეს ხატი ყველა ოთახში, სართულზე იყო დაკიდული.
ცოტათი რომ მოვისვენეთ, ჩავედით დაბლა მონასტრის ცენტრალურ მოედანზე. მანდ ნახავდით ბევრ ბერს და მომლოცველს. ვნახეთ 4 ქართველიც. მოვინახულეთ აგრეთვე მონასტრის ტერიტორიაზე განლაგებული მაღაზია, სადაც მრავლად იყო ხატები, წიგნები, საკმევლები და სხვა საეკლესიო ნივთები. ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ მაღაზიაში თავისუფლად შეგვეძლო კრედიტ კარტის გამოყენება, რაც ჩვენ მაშინვე გამოვცადეთ. საღამოთი დავესწარით მსახურებას ივერონის ძირითად ტაძარში, სადაც ივერიის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იყო დაბრძანებული მიძინების დღესასწაულის გამო. სხვა დღეებში კი ხატს ათავსებენ თავის ადგილას – კარის ეკლესიაში. მოვილოცეთ და ვილოცეთ ამ დიდებული ხატის წინ. წარმოუდგენელი იყო ეს ჩვენთვის.
მთავარი ტაძარი შედგებოდა სამი ნაწილისაგან – ჯერ პატარა ოთახი ხატებით და ფრესკებით, მერე მეორე ოთახი ასევე ხატებით და ფრესკებით და მერე გავდიოდით ძირითად ნაწილში, სადაც დაბრძანებული იყო ივერიის, ანუ კარის ღმრთისმშობლის ხატი. ბერები იყვნენ ტაძრის ყველა ნაწილში. კედლებთან განთავსებული იყო სპეციალური სკამები, რომლებზეც შეიძლებოდა ან ჩამოჯდომა როგორც ჩვეულებრივ სკამზე, ანდა თუ გადააკეთებდით ამ სკამს, მაშინ ჩამოჯდებოდით უფრო მაღალ დონეზე (როგორც მაგალითად სკამზე ბარში). გარდა ამისა, დგომისას შეიძლებოდა იდაყვების დაყრდნობა სკამის მოაჯირებზე ანდა ფეხების ოდნავ მაღლა შემოდება. ანუ ამ სკამებს სამი ფუნქცია ქონდათ. მსახურება დიდ ხანს გრძელდებოდა, და ამიტომ ზოგი ბერი ჯდებოდა, ზოგი იდაყვებით დაყრდნობილი იყო და როცა საჭირო იყო ყველა ფეხზე დგებოდა.
მსახურება საინტერესოდ მიედინებოდა. მკითხველები იყვნენ ტაძრის ცენტრალურ ნაწილის ჩრდილოეთ და სამხრეთ კუთხეში და მორიგეობით ხან ერთი კუთხიდან ისმოდა ლოცვა ან გალობა და ხან მეორე კუთხიდან. ყველაფერი მიედინებოდა წყალივით და შეუჩერებლივ. თანაც მსახურებაში მონაწილეობას ღებულობდა ბევრი ბერი, თითქოსდა საერთო და ერთიანი მსახურება იყო, რამაც დიდი შთაბეჭდილება იქონია ჩემზე.
ივერიის ღმრთისმშობლის ხატს ქართული პერანგი ემოსა.. ტაძარში გასაოცარი სიმშვიდე, მოწესრიგებულობა, სიყვარული და სიწყნარე სუფევდა. არავინ არავის შენიშვნას არ აძლევდა, ყველა კონცენტრირებული იყო მსახურებაზე და ჩაღრმავებული იყო პირად ლოცვებში. მართლაც რომ სამაგალითოა ეს.
მსახურების მერე გაიმართა ტრაპეზი. ხალხი ბევრი იყო, იმდენი, რომ ჩვენ ვერ შევძელით სატრაპეზოში შესვლა და გარეთ დარჩენილ ხალხს შევუერთდით სატრაპეზოდ. ტრაპეზი მოკრძალებული იყო: მაკარონი, რვაფეხა, მოზრდილი ნაჭერი ბერძნული ყველისა, პური, ხილი და ჭიქა წითელი ღვინო. თითქოსდა ცოტა, მაგრამ ისეთი მადლიანი იყო, რომ მაშინვე დაგვანაყრა.
იმ ღამეს დავრჩით ივერონში და დილით გავემზადეთ ჰილანდრის, სერბულ, მონასტერში გასამგზავრებლად.
გზა ჰილანდრისაკენ
29 აგვისტო, ოთხშაბათი
რუქაზე ივერონსა და ჰილანდრის მონასტრებს შორის დაშორება თითქოსდა არ ჩანდა დიდი, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო. ჯერ წავედით კარიესში, სადაც იმედი გვქონდა, რომ ჰილანდრისაკენ რაიმე ტრანსპორტს ვნახავდით. სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ ვნახეთ, მაგრამ შევიტყვეთ, რომ დღეში ერთხელ სწრაფი გემი დადიოდა ივერონიდან ჰილანდრის მიმართულებით. მაშინვე დავბრუნდით ივერონში და დაველოდეთ იმ გემს. ეს გემი ერთ დღეს ერთი მიმართულებით მიდიოდა და მხოლოდ მეორე დღეს ბრუნდებოდა უკან. ეს კი ჩვენთვის ნიშნავდა რომ მოგვიწევდა ჰილანდარში ერთი ღამით გაჩერება. მე ადრე ინტერნეტიდან შევიტყვე, რომ ჰილანდარში სტუმრებს ვერ ღებულობდნენ 2004 წელს მომხდარი ხანძრის გამო, რომელმაც მონასტრის თითქმის ნახევარი გაანადგურა.
ჩვენც მივენდეთ უფალს და გავყევით ამ გემს ჰილანდრისაკენ. გემი პატარა და მართლაც ჩქარი იყო. თან დაგვემგზავრა ერთი ჩეხი მართლმადიდებელი ახალგაზრდა სახელად პეტრე. ძალიან თბილი და საყვარელი პიროვნება. მაშინვე დავუვახლოვდით ერთმანეთს.
გემი კი ცალკე ისტორიაა; გემში ყველანი – მგზავრები, გემის კაპიტანი და მისი თანაშემწე, რომელიც აგრეთვე მოლარე იყო, ერთად ვისხედით. სუფთა ჩვენი სოფლისაკენ მიმავალ ავტობუსს წააგავდა ეს სიტუაცია. კაპიტანს საჭესთან ახლოს GPS ნავიგაციის სისტემა ქონდა მიმაგრებული, რომელიც ერთ მომენტში გაეთიშა და
მოძვრა. სახიფათო ან საგანგაშო არაფერი არ იყო. ჩვენ ხომ ნაპირს მივუყვებოდით და ძალიან ახლოს ვიყავით ნაპირთან. თანაც გარეთ არაჩვეულებრივი ზღვა იყო და ჩვენ ცურვას მონატრებული ვიყავით. მაგრამ ერთი უნდა გენახათ, როგორ აყენებდა გემის კაპიტანი GPS–ის სისტემას და თან საჭეს არ უშვებდა ხელს. უფრო სწორედ საჭე თავისი მუცლით ეჭირა და თან ხელებით ამ სისტემას თავის ადგილას აყენებდა. ჰოდა, როგორც მოგეხსენებათ, მუცელი ხელი არ არის, და ჩვენი გემი ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ გაუხვევდა, ჩვენ კი სიცილს ძლივს ვიკავებდით. მერე როგორც იქნა სისტემა თავის ადგილას ჩაჯდა და ჩვენც მშვიდობით მივაღწიეთ ჰილანდარის მისადგომს.
ჰილანდარი
მისადგომიდან მონასტრამდე 30-40 წუთი ფეხით სავალი გზა იყო. როცა უკვე გზაში ვიყავით, ჩვენს უკან დავინახეთ პატარა ტრაქტორი, რომელსაც მიბმული ქონდა ურემი. მასში რამოდენიმე ერისკაცი და ერთი ბერი იყო. ისინი ჰილანდარში მიდიოდნენ და თან ბოსტნეულობა მიქონდათ. ჩვენ რომ დაგვინახეს, მაშინვე გაგვიჩერეს და თან წაგვიყვანეს. ურემზე რომ ავედით, ბერმა მაშინვე დამითმო თავსი ადგილი და იქვე კუთხეში ჩაჯდა.
ცხადია მეუხერხულა და ვთხოვე, რომ მჯდარიყო და მე კი კუთხეში მოვთავსდებოდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი – ათონელი ბერები საოცრად თავმდაბლები არიან. ერთმანეთს ნახევრად რუსულად და ნახევრად ხელებით ვესაუბრებოდით. რომ ვუთხარით ქართველები ვიყავით, ბერმა – მამა ეფრემმა – მაშინვე გვითხრა, რომ მათთან მონასტერში ერთი ქართველი ბერი, მამა ილარიონი, იყო და გვთხოვა გავჩერებულიყავით მისაღებ ოთახში სანამ ის იმ ბერს მონახავდა. ჩვენ მივედით მისაღებ ოთახში, სადაც სხვა ბერმა გვიმასპინძლა ცივი წყლით და ისევ ლუქუმით. მისაღებ ოთახში ვიკითხეთ წმინდა სვიმეონის ვაზის შესახებ (უკვე მრავალი საუკუნეა, რაც ამ ვენახთან დაკავშირებულ სასწაულიდან უშვილო ოჯახები ნაყოფიერნი ხდებიან). მან თავაზიანად აგვიხსნა, თუ სადაც ხარობდა ვაზი და ჩემს თხოვნაზე რომ მოეცა ვაზის რამოდენიმე ნაყოფი სხვა უშვილო ოჯახებისათვის, ჯერ მთხოვა დამეწერა მათი სახელები (მათთვის ბერები ილოცებდნენ) და მკითხა თუ რამდენი მინდოდა. რომ ვთხოვე სამი, შუბლი ცოტათი შეიჭმუხნა და ვერაო, მაგრამ მაინც ჩადო სამი ნაყოფი და თბილად გამიღიმა: ბერი იგივე ადამიანია და ხუმრობის გრძნობაც გააჩნია.
დავათვალიერეთ მონასტერი. 2004 წელს მომხდარ ხანძარს მონასტრის თითქმის ნახევარი გაუნადგურებია. აქაც მიდიოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ოღონდ ივერონთან შედარებით უფრო ნაკლები მაშტაბის. გავოცდით ფრესკებით და ფერებით. ძალიან ლამაზი მოხატულობა გააჩნიათ. ვნახეთ ხსენებული ვაზი წმინდა სვიმეონისა. საოცრებაა, ის ამოდის წმინდა სვიმეონის საფლავიდან და თითოეული მტევანი ბერებს საგულდაგულოდ შეფუთული აქვთ.
ამასობაში მივხვდით, რომ იმ დღეს ივერონში ვეღარ დავბრუნდებოდით და დავბრუნდით მისაღებ ოთახში, სადაც ვკითხეთ თუ დაგვტოვებდნენ იმ
ღამეს მონასტერში. როგორც ადრე ვახსენე, ხანძრის და დიდი ზარალის გამო მონასტერი ვერ ახერხებდა სტუმრების მიღებას, თუმცა ეს სულაც ვერ ვიგრძენით. პირიქით ბევრი მომლოცველი იყო მოსული დასარჩენად და ყოველგვარი პრობლემის გარეშე მონასტერმა მიგვიღო და დაგვაბინავა. იქაც, ისევე როგორც ივერონის მონასტერში, საოცარი სისუფთავე იყო, სასტუმრო ოთახი კრიალებდა, საშხაპეები (რასაც არ მოველოდით მანდ) ძალიან სუფთად ქონდათ მოვლილი. მოგვათავსეს საერთო ოთახში, სადაც ჩვენს გარდა იყვნენ ბერძნები, რუსი და ჩეხი მართლმადიდებლები.
იმ დღეს მამა ილარიონი ვერ ვნახეთ, ეტყობა დაკავებული იყო სხვადასხვა მორჩილებების შესრულებით. საღამოს ჩატარდა მსახურება, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 1..5-2 საათი. მერე გვქონდა საერთო ტრაპეზი, რასაც მოჰყვა ისევ მსახურება, ოღონდ უფრო მოკლე. საღამოს 8-8.30 საათის მერე თავისუფლები ვიყავით. შევეცადეთ მოგვენახა მამა ილარიონი, მაგრამ ისევ უშედეგოდ. მერე ვკითხეთ იღუმენს, მამა ნათანაელს, თუ შეიძლებოდა ვზიარებულიყავით მეორე დღეს. იღუმენმა ჯერ გვკითხა თუ გვქონდა ამაზე ლოცვა-კურთხევა და ჩვენგან დადებითი პასუხის მერე აღსარების გარეშე დაგვიშვა საზიარებლად (ეს ფაქტი ჩვენთვის ახალი არ ყოფილა, ვინაიდან ასეთი პრაქტიკა გვინახავს და გამოგვიცდია სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც). ამის მერე ცოტა ხანს მონასტრის შესასვლელთან გავჩერდით. მანდ ჩვენი ყურადღება მიიპყრო ჩვეულებრივმა სატელეფონო ჯიხურმა, რომლიდანაც სატელეფონო კარტით შეიძლებოდა დარეკვა ნებისმიერ ადგილას. ძილის წინ ვესაუბრეთ რუსს მართლმადიდებელს, რომელსაც აინტერესებდა წმინდა სვიმეონის ვაზის ისტორია და რაღაცეები ავუხსენით. გარდა ამისა ვესაუბრეთ ბერძნებს და იმ ჩეხსაც, რომელსაც ძალიან დავუვახლოვდით.
ცისკრის მსახურება დაიწყო დილის 4.00 საათზე. ჩვენ ადრევე ავდექით და ტაძრისაკენ გავეშურეთ. საინტერესო იყო ტაძარში – სულ რამოდენიმე კანდელი და სანთელი ენთო და ძირითადში სიბნელე იყო. მანდაც ისევე როგორც ივერონის მთავარ ტაძარში, კედლებთან განთავსებული იყო სპეციალური სკამები. მსახურება სერბულად იყო და ძალიან ლამაზად ჟღერდა. ყველაზე მეტად მოვიხიბლე ”რომელი ქერუბიმთა”-ს გალობით, არაჩვეულებრივი იყო. ცისკარს მოება წირვა და თითქმის ყველანი ვეზიარეთ სიწმინდეებს. ტაძარში ბევრი ხატი და ფრესკა იყო, ხოლო მთავარი ხატი იყო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ცნობილი ხატი ”სამხელა”. გაგვეხარდა, ვინაიდან ეს არ გვახსოვდა. ისევე როგორც ივერონის მთავარი ტაძარი, ჰილანდრის მთავარი ტაძარიც სამი ნაწილისაგან შედგება. მთავარ ნაწილში კი ერთერთი ყველაზე დიდი სიწმინდეა განთავსებული – წმინდა სვიმეონის საფლავი (თვით წმინდა სვიომეონი კი სერბეთში არის გადასვენებული). წმინდა სვიმეონი და მისი შვილი წმინდა საბა არიან ჰილანდარის დამაარსებლები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტაძრის ერთ მხარეს დაბრძანებული იყო წმინდა ნინოს ხატი. ალბათ მამა ილარიონის იქნებოდა, ვიფიქრეთ ჩვენ.
წირვის დასრულებამდე ერთმა სერბმა მიგვანიშნა თუ რომელი იყო მამა ილარიონი – აი ისაო, ყველაზე დაბალი ბერიო (სერბები ხომ მაღლები არიან). მივედით და გავიცანით მამა ილარიონი. ძალიან გაეხარდა მასაც. მე გადავეცი მამა ილარიონს ნანას, ჩემი მეუღლის, და ჩემი წერილი ჩვენს ბავშვებსა და წმინდა სვიმეონის ვაზის თაობაზე. წერილთან ერთად სურათებიც გადავეცი და ჩვენი კოპენჰაგენელი მაშინდელი სერბი მღვდელიც, მამა რადმილო, ვახსენე. მამა ილარიონმა ეს რომ გაიგო, მერე მიხვდა რომ მე საქართველოდან არ ვიყავი ჩასული და უცბად წამოიძახა – ესე იგი ეს თქვენ ხართ დანიიდან? და უცბად ტაძრის მეორე ნაწილში გავიდა და იქიდან მოიტანა ფაქსი სერბული ეკლესიის სკანდინავიის ეპარქიიდან, სადაც ჩვენი სახელები ეწერა (როცა ჩვენ დავიწყეთ მარხვა რათა მიგვეღო წმინდა სვიმეონის ვაზის ნაყოფი, უნდა გვეცნობა ჩვენი სახელები ჰილანდრის ბერებისათვის, რათა მათ ელოცათ ჩვენთვის). სოსო და მე გავოცდით, მამა ილარიონმა კი აგვიხსნა, რომ როცა ეს წერილი მონასტერმა მიიღო ბერებმა ნახეს რა რომ ნანა და მე ქართველები ვიყავით, გადაწყვიტეს მამა ილარიონისათვის, ქართველი ბერისათვის, გადაეცათ ჩევნი სახელები. საოცრება არ არის? თურმე ქართველი ბერი სერბებთან ერთად ლოცულობდა ჩვენთვის. დიდება და მადლობა ღმერთს! ამის მერე იღუმენს გადავეცით ნანას მიერ მოხატული წმინდა სვიმეონის ხატი, რომელიც მაშინვე წმინდა სვიმეონის საფლავზე მოათავსეს დიდი მოკრძალებითა და სიხარულით.
წირვის მერე იყო ტრაპეზი, ხოლო მის მერე დავემშვიდობეთ მამა ილარიონს. მან გადმოგვცა ხატები და აგრეთვე გვთხოვა დაგვენთო დიდი კელეპტარი, რომელიც ჩვენი პატრიარქისგან ქონდა მიღებული, ივერიის ღმრთისმშობლის ხატის წინ, რაც ცხადია შევასრულეთ. სამწუხაროდ სურათი ვერ გადავიღეთ ერთად, ბერები არიდებენ ამას თავს და თანაც შიგ ტაძარში სურათების გადაღება არ არის ნებადართული, მხოლოდ გარეთ შეიძლება. ტრაპეზის დროს შევეცადე დამეთვალა თუ რამდენი ბერი იყო მანდ და დაახლოებით 25 დავთვალე.
მამა ილარიონთან დამშვიდების მერე ერთმა სერბმა ბერმა სხვა სტუმრებთან ერთად დაგვათვალიერებინა ჰილანდარის მუზეუმი, სადაც მე-13 საუკუნის ხატებია დაბრძანებული. მათ შორის იყო ცნობილი სერბული ხატები უფლისა (პანტოკრატორი) და დედაღვთისასი. მამა ილარიონმა დამშვიდების წინ გვითხრა, რომ მონასტრიდან ვიღაცა მანქანით წაგვიყვანდა ჰილანდარის ნავსადგურთან, სადაც ივერონისაკენ მიმავალ ნავში ჩავჯდებოდით. ასეც მოხდა ყველაფერი. მალევე აღმოვჩნდით ნავში და გავცურეთ ივერონისაკენ.
ისევ ივერონი
30 აგვისტო, ხუთშაბათი
დილის 11 საათისათვის ჩავედით ივერონში. არაჩვეულებრივი ამინდი იდგა, მოწმენდილი ცა, კრიალა ზღვა, მონასტრის ირგვლივ ჩიტების გაბმული გალობა ისმოდა. მონასტრის ტერიტორიაზე ის ქართველი მომლოცველი ვნახეთ, რომელიც ურანოპოლისში ათონზე შესასვლელი საბუთის ოფისში გავიცანით. მსახურება უკვე დამთავრებული იყო ტაძარში და იწყებოდა ტრაპეზი. ტრაპეზის მერე გავეშურეთ წმინდა წყაროსთან. ეს ის ადგილია, საიდანაც წყალმა ამოხეთქა როდესაც ქართველმა ბერმა წმინდა გაბრიელმა ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ამოაბრძანა ზღვიდან. საოცარი ადგილია, წყარო მდებარეობს ზღვასთან ძალიან ახლოს, სულ რამოდენიმე ნაბიჯში, მაგრამ წყალი მტკნარია, მარილის გემო საერთოდ არა აქვს.
საღამოთი მსახურების წინ მამა იერემიას გადავეცით ნანას მოხატული წმინდა გიორგი მთაწმინდელის ხატი. მამაოს ძალიან გაეხარდა და გვთხოვა იღუმენისათვის გადაგვეცა ხატი. მინდა ცოტა უკან დავიხიო და ხაზი გავუსვა, რომ ჰილანდარშიც და ივერონშიც უამრავი ხატია ტაძრებში, და სანამ ჩვენ გადავცემდით ხატს, მე ვფიქრობდი რომ ჩვენს ხატებს მიიღებდნენ მხოლოდ როგორც საჩუქრებს, მაგრამ ორივეგან ბერებმა გამოხატეს ძალიან დიდი სიხარული და ორივეგან გვთხოვეს, რომ იღუმენისათვის გადაგვეცა ხატები. ერთი სიტყვით, გადავეცით ხატი იღუმენს, რომელმაც დიდი მადლობა გადაგვიხადა და საკურთხეველში შეაბრძანა. მერე მამა იერემიამ გვითხრა, რომ ცოტა ხანში რაღაცას გადმოგვცემდა. მართლაც, საკმაოდ მალევე მამაომ ჩუმად გადმოგვცა ორ-ორი პატარა ბოთლი ივერიის ღმრთისმშობლის ხატის კანდელიდან ზეთით. ეს ჩვენთვის მართლა დიდებული საჩუქარი იყო.
ჩვენთვის გამოყოფილი დღეები ათონის მთაზე იწურებოდა, მაგრამ ისეთი გრძნობა გვეუფლებოდა, რომ თითქოს აქ უკვე დიდი ხანი ვიყავით, დავუვახლოვდით ხალხს, მივეჩვიეთ იქაურობას...
31 აგვისტოს, დილაუთენია დავესწარით ცისკარს, ლიტურგიას და მერე გავემზადეთ ათონიდან წამოსასვლელად.
უკან
ივერონიდან კარიესში, კარიესიდან კი დაფნიში წავედით ავტობუსით. დაფნიში ვნახეთ უკვე გაცნობილი ხალხი. სანამ გემში ჩავჯდებოდით, გავიარეთ საბაჟო, სადაც ამოწმებდნენ თუ რაიმე ღირებული ნივთი მოგვქონდა ჩუმად ათონიდან. როგორც კი მივაღწიეთ ურანოპოლისს, მაშინვე ვიგრძენით განსხვავება. გემთან ახლოს სანაპირო იყო, სადაც ნახევრად შიშველი დამსვენებლები იყვნენ. პრობლემა ეს არ არის, მაგრამ პორტიდან ცოტა მოშორებით მაინც გაეკეთებინათ საცურაო ადგილი.
უკან იმ დღესვე წამოვედით ავტობუსით, სადაც კიდევ ორი ქართველი გავიცანით. ისინიც ათონიდან მოდიოდნენ. ჯერ ჩავედით თესალონიკში, სადაც ისევ სოსოს ნათესავი დაგვხვდა და თავისი მეგობრები გაგვაცნო. მერე ყველამ გამომაცილა სადგურში, სოსო კი მათთან დარჩა რამოდენიმე დღით. იმ ღამით მატარებლით წამოვედი ათენში, სადაც შაბათს დილაუთენია ჩვენი ახლობელი ბერძენი და დანიაში მრევლის ყოფილი წევრი, დიონისე, დამხვდა და თავისთან სახლში მიმიყვანა. იქ დიდხანს არ გავჩერდით და წავედით ეკლესიაში, სადაც ის და მისი ოჯახი დადის. ეკლესია მისი სახლის გვერდით იყო და საკმაოდ დიდი იყო, ორ-სართულიანი. მსახურება იყო დაბლა სართულზე. ცისკრის მსახურება დილაადრიან დაიწყო, რომელსაც წირვა მოჰყვა. დიონისემ გააცნო იქაურ მღვდელს, მამა პეტრეს, ჩემი თავი და თურმე ისიც უთხრა რომ მე რამოდენიმე საათში რეისი მქონდა კოპენჰაგენისაკენ. მამაომ საკურთხეველში შემიყვანა და მთელი მსახურება იქ დამტოვა. თან მითხრა რომ შემეძლო ვმჯდარიყავი მანდ. ძალიან გავოცდი თუ როგორ ჩაატარა მსახურება. თითოეულ ლოცვას გულდასმით, აუჩქარებლად და მოწიწებით გამოთქვამდა. იმხელა მადლი და სიყვარული იგრძნობოდა, რომ თითქოს პირდაპირ ესაუბრებოდა ღმერთს (არადა სინამდვილეში განა ასე არ არის მსახურების და ლოცვის დროს?). საკურთხევლიდან მამა პეტრე და საკურთხევლის გარეთ წიგნის მკითხველი ხმაშეწყობილად მსახურებდნენ. წირვის დასრულებისას ვეზიარეთ სიწმინდეებს. როდესაც მამა პეტრე სეფისკვერს გვირიგებდა, ამას იმხელა თავმდაბლობით და მოწიწებით აკეთებდა (თან ყველას სახელით მიმართავდა) რომ ის თითოეული პიროვნება მისთვის იყო ძვირფასი განძი. საოცრება იყო ამის ნახვა.
აეროპორტისაკენ გზაში დიონისემ მომიყვა, რომ მათი მრევლი არ ყოფილა მაინცდამაინც ცნობილი ათენში, და როდესაც ამ მღვდელს შესთავაზეს თუ სად უნდოდა მსახურება, მან სწორედ ეს მრევლი აირჩია.
სახლში
1 სექტემბერს დავბრუნდი დანიაში სავსე შთაბეჭდილებებით და რაც მთავარია დიდი სიყვარულის გრძნობით და იმედით, რომ იქნებ როდესმე კიდევ მომიხდეს ათონზე ჩასვლა.
--------------------------------------------------------
სერგო (სოსო) ფარულავა
დოქტორანტი ეკლესიის ისტორიაში
დიაკვანი ირაკლი (ერეკლე) წაქაძე
ფილოსოფიის დოქტორი ფიზიკაში