Thursday, March 1, 2012

ყველას უნდა მივცეთ თუ არა მოწყალება?


დიაკვანი ანდრეი კურაევი


სპეციალურად ბლოგისთვის თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

მოწყალების გაცემისას ბუნებრივად იბადება კითხვა: იქნება თუ არა სასარგებლო ჩვენს მიერ გაცემული მოწყალება მისთვის ვინც ითხოვს, თუ არა? რადგანაც დახმარებას შეიძლება ერთნაირად ითხოვდეს ლოთიც, რომელიც დასალევად აგროვებს ფულს, პროფესიონალი მათხოვარიც და გაქნილი თაღლითიც, რომელიც ბერის სამოსშია გადაცმული... 
სახარებაში ნათქვამია: „რომელი გთხოვდეს შენ, მიეც“...(მათ.5.42) ნუთუ ყველას ეხება ეს? შეიძლება თუ არა მისცეთ საწამლავი მკვლელს, თუკი ის მოგთხოვთ? თუმცა, არა მხოლოდ ამგვარ კრიტიკულ სიტუაციებში ჩნდება დაფიქრების საჭიროება.

ქრისტიანული გარდამოცემის თანახმად, მეორე საუკუნეში უკვე ჩანს აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მოძღვრება თორმეტი მოციქულისა - დიდაქე - ტექსტი, რომელიც დიდი ხანი დაკარგული იყო და მხოლოდ XIX საუკუნეში მოხერხდა მისი აღმოჩენა, გვასწავლის: „ყველას ვინც კი გთხოვს, მიუბოძე და აღარ მოთხოვო. მამას სურს, ყველას მიანიჭოს თავისი მადლი. ნეტარია ის, ვინც გასცემს თანახმად მცნებისა, რადგანაც არ განისჯება იგი. ვაი მას, ვინც თვით მიიღებს; თუ მოვალეა, რომ მიიღოს, არ განისჯება; თუკი არ არის მოვალე, განისჯება იმის გამო, რატომ მიიღო და რა მიზნით. საპყრობილეში მიყვანილს გამოჰკითხავენ მის საქმეებს და მანამდე არ გაუშვებენ, ვიდრე უკანასკნელ კოდრატსაც არ აზღვევინებენ“ (დიდაქე I – 5).  მიუხედავად ამისა, დიდაქე გარკვეული წინდახედულებისკენ მოგვიწოდებს: ამის შესახებაც თქმულა: „გაიოფლოს მოწყალება შენი შენსავე ხელებში, ვიდრე შეიცნობ, თუ ვისთვის გასცემ“ (დიდაქე I – 6).
გვიანდელი პერიოდის მრავალ მამასთან ვხვდებით რჩევას გავცემდეთ განურჩევლად: შენ მიეცი და ღმერთი განსჯის.
მსგავსი პოზიციის ლოგიკა ამგვარია: თუნდაც გავცე მე მოწყალება უღირსისადმი და ჩემს მიერ მოწყალებამიღებული ადამიანი ცუდად მოიხმარს ამ წყალობას, მაგალითად, დათვრება და დამატების მისაღებად მაღაზიას გაძარცვავს, მაგრამ ეს ცოდვა მის კისერზე იქნება და არა ჩემსაზე. და თუკი მე მას არ მივცემ ფულს, შეიძლება სწორედ ამის გამო წავიდეს გასაძარცვად. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩემი არაგულისხმიერება იქცეს დანაშაულის მიზეზად და ეს უკვე ჩემი ცოდვაა...
და მაინც, წმ. ბასილი დიდი დაჟინებით მოითხოვს გონივრულ დამოკიდებულებას: „საჭიროა გამოცდილება, რათა გაარჩიო გაჭირვებული ადამიანი ანგარებიანი მთხოვნელისგან. ის ვინც მისცემს გაჭირვებულს, ღმერთს მისცემს. ხოლო ის, ვინც ყველა გამვლელ-გამომვლელს აძლევს წყალობას, ამით აბეზარ ძაღლს მიუგდებს ლუკმას, რათა ის დროზე ჩამოშორდეს და არა იმის გამო, რომ ის მართლაც გაჭირვებულია“[1]. ანალოგიური მოსაზრება გააჩნია ძველი აღთქმის ბრძენსაც: „,მიეცი ღვთისმოსავს და ნუ შეეწევი ცოდვილს“ (ზირ. 12.4)
რადგანაც წმინდანთა რჩევები განსხვავდება ერთმანეთისგან, აჯობებს ყველა ქრისტიანმა თავად გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს ამგვარ სიტუაციაში.
მე კი შემიძლია გავაიოლო, ან პირიქით, გავართულო არჩევანის გაკეთება ორი პატარა რჩევით.
პირველი: შეიძლება მიმოიხედოთ გარშემო და შეამჩნიოთ ადამიანი ან ოჯახი, რომელიც გაცილებით უფრო გაჭირვებულ ყოფაშია, ვიდრე თქვენ. და დაიწყოთ ამ ოჯახის დახმარება, ამასთან ერთად, არა ერთჯერადად, არამედ რეგულარულად. უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროება მარტოოდენ საკვებში ან სამოსში არ არის. ბავშვებს და სტუდენტებს ესაჭიროებათ წიგნები, ინფორმაცია, რომელიც აარიდებდა მათ მედია სივრცეში გავცრელებულ მდარე ინფორმციას და ასწავლიდა ფიქრს. ასე რომ, სასარგებლო ფილმი ან კარგი წიგნიც შეიძლება აღმოჩნდეს ღირებული მოწყალება.
მეორე რჩევა: მოწყალება უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ შემდეგ „ჯიბე გეწვოდეთ“. თუკი თქვენი მოწყალების ფასი კაპიკია, ამით თქვენ ადამიანი კი არ შეგიწყალებიათ, არამედ ჯიბე გაგითავისუფლებიათ ზედმეტი ტვირთისგან. აქ არ ჩანს მსხვერპლი, შესაბამისად არც სიყვარულია მთხოვნელის მიმართ. ბევრის გაცემა მაშინ არის საგრძნობი, თუკი საკუთარ თავს დაახარჯავდით მას და თქვენში მყოფი „ძველი აღთქმისეული ადამიანი“[2] დაიწყდებდა წუწუნს: „რა საჭირო იყო ამდენის მიცემა?! ნახევარიც საკმარისი იქნებოდა! ამ ფულით რამდენ რამეს ვიყიდიდით....               

[1] св. Василий Великий. Творения. ч.6. Сергиев Посад, 1892, с.293.
[2] ქრისტიანულ ტრადიციაში ცოდვისგან გამოწვეულ ინერციას „ძველი აღთქმისეული ადამიანი“ ეწოდება. ყველაფერი კეთილი კი, რაც ახალი აღთქმიდან მოდის - „ახალ ადამიანი“.