წმიდა ბასილი დიდი
ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველმა დაგმო წესი ებრაელების მარხვისა და ჭეშმარიტი მარხვისაკენ მოგვიწოდა, როცა გვითხრა: „ნუ სასჯელად და ბრძოლად იმარხავთ, არამედ განხსენით ყოველი საკრველი ბოროტებისაჲ“ (ესაია 58, 4-6). ხოლო უფალი მოგვიწოდებს: „იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი“ (მათე 6, 17), რაც ასე უნდა გავიგოთ: სული შენი ცოდვებისაგან განიბანე და თავსა შენსა საცხებელი სიწმიდისა იცხე, რათა ქრისტეს ეზიარო და მარხვას ასე შეუდექი. მწუხარე სახეს ნუ მიიღებ, რათა ადამიანებს დაანახო, რომ შენ მარხულობ. მჭმუნვარების გამოფენით ძლევის გვირგვინსა და სამკაულს ვერავინ შეიმოსავს. ან რად უნდა იყოს კაცი სევდიანი მარხვის ანუ განკურნების ჟამს? პირიქით, მარხვის დადგომას სიხარულით უნდა შევეგებოთ, რადგან სახიერმა მკურნალმა მისი სახით ცოდვის განსაქარვებელი წამალი მოგვცა, მარხვა ხომ სიღრმეში დამკვიდრებული ცოდვებისაგან ათავისუფლებს სულს. ნუ შევეცდებით საკუთარ თავს დიდება თვალში საცემი მწუხარებით მოვუხვეჭოთ, იმიტომ, რომ ვერც განცხადებული მარხვა და ვერც სხვათა დასანახად ჩადენილი კეთილი საქმე სარგებელს ვერ მოგვცემს, რადგანაც ქებას აქვე დავიმსახურებთ და თანაც არა ზეციერი მამისაგან, რომელიც დაფარულსაც ხედავს.
მარხვა დასაბამიდან მოდის და რჯულზე უფრო ძველია. იგი უფალმა სამოთხეშივე დააწესა, რადგანაც პირველი მცნება, რომელიც ადამმა მოისმინა, იყო: ძელისა მისგან საცნაურისა კეთილისა და ბოროტისა, არა შჭამოთ (დაბ. 2,17). მაშინ რომ ევას ეს მცნება არ დაერღვია და ემარხულა, ჩვენ დღეს მარხვა არ დაგვჭირდებოდა, რადგანაც მკურნალი არა ჯანმრთელებს, არამედ სნეულებს სჭირდება (მათე 9,12). რამდენადაც ცოდვის სენი ჩვენივე ნებით შევიყვარეთ და დავუძლურდით, ახლა სინანულით უნდა განვიკურნოთ, სინანული კი წარმოუდგენელია მარხვის გარეშე. ადამს, რომელმაც მცნება დაარღვია, ებრძანა: „წყეულ იყავნ ქუეყანაჲ, ეკალი და კუროჲსთავი აღმოგიცენოს შენ“ (დაბ. 3,17-18). ე.ი. ჩვენზე ჭირის მოწევაა ნაბრძანები და არა შვებისა. სამოთხე მარხვის დარღვევის გამო დავკარგეთ და ახლა მაინც ვიმარხულოთ, თვალწინ გვქონდეს ლაზარეს მაგალითი, რომელიც სამოთხეში მარხვამ შეიყვანა (ლუკა 16,20-31). ნუ მიბაძავ ურჩობაში ევას და ნუ შეიწყნარებ მრჩევლად უხსენებელს, რომელიც იქითკენ გაქეზებს, რომ მუდმივად სხეულს სწყალობდე. ზოგჯერ, ვინც მარხვას არ ინახავს, თავის საქციელს სხეულის უძლურებითა და უსუსურობით ხსნის. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ ესეცა და სხვა მსგავსი მიზეზებიც, ერთმანეთის გარდა, პირველ რიგში იმას უნდა ვუთხრათ, რომელმაც ყოველივე იცის. დაფიქრდი, მარხვა არ შეგიძლია და ათასგვარი საჭმელით სხეულის დამძიმება კი შეგიძლია? მკურნალნი ხომ ავადმყოფებს ხშირად მარხვასა და მრავალფეროავანი სურსათ-სანოვაგისაგან თავის შეკავებას ურჩევენ? ვისაც გაძღომა და ნაირ-ნაირი კერძთა სიმძიმის ტვირთვა შეუძლია, მარხვა აღარ შეუძლია? სხეულისათვის რა უფრო ადვილი და სასარგებლო იქნება - მსუბუქი საზრდელის მიღების შემდეგ მსუბუქად გატარება ღამისა თუ საჭმლის სიმრავლისაგან დამძიმებული ძილი? განა შეიძლება თქმა იმისა, რომ მძიმედ დატვირთული ნავი უფრო გადაურჩება ზღვის ღელვას, ვიდრე მსუბუქად დატვირთული? ასევეა ადამიანის სხეულიც, ვინც საკვებს ზომიერად და მსუბუქად იღებს, ის უფრო დიდი წარმატებით მოიგერიებს ავადმყოფობას, ვიდრე ის, ვინც მრავალფეროვანი სანოვაგით ტვირთავს სხეულს.
მარხვის განმწმედ ძალაზე ძველი აღთქმის წიგნებიც ნათლად მეტყველებენ. წინასწარმეტყველი მოსე სწორედ მარხვის წყალობით მიეახლა წმიდა მთას (გამოსვლ. 24,18). მარხვა რომ არ ჰქონოდა საჭურველად ასხმული, როგორ გაბედავდა შესულიყო მთაზე ნისლში, რომლისაგან კვამლი ადიოდა? რომ არ ემარხულა, ღვთისაგან ვერც ფიცარზე დაწერილ მცნებებს მიიღებდა. სამაგიეროდ ნაყროვანებამ მისი ერი აქცია კერპთმსახურად: „დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად“ (გამოსვლ. 32,6). ერთი დღის სიმთვრალემ და ნაყროვანებამ ორმოცი დღის მარხვა და ვედრება წყალში ჩაყარა, ხოლო მარხვის წყალობით მიღებული ფიცარი სიმთვრალემ შემუსრა. შეადარე ერთმანეთს მოსესა და მისი მშობელი ერის საქციელი და დარწმუნდები, რომ მარხვას კაცი ღმერთთან მიჰყავს, მაშინ როცა შვება და სიმაძღრე შინაგანმცემია.
განა სამუელი მარხვამ და ლოცვამ არ შეძინა მის მშობლებს? (I მეფ. 1,13-20) და სამსონიც მარხვის წყალობით არ იქცა უძლეველად? მარხვამ შვა იგი, მარხვამ აღზარდა და მარხვამ განუმტკიცა ძალა, რადგან დედამისს ანგელოზის პირით ებრძანა: „ვენახისაგან რაც არს, არ შეჭამოს და ღვინო და თაფლუჭი არა სვას“ (მსაჯ.13,14). ორმოცი დღის მარხვის წყალობით წინასწარმეტყველი ილია ღირსი გახდა ქორების წმიდა მთაზე უფლის ხილვისა.
წინასწარმეტყველმა დანიელმა არც პური ჭამა და არც წყალი სვა სამი შვიდეულის მანძილზე; სამაგიეროდ მარხვა ლომებსაც ასწავლა. როცა იგი ლომებით სავსე ორმოში ჩააგდეს, მხეცებმა, როგორც ქვას ან რვალს, კბილი ვერ შეახეს. როგორც ვხედავთ, მარხვამ ლომებს პირი აუკრა, მარხვა ლოცვას ცად აამაღლებს, ფრთებს ასხამს. მარხვა წინამძღვარია განსვენებისა, დედა სიმრთელისა, განმსწავლელი ჭაბუკთა, სამკაული მოხუცებულთა, კეთილი თანამგზავრი მოგზაურთა. არ იჭვნეულობს ქმარი, როცა მეუღლეს მმარხველს ხედავს, ხოლო სახლი მარხვით ვინ გააღარიბა? მარხვის გამო პირუტყვები სიკვდილზე არ გოდებენ, არ ჩანს ბრძანება მუცლის მიერ გამოცემული, დასვენებულია მახვილი მზარეულთა, სახლიც ისვენებს კვამლისა და ოხშივარისაგან, ქვაბებისა და ტაფების რახარუხისაგან.
მარხვა სიხარულის მიზეზიცაა, რაც უფრო ძლიერ მოსწყურდება კაცს, მით უფრო ტკბილი აღმოჩნდება მისთვის წყლის დალევა. ასევე მიმზიდველია მარხვის შემდეგ გახსნილება. დაუსრულებელი შვებითა და უზომო ჭამა-სმით ადამიანი კარგავს გემრიელი სასმელ-საჭმელის დაფასების უნარს. ხომ ვხედავთ, რომ მზე უფრო ბრწყინვალეა შემდგომად ღამისა, მღვიძარება უფრო ტკბილია ძილის შემდეგ, ხოლო სიმრთელე უფრო სასურველია მას შემდეგ, რაც სნეულებას გადავიტანთ. ასევე სასურველი ხდება ჭამა მარხვის შემდეგ როგორც მდიდრების, ასევე ღარიბებისთვისაც.
განა მარხვამ არ განუსვენა ლაზარეს აბრაამის წიაღსა შინა? დიდი იოვანეს ცხოვრებაც ხომ მარხვა იყო? (მათე 3,4). არც საწოლი ჰქონდა, არც ტაბლა, არც სათესი მიწა და ხარები, არც ხორბალი და მეპურე, მაგრამ იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი არავინ ყოფილა ქალის ნაშობთაგან. ნეტარ პავლესაც სხვა ჭირთან ერთად მარხვაც ჰქონდა სიქადულად, ამიტომაც გახდა იგი ღირსი მესამე ცის ხილვისა (II კორინ. 11,27;12,2).
თვითონ უფალმაც, როცა მან ჩვენთვის ხორცი შეიმოსა, მარხვით შეზღუდა იგი, რათა ესწავლებინა, რომ მარხვით უნდა განვწვრთნათ და დავმწყსოთ თავნი ჩვენნი (მათე 4,2). ხორცის საკვებზე ზრუნვას სჯობია იმაზე ვიფიქროთ, რომ საღმრთო სწავლა გონებას არ მოვაკლოთ; გავიხსენოთ, რას გვასწავლის პავლე მოციქული: რაზომ გარეშე კაცი ჩვენი განიხრწნების, უფროსად შინაგანი განახლდების (I კორინ. 12,10). მარხვა სასუფევლის ტაბლას განგვიმზადებს, ხოლო გემოთმოყვარება სხეულს გაასქელებს, რის გამოც მისი მტანჯველი მატლი კიდევ უფრო გალაღდება. ვის მიუღია ოდესმე შვებით და ფუფუნებით რაიმე საღმრთო მადლი?
მარხვა იარაღია ეშმაკის წინააღმდეგ; სახარებაში ვკითხულობთ: ესე ნათესავი სხვითა არარაითა განიდევნების, არამედ ლოცვითა და მარხვითა (მარკ. 12,10). ბევრი საჭმელი ნისლითა და კვამლით მოიცავს და აბნელებს გონებას.
მაგრამ მარხვა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას როდი ნიშნავს, ჭეშმარიტი მარხვა ბოროტისაგან განშორებაა, რადგან შეიძლება ხორცი არ სჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო, ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გინება ვერ დათმო, საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან, მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო. ვაი მათდა, რომელნიც უღვინოდ არიან მთვრალნი (ესაია 51,2), რადგან გულისწყრომაც, რომელიც გონებას ახშობს და უადგილოდ აღძრული შიშიც, სიმთვრალედ იწოდება. ცუდია ვნებებით თრობა, მაგრამ არც ღვინით დათრობა გვმართებს. სიმთვრალით ისევე ვერ შეინახავ მარხვას, როგორც ანგარებით ვერ მისწვდები სიმართლეს, შეგინებით - სიწმიდეს და უკეთურებით - სათნოებას. მონაც კი გაურბის ბატონს, რომელიც ურტყამს, ჩვენ კი ვერ განვშორებივართ ღვინოს, რომელიც თავში გვიტყამს და ეს მაშინ, როცა ჩვენში ის უნდა მივიღოთ, რომელმაც თქვა: მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ (იოანე 14,23). განა ჩვენში შემომავალ მეუფეს კარი უნდა დავუხშოთ სიმთვრალით? სიმთვრალე სული წმიდას ისევე განდევნის, როგორც კვამლი ფუტკრებს.
ვინც კაცობრივ მხედრობას სწავლობს, ის დაკარგულ ძალას საჭმლით ივსებს, რათა ბრძოლის ველზე მტკიცე იყოს. ხოლო „რომელთაჲ იგი ბრძოლაჲ არა არს სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა და სოფლისმპყრობელთა ბნელსა ამის სულთა მათ უკეთურთა“ (ეფეს. 6,12), მათ პირიქით, მარხვით უნდა გაიძლიერონ თავი, რადგანაც ხორცისათვის მოკლებით სული განბრწყინდება, ხოლო უხილავ მტერთა ძლევა სწორედ სულის მხნეობით და ჭირთათმენით ხდება.
ესეც გვახსოვდეს: ამ სოფლის მხედართ მათი შრომის მიხედვით ეზრდებათ გასამრჯელო, ხოლო სულიერ მხედრებს, რომელნიც დიდად ავიწროვებენ ხორცს, უმეტესი პატივი ექნებათ. ჩვენი ჩაფხუტი განსხვავდება მათი ჩაფხუტისაგან, რადგან მათი ჩაფხუტი რვალისაა და ჟანგი სჭამს, ხოლო ჩვენი მარადიული ცხოვრების სასოებითაა შემზადებული (I თესალ. 5,8). მათი ფარი განხრწნადია, ჩვენ კი სარწმუნოების ფარი გვაქვს მოცემული, ჩვენ სიმრთელის ჯაჭვით ვართ აღჭურვილნი, ხოლო ისარი რკინის პერანგით. ჩვენ სულის მახვილი მოგვეცა საბრძოლველად (ეფეს. 6,7), ხოლო მათ რკინის მახვილი უჭირავთ გაშიშვლებული. არც საზრდელი გვაქვს ერთნაირი, ჩვენ საღმრთო სწავლანი განგვამტკიცებენ, ხოლო მათ მუცლის აღვსება. ჩვენი ცხოვრების გვირგვინად მარხვა რომ გვექცია, მაშინ იგი არ იქნებოდა ასე მრავალი მწუხარებითა და ტანჯვით აღსავსე, იმიტომ, რომ მარხვა არა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას გვასწავლის, არამედ ყოველგვარი უკეთურობისაგან, ანგარება იქნება ეს თუ მრისხანება.
ვიყოთ მართალნი, რადგან როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, მართალს არასოდეს გაუჭირდება: არა ვიხილე მართალი დაგდებული, არც თესლი მისი მთხოელ პურისა (ფსალმ. 36,25). რა თქმა უნდა, იგი ხილულ პურს არ გულისხმობს, რადგან კარგად იცის, რომ მართალი იაკობის ძენი ეგვიპტეში წავიდნენ სათხოვნელად პურისა. არამედ მას მხედველობაში აქვს სულიერი საზრდო, რომლის წყალობითაც ჩვენი შინაგანი სამყარო სრულყოფის კიბეზე თანდათან მაღლდება.
დაე ჩვენი ცხოვრების წესით თავიდან ავიცილოთ ის შიმშილი, რომელიც წყლისა და პურის მოკლებაზე უარესია, შიმშილი - უფლის სიტყვის მოსმენისა (ამოს. 8,11).
წყარო: www.orthodoxy.ge