მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი
ღვთისმეტყველების დოქტორი კანონიკურ სამართალში
საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II წამოიწყო ინიციატივა მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამისა და მომდევნო ბავშვის მონათვლასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა ორჯერ იქნა მოწონებული საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ 2007 წლის 21 დეკემბრისა და 2008 წლის 27 ივნისის სხდომებზე (1).
დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II უკვე რამოდენიმე ათასი ნათლული ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება უპრეცედენტო დემოგრაფიული ზრდა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი პატრიარქის ინიციატივამ უკვე მოიტანა დიდი შედეგი.
ამასთანავე, მორწმუნე საზოგადოებაში იბადება კანონიკური ხასიათის კითხვა: პატრიარქის ნათლულებს, როგორც სულიერ ძმებსა და დებს, როდესაც მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, შეეძლებათ თუ არა ერთმანეთთან ქორწინება? იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბავშვები ერთი თაობისა არიან, მათმა რიცხვმა უკვე გადააჭარბა ათ ათასს და ეს მხოლოდ დასაწყისია, მომავალში ეს საკითხი მრავალი ოჯახისთვის შეიძლება ძალზე აქტუალური გახდეს.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა, შევისწავლოთ სჯულისკანონი და ზოგადად მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური პრაქტიკა.
სულიერი, ანუ რელიგიური ნათესაობის შესახებ პირველი კანონიკური ნორმა გვხდება ბიზანტიის იმპერატორ წმინდა იუსტინიანეს კანონებში (530 წ.), სადაც მკაცრად იკრძალებოდა ქორწინება ნათლიასა და ნათლულს შორის (ნათესაობის პირველი ხარისხი)(2). მოგვიანებით VI მსოფლიო (ტრულის) კრებამ 53-ე კანონით (692 წ.) განაჩინა, რომ დაუშვებელია ქორწინება ნათლიასა და ნათლულის დაქვრივებულ მშობელს შორის (ნათესაობის მეორე ხარისხი)(3). რამოდენიმე საუკუნის შემდგომ ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ VI ფილოსოფოსმა (886-912 წ.) სახელმწიფო კანონებით აკრძალა ქორწინება მესამე ხარისხის მქონე სულიერ ნათესავებს შორის. (4)
დროთა განმავლობაში VI მსოფლიო კრების 53-ე კანონის იმ ადგილის საფუძველზე, სადაც ნათქვამია, რომ “სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი”, როგორც საეკლესიო, ასევე ბერძნული სამოქალაქო კანონმდებლობითაც დადგინდა სულიერ ნათესაობაში საქორწინო წინაღობები იმ ხარისხამდე, რომლებშიაც აკრძალვა ეხებოდა სისხლისმიერ ნათესაობასაც, სახელდობრ, მე-8 ხარისხის ჩათვლით. (5)
მაგრამ, როგორც აღნიშნავს XIX საუკუნის ცნომილი სერბი კანონისტი ნიკოდიმი მილაში, “რადგანაც ტრულის 53-ე კანონში ან სხვა რომელიმე საყოველთაო საეკლესიო კანონში არ მოიხსენიება სულიერი ნათესაობის მე-2 ხარისხის შემდგომი ხარისხები, რომლებშიც ქორწინება აკრძალული იქნებოდა, ამიტომ ქორწინების აკრძალვის, ან ნებართვის უფლება შემდეგ ხარისხებში მინიჭებული აქვთ ადგილობრივ ეკლესიათა კანონმდებლებსა და რწმუნებულ ეპისკოპოსებს”.(6) ანუ ქორწინება ისეთ მირონნათესავების შორის, რომლებიც არ არიან პირდაპირ ნახსენები ტრულის კრების 53-ე კანონში, ექვემდებარება ეგრეთწოდებულ საეკლესიო იკონომიას ანუ შეწყალებას, განგებას. ეპისკოპოსს, ან მითუმეტეს, ადგილობრივი ეკლესიის წმინდა სინოდს, შეუძლია გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაუშვას ასეთი ქორწინებები.
რაც შეეხება უშუალოდ ერთი ნათლიის მიერ მონათლულ სულიერ ძმებსა და დებს, შეუძლიათ თუ არა მათ ქორწინება, ეს საკითხი გადაწყვეტილია ინდივიდუალურად ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ. მაგალითად:
საბერძნეთის ეკლესიაში ამ თემასტან დაკავშირებით პირველად წერდა XV საუკუნის წმინდა მამა სვიმეონ თესალონიკელი და ადგენდა, რომ ასეთი ტიპის ქორწინებები დაუშვებელია.(7) 1801 წელს წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიერ შედგენილ ბერძნულ სჯულისკანონში – პიდალონონში ასევე იკრძალება ქორწინება ერთი ნათლიის ნათლულებს შორის, მაგრამ საბერძნეთის ეკლესიის თანამედროვე კანონიკური პრაქტიკა უშვებს ასეთ ქორწინებებს. (8)
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის ამკრძალავ კანონიკურ დადგენილებებში არსად არ განიხილავს მსგავს შემთხვევას, შესაბამისად, ნათლულებს შორის ქორწინება იქ აკრძალული არ არის. (9)
რუსეთის ეკლესიაში დღემდე მოქმედებს 1810 წლის 19 იანვრის სინოდის დადგენილება, რომლის მიხედვითაც შეუღლება იკრძალება მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის, ყველა სხვა შემთხვევაში ქორწინება დაშვებულია. (10)
ძველ ქართულ საეკლესიო სამართალში (სამთავისის ეპარქიის კრების კანონები (1459 წ.) და ცაიშ-ბედიის შეკრების კანონები (1470-1474) წ.)) ასევე საუბარია მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის ქორწინების აკრძალვაზე. (11)
უკვე ჩვენს დროში, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება. სტატიაში მოყვანილი ისტორიულ-კანონიკური ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სწორი, საფუძვლიანი და კანონიკურად გამართლებულია.(12)
____________
1. ზაზა ვაშაყმაძე, თანამედროვე ქართული საეკლესიო სამართალი, “საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა”, თბილისი, 2011, გვ. 143, 145.
2. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, I ტომი, გამომცემლობა “ალილო”, თბილისი, 2007, გვ. 501.
3. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, I ტომი, გვ. 500.
4. Floca Ioan N. Arhid. Prof. Dr. Drept Canonic Ortodox, Leilatie si Agministratie bisericeasca, Vol. II, Editura Institutului Biblic si de Misiune al Bisericii Ortodoxe Romane, Bucuresti, 1990, p. 88.
5. ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ, თბილისი, 1995, გვ. 25.
6. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, I ტომი, გვ. 501.
7. ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ, თბილისი, 1995, გვ. 26.
8. პანაიოტის ი. ბუმისი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, კანონიკური სამართალი, გამომცემლობა “მთაწმინდელი”, თბილისი, 2007, გვ. 106.
9. Floca Ioan N. Arhid. Prof. Dr. Drept Canonic Ortodox, Leilatie si Agministratie bisericeasca, Vol. II, p. 86-88.
10. Цыпин Владислав, Протоиерей, Курс Церковного Права, Изд. “Христианская жизнь”, г. Клин, 2004, ст.566.
11. ქართული სამართლის ძეგლები, ტომი III, საეკლესიო საკანონდებლო ძეგლები (XI-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, გამომცემლობა „მეცნიერება”, თბილისი, 1970, გვ. 206-207: ჯაფარიძე ანანია მიტროპოლიტი, საქართველოს საეკლესიო კრებები, წიგნი I, საკანონმდებლო კრებები XII-XX სს., გამომცემლობა “მერანი”, თბილისი, 2003, გვ. 268, 272.
12. საკითხის სიმარტივის გამო ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ზეპირად, ერთხმად და ამიტომ არ ჩაიწერა სინოდის ოქმებში. მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ ეს საკითხი ჩვენს საზოგადოებაში ასეთი ფართე პოლემიკის საგანი გახდებოდა.