ვაგრძელებთ საეკლესიო
კალენდართან დაკავშირებული საღვთისმეტყველო, ისტორიული და კანონიკური ხასიათის პუბლიკაციების
გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ ფრანგი მართლმადიდებელი მღვდელმთავრის, ნიუ იორკისა და ნიუ
ჯერსის მთავარეპისკოპოსის (ამე) - პეტრე ლ’იულეს ნარკვევს, რომელშიც განხილულია ნიკეის
პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების პასქალიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები,
ამ საკითხთან დაკავშირებით საეკლესიო კრების წინაშემ მდგარი პრობლემები და საეკლესიო
კრებისა და წმინდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის დამოკიდებულება აღდგომის დღესასწაულის
თარიღის გამოთვლისა და აღნიშვნის წესთან დაკავშირებით.
პუბლიკაცია, სპეციალურად ბლოგისთვის, რუსულიდან თარგმნა,
შენიშვნები და კომენტარები დაურთო არჩილ მეტრეველმა
აქვე შეგახსენებთ,
რომ ჩვენმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა რამდენიმე პუბლიკაცია საეკლესიო კალენდართან დაკავშირებით:
მიმდინარე ნარკვევი
ამოღებულია მისი სადოქტორი ნაშრომის მიხედვით შედგენილი წიგნიდან: „პირველი ოთხი მსოფლიო კრების კანონები“ (რუსული
თარგმანი: Архиепископ Петр (Л'Юилье) Правила первых четырех Вселенских Соборов.
Авториз. пер. с франц.; Под ред. прот. Владислава Цыпина. — М.: Изд.
Сретенского монастыря, 2005. сс. 53-64.)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნიკეის
პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება - პასქალიის საკითხი[1]
[ნიკეის პირველი
მსოფლიო საეკლესიო კრების] დღისწერიგის მიხედვით, კრებას, [სხვა საკითხებთან ერთად],
აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღთან
მიმართებით არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებული ურთულესი პრობლემაც უნდა გადაეწყვიტა
[2]. აღდგომასთან დაკავშირებულმა პირველმა
დავამ ეკლესია ჯერ კიდევ II საუკუნეში შეძრა: ასიის თემები აღდგომას ნისანის 14-ში ზეიმობდნენ, მიუხედავად იმისა, თუ კვირის რომელ
დღეს უწევდა ეს თარიღი, მაშინ, როდესაც დანარჩენი ეკლესიები დღესასწაულს კვირა დღეს
აღნიშნავდნენ [3]. თუმცა კი კონფლიქტი განსაკუთრებით მწვავე ფორმებს იძენდა, ის მაინც
სწრაფად იქნა დარეგულირებული. ეკლესიები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულის ნისანის 14-ში, კვირის დღის განურჩევლად, აღნიშვნის
პრაქტიკას მისდევდნენ, საერთო ჩვეულებას დამორჩილდნენ. შემორჩა მხოლოდ უდრეკთა უმნიშვნელო
რაოდენობა. „მეთოთხმეტიანელებმა“, როგორც მათ უწოდებდნენ, უთანხმოებაში მყოფთა უმნიშვნელო
თემები შექმნეს, რომელთაგანაც კათოლიკე ეკლესიაში მიღება ხდებოდა მირონცხებით, მას
შემდეგ, რაც ისინი საკუთარ ცდომილებას გაემიჯნებოდნენ.
„მეათოთხმეტიანნი:
ესენი ყოველთვის წელიწადის ერთსა და იმავე დღეს აღასრულებენ პასექს, და რომელ დღესაც არ უნდა მოუწიოს მთვარის მეთოთხმეტე
დღემ, გინდ შაბათი იყოს, გინდაც საუფლო დღე, სწორედ მაშინ დღესასწაულობენ მარხვითა
და ღამისთევით“ [4].
„მწვალებლები - ნოვატიანნი, ფოტიანნი და მეთოთხმეტიანელნი - თუ მოიქცევიან და გახდებიან
კათაკმეველები ან მორწმუნეები, არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ არ შეაჩვენებენ ყველა ერესს და უფრო იმას, რომლითაც
თვით არიან შეპყრობილნი. იმ დროიდან მორწმუნედ სახელდებულებმა უნდა დაისწავლონ
სარწმუნოების მრწამსი, ამის შემდეგ ცხებულ
იქნენ წმინდა საცხებლით და ასე ეზიარონ წმინდა საიდუმლოს“ [5].
„მწვალებლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მართლმადიდებელნი, ეკლესია
შეიწყნარებს სხვადასხვა წესით: არიანელნი, მაკედონიანელნი, სავატიანელნი, ნავატიანელნი
(წმინდანელი ანუ მარცხენენი), მეთოთხმეტიანელნი
(ტეტრადიტები), აპოლინარელნი შეიწყნარებიან წერილობითი მოწმობით, ლიველონით (ქარტა სიმტკიცისა). ამ მოწმობაში ანუ
ქარტაში ისინი შეაჩვენებენ თავიანთ შეხედულებებს
და ყოველნაირ მწვალებლობას. შემდეგ მათ სცხებენ
მირონს შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე [მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა,
რადგან ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან] (...)“ [6].
ასიელთა განსაკუთრებული
ჩვეულების გამო წამოჭრილ დავათა მსვლელობისას, ამ უკანასკნელთ „ურიაობაში“ არავინ ადანაშაულებდა,
რამდენადაც მეთოდს, რომლითაც იუდეველები საკუთარი დღესასწაულის - პასექის თარიღს ითვლიდნენ, ეჭვის ქვეშ არავინ
აყენებდა; სწორედ ამ მეთოდს ეყრდნობოდნენ ქრისტიანული დღესასწაულის თარიღის ყოველწლიური
დადგენისას. თუმცა, შეუძლებელი იყო, რომ გამოთვლის იუდაურ მეთოდზე ორიენტირებას ახლო
მომავალში პრობლემები არ გამოეწვია. სიმონ ბარ-კოხბას მეთაურობით ორგანიზებული აჯანყების
ჩახშობის შემდეგ (135 წ.) იუდაიზმმა არსებითად გაწყვიტა კავშირი პალესტინასთან. მიუხედავად
იმისა, რომ ბიბლიაში ნათქვამია, თუ როდის უნდა აღინიშნის პასექი, მასში გაზაფხულის დღეღამტოლობა ნახსენები არ არის, მაგრამ იმის
გათვალისწინებით, რომ მოითხოვებოდა პირველმოწეული ნაყოფის შეწირვა, დღესასწაულის დღეღამტოლობამდე
აღნიშვნა შეუძლებელი იქნებოდა (შდრ: გამოს. 12:1-3; ლევ. 23:9-14; რიცხვ. 27:16)
[7]. თუმცა, კონკრეტული გეოგრაფიული ცენტრის მოშლის შემდეგ ამ კრიტერიუმმა დაკარგა
სიზუსტე და აქედან გამომდინარე წარმოიშვა გაურკვევლობა. II ს. დასასრულსა და III ს. დასაწყისში იუდეველები პასექის თარიღის დასადგენ ახალ სისტემას ქმნიან,
რომელიც გაზაფხულის დღეღამტოლობას საერთოდ არ ითვალისწინებს; როგორც არ უნდა ყოფილიყო,
სამიდან ერთ შემთხვევაში მაინც დღესასწაულის აღნიშვნა დღეღამტოლობამდე უწევდა [8].
ამით ბევრი ქრისტიანი იყო შეშფოთებული: რატომ - კითხულობდნენ ისინი - უნდა ვიზეიმოთ
ვნებისა და აღდგომის ხსენება იმ გამოთვლაზე დაყრდნობით, რომელიც იესო ქრისტეს დროს მოქმედისგან განსხვავდება?
ამას გარდა, იუდეველთა ახალი სისტემით, თუკი მას დღეღამტოლობიდან დღეღამტოლობამდე პერიოდების
თანმიმდევრულობის კუთხით განვიხილავთ, ორი სახის ცდომილება წარმოიშვება: პასექი ან
ერთ წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა, ანუ ერთი გაზაფხულის დღეღამტოლობიდან მეორემდე, ან დღეღამტოლობიდან დღეღამტოლობამდე ის საერთოდ არ აღინიშნებოდა. მთლიანობაში, ქრისტიანები
დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ აღდგომის გაზაფხულის
დღეღამტოლობასთან კავშირს ვნებათა მოხსენიებისათვის,
რომელთა თანმიმდევრობაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია შესაქმისეულ „ექვს დღესთან“
[9].
გარდა ამისა, რაც
უფრო იზრდებოდა განხეთქილება ეკლესიასა და სინაგოგას შორის, ქრისტიანთა უმრავლესობას
აღდგომის თარიღის გამოთვლისას იუდეველებზე
დამოკიდებულება მით უფრო არასანდოდ ეჩვენებოდა. ეს აზრი III საუკუნეში შექმნილი ბევრი
თხზულების საფუძველში დევს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩნდა, როგორც აღმოსავლეთში,
ასევე დასავლეთში [10]. ამგვარად, ალექსანდრიელმა სწავლულმა ანატოლიმ, რომელიც სირიის
ლაოდიკიის ეპისკოპოსი გახდა, აღდგომის თარიღის
დასადგენად ქ. შ-მდე 432 წელს ათენელი ასტრონომის მეტონის მიერ შემუშავებული ცხრამეტწლიანი
ციკლი შემოიღო [11]. ეს ციკლი მოგვიანებით მთელი ქრისტიანული სამყაროს მიერ იქნა მიღებული.
გამოთვლის ამ მეთოდის მიხედვით აღდგომის
თარიღი ყოველთვის გაზაფხულის დღეღამტოლობის შემდგომ პერიოდს უნდა დამთხვეოდა.
IV საუკუნეში იუდეველებმა
შეცვალეს პასექის გამოთვლის საკუთარი სისტემა,
იმგვარად, რომ დღესასწაულის ყველა სავარაუდო თარიღი მარტში უწევდა, რაც მნიშვნელოვნად
აძლიერებდა პასექის გაზაფხულის დღეღამტოლობამდე
აღნიშვნის ალბათობას [12]. თუმცა, მაშინ, როცა ეკლესიათა უმრავლესობამ უკვე დიდი ხნით
ადრე შეწყვიტა იუდეველთა პასქალური გამოთვლების გათვალისწინება, უმცირესობა, საკმაოდ
მრავალრიცხოვანი ანტიოქიის ოლქში, სწორედ ამ
პრაქტიკის დაცვას აგრძელებდა. ასეთი მიდგომის მომხრეები მოციქულებს შემდეგ გამონათქვამს
მიაწერდნენ: „თქვენ ნუ გამოთვლით, მაგრამ როცა თქვენი წინდაცვეთილი ძმები საკუთარ პასექს აღასრულებენ, აღასრულეთ თქვენიც...
და ისინი რომც ცდებოდნენ, თქვენ ნუ იღელვებთ“ [13].
ამ მნიშვნელოვანი
განხეთქილების გვერდით, აღდგომის თარიღის
დადგენასთან დაკავშირებით, არსებობდა ასევე სხვა, უფრო მცირე, განსხვავებები რომსა
და ალექსანდრიას შორის [14]. 314 წელს არლის კრებამ რომის ეპისკოპოსს შესთავაზა, რომ
მთელი ეკლესიისთვის მას მიეთითებინა აღდგომის
დღესასწაულის აღნიშვნის ყოველწლიური თარიღი [15]. იმპერატორი კონსტანტინე შეშფოთებული
იყო არა მხოლოდ ლოგოსის ღმრთეებასთან დაკავშირებული
განხეთქილებით, არამედ იმ განყოფებითაც, რაც აღდგომის
დღესასწაულის აღნიშვნასთან იყო დაკავშირებული. ისტორიკოს სოზომენეს თანახმად, მან ამ
ორი პრობლემის შესასწავლად ალექსანდრიაში საეკლესიო საკითხებში საკუთარი მრჩეველი ოსია
კორდუბიელიც კი მიავლინა [16].
ამგვარად, ეს საკითხი
დასმული იქნა ნიკეაში შეკრებილი მამების წინაშე. კრების ოქმების დედნები არ შემონახულა.
თუკი სხდომათა პროტოკოლი საერთოდ წარმოებდა, მაშინ, ეს ჩანაწერები დაკარგულია. ჩვენამდე
მოღწეული დოკუმენტები, რომლებიც უდავოდ კრების მიერაა შედგენილი, ესაა რწმენის სიმბოლო, 20 კანონი, კრების მონაწილეთა
სია, რაც ეჭვგარეშეა, რომ სრული არაა, და კრების
მიმართვა ალექსანდრიის ეკლესიისთვის [17]. იოანე სქოლასტიკოსის მიერ მისსავე „სინაგოგის“
დანართში ჩართული აღდგომის დღესასწაულთან
დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც ზოგიერთის მიერ კრების „დადგენილებებთანაა“ გაიგივებული
და რომელსაც ანტიოქიის კრების მამები მიუთითებენ, როგორც მიიჩნევენ, ყალბი არ არის;
ის წარმოადგენს გაურკვეველი წარმოშობის რედაქტორის მიერ დამუშავებულ ვარიანტს - ჩვენამდე
დედნის სახით მოღწეულ დოკუმენტებზე დაყრდნობილ კომპილაციას [18]. ამდენად, ის არ შეიცავს
ამ უკანასკნელ დოკუმენტებზე უფრო მნიშვნელოვან ცნობებს. ტექსტი:
„ნიკეის წმინდა
კრება წმინდა აღდგომის შესახებ: ამგვარად
იქნა აღსრულებული წმინდა კრებაზე ყველა შეკრებილის მიერ გადაწყვეტილი, კეთილკრძალული
და დიდებული იმპერატორის კონსტანტინეს დროს, რომელმაც არა მხოლოდ შეკრიბა ყველა ხსენებული
ეპისკოპოსი ჩვენს ხალხში მშვიდობის დასამყარებლად, არამედ მათ კრებას თავადაც ესწრებოდა,
მათთან ერთად იკვლევდა თუ რა იქნებოდა კათოლიკე ეკლესიისთვის სასარგებლო. ამგვარად,
აღდგომის დღესასწაულის მთელი მიწიერი ეკლესიის
მიერ შეთანხმებულად (συμφώνως) აღნიშვნის აუცილებლობასთან დაკავშირებული
საქმის განხილვისას აღმოჩენილ იქნა, რომ სამყაროს სამი ნაწილი რომთან და ალექსანდრიასთან
შეთანხმებულად იქცევა და მხოლოდ აღმოსავლეთის ერთი ოლქი მოწინააღმდეგობს. ყოველმხრივი
გამოკვლევისა და განხილვის შემდეგ გადაწყვეტილ იქნა, რომ დაე ძმები აღმოსავლეთში იქცეოდნენ
ისე, როგორც რომაელები, ალექსანდრიელები და ყველა დანარჩენი, დაე ყველა ერთხმად, ერთსა
და იმავე დღეს აღვუვლენდეთ ლოცვებს აღდგომის
წმინდა დღეს. და ხელი მოაწერეს აღმოსავლელებმა, რომლებიც [ადრე] სხვებს არ ეთანხმებოდნენ“
[19].
არსებობდა კი რეალურად
„დადგენილება“ წერილობითი დოკუმენტის ფორმით, რომლის ტექსტიც დაკარგულია? ამ კითხვაზე
კატეგორიული პასუხის გაცემა ძნელია. თუკი ასეთი დადგენილება რეალურად არსებობდა, ძნელი
წარმოსადგენია, როგორ შეიძლებოდა დაკარგულიყო ასეთი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი,
მაშინ, როცა კრების 20 კანონი ჩვენს დრომდე იქნა შემონახული. თუმცა, ანტიოქიის კრება
იხსენიებს „ნიკეაში შემდგარი წმინდა და დიდი კრების განსაზვრებებს... გამომხსნელი აღდგომის წმინდა დღესასწაულის შესახებ“
(τον ορον της αγιας και μεγαλης συνοδον τες εν Νικαια
συγκροτεθεισες... περι της αγιας εορτης του σωτεριωδους Πασχα) [20]. გარდა
ამისა, წმინდა ათანასე თავის De synodis- ში მიუთითებს სხვა წაყაროებით უცნომ
ტექსტს, რომელიც იწყება სიტყვებით: „Εδοξε
τα υποτεταγμενα“ [21]. იმის გათვალისწინებით თუ რა წყაროებიდან
არიან ამოღებული და მათი სიძველის გამოც ეს მოწმობები მიღებულ უნდა იქნას. ანტიოქიის
კრება, რომელმაც აღდგომის შესახებ გამოსცა კანონი
„ყველა, ვინც გაბედავს [და დაარღვევს] წმინდა და დიდი
ნიკეაში შეკრებილი კრების განსაზღვრებას (რომელიც შედგა კეთილმსახური და ღმრთისმოყვარე
მეფის კონსტანტინეს იქ ყოფნის დროს, საცხოვნებელი აღდგომის წმინდა დღესასწაულის გამო),
უზიარებელი და განდევნილი უნდა იყოს ეკლესიიდან, თუ განაგრძობს კეთილად განსაზღვრულ
საქმეთა წინააღმდეგობის გაწევას. ერისკაცების შესახებ ეს უკვე ნათქვამია.
თუ ეკლესიის ზედამდგომელი ეპისკოპოსი, ხუცესი ან დიაკონი
ამ განსაზღვრების შემდეგ ერის გზის გასამრუდებლად და ეკლესიის შესაშფოთებლად გაბედავს
განცალკევებით და ურიებთან (იუდეველებთან) ერთად აღდგომის აღსრულებას, მას წმინდა კრება
ამიერიდან ეკლესიისათვის უცხოდ ჩათვლის, როგორც არა მარტო თავისი ცოდვის, არამედ მრავალთა
გახრწნის და გზის გამრუდების საბაბს. და არა მხოლოდ მათნაირებს განკვეთს მღვდელმსახურებისაგან,
არამედ იმათაც, ვინც გაბედავს მათთან ურთიერთობას მათი განკვეთის შემდგომ. განკვეთილები
კარგავენ გარეგან პატივსაც, რომელიც წმინდა კანონმა და ღმრთის საკურთხეველმა მიანიჭა
მათ“ [22].
არ უნდა აგვერიოს
synodus
in encaeniis-ში
[„განახლების“ კრებაში], რომელიც ამავე ქალაქში 341 წელს შედგა; ხსენებულ კრებას ადგილი
ჰქონდა თორმეტი წლით ადრე, ასე რომ ქრონოლოგიურად ის საკმაოდ ახლოსაა ნიკეის კრებასთან
[23]. თუმცა, ტერმინი oroς
შეიძლება ატარებდეს „გადაწყვეტილების“, „მიღებული ზომების“ მნიშვნელობას და სულაც არ
არის აუცილებელი, რომ წერილობით დადგენილებას ნიშნავდეს. რაც შეეხება De
synodis-
ში მოცემულ მითითებებს, რომელიც 359 წელსაა დაწერილი, ის საკმაოდ „დახშულია“ იმისთვის,
რომ მის მიხედვით შესაძლებელი იყოს იმის დასკვნა, რომ ის ნამდვილად ნაგულისხმევ განსაზღვრებას
ეხება. წმ. ეპიფანეს „პანარიონის“ ერთ ადგილას დადგენილია განსხვავება ნიკეის კრების
მამათა მიერ მიღებულ სხვადასხვა გადაწყვეტილებათა შორის:
„კრების მსვლელობისას
მათ გამოსცეს რიგი საეკლესიო კანონები; გარდა ამისა, მათ დაადგინეს (ωρισαν) აღდგომის შესახებ ერთიანობა და თანხმობა, წმინდა
და ყოვლადსათნო ღვთის დღესთან დაკავშირებით“ [24].
როგორც ჩანს, მელეტიანური
განხეთქილების საქმის მსგავსად, აღდგომის
საერთო თარიღის განსაზღვრის შესახებ დადგენილება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გამოცემული
არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მტკიცებულების მიხედვით, შესაძლებელია დადგინდეს
თუ ზუსტად რა იქნა განსაზღვრული ამ საკითხთან დაკავშირებით. ალექსანდრიის ეკლესიისთვის
გაგზავნილი კრების ეპისტოლეში ნათქვამია:
„მთელი აღმოსავლეთის
ძმები, რომლებიც პირველად არ ეთანხმებოდნენ არც რომაელებს და არც ჩვენ, და ყველას დასაბამიდან
[მარხვის] დამცველებს, ამიერიდან პასექს თქვენთან ერთად იდღესასწაულებენ“ [25].
იმპერატორ კონსტანტინეს
საოლქო ეპისტოლე ეკლესიათა მიმართ ნიკეის კრების შესახებ, რა თქმა უნდა, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხსაც
ეხება; მასში მოიხსენიება მიღებული გადაწყვეტილებაც:
„(...) აქ უწმინდესი პასექის დღის შესახებაც იყო გამოკვლევა.
საერთო აზრმა გადაწყვიტა, რომ კარგი იქნებოდა, ყველგან ყველას ერთ დღეს აღესრულებინა.
რადგან ჩვენთვის რა არის მშვენიერი, რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, თუ არა ის,
რომ ეს დღესასწაული, რომლისგანაც მივიღეთ უკვდავების სასოება, ერთი წესითა და ნათელი
აზრით ყველასთან უშეცდომოდ იყოს დაცული? და პირველ რიგში უღირსად მიიჩნიეს, რომ ეს
უწმინდესი დღესასწაული იუდაური ჩვეულების მიდევნებით აღსრულებულიყო, რომლებმაც თავიანთი
ხელები ურჯულო, უწესო საქციელებით გაისვარეს, ამ უწმინდურებმა თავიანთი სულები ნებაყოფლობით
დააბრმავეს. ნებადართულია, რომ მათი ჩვეულებები ამოიძირკვოს, და დადგინდეს უფრო ჭეშმარიტი
წესით და მომავალი საუკუნეებისათვისაც მისი მიდევნებით აღსრულება, რასაც [უფლის] ვნების
დღეების ჟამიდან ახლანდელ დრომდე ვიცავთ. აწ არაფერი არ გვქონდეს საერთო იუდეველთა
ყველაზე მტრულ ერთან. რამეთუ მხსნელისაგან სხვა გზა გვაქვს მიღებული. წინ უდევს ჩვენს
უსამღვდელოეს მსახურებას შესაფერისი სარბიელიცა და რჯულიც. ყველაზე პატივცემულო ძმანო,
ამის ერთსულოვნად მიმღებებმა საკუთარი თავი განვაშოროთ ამ სამარცხვინო სინდისისაგან.
რადგან ნამდვილად ყველაზე უფრო უჯერო არის, რომ ისინი იქადოდნენ, თითქოს მათი მოძღვრების
გარეშე ამის დაცვა არ ძალგვიძს. რისი მართებულად ფიქრი შეუძლიათ უფლის ამ მკვლელობის
შემდეგ გონებაცთომილთ, რომლებიც წარიმართებიან არათუ რაიმე აზრით, არამედ დაუცხრომელი
აღძვრით, სადაც კი მიაქანებს მათ მათში ჩანერგილი სიშლეგე? ამიტომ, ნაწილობრივადაც
ვერ ხედავენ ჭეშმარიტებას, ისე რომ მუდამ დიდწილად შემცდარი არიან ისინი, სათანადო
გამოსწორების ნაცვლად ერთსა და იმავე წელს მრავალგზის ზეიმობენ პასექს. ასე რომ, რატომ
უნდა მივსდიოთ მათ, რომლებიც აღიარებულია, რომ საშინელი საცთურით არიან დასნეულებული?
რადგან ერთ წელიწადში მეორე პასექის აღსრულების ნებას ვერასოდეს დავრთავთ. მაგრამ თუ
ეს არ ხდება, თქვენი გონებამახვილობა განუწყვეტელი მოშურნეობითა და ლოცვით ფრთხილად
უნდა იყოს, რომ თქვენი სულის სიწმინდე არასოდეს არანაირი მსგავსებით არ ეზიაროს ყოვლად
ბოროტი ადამიანებისას.
ამას გარდა იმისათვის
არის ეს ერთობლივი განხილვაც, რომ უკანონო არის ესოდენ დიდ საკითხში და ასეთი მსახურების
დღესასწაულში უთანხმოების არსებობა. რამეთუ ჩვენმა მხსნელმა გადმოგვცა ჩვენი თავისუფლების
ერთი დღე, რაც არის მისი უწმინდესი ვნებების [დღე]. განზრახულია, რომ იყოს მისი ერთი
კათოლიკე ეკლესია, და თუმცა მისი ცალკეული ნაწილები მრავალ და სხვადასხვა ადგილებზე
არის დანაწილებული, მაინც ერთი სულით, ესე იგი საღვთო ნებით, ხურდება. გაიაზროს თქვენმა
უწმინდესმა მახვილგონიერებამ, როგორი საშინელი და შეუფერებელი არის, რომ ამ დღეებში
სხვები მარხვებს მისდევდნენ, სხვები ნადიმებს აღასრულებდნენ ერთად, და პასექის დღეების
შემდეგ სხვები დესასწაულებსა და დასვენებებზე აღმოჩნდნენ, ხოლო სხვები განჩინებულ მარხვებს
უძღვნიდნენ თავს. ამიტომ [ამის] სათანადოდ გამოსწორება და ერთ წესზე მოყვანა ინება
საღვთო წინაგანგებამ, როგორც მე ვფიქრობ, და ყველაფერს ერთად განიხილავთ. ვინაიდან
ამ საქმეს ამგვარი გამოსწორება შეშვენის, რათა ამ მამისა და უფლის მკვლელებთან საერთო
არაფერი გვქონდეს. კეთილმშვენიერი წესი არის დაცული მსოფლიოს დასავლეთის, სამხრეთისა
და ჩრდილოეთის მხარეების ეკლესიებისა და აღმოსავლეთის ადგილებიდან ზოგიერთების მიერ,
რომელთა გამო დღემდე მისი კეთილად პყრობა ყველას ესათნოვა, და თავად მეც მხარი დავუჭირე,
რომ თქვენი მახვილგონიერება მოიწონებდა; რადგან იმას, რასაც რომაელთა ქალაქი, იტალია
და მთელი აფრიკა, ეგვიპტე ესპანეთი, გალია, ბრიტანეთი, ლიბია, მთელი საბერძნეთი, ასიისა
და პონტოს მოსახლეობა, და კილიკია ერთმანეთთან თანხმობითა და ერთი ზრახვით იცავს, თქვენი
შეგნებაც სიხარულით მიიღებს არა მხოლოდ ეკლესიათა ზემოთ ჩამოთვლილ ადგილთა სიმრავლეზე
ფიქრით, არამედ იმაზეც, რომ ეს არის ყველას საერთო უწმინდესი ზრახვა, რასაც, ჩანს,
მოითხოვს ზუსტი აზრი, და რასაც არავითარი ზიარება არ გააჩნია იუდეველთა ცრუ ფიცთან.
შეჯამებულად რომ მოვუყარო თავი, ვიტყვი რომ ყველამ ერთობლივად
განსაჯა, პასექის უწმინდესი დღესასწაული აღსრულდეს ერთსა და იმავე დღეს. რადგან არ
შეშვენის, რომ ასეთ სიწმინდესთან დაკავშირებით იყოს უთანხმოება, და რომ კარგია ამ აზრის
მიდევნება, რომელშიც უცხო საცთურთან და ცოდვასთან არავითარი აღრევა არ არის როდესაც
ამგვარად არის მოწესრიგებული ეს საკითხები, სიხარულით მიიღეთ ციური მადლი და ჭეშმარიტად
საღვთო მცნება. რადგან ყველაფერი, რაც აღსრულდება ეპისკოპოსთა წმინდა შეკრებაზე, ეს
საღვთო ნებასთან მიმართებაში იმყოფება. ამიტომ, როცა ყველა საყვარელ ძმას წარმოუჩენთ
ზემოთ დაწერილს, მოვალე ხართ, ზემოთ ნათქვამი სიტყვა და უწმინდესი დღის დალოცვა მიიღოთ
და დააწესოთ, რათა შემდეგ ამისრულდეს თქვენი კეთილგანწყობის ხილვის ჩემი დიდი ხნის
წადილი, და შესაძლებელი იყოს ერთსა და იმავე დღეს თქვენთან ერთად წმინდა დღესასწაულის
აღსრულება; და ყოველივე თქვენთან ერთად მეც სათნო მიჩნდეს, როდესაც ვიხილავ, თუ როგორ
გაანადგურა საღვთო ძალამ ჩვენი საქმეების მეშვეობით ეშმაკის სისასტიკე; როდესაც ყველგან
იქნება აღზევებული ჩვენი სარწმუნოება, მშვიდობა და ერთსულოვნება. ღმერთმა დაგიცვათ,
საყვარელო ძმებო“ [26].
თუმცა, წმინდა ათანასემ
კილიკია მოიხსენა, როგორც ერთი იმ პროვინციათაგანი, სადაც აღდგომის იუდაური გამოთვლების მიხედვით აღნიშვნის ტრადიცია არსებობდა
[27]. რეალურად, აქ თანაარსებობდა ორივე ტრადიცია, ისევე როგორც სხვა ბევრ ადგილას,
რასაც მოწმობს სოკრატე [28]. ანტიოქიის კრების პირველ კანონში მოიხსენიება ნიკეის კრების
განსაზღვრების შესახებ, თუმცა მისი შინაარსი მითითებული არ არის; ის ასევე ითვალისწინებს
სერიოზულ ზომებს - საეროთა ეკლესიიდან განკვეთა და ღვთისმსახურთა დასიდან განკვეთა
- „იუდეველებთან ერთად“ აღდგომის დღესასწაულის
აღნიშვნის ამკრძალავი დადგენილების დამრღვევთათვის.
IV საუკუნის მეორე
ნახევარში შედგენილი „მოციქულთა დადგენილებები“ თვალსაჩინოს ხდიან თუ როგორ გადამუშავდა
„დიდასკალიის“ ტექსტი და ნიკეის კრების განსაზღვრებასთან თანხმობაში იქნა მოყვანილი.
მასში ნათქვამია შემდეგი:
„ამგვარად, თქვენ, ქრისტეს მიერ სისხლით
გამოსყიდულო ძმებო, პასექის (აღდგომის) დღეები ზედმიწევნითი სიზუსტითა და სიფრთხილით დღეღამტოლობის შემდეგ უნდა იზეიმოთ,
რათა ერთი ვნების ხსენება წელიწადში ორჯერ არ აღსრულდეს, არამედ, რათა ერჯერ მომკვდარს
წელიწადში ერთჯერ მოვიხსენიებდეთ, რათა ამიერიდან
აღარ ვხედავდეთ იუდეველებთან ერთად დღესასწაულის აღნიშვნას, რადგან ჩვენ მათთან
უკვე არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, იმიტომ, რომ ისინი დროის გამოთვლაშიც კი ცდებიან
და მცდარის მართებულად მიჩნევის გამო ყველა მიმართულებით შემცდარნი ჭეშმარიტებისგანაც
განდგებიან.
თქვენ კი ყურადღებით დააკვირდით გაზაფხულის
დროის დღეღამტოლობის დაბრუნებას, რომელიც მეთორმეტე თვის, დისტროსის [მარტის], ოცდამეორე
დღეს სრულდება, მთვარის ოცდამეერთე დღემდე გათვლით, რათა მთვარის მეთოთხმეტე დღე რომელიმე
სხვა შვიდეულს არ დაემთხვეს და უცოდინრობით შემცდრებმა წელიწადში ორჯერ არ აღვასრულოთ
პასექი (აღდგომის დღესასწაული) ან ჩვენი უფალი იესოს აღდგომის დღე არ ვიდღესასწაულოთ
რომელიმე სხვა, თუ არა საუფლო დღეს (კვირა დღეს)“[29].
„მოციქულთა დადგენილებების“
ბოლოში არსებული წმ. მოციქულთა კანონები მომდინარეობს იმავე გარემოდან - ჩრდილოეთ სირიიდან.
მე-7 კანონში ნათქვამია: „თუ
ეპისკოპოსი, ხუცესი ან დიაკონი აღდგომის წმინდა დღეს იდღესასწაულებს გაზაფხულის ბუნიობის
წინ, ურიებთან (იუდეველებთან) ერთად, განიკვეთოს“ [30]. წმ. ეპიფანე უარყოფს რა ავდიელთა
სექტის პოზიციას აღდგომის დღესასწაულის
აღნიშვნასთან დაკავშირებით, ისხენიებს სამ პრინციპს, რომელთა მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ
მართლმადიდებლებმა დღესასწაულის თარიღის დადგენისას: სავსემთვარობა, დღეღამტოლობა,
კვირა დღე [31].
ამგვარად I
მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების ძირითადი დებულებები აღდგომის შესახებ შეიძლება ამგვარი სახით იქნას აღდგენილი: 1. ეს დღესასწაული
აღნიშნული უნდა იქნას მთელი ეკლესიის მიერ ერთსა და იმავე კვირა დღეს; 2. საჭიროა გამოვიდეთ
გაზაფხულის დღეღამტოლობის შემდგომი სავსემთვარობიდან; 3. ამის შესაბამისად აღმოსავლეთის
იმ ეკლესიებმა, რომლებიც ემყარებოდნენ პასექის
გამოთვლის იმდროინდელ იუდაურ მეთოდს, უარი უნდა თქვან ამ ტრადიციაზე. სხვამხრივ, კრება
აღდგომის თარიღის დადგენის წვრილმანებში
არ შედიოდა და ამდენად, ცხრამეტწლიანი ციკლის გამოყენებასაც არ მოითხოვდა დაჟინებით.
როგორც, სრულიად სამართლიანად, შენიშნავს პროფესორი დ. პ. ოგიცკი, „პასქალური გამოთვლების
დეტალური და ამომწურავი რეგლამენტაცია (იულიუსის კალენდრის უზუსტობით გამოწვეული პრობლემის
გადაწყვეტა) კრების კომპეტენციაში არ შედიოდა“ [32].
ამის მიუხედავად, თანდათანობით მყარდებოდა მოსაზრება,
რომ ალექსანდრიული ცხრამეტწლიანი ციკლი ნიკეის კრების მამათა მიერ არის მიღებული. როგორც
ჩანს, ასეთი აზრი უკვე წმ. ამბროსის ჰქონდა [33]. ეს შეხედულება საბოლოოდ VI საუკუნის
დასაწყისიდან გამყარდა. დიონისე მცირე უაპელაციოდ ამტკიცებდა, რომ ხსენებული ციკლი
დადგენილი იყო ნიკეის კრების მამათა მიერ non tam peritia saeculari quam Sancti
Spiritus illustratione [არა იმდენად ადამიანური გონით, რამდენადაც სულიწმიდის შთაგონებით]
[34]. VII საუკუნეში Chronicon Paschale-ს ავტორი ამტკიცებდა, რომ ეს ციკლი, რომელსაც
ის „გასაოცარსა და დაუვიწყარს“ უწოდებს I მსოფლიო კრებაზე ყოფილა მიღებული სულიწმიდის
შთაგონებით (Θεοπνεύστως)
[35]. დიონისეს გავლენამ
დასავლეთი იქამდე მიიყვანა, რომ ცხრამეტწლიანი ციკლი იქ ყველგან გახდა გამოყენებადი.
კარლ დიდის მმართველობისას ის მთელი ლათინური ქრისტიანული სამყაროს მიერ იქნა მიღებული.
მას შემდეგ, აღდგომის დღესასწაულის ვადებთან
დაკავშირებით ლათინურ დასავლეთსა და ბიზანტიურ აღმოსავლეთს შორის სრული თანხმობა სუფევდა.
ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდა 1582 წლამდე, როდესაც რომის კათოლიკურ ეკლესიაში გრიგორიანული
კალენდარი იქნა შემოღებული.
„იუდეველებთან ერთად“ (μετα των Ιουδαιων) აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის აკრძალვა,
„თუ ეპისკოპოსი, ხუცესი ან დიაკონი აღდგომის წმინდა
დღეს იდღესასწაულებს გაზაფხულის ბუნიობის წინ, ურიებთან (იუდეველებთან) ერთად, განიკვეთოს“ [36].
ძველ კანონიკურ ტექსტებში იმას გულისხმობდა, რომ არ
შეიძლებოდა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა
იუდაური გამოთვლების მიხედვით, თუმცაღა, იმ შეხედულების საპირისპიროდ, რომელიც უკვე
მოგვიანებით იქნა ჩამოყალიბებული, ეს სრულიადაც არ გამორიცხავდა თარიღთა შემთხვევით
დამთხვევას. ეს, მთელი სიცხადით, გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ IV საუკუნის განმავლობაში
იუდაური პასექი და ქრისტიანული აღდგომა არაერთხელ დაემთხვა [37]. წმ. ათანასე,
მოიხსენიებს რა მათ, ვინც აღდგომის თარიღის
განსაზღვრისას იუდაურ გამოთვლებს მისდევენ და რომელთაც ამის კვალდაკვალ „პროტოპასქიტებს“
უწოდებენ, არ ამბობს, რომ ისინი დღესასწაულს იუდეველებთან ერთად ერთსა და იმავე დღეს
აღნიშნავდნენ, არამედ ერთსა და იმავე ვადებში [38]. შუა საუკუნეებში, როდესაც იუდაურ
პასექსა და ქრისტიანულ აღდგომას შორის დამთხვევა შეუძლებელი გახდა
იულიუსის კალენდრის ჩამორჩენის გამო, გავრცელდა აზრი, რომ ასეთი დამთხვევა საეკლესიო
ხელისუფლების მიერ იქნა აკრძალული; ეს აზრი ეფუძნება გამოთქმის μετα των Ιουδαιων (იუდეველებთან ერთად) ბუკვალურ, მაგრამ მცდარ გაგებას.
ამგვარად, ზონარა მოციქულთა მე-7 კანონის კომენტირებისას იუდეველთა შესახებ ამბობს:
„საჭიროა, რომ პირველად იყოს მათი არასაზეიმო დღესასწაული (ανεορτον εορτην),
და უკვე მას მოჰყვეს ჩვენი აღდგომა“
[39]. მათე ბლასტარი, აჯამებს რა იმ ცოდნასა და მოსაზრებებს, რაც მის დროს აღდგომის
საკითხის შესახებ არსებობდა, ნორმათა შორის, რომელთა დაცვაც აუცილებელი იყო აღდგომის
თარიღის დასადგენად, მიუთითებს მის იუდაურ პასექთან
არდამთხვევას [40].
ნიკეის კრების გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაც
პროტოპასქიტები ვალდებულნი იყვნენ უარი ეთქვათ საკუთარ ტრადიციაზე, შესრულებისას სერიოზულ
წინააღმდეგობებს წააწყდა. ამის გაცილებით უფრო ძველ მოწმობას ანტიოქიის კრების პირველი
კანონი წარმოადგენს. თეოდორიტე კვირელი ერთი განდეგილის, სახელად აბრაამის შესახებ
წერს:
„თავისი უბრალოებით ის თავიდან აღდგომას ვადაზე ადრე
აღნიშნავდა, როგორც ჩანს არ იცოდა თუ რა დაადგინეს მამებმა ნიკეაში და ძველი წესის
დაცვას ცდილობდა. სიმართლე რომ ითქვას იმ დროს ბევრი სხვაც იყო მსგავს უმეცრებაში“
[41].
თუმცა, ზოგიერთისთვის ეს ნიკეის გადაწყვეტილების ცნობიერი
მიუღებლობა იყო; ასე იდგა საკითხი ავდიელებთანაც. ისინი იქამდეც კი მიდიოდნენ, რომ
ოფიციალურ ეკლესიას ბრალს სდებდნენ პასქალური გამოთვლების იმპერატორ კონსტანტინეს სასარგებლოდ
შეცვლაში, რაც, უნდა ითქვას, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო [42]. თუმცა, აღდგომის დროის იუდაური გამოთვლები ქრისტიანული
თემისთვის მომხიბლავი იყო, განსაკუთრებით აღმოსავლეთ დიოცეზში, მაშინ, როდესაც ალექსანდრიული
პასქალიით აღდგომა გვიან უწევდა, ანუ დღეღამტოლობიდან
ერთი თვით გვიან. წარმოიშვებოდა გაუგებრობა. ასე იდგა საკითხი 387 წელს, როდესაც ქრისტიანული
აღდგომა 25 აპრილს მოუწია, მაშინ, როდესაც
იუდაური პასექის დღესასწაული 20 მარტს აღინიშნებოდა.
წმ. იოანე ოქროპირმა, რომელიც იმ დროს ანტიოქიაში ხუცესი იყო, წარმოთქვა ქადაგება Εις τους τα προτα νηστευοντας (წინდაწინ მემარხულეთა შესახებ), სადაც ის საუბრობდა
ნიკეის კრების განსაზღვრებაზე და სუფთა დისციპლინარული თვალსაზრისით მიუთითებდა: „მაშინაც
კი თუ ეკლესია ცდება, დროითი სიზუსტის დაცვა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც
განყოფისა და განხეთქილების დანაშაული“ [43]. იმ წელს გვიანი აღდგომის შესახებ წარმოთქმული
იქნა კიდევ ერთი საინტერესო ქადაგება. ავტორი, აღმოსავლეთის ეკლესიის უცნობი წარმომადგენელი,
ცდილობს დაასაბუთოს აღდგომის დღესასწაულის
აღნიშვნის დროის გამოთვლისას დღეღამტოლობის დროის გათვალისწინების სამართლიანობა. ის
შემდეგნაირად აჯამებს კანონებს, რომელთა დაცვა საჭიროა აღდგომის თარიღის დადგენისას:
„არსობრივად მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, რომ მთვარის
14 დღე გაზაფხულის დღეღამტოლობას არ უსწრებდეს, რომ აღდგომის დღედ დადგენილი კვირა დღე დამოუკიდებელი იყოს 14 რიცხვისგან,
რადგან ეს 14 საკმაოდ ართულებს საქმეს მათთვის ვისაც გამოთვლა არ შეუძლია. საჭიროა,
რომ 14 უწევდეს იმ კვირად [შვიდ დღეს], რომელიც წინ უსწრებს იმ დღეს, რომელიც უნდა
იყოს აღდგომის დღე. თუკი ის შვიდიდან ერთ-ერთ
დღეს ემთხვევა, გადაწყვეტილება ძალიან მარტივია; წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ ის
კვირადღეს უწევს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ზოგჯერ უშვებენ
შეცდომას, მიიჩნევენ რა, რომ ეს არ არის მთვარის მე-14 დღე, არამედ მე-15. სწორედ ასე
ხდება ახლაც“ [44].
ეს ტექსტი გვაჩვენებს, თუ როგორ ესმოდათ და როგორ იყენებდნენ
ნიკეის კრების დადგენილებას აღმოსავლეთში მართლმადიდებლები.
დროთა განმავლობაში პროტოპასქიტების პრაქტიკამ ძალა
დაკარგა. ყველაფერთან ერთად ამას ხელი სამოქალაქო კანონმდებლობამაც შეუწყო: 413 წლის
21 მარტის კანონის თანახმად, ყველა ვინც აღდგომას იდღესასწაულებდა კათოლიკე ეკლესიისაგან
განსხვავებულ დროს, გადასახლებას ექვემდებარებოდა. ეს ნორმა 423 წლის 8 ივნისის სხვა კანონითაც დამტკიცდა
[45].
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნები
1.
სათაური შერჩეული ჩვენს მიერ (ა.მ.). ნათარგმნი ტექსტი ამოღებულია ნაშრომის პირველი თავის - Первый Вселенский Собор, პირველი ქვეთავიდან - Предварительные замечания. Ход заседаний
Никейского Собора და ცაკლე სათაური არ აქვს.
2.
Athanasius Alexandrinus. Epistula ad Afros episcopos, 2,
RG 26. 1032C.
3.
Eusebius Caesariensis. Historia ecclesiastica V,
XXIII-XXV// SC, 41, P. 66-72. Смч по этому вопросу: Strobel A. Ursprung und
Geschichte des frühchridtlichrn Osterkalendars // TU, 121. Berlin,
1977. S.
17-69. По словам Иеремиаса, «в праздновании Пасхи квартодециманами сохранилась
практика празднования Пасхи в первохристианской общине» (Jeremias J. La dernière cène. Les paroles de Jésus. Paris, 1972. P. 139).
4.
წმ. იოანე დამასკელი. მწვალებლობათა შესახებ (მოკლედ). /
სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. ტ. IV. გამომც: „ხელოვნება“. თბ. 1992 წ. გვ. 127.
5.
ლაოდიკიის ადგილობრივი საეკლესიო კრების მე-7 კანონი.
6.
კონსტანტინეპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრების მე-7 კანონი.
7.
После Исхода месяц авивь то есть месяц колосьев, стал
называться нисан. См.:
Haag H. Art. «Pâque» // Dictionnarie
de la Bible. Paris, 1960. T. 6. Col. 1120-2249.
8.
Grumel V. Le problèm de la date pascale au
IIIe et IVe siècles // REB, 17. 1960. P. 165-166.
9.
Эта тема развивалась особенно в одной анонимной проповеди
конца IV в.:
Homelie pascales, III. Une homélie anatolienne sur la
data de Pâques en I’n 387 / Étude, édition et traduction par F. Floëri et P.
Nautin // SC, 47. Paris, 1957.
10.
Grumel V. La chronologie. Paris, 1958. P.
6-18; Strobel A. Op. cit. S. 122-137.
11.
Eusebius Caesariensis. Historia ecclesiastica VII, XXII, 13-19 // SC, 41. P.
225-227. См.:
Art.
«Meton» // Pauly-Wissowa XV, 2. Col.
1458-1466.
12.
Grumel V. Art. cit. P.
174-176.
13.
Epiphanius Constantiensis. Panarium LXX, PG 42, 356C, 357B.
Относительно
взаимноотношения
этого текста и текста «Дидаскалии» см.: Didascalia et Constitutiones
Apostolarum / Ed. F. X. Funk. Paderborn, 1905. Testimonia Veterum. P. 7. См.: также: Strobel A. Op. cit. S. 347-352. Аналогичной позиции придерживалсия некий
Трицентийь современник Петра Александрийского (301-311): Chronikon Paschale, PG 92, 73-76.
14.
Grumel V. Art. cit. P.
168.
15.
Primo in loco de
observatione Paschae dominicae: ut uno die, et uno tempore per omnem orbem a
nobis bservaretur, ut juxta consuetudinem litteras ad omnes tu dirigas
[Во-первых, о соблюдении Пасхи Господней: чтобы соблюдалась нами в один день и
в одно время по всей земле, чтобы ты направлял всем письма согласно с обычаем]
(Прав. 1 // SC, 241. P.
46). Похоже, что отцы Арльского Собора не отдавали себе в полной мере отчет в
сложности этой проблемы, которую вполне сознавали на Востоке.
16.
Sozomenus. Historia ecclesiastica I, 16, PG
67, 912A.
17.
Либерий
(Воронов), прот. Цит. соч. См. также: Ortiz de Urbina J. Op. cit. P. 295-297.
18.
Schmid J. Die Osterfestgabe auf dem ersten
allgemeinen Konzil von Nicäa. Wien, 1905. S. 66.
19.
Synagoga.
P. 156.
20.
Прав. 1 // Бенешевич-1906. C. 252.
21.
Athanasius Alexandrinus. De synodis, 5, PG 26, 688C.
22.
ანტიოქიის ადგილობრივი საეკლესიო კრების 1 კანონი.
23.
См. по этому поводу:
Schwartz Ed. Zur
Geschichte des Athanasius // Gesammelte Schriften. Berlin, 1959. Bd. 3. S.
216-226.
24.
Epiphanius Constantinesis. Panarium LXIX, PG 42, 220A.
25.
Theodoretus Cyrrehensis. Historia ecclesiastica I, 9 //
GCS, 19. P. 41.
26.
თეოდორიტე კვირელი. საეკლესიო ისტორია. გამომც: „„ახალი ივირონი“. თბ. 2008. გვ: 42-45.
27.
Athanasius Alexandrinus. De synodis, 5 PG 26, 688BC.
28.
Socrates. Historia ecclesiastica I, 18, PG
67, 60D.
29.
Постановления
Апостольские. К. V, П. 17.
Свято-Троицкая. Сергиева лавра. 2008 г. ст. 126.
30.
Бенешевич-1906.
C. 63.
31.
Epiphanius Constantinesis. Panarium LXX, PG 42, 360A.
32.
Канонические нормы православной пасхалии и проблемы
датировки Пасхи в условиях нашего времени // БТ. 1971. Сб. 7. С. 205.
33.
Ambrosius Mediolanensis. Epistula XXIII, 1, PL 16,
1026-1027.
34.
Dionisisu Exiguus. Liber de Paschate, praef., PL 67,
485A.
35.
См.: PG 92,
85A. См.
связи с этим замечательную работу: Beaucamp J., Bondoux R., Lefort J., Rouan M-Fr., Sorlin J. Le prologue de la Chronique pascale // Travaux et Mémories. Paris, 1979. T. 7. P. 223-301. В
середине IV в. Косьма
Индикоплов писал: «Какой народ, с востока и с запада, с юга и с севера,
уверовав во Христа, не предсказывает различными способами бычисления пасхальные
праздники на долгие годы?» (Topographie chrétienne III, 68 // SC, 141. P. 508-509). Хотелось бы иметь больше данных на этому поводу.
36.
წმ. მოციქულთა მე-7 კანონი.
37.
Огицкий Д. П. Канонические нормы православной пасхалии и
проблемы датировки Пасхи в условиях нашего времени // БТ. 1971. Сб. 7. С. 205-207.
38.
...Τω καιρω εν ω ποιουσιν οι Ιουδαιοι. Он дабавляет, что удалось
прийти к соглашению: Athanasius Alexandrinus. Epistula
ad Afros episcopos, 2, PG 26, 1032CD.
39.
Rhalles-Potles II. P. 10.
40.
Syntagma
alfabetica, littera P, cap. 7 // Rhalles-Potles
VI. P. 420.
41.
Theodoretus Cyrrhensis. Religiosa historia III, 7, PG
82, 1336D.
42.
Epiphanius Constantinesis. Panarium LXX, PG 42, 353BC.
43.
PG
48, 870-871.
44.
Une
homélie anatolienne sur la date de Pâques en I’an 387 / Étude, édition et
traduction par F. Flœri et P. Nautin // SC, 47. Paris, 1957. P. 170-171.
45.
CT
XVI, 6, 6 et 10, 24. P. 883 et 904.