მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი
თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ახალი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად საზოგადოებაში შემოსავლის ახალი ფორმები გაჩნდა: ფულის პროცენტული გასესხება, გირაო, ლომბარდი, საბანკო ბიზნესი და ა.შ. ბუნებრივია, მართლმადიდებელ მრევლში ჩნდება კითხვა, რამდენად გამართლებულია ქრისტიანული ზნეობის მხრივ მსგავს საქმიანობებში მონაწილეობა. ცოდავს თუ არა ადამიანი, რომელიც სალომბარდე ან საბანკო სისტემის თანამშრომელია, ან კერძო სახით ასესხებს პირად ფულს და მოგებული პროცენტებით ირჩენს თავს.
ძველი საეკლესიო ტერმინოლოგიით ქონების პროცენტებით გასესხებას, ზოგადად, მევახშეობას ეძახიან (გამოსვლათა 22: 24). მაგრამ, მევახშეობაზე საუბრისას, უპირველესყოვლისა, აუცილებელია თავად ამ ტერმინის სწორი განსაზღვრა. სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში განასხვავებს ვახშს, რომელიც ვალის სარგებლის უწესო სარგებელს ნიშნავს [4: 259], ვასხისგან, რომელიც წესიერი ვალის სარგებელიაო [4: 257]. იგი, ასევე, განმარტავს, რომ “ვასხი არის, ვინცა ვეცხლი და რაიცა სხვა ივალოს და წესიერი სარგებელი მისცესო” [5: 50]. ხოლო უწესო ვალის სარგებელთან აქვს მოცემული მინიშნება წმინდა წერილზე, კერძოდ, გამოსვლათა წიგნის 22-ე თავის 24-ე მუხლზე, სადაც წერია: “თუ ვინმეს, ჩემ ერისაგანს, ღარიბ-ღატაკს, ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დააწესებ” [1: 77]. აქედან ისეთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, რომ უწესო ვალი გაჭირვებული ადამიანისგან საპროცენტო სარგებლის აღებას ნიშნავს. სხვა შემთხვევაში, თუ ღარიბ-ღატაკ ადამიანთან საქმე არ გვაქვს, როგორც ჩანს, მოვალისგან გარკვეული საპროცენტო სარგებლის აღება სულხან-საბა ორბელიანის დროს დანაშაულად არ მიიჩნეოდა. ვახტანგ VI სამართლის წიგნში მოცემულია განმარტება, რას ნიშნავს სარგებლის სარგებელი, ანუ იგივე ვახში: “სარგებლის სარგებელი არაფერის ვალისა არ გაჩნდების, არც ითხოების, არც მიეცემინების. რა რომ ერთი ორზე გარდასცილდების, სხვა სარგებელი აღარ გაუჩნდების” [6: 513]. აქედან ჩანს, რომ ვახში არა ნებისმიერ საპროცენტო სარგებელს, არამედ უზომოდ დიდს – გასესხებული თანხის 100% აცდენილ დანამატს ნიშნავდა.
აღსანიშნავია, რომ ძველი აღთქმა უკრძალავდა ისრაიტელებს ვახშის აღებას ერთმორწმუნე თანატომელებისგან, მაგრამ უშვებდა ამ საქმეს უცხოელებთან მიმართებით (გამოსვლათა 22. 24; ლევიტელთა 25. 36-37; მეორე სჯულთა 23. 20).
ახალი აღთქმის სწავლებით, მორწმუნე ქრისტიანი ყველა ადამიანთან მიმართებით ერთი და იმავე ზნეობის კანონებით უნდა ხელმძღვანელობდეს. სესხთან დაკავშირებით მაცხოვარი იესო ქრისტე ბრძანებს, “გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ” (ლუკა 6. 35) [1: 1019].
ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ რომის იმპერიაში პროცენტით გასესხება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. უკვე ქრისტიანი იმპერატორები ცდილობდნენ ან საერთოდ აეკრძალათ, ან კანონის გარკვეულ ჩარჩოებში მოექციათ ეს ძველი ჩვეულება. მაგალითად, წმინდა იუსტინიანე დიდი (VI ს.) ერთ-ერთ კანონში განაწესებდა, რომ თუ ვინმე დროულად არ შემოიტანდა გაჭირვებულებისთვის და ეკლესიების მშენებლობისთვის განკუთვნილ ანდერძით დატოვებულ თანხას, ექვსი თვის შემდეგ იმ ადამიანს მთლიან ვალთან ერთად შესაბამისი პროცენტების გადახდაც დაეკისრებოდა. დიდი ბიზანტიელი კანონისტები - წმინდა ფოტი კონსტანტინეპოლის პატრიაქი (VIII ს.) და ბალსამონი ანტიოქიის პატრიარქი (XII ს.) – ეთანხმებოდნენ და ადასტურებდნენ წმინდა იუსტინიანეს ასეთ გადაწყვეტილებას [9: 113]. იმპერატორი ლეონ ბრძენი (X ს.) კანონთა ახალ კოდექსში – ბასილიკაში, ასევე, იძლეოდა ნებართვას სესხში გარკვეული საპროცენტო სარგებლის აღებისთვის [11: 217].
საეკლესიო კანონები სასულიერო პირებს უმკაცრესად უკრძალავს მევახშეობას. მოციქულთა 44-ე, პირველი მსოფლიო კრების მე-17, მეექვსე მსოფლიო კრების მე-10, ლაოდიკიის კრების მე-4, კართაგენის კრების მე-5 და მე-20, ბასილი დიდის მე-14 და გრიგოლ ნოსელის მე-6 კანონები მევახშე სასულიერო პირებს განკვეთას განუწესებენ:
მაგალითად, ნიკეის პირველი მსოფლიო კრება (325 წ.) განაჩენს, “ვინაიდან ბევრმა კლერიკოსმა ანგარება და მომხვეჭელობა შეიყვარა და დაივიწყა საღვთო წერილი, რომელიც ამბობს: “ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად...” (ფსალმ. 14. 5), და სესხი გასცა და მეასედს ითხოვს, ამიტომ წმინდა და დიდი კრება ადგენს, რომ ამის შემდეგ ვინც იმხილება გასესხებული თანხისთვის ვახშის აღებაში, ან სხვა ანგარებითი საქმიანობისათვის ფულის გაცემაში, ან გასესხებული თანხის ნახევრის ნამატის სახით მოთხოვნაში, ან სამარცხვინო მომხვეჭელობის მიზნით სხვა რაიმე ჩანაფიქრში, ასეთი პირი განიკვეთოს და უცხო ექმნეს სასულიერო დასს” [2: 201].
ასევე, 419 წლის კართაგენის ადგილობრივი კრების მე-5 კანონში ნათქვამია: “სამღვდელო დასის წევრთაგან, დაე, ნურავის მიეცემა ნება ვახში აიღოს რაც არ უნდა იყოს ნივთისაგან... რაც ერისკაცთა შორის გასაკიცხია, რაზომ უფრო დაგმობის ღირსია იმათ შორის, რომლებიც სამღვდელო დასს განეკუთვნებიან” [3: 131-132].
წმინდა მამების ასეთი მკაცრი განჩინება იმითაც იყო განპირობებული, რომ როგორც ფრანგი მართლმადიდებელი კანონისტი მთავარეპისკოპოსი პეტრე ლუილიე აღნიშნავს, იმ საუკუნეებში სარგებლის საპროცენტო განაკვეთი ძალზე დიდი იყო [13: 151].
ძველი ქართული სამართალი ასევე ძალზე მკაცრად უდგებოდა მევახშეობას. მაგალითად, XIV საუკუნის გიორგი ბრწყინვალის სამართლის 46-ე კანონში წერია: “სარგებელი არც ქართველთ სჯულთა შიგან ძეს წესად, რომე აღიღონ, და არც სხუათა სჯულთა უწერია. და სარგებელი არის უწესო. და თუ რადმე მიმცემი კაცი ასრე ავი იყოს, რომე სარგებელი აღიღოს, რა გინდა რა ხანი გამოსულიყოს, ათსა თეთრს ზედა ორი თეთრი მიეცეს, - რაზომი დიდი ხანი დაეყოს, ამის მეტს ნურას მისცემს და არც სამართალია მისაცემლად. და თუ დია რათმე ავი კაცი არ არის, არც ამისი აღება მართებს. სამართალი ესრეთ ყონ ყოველთა” [6: 420-421].
ინფორმაციისთვის საინტერესოა ჩვენი სტატიის თემასთან დაკავშირებით შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებაც. სქოლასტიკის მამა თომა აქვინელი XIII საუკუნეში წერდა, რომ სახლის ან საოჯახო მოხმარების სხვა ნივთების გაქირავებისთვის საფასურის აღება დასაშვებია, რადგან გამოყენებისას ისინი ცვდებიან, ხოლო ფულის შემთხვევაში, ის არ ცვდება, გასესხებული თანხა ინარჩუნებს თავის თავდაპირველ იურიდიულ თუ ეკონომიკურ ძალას. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, თომა აქვინელის აზრით, დაუშვებელია საცხოვრებელი ფართის ერთი დღით გაქირავებისთვის თანხის აღება, რადგან ნორმალური მოხმარების შემთხვევაში, ერთ დღეში სახლი არც გაცვდება, არც დაძველდება და არც დაიშლება [9: 114]. ჩვენი აზრით, ეს არგუმენტი აბსოლუტურად მცდარია, რადგან ცნობილია, დროთა განმავლობაში ფულიც “ცვდება”, ანუ ექვემდებარება ინფლაციას და შეიძლება სრულ დევალვაციასაც კი.
თომა აქვინელს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა იურიდიულ-ეკონომიკური არგუმენტიც: რადგან ქონება არსებობს მოძრავი და უძრავი, აქედან გამომდინარე, ის განასხვავებდა ისეთ ცნებებს, როგორიცაა ქონების ფლობა და ქონების გამოყენება. ანუ, უძრავი ქონება, როდესაც დროებით გაიცემა სხვა პირზე, ქონების გამომყენებელი ხდება ის პირი, რომელიც იღებს იმ ქონებას, ხოლო მისი იურიდიული მესაკუთრე - ქონების გამცემი; ამიტომ მფლობელს შეუძლია გაყიდოს არა უშუალოდ ქონება, როგორც საგანი, არამედ მისი გამოყენების უფლება და შესაბამისად, ამაში აიღოს გარკვეული თანხა. თომას აზრით, ასეთი ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა სწორი და გამართლებულია, რადგან გამომყენებელი იხდის თანხას იმაში, რაც იყიდა, კერძოდ - ქონების ანუ საგნის გამოყენებაში.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, აქ შეუძლებელია მოხდეს გამიჯვნა ქონების ფლობასა და გამოყენებას შორის. მაგალითად, ის, ვინც ყიდის ხორბლის გამოყენებას, ვერ შეინარჩუნებს ხორბლის ფლობასაც, რადგან ის იხარჯება. იგივე ხდება ფულის შემთხვევაშიც - პირველივე გამოყენებაზე იურიდიულად და ეკონომიკურად ის იხარჯება. რადგან შეუძლებელია შეინარჩუნო ფულის ფლობა და ცალკე გაყიდო მხოლოდ მისი გამოყენება, ამიტომ დაუშვებელია გასესხებულ ფულში პროცენტების აღება – თვლიდა თომა აქვინელი. ეს თეორიაც მალევე გაკრიტიკებული იქნა, რადგან იმის გამო, რომ თანხის გასესხებისას კრედიტორს დროებით ერთმევა საკუთარი ფულის გამოყენების საშუალება, ამიტომ ზუსტად ეს “ნაკლი” შეიძლება ანაზღაურებულ იქნას საპროცენტო მოგებით [9: 115].
დაწყებული XVIII საუკუნიდან კაპიტალისტური სისტემის ჩანასახებთან ერთად როგორც კათოლიკური, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება საპროცენტო გასესხებასთან დაკავშირებით თანდათან უფრო მოქნილი ხდება. მაგალითად, სჯულისკანონის მცოდნე სასულიერო პირების მიერ შედგენილი ვახტანგ VI სამართლის წიგნის 125-ე კანონი განაწესებს: “თეთრი რომ გასცეს კაცმან, თუ ძალი ქნა და სული სძულს, თუმანი – თვეში ხუთშაურად; თუ სული ცოტად უყვარს – აბაზად; თუ უკეთ უყვარს – სამ შაურად; და თუ მართლა უყვარს – ორ შაურად. სულ უკეთესი ის არის, რომ სარგებელი სულ არ აიღოს” [6: 513].
ასევე წმინდა ანთიმოზ ივერიელმა ყოველთა წმიდათა სახელობის მონასტრის ტიპიკონში (1713 წ.) დაადგინა, რომ მონასტერს შეეძლო წელიწადში შვიდი პროცენტის სარგებლით გაესესხებინა თანხები, მაგრამ იმ პირობით, რომ შემოსული ფული მხოლოდ ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა. “ფული არ უნდა იყოს გაჩერებული მოგების გარეშე” – წერს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტი წმინდა ანთიმოზ ივერიელი [10: 300].
XIX – XXI საუკუნეების ახალმა მსოფლიო ეკონომიკურმა სისტემამ მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს საბოლოოდ ჩამოუყალიბა დაწერილი თუ დაუწერელი ახალი კანონიკური პრინციპები საპროცენტო გასესხებასთან, ანუ “მევახშეობასთან” დაკავშირებით. მაგალითად, საბანკო სისტემა, რომელიც ყველა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, თავიდან ბოლომდე ფულის საპროცენტო სესხება-გასესხებაზეა დაფუძნებული.
1942 წელს ვატიკანი აფუძნებს საკუთარ ბანკს, რომელსაც რელიგიური საქმეების ინსტიტუტის სახელწოდება აქვს (Iნსტიტუტო პერ ლე Oპერე დი ღელიგიონე) და რომელიც დღემდე წარმატებულად ფუნქციონირებს [14: 1]. 1983 წელს მიღებული და დღემდე მოქმედი კათოლიკური ეკლესიის სჯულისკანონი 1259-ე და 1284-ე კანონებით ნებას რთავს იპოთეკური თუ სხვა ტიპის სესხების გამოყენებას [12: 303, 309].
რაც შეეხება მართლმადიდებელ ეკლესიას, ისტორია უკვე იცნობს წმინდან ბანკირებსაც, როგორც წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის შემთხვევაშია. დღესდღეობით მსოფლიოს ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ფინანსები დაბანდებულია სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ბანკებში. 1995 წელს მიღებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების XII თავის მე-14 პარაგრაფში ნათქვამია, რომ “საეკლესიო თანხები ინახება ბანკში შესაბამისი საეკლესიო დაწესებულების სახელზე” [7: 207]. წინა საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს საპატრიარქო თავადაც საკუთარი ბანკის მფლობელიც იყო. არცერთი სასულიერო პირი არ უკრძალავს თავის მრევლს, ისარგებლონ ბანკებით ან მუშაობდნენ საბანკო სისტემაში და ა.შ. 2002 წელს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება, ასევე, არ უკრძალავს ეკლესიას საბანკო სისტემით სარგებლობას [8: 212].
საპროცენტო გასესხებაზეა დაფუძნებული თანამედროვე მსოფლიოს სოციალური დაცვის სისტემაც. კერძოდ, ადამიანები თავისი ყოველთვიური შემოსავლებიდან სახელმწიფოს თუ სხვა კერძო სტრუქტურებს ურიცხავენ გარკვეულ თანხას, რის სანაცვლოდაც ისინი ღებულობენ ჯანმრთელობის, საპენსიო, თუ სხვა სახის დაზღვევას. ანუ საბოლოოდ მიღებული თანხა, იდეაში, ბევრად აღემატება ადამიანის მიერ გადარიცხულ ფულს.
თანამედროვე მსოფლიოში ფული განიხილება, როგორც ჩვეულებრივი ქონება, რომელიც სახლის, ბინის, სახნავი მიწის, ავტომობილის, თუ სხვა რაიმე ნივთის მსგავსად შეიძლება იყოს გაქირავებული. რატომ არ არის ცოდვა ბინის გაქირავება, რომლის თვითღირებულებაც შეადგენს, ვთქვათ, 50.000 დოლარს და რატომ უნდა ითვლებოდეს მძიმე ცოდვად ათასი დოლარის ნაღდი ფულის ზომიერი პროცენტით გასესხება? რითი სცოდავს მარტოხელა პენსიონერი ქალი, რომელმაც გაყიდა თავისი საკუთარი ბინის ფართის ერთი ნაწილი, მიღებული თანხა გააპროცენტა და ამით უზრუნველყოფს თავისი გაჭირვებული ცხოვრების ელემენტარულ ხარჯებს? თუ მხოლოდ იმაშია მისი ცოდვა, რომ ის დიდ, ლამაზ და შუშებიან შენობაში არ ზის და მას ბანკირი არ ჰქვია?
რა თქმა უნდა, საპროცენტო გასესხებასთან დაკავშირებით სამ ასპექტში ეკლესიის ზნეობრივ-კანონიკური პრინციპები დარჩა უცვლელი:
1. ასეთი ტიპის საქმიანობა, ისევე, როგორც ნებისმიერი ბიზნესი აბსოლუტურად დაუშვებელია სასულიერო პირებისთვის, რომლებიც მოწოდებულები არიან, იზრუნონ ადამიანების სულიერ ცხონებაზე და მათ უნდა ჰქონდეთ შეუბღალავი რეპუტაცია, ხოლო ნებისმიერი ტიპის საქმოსნობა ითხოვს, ერთის მხრივ, დიდ დროსა და ენერგიას და მეორეს მხრივ, წარმოქმნის ბევრ კონფლიქტურ სიტუაციას. მაშასადამე, ასეთი მღვდელი კი არ ააშენებს, არამედ პირიქით, დააბრკოლებს და დაშლის მრევლს.
2. პროცენტი არ უნდა იყოს დიდი. რაც უფრო დაბალია გასესხების პროცენტი, მით უფრო რელიგიურად სწორი და გამართლებულია. ამავდროულად, მოგებული პროცენტი არ შეიძლება იზრდებოდეს უსასრულოდ, ის არ უნდა აღემატებოდეს გასესხებული თანხის ოდენობას, ან გასესხებული ნივთის თვითღირებულებას.
3. გაჭირვებულ, ღატაკ ადამიანებზე პროცენტით გასესხება დაუშვებელია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ბიბლია, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 1989.
2. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, I ტომი, გამომცემლობა “ალილო”, თბილისი, 2007.
3. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, II ტომი, გამომცემლობა “ალილო”, თბილისი, 2011.
4. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, I ტომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებლები დაურთო ილია აბულაძემ, თბილისი, გამ. «მერანი», 1991.
5. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, II ტომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებლები დაურთო ილია აბულაძემ, თბილისი, გამ. «მერანი», 1991.
6. ქართული სამართლის ძეგლები, ტომი I, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, ტექსტები გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1963.
7. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1995), საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი 2011, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი.
8. კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის (2002), საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი 2011, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი.
9. Pიდალიონ, ჩუ ორანდუირეა ნოუა სი ტალცუირი დე Aრჰიმანდრიტ ძოსიმა თარალა სი Iცონომ შტავროფორ Hარალამბიე Pოპესცუ, Iნსტიტუტულ დე Aრტე Gრაფიცე « შპერანტა », Bუცურესტი, 1933.
10. Antim Ivireanul, Opere, Editura « Minerva », Bucuresti, 1997.
11. S. B. Daskov, Dictionar de Imparati Bizantini, Editura Encicopedica, Bucuresti, 1999.
12. Codul de Drept Canonic, Institut Teologic Romano-Catolic, Iasi, 1995.13. Архиепископ Петр Л΄юилье, Правила первых четырех Вселенских Соборов, Издание Сретенского моастыря, Москва, 2005.
14. http://ru.wikipedia.org/wiki/