ავტორი: პროფ. მღვდელი იოანე ერიქსონი
მრწამსის სიმბოლოში ვაღიარებთ ჩვენს რწმენას "ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისადმი",ზუსტად ისევე როგორც ვაღიარებთ "ერთ ღმერთს,მამას ყოვლისმპყრობელს", "ერთ უფალ იესო ქრისტეს", და "სულიწმინდას, უფალს ცხოველსმყოფელს". ეკლესია არის რწმენის საგანი,ჩვენი მრწამსის ნაწილი. და მაინც, აქ არ არსებობს _ ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებლობისთვის _ დოგმატი ეკლესიის შესახებ მსგავსად ნიკეის და I კონსტანტინოპოლის ტრინიტარული დოგმატისა, ან ეფესოს, ქალკედონის და მომდევნო მსოფლიო კრებების ქრისტოლოგიური დოგმატისა. არც სრულად ჩამოყალიბებული მოძღვრება არსებობს, მსგავსად სულიწმინდის გამომავლობის შესახებ მოძღვრებისა. ეკლესია აღიწერება, უფრო სწორად ის განდიდდება, როგორც ახალი სამოთხე, სულიერი ედემი, ღვთის საკურთხეველი, მიწიერი ზეცა. მაგრამ მისი არსი არ არის განსაზღვრული. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაშიც კი დოგმატური დეფინიცია შედარებით ახალი მოვლენაა, და ამ შემუშავების საწყის ეტაპს, ვატიკანის I კრების Pastor Aeternus-ს, შეეძლო გამოეწვია ნიუმანის საყვედური: "როდის ყოფილა მოძღვრების de fide ღვთისმოსავობის ფუფუნება და არა მკაცრი აუცილებლობა?"
ეს ვითარება, რა თქმა უნდა, შეიცვალა უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში როგორც მართლმადიდებლებისთვის ასევე არამართლმადიდებლებისთვის. ეკლესიოლოგია გახდა ღვთისმეტყველების მთავარი შემადგენელი ელემენტი და ამ კონგრესის ყოველი განხილვის ცენტრალური თემას წარმოადგენს ეკლესიოლოგია: ურთიერთმიმართება ეკლესიაში ადგილობრივ ავტონომიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
მთარგმნელი: ზურაბ ჯაში