ქართულ საეკლესიო კითხვის წესს თავისი ფესვები, ტრადიცია და ისტორია გააჩნია. მისი კილო ისეთივე უნიკალურია, როგორც ქართული მრავალხმიანი გალობისა. დღეს ჩვენს ტაძრებში საკითხავთა კითხვის წესს თითქმის საერთოდ არ ექცევა ყურადღება ან ხშირად ბერძნული ან რუსული სტილით ხდება საკითავების წაკითხვა. საბედნიეროდ ამ მიმართულებით არ შეწყვეტილა სამეცნიერო კვლებები, რომლის ერთ-ერთი მოთავე გახლავთ მამა დავითის ტაძრის მგალობელ-მედავითნე და ქართული გალობის დიდი ქომაგი - მალხაზ ერქვანიძე. მისი თაოსნობით მოხერხდა ჩაწერილიყო აუდიო დისკი, სადაც თავმოყრილია როგორც სახარების, ასევე სამოციქულოს და ფსალმუნთა კითხვის მაგალითები. გთავაზობთ ამ აუდიო დისკზე დართულ წინასიტყვაობას, სადაც განხილულია აღნიშნული საკითხის პრობლემატიკა და სირთულეები.
აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობა (ფს. 146.1)
ღმერთი განაგებს ყოველივეს
როგორც საქართველო გადარჩა სასწაულებრივად დაღუპვას და გადაშენებას, ასევე გადაურჩა დაკარგვას ძველი ქრისტეანული ქართული გალობაც.
XIX საუკუნეში დიდი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა იყო ამტყდარი ქართული გალობის დაცვასა და შენარჩუნებაზე. მაშინდელ ქართველებს მაღალი ზნეობა ახასიათებდათ და გამორჩეული მოქალაქეობრივი ნიშანი გააჩნდათ. ხოლო სამშობლოს, ეკლესიისა და მისი მომავლის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას განიცდიდნენ. ასევე, ვითარ შვენის ქართულ გალობას, შესაბამისად ისე აფასებდნენ მას. ისინი ქართული გალობის დაკარგვას ერის დაცემისა და გადაგვარების ტოლფას მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სამწუხაროდ, დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში განსხვავებულ სურათს ვხედავთ. ვინც უნდა იცავდეს ქართულ გალობას, ძალიან ხშირად მისგან უწევს თავის დაცვა. ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ერთს, ყველაზე ნაკლებად მტკივნეულს, აღვნიშნავ: მაშინდელი და დღევანდელი ერისმუსიკალური აღქმა, სმენა და სიყვარული მშობლიური საეკლესიო ჰანგების მიმართ დიდად განსხვავებულია. ქართველი ერის უდიდეს ნაწილს დაავიწყდა (დაავიწყეს კიდეც) თავისი მშობლიური ჰანგები, რომლითაც განადიდებდნენ უფალს, ღვთისმშობელს, ჯვარს და წმინდანებს ჩვენი წინაპრები. დღევანდელი ქართველის მუსიკალური სმენა გაუცხოებულია მშობლიური ჰანგების მიმართ. წმ. ექვთიმე კერესელიძემ სიკვდილის წინ მაცხოვარს შეავედრა ქართული გალობა რათა არ დაკარგულიყო და კვალად ეჩინა მას თავი მომავალ საქართველოში. როგორც ვხედავთ, მისი ლოცვა აღსრულდა და დღეს ჩვენ, ბოლო ჟამის ქართველ (და არა მარტო ქართველ) ქრისტიანებს, გვეწია დიდი სიხარული და ბედნიერება მშობლიურ საეკლესიო ჰანგებთან მიახლებისა.
დღეს მას ესაჭიროება ისეთივე დაფასება და სულის ბერვა, როგორიც XIX საუკუნის სასულიერო და საერო პირებმა გამოიჩინეს მის მიმართ. დღეს უდიდესი ძალისხმევაა საჭირო რათა ერის გულსა და გონებაში კვლავ დაივანოს ქართულმა გალობამ. რომლის მსგავსი კაცობრიობის ისტორიაში არაფერი შექმნილა - ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
ქართული გალობის აღდგენაში იმავდროულად იგულისხმება საეკლესიო კითხვის წესის აღდგენაც, რომელსაც გალობის ტოლფასი დანიშნულება გააჩნია ეკლესიაში. გალობა და კითვა ერთი მთლიანის ორი შემადგენელი ნაწილია. ქართული გალობა ხომ ამოზრდილია მადლიანი ძველი ქართული ენიდან და გამღერებული კითხვიდან, რომლის მდიდარი ტრადიცია ოდითგანვე არსებობდა საქართველოში.
საქართველოს ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიოს ქრისტეანულ ქვეყანათა შორის და უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი როგორც ქრისტეანული ხედვის, სკოლისა და ტრადიციების, ასევე ქრისტეანული ხელოვნების თვალსაზრისით, რომელთა შორის გალობას და საეკლესიო კითხვას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ქართული საეკლესიო კითხვისა და და გალობის აღდგენა უშუალოდაა დაკავშირებული გამართული ღმრთისმსახურების აღდგენასთან, სადაც სიტყვისა და ჰანგის სწორ და შეურყვნელ წარმოთქმას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია (გარდა ამისა, მას უდიდესი ეროვნული მისიაც აკისრია, რაც ქართული ცნობიერების აღდგენას უკავშირდება).
ღმრთისმსახურება, წმინდა მამების განმარტებით, ჯერარს შიშით, კრძალვით, სიმდაბლით, ამავე დროს, სიმხნევით, სიხარულით და რასაკვირველია - მეცნიერებით.
ამ ოცი წლის განმავლობაში, დღიდან ანჩისხატის ტაძრის აღდგენისა 1988 წელს, ქართულმა გალობამ და საეკლესიო კითხვამ საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადადგა. მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი საქმისა, რომელიც შემდგომ აუცილებელ გაგრძელებას საჭიროებს. ქართული გალობისა და საეკლესიო კითხვის აღდგენა, როგორც აღვნიშნეთ, პირდაპირ კავშირშია გამართული ღმთისმსახურების აღდგენასთან. ეს საკითხი ჩვენს ეკლესიაში დღეს მეტად მტკივნეულია. ღვთიმსახურების დროს სიტყვა არ ისმის, და თუ ისმის, იგი არაა ქართულ კილოზე წარმოთქმული. უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია თუ რა კილოთი ვგალობთ და ვკითხულობთ. სამწუხაროდ, ეს ძალიან ცოტას თუ ესმის. ჩვენს ავტოკეფალიაში ქართველებმა კილოთი უნდა მივუძღვნათ უფალს ლოცვა, გალობა და საღმრთისმსახურო საკითხავები. ამ კილოშია ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, სიხარული და თავისუფლება, და არა ბერძნულ, რუსულ, საოპერო და ან სხვა ინტონაციებში. ქართული კილოს შეურყვნელობის შესახებ ბევრი დაიწერა თავის დროზე XIX საუკუნეში სასულიერო და საერო პირების მიერ.
ტრადიციების წყვეტის გამო ჩვენ განებივრებულები არ ვართ ცოცხალი მაგალითების სიუხვით. პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის თხოვნით წმ. ექვთიმე კერესელიძემ ნოტებზე გადაიტანა კილოში კითხვის წესის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც მის ხელნაწერებში ინახება. ეს ხელნაწერები ძვირფასი მონაპოვარია, მაგრამ სირთულე იმაშია, რომ მას სწორი ინტონირებით წაკითხვა უნდა. არსებობს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ინტრონიზაციაზე მიტროპოლიტი გრიგოლის მიერ წარმოთქმული კვერექსის ვიდეო ჩანაწერი, რომლიდანაც მახვილი ყური აუცილებლად დაიჭერს მისთვის სასარგებლო მანერას, რომელიც მარტო სასულიერო პირებს არ გამოადგებათ, იგი ყველასათვის მისაბაძი შეიძლება იყოს.
შესანიშნავია უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მშვიდი, წყნარი და ყველასათვის გასაგები მანერით წაკითხული სახარება.
წინამდებარე კომპაქტ დისკში წარმოდგენილია ტრადიციული ქართული საეკლესიო კითხვის წესის ისეთი ფორმა, რომელიც ანჩისხატის ტაძარში ჩამოყალიბდა და ამ ოცი წლის განმავლობაში და ახლა უკვე მამა დავითის ტაძარში გრძელდება. ამიტომაც დაერქვა მას ანჩისხატის ტაძრის საეკლესიო კითხვის წესი. აქაა თავმოყრილი სამი ერთმანეთთან ახლოს მდგომი, მაგრამ მაინც ერთმანეთისგან განსხვავებულ კილოში კითხვის ვარიანტები: ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ რევაზ ტომარაძის არქიმანდრიტ ნიკოლოზ ღლონტისა და ჩემს მიერ მოკრძალებულად წარმოდგენილი საკითხავები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი მამა რევაზის მიერ წაკითხული სახარებაა.
მისივე თქმით, მას კითხვის გარკვეული საფუძველი პროტოპრესვიტერმა პახომმა გადასცა. პროტოპრესვიტერი პახომი სიონში მსახურობდა გასული საუკუნის 70 იან წლებში. შემდეგ თავადვე განავითარა მამა რევაზმა კითხვის თავისებური და ის მადლიანი მანერა, რომელიც მრავალს ხიბლავს ჩვენს ეკლესიაში. მის მიერ წაკითხული სახარებით გვეუფლება არაჩვეულებრივი განცდა, რომელსაც უხილავად შევყავართ ძველ ეკლესიასთან და მის სულიერ ტრადიციებთან შეხებაში. ანჩისხატის გუნდის გალობისა და მამა რევაზის კითხვის ერთობლიობა ყოველთვის დარჩება ერთ სანიმუშო მაგალითად ჩვენი ეკლესიის ღმრთისმსახურების უახლოეს ისტორიაში.
მამა რევაზის ფონზე არქიმანდრიტი ნიკოლოზის მიერ წარმოთქმული კითხვის მანერა შესაძლოა შედარებით ერთგვაროვანია, მაგრამ სულით ერთია. მე წლების განმავლობაში მიწევდა მამა ნიკოლოზთან ღმრთისმსახურებაში მონაწილეობა და არ მახსოვს შემთხვევა მას უკრძალველად წარმოეთქვას სიტყვა, ან აეჩქარებინოს ლოცვა, თუნდაც მცირე პანაშვიდის გადახდის დროს. ასეთი დინჯი და აუჩქარებელი ლოცვისა და კითხვის მანერა შეზავებული ქართულ კილოსთან მრავალთათვის სანიმუშო უნდა გახდეს. ამას ემსახურება სწორედ ამ კომპაქტ დისკის გამოცემაც.
რაც შეეხება ჩემს მიერ წაკითხულს, მისი შეფასება მსმენელისთვის მიმინდია. მე მქონდა ბედნიერება წინა საუკუნის 80 იან წლებში ხშირად მევლო მსახურებებზე ბეთანიის მონასტერში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მსახურებები გალობის გარეშე მიმდინარეობდა, სამაგიეროდ კითხვა და ლოცვითი განწყობა იყო ისეთი, რომლის მაგვარს ძალზედ იშვიათად თუ შეხვდები. ალბათ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მაშინდელი ბეთანიის მონასტერი მრავალი ჩვენთაგანისთვის იყო შთაგონების, მართალი სიტყვისა და სულიერი საზრდოს მიღების წყარო. ტკბილად მახსენდება ბეთანიელი მამების: იოანე შეყლაშვილისა და გიორგი ბარიშვილის კითხვის მანერები.
ჩვენს ეკლესიაში გამართული ღვთისმსახირება (ვგულისხმობ კითხვა-გალობას) გაფუძნებული უნდა იყოს ოს აუცილებელ გარემოებაზე: კანონიკურ კილო-ინტონაციურ საფუძვლებზე და ნამდვილ, ეკლესიურ ლოცვით განწყობაზე.
ზოგადად აღსანიშნავია - შეიძლება კაცი სწორს ამბობდეს, მაგრამ მართალი არ იყოს. საშური ისაა, მადლიანობას ვესწრაფვოდეთ, რომელსაც მხოლოდ ღმერთი იძლევა. თუ უფალმა არ შეიწირა ჩვენი მსახურება, ფუჭია ყოველივე. სხვათა შორის, ჩანაწერის მოსმენის დროს მსმენელი შეამჩნევს წიგნის გადაფურცვლის ან ზოგჯერ ჩახველების ხმებსაც. ასეთი რამ ბუნებრივად ჩავთვალეთ და არც გვიცდია მათი მოშორება. აქცენტი გამახვილებული გვქონდა, რომ ჩანაწერის სულისკვეთება ყოფილიყო ჯანსაღი.
დასასრულს მინდა ვთქვა და გავიმეორო, რომ წინ დიდი გზაა გასავლელი, მანამ, სანამ ჩვენთან ღმრთისმსახურება არ მოწესრიგდება კითხვა-გალობასთან მიმართებაში. ტაძრებში მსახურების დროს აბსოლიტური სიჩუმე უნდა სადგურდებოდეს. ერთი პატარა აგურის დადებად ეს კომპაქტ დისკი, ვფიქრობ, ნამდვილად გამოდგება საეკლესიო კითხვის შემეცნების გზაზე. აქ თავმოყრილია კილოში კითხვის ძირითადი კილო-ინტონაციური საფუძვლები. წარმოდგენილია სახარების, სამოციქულოს, საწინასწარმეტყველოს, დასდებლების, ფსალმუნების ჩასართავების კითხვის წესები. სავალდებულო არაა ყველამ კალკირებულად მიბაძოს ასეთ სტილს. ქართული გალობის მდიდარი კილო-ინტონაციური არსენალი გვაძლევს იმის საშუალებას, რათა მომავალში ახალი გზები მოიძებნოს ამ რთული და უაღრესად საპასუხისმგებლო ქრისტიანული ხელოვნების აღზევებისა და განვითარების საქმეში, რათა უფალმა შეიწიროს ჩვენი მსახურება, ხოლო ჩვენ შიშით, კრძალულობით, სასოებით, სიხარულით და მეცნიერებით განვადიდებდეთ ყოვლადწმინდა სამებას, ღვთისმშობელს, ჯვარს და უფლისათვის სათნოყოფილ წმინდანებს უკუნისამდე.
ღმერთო, შეგვეწიე.
მამა დავითის ტაძრის მგალობელ-მედავითნე
მალხაზ ერქვანიძე