ჩვენს ბლოგზე ადრე განთავსებული იყო (იხ. 2011/01/10) ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის ვებ-გვერდის ბმული, სადაც წარმოდგენილია XX საუკუნის ცნობილი რუსი თეოლოგის პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის წიგნის - “დიდი მარხვა” - ქართული ვერსია. ამჟამად შემოგთავაზებთ ამ წიგნის ერთ-ერთ დანართს, სადაც ავტორი მოკლედ განიხილავს დიდმარხვის განვითარების ისტორიულ ასპექტებს.
დანართი ბლოგისათვის ინგლისურიდან თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ
დიდმარხვა, როგორც ის ჩვენთვის დღევანდელ დღესაა ცნობილი, წარმოადგენს ხანგრძლივი და საკმაოდ კომპლექსური ისტორიული განვითარების შედეგს, განვითარებისა რომლის ყველა ასპექტიც არ არის სათანადოდ შესწავლილი. ჯერ კიდევ არის რიგი შეკითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია და ამ მხრივ უფრო მეტი კვლევა – და არა მარტო მეორე ხარისხოვანი დეტალების სფეროში - ჩასატარებელია. ქვემოთ მოყვანილია ძირითადი ფაქტების საკმაოდ მოკლე შეჯამება.
ჩამოყალიბებულ აზრად ითვლება ის, რომ მეორე საუკუნის შუახანებში ეკლესიისთვის ცნობილი იყო მხოლოდ საკმაოდ მოკლე მარხვა აღდგომის დღესასწაულის წინ. თუმცა ეს მარხვაც სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვანაირად სრულდებოდა. პასქალურ დაპირისპირებაზე საუბრისას წმ. ირინეოს ლიონელი წერდა, რომ ეს დაპირისპირება ”არ გამოიხატება მხოლოდ დღეში არამედ თვით მარხვის ხასიათშიც; რამეთუ ზოგნი თვლიან, რომ უნდა იმარხულონ ერთი დღე, ზოგნიც – ორი, და ზოგნიც – უფრო მეტი; ზოგი აღრიცხავს თავიანთ დღეს როგორც ორმოცი საათი, დღე და ღამე. და ასეთი ტრადიცია არ დაწყებულა ჩვენს დროში, არამედ უფრო ადრეულ პერიოდში, ჩვენი წინაპრეპის დროში.” (Eusebius, Hist. Eccl. 5, 24, 12. Cf also Hippolitus of Rome, Apostolic Tradition 2, 20, 2-9; 21, 1-5; da Tertulian, Concerning Baptism, 19). როგორც ფაქტები მოწმობენ, ასწლეულის შემდგომ წინასააღდგომო მარხვა ზოგ რეგიონში სულ ცოტა ერთ კვირამდე გაიზარდა (ჩვენი ტერმინოლოგიით - “ვნების შვიდეული”). მოციქულთა მოძღვრებანში (Didascalia Apostolum) ჩვენ ვკითხულობთ “…ამდაგვარად, სააღდგომოდ თქვენ უნდა იმარხულოთ კვირის მეორე დღიდან (ანუ ორშაბათიდან) და იხმიოთ მხოლოთ პური და მარილი და წყალი და ისიც მხოლოდ მეცხრე ჟამამდე და ეს უნდა შეასრულოთ მეხუთე დღემდე (ანუ ხუთშაბათამდე) …მაგრამ პარასკევს და შაბათს იმარხულეთ მთლიანად და არ იხმიოთ არაფერი” (R. H. Connolly, 1929, p. 189). ამას მოყვება “დაახლოებით 75 წლიანი შუალედი სანამ ორმოცდღიანი დიდმარხვის შესახებ პირველი ინფორმაცია ჩნდება” (A. Allan McArthur, The Evolution of the Christian Year [London: 1953], p. 115). ნიკეის კრების მეხუთე კანონის მიხედვით კი “გვექმნება შთაბეჭდილება რომ დიდმარხვა არ წარმოადგენს რაიმე ახალ გამოგონებას, არამედ ის უკვე საკმაოდ ცნობილი ფაქტი იყო” (McArthur, p. 125). მაშ როდის, სად და როგორ მოხდა ადრეული წინასააღდგომო ორიდან ექვს დღემდე მარხვის ორმოცდღიან მარხვაში განვითარება? ამ შეკითხვაზე ლიტურგისტები ორ განსხვავებულ პასუხს იძლევიან. ზოგიერთი მათგანის მიხედვით, ჩვენი დღევანდელი დიდმარხვა წარმოადგენს ზემოთ ხსენებული წინასააღდგომო და სულ სხვა მარხვის შერწყმას, რომელიც პასქალური სეზონისაგან დამოუკიდებელი იყო და ეძღვნებოდა ნათლობის შემდგომ უდაბნოში უფლის მარხვას. ეს მარხვა დაკავშირებული იყო არა აღდგომის არამედ უფლის ნათლისღების დღესასწაულთან და იწყებოდა 7 იანვარს. ამ ორი მარხვის შერწყმა მოხდა კათაკმეველთა ინსტიტუტისა და იმ ტრადიციის ზეგავლენით, რომლის მიხედვითაც კათაკმეველნი ემზადებოდნენ აღდგომის წინ ნათლობისათვის (A. Braumstark, Liturgie, Comparee, p. 208 and J. Danidlou, "Le Symbolisme des Quarante Jours" in La Maison Dieu, 31 [1932], p. 19). ლიტურგისტთა მეორე ნაწილი თვლის, რომ ორმოცი დღე წარმოადგენს წინასააღდგომო მარხვის თანდათანობით გახანგრძლივებას და რომ მისი ჩამოყალიბება კათაკმეველთა ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული (McArthur, p. 114 ff., G. Dix, The Shape of the Litargy, p. 354). მე პირადად პირველ ჰიპოთეზას ამომწურავად არ ვთვლი, სულ ცოტა მის უნივერსალურ გამოყენებაში, თუმცა ჩვენ გვაკლია ამომწურავი ფაქტები ამ საკითხზე.
ასეა თუ ისე, IV და V საუკუნეებში ორმოც დღედ წოდებული წინასააღდგომო მარხვა (Quadragesima, Tessaracosti) საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. თუმცა ეკლესიის ისტორიკოსების – სოკრატე და სოზომენის - მიხედვით V საუკუნეში დიდმარხვის მრავალნაირი ტრადიცია არსებობდა. “მარხვა აღდგომამდე”, წერს სოკრატე, სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად სრულდება. რომში სამ კვირას მარხულობენ შეუწყვეტლივ შაბათებისა და უფლის დღის გარდა, მაშინ როდესაც ილირიკუმში, საბერძნეთში, და ალექსანდრიაში აღდგომამდე ექვს კვირას მარხულობენ და ამ პერიოდს ორმოც დღეს უწოდებენ. თუმცა არიან სხვებიც, ვინც მარხვას აღდგომამდე შვიდი კვირით ადრე იქყებენ” (Socrates, His. Eccles. 5, 22). სოკრატეს უმცროსი თანამედროვე – სოზომენი – იგივეს იმეორებს: “ე.წ. ორმოცი დღე აღდგომამდე, როდესაც მორწმუნეები მარხულობენ – ზოგნი ექვს კვირას, კერძოდ კი ილირიკუმში, დასავლეთში, ლიბიაში, ეგვიპტესა და პალესტინაში, ზოგნი კი შვიდ კვირას, როგორც ეს ხდება კონსტანტინეპოლსა და მის რეგიონებში … ამ ექვსი ანდა მეტი კვირის პერიოდში ზოგი მარხულობს სამი კვირის განმავლობაში უწყვეტად და ზოგი მცირე წყვეტით აღდგომის წინ, ხოლო ზოგი – მაგ. მონტანისტები – მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში” (Sozomen, Hist. Eccl., 7.19). ნათელია, რომ ეს განსხვავებები მარხვის პერიოდში გამოწვეული იყო იმით, თუ ვის როგორ ესმოდა თვით “ორმოცი დღის” კონცეფცია - ამ ორმოც დღეს უნდა მოეცვა თუ არა, ერთის მხრივ, ვნების კვირეული, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ მაშინ სანამ გაჩნდებოდა წინასააღდგომო პერიოდის ორმოცდღიანი მარხვის იდეა, და რომელიც მისგან დამოუკიდებლად იყო, და მეორეს მხრივ, შაბათები და კვირადღეები, რომელიც გადმოცემის მიხედვით ცალსახად განიხილებოდა, როგორც არასამარხვო დღეები? იერუსალემში, აღიარებული Peregrinatio Etheriae (27, 1)- ის მიხედვით, დიდმარხვა მოიცავდა ვნების შვიდეულს, მაგრამ გამორიცხავდა შაბათებსა და კვირადღეებს; შესაბამისად, ასეთი დიდმარხვა მოიცავდა რვა კვირას, რომელთაგან თითოეულ კვირაში ხუთი დღე – მარხვის დღეები იყო, რაც ჯამში სწორედ რომ ორმოცდღიან მკაცრ მარხვას იძლეოდა. ამ შემთხვევაში, ტერმინი “ორმოცი დღე” გაგებული იყო როგორც მარხვის ორმოცი დღე. ასეთივე პრაქტიკა დამოწმებულია ეპიფანეს მიერ კვიპროსის და წმ. იოანე ოქროპირის მიერ 387 წ. ანტიოქიის მიმართ. მეორეს მხრივ, კონსტანტინეპოლში ისევე როგორც ეგვიპტესა და დასავლეთში, “ორმოცი დღე” გაიაზრებოდა უპირველეს ყოვლისა, როგორც მოსამზადებელი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მორწმუნეები მარხულობდნენ კვირაში ხუთ დღეს, მაგრამ ის როგორც ლიტურგიკული პერიოდი შეიცავდა კვირეულ ორ ევქარისტულ დღეს. თავის ერთ-ერთ სადღესასწაულო ეპისტოლეში წმ. ათანასე ალექსანდრიელი საუბრობს დიდმარხვის დროის და ვნების შვიდეულის მარხვის შესახებ (იხილეთ განსაკუთრებით მისი სადღესასწაულო ეპისტოლე 330 წლისათვის). ამდაგვარად, კონსტანტინეპოლში ორმოცი დღე მოიცავდა შაბათ და კვირადღეებს, მაგრამ არ შეიცავდა არამარტო ვნების შვიდეულს არამედ ლაზარს შაბათსა და ბზობასაც. და ბოლოს, დასავლეთსა და ეგვიპტეში დიდმარხვა მოიცავდა როგორც ვნების შვიდეულს, ასევე ყოველკვირეულ ევქარისტულ დღეებსაც, რაც ჯამში იძლეოდა უფრო მოკლე სამარხვო პერიოდს (A. Chavasse, "La Structure de Careme et les lectures des messes quadragesimales dans la liturgie romaine", Maison Dieu, 31 [1952], pp. 76-119). ეჭვგარეშეა, რომ ამ განსხვავებებმა გამოიწვია მწვავე დაპირისპირება. ასე მაგალითად, ყველიერის კვირა, რომელიც ბიზანტიური ტიპიკონის მიხედვით წინ უძღვის დიდმარხვას და წარმოადგენს ერთგვარ მერვე კვირას შეზღუდული მარხვით და შეიცავს დიდმარხვის ზოგიერთ ლიტურგიკულ თვისებას, ჩანს რომ წარმოიშვა პალესტინელ ბერებთან კომპრომისიდან, რომლებიც იცავდნენ რვა კვირიან დიდმარხვას და არ ღებულობდნენ ბიზანტიურ ტრადიციას. დიდმახრვის პერიოდის საბოლოო უნიფიკაცია მიღწეული იყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც არაბებმა ეგვიპტე და სირია დაიპყრეს და ამ პროვინციებმა დაკარგეს თავიანთი ეკლესიური დამოუკიდებლობა კონსტანტინეპოლისაგან. გაერთიანება მოახდინა კონსტანტინეპოლმა, რომელშიც გ. დიქსის მიხედვით, “ჩვენ უნდა ვეძებოთ “საყოველთაო კალენდრის” რეალური ფესვები.
აღსანიშნავია, რომ ბიზანტიური სინთეზის ფარგლებში დიდმარხვის განვითარება -როგორც მისი მოწყობა დროში და მსახურებაში – კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. დროთა განმავლობაში კიდევ ორი “დიდმარხვის წინა” კვირა დაემატა ყველიერის კვირას. უძღები შვილის კვირეული განვითარდა ხორციელის კვირიდან, რომელიც IX საუკუნეში ნახსენები იყო წმ. თეოდორე სტუდიელითან (Sermo, 50, Patr. Gr. 99, 577). მეზვერის და ფარისევლის კვირა განვითარდა ანტი-სომხური პოლემიკიდან; ის პირველად ნახსენებია VIII საუკუნეში. რაც შეეხება დიდმახრვის ლიტურგიკულ შინაარს – ამ მხრივ გადამწყვეტი ფაქტორი იყო კონსტანტინეპოლში სტუდიის მონასტერის და, განსაკუთრებით კი, წმინდა თეოდორე სტუდიელის მიერ IX საუკუნეში ჩატარებული ლიტურგიკული რეფორმა. იმ დროისათვის ზრდასრულთა ნათლობა და კათაკმეველთა ინსტიტუტი მთლიანად გაქრა საეკლესიო ცხოვრებიდან, და დიდმარხვის როგორც ნათლობისათვის მზადებისა და კათეხიზაციის პერიოდად აღქმა ჩანაცვლებული იყო მხოლოდ “სინანულის” პერიოდად. სწორედ ამ კუთხით იყო გამსჭვალული დიდი სტუდიელის ნაშრომი – დიდმარხვის ტრიოდიონი, რომელიც დიდმარხვის ისტორიულ განვითარებაში გახდა terminus ad quem. ამგვარად, შესაძლებელია იმის თქმა, რომ X საუკუნისათვის, და ზოგიერთი მცირე გამონაკლისით, დიდმარხვამ მიაღწია დღევანდელ ფორმას.
---------------------------
ბიბლიოგრაფია
Hiermonk Alexis Soloviov, A Historical Discourse on the Fasts of the Orthodox Church, in Russian ( Moscow: 1837 );
I. Mansvetov, On the Fasts of the Orthodox Church, in Russian ( 1887) ;
M. Skaballanovich, The Typikon Interpreted, in Russian (Kiev: 1910);
I. Mansvetov, Church Order, in Russian (1885);
E. Vancadard, "Careme" in Dict. de Archeologie Chretienne et de Liturgie, II, 2. col. 2139-2158 (Survey of Western bibliography), and in Dict. de Theologie Catholique, II;
Thomassin, Traite des Jeunes de l'Eglise, (Paris: 1963);
Funk, "Die Entwickelung des Osterfastens" in Kirchengesch, Abhandlungen und Untersuchungen (Paderbordn: 1897), I, 241-278;
H. Kellner, Heortologie, 2nd ed. (Freiburg in Breigau: 1906), pp. 69-80;
C. Callewaert, La Duree et le caractere du careme ancien dans l'Eglise latine (Bruges: 1913), L. Duchesne, Origines da Culte Chretien, 5th ed. (Paris: 1925);
A. Baumstark, Liturgie Comparee (Chevotogne: no date), pp. 203-213;
A. Allan McArthur, The Evolution of the Christian Year (London: 1953), pp. 76-139, and the special issue of La Maison Dieu, "Careme, preparation a la nuit pascale," 3l (Paris: 1962).