მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
რა არის ქრისტიანობა? როგორ უნდა დარჩე ქრისტიანად დღევანდელ დღეს? ერთი შეხედვით ქრისტიანობა თითქოს ძალიან ადვილია. მთავარია იყო ქრისტეს მოწაფე და მეგობარი. ეს ორი ცნება თითქოსდა ერთი და იგივეა, მაგრამ მათ შორის განსხვავება ნამდვილად არის. ერთის მხრივ, ჩვენ, ქრისტეს მოწაფეებმა და მიმდევრებმა სახარებიდან უნდა ვისწავლოთ, რაც სწამს თვით ქრისტეს და რასაც ის გვასწავლის. მე ტყუილად როდი ვამბობ „რაც მას სწამს“. ერთხელ მოსკოვში ერთმა ახალგვაზრდა ოფიცერმა მკითხა:
- თქვენ კი გწამთ ღმერთი, მაგრამ თვით ღმერთს რისი სწამს?
- ადამიანისა. - ვუპასუხე მე.
ქრისტიანობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია: ღმერთთან ერთად ადამიანისაც უნდა გწამდეს, საკუთარი თავიდან დაწყებული. ქრისტე ტყუილუბრალოდ როდი ამბობს, რომ მოყვასი საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს. მოყვასის სიყვარული კი იმას ნიშნავს, რომ აკეთებდე ყველაფერს, სხვამ კარგად რომ იგრძნოს თავი და შესძლოს თავისი ადამიანური ღირსებების გამოვლინება. ამიტომ, პირველი, რასაც ქრისტე გვასწავლის, როცა მას დავემოწაფებით, ეს არის გვჯეროდეს ადამიანის, გვქონდეს მისი იმედი, თავი დავდოთ მისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი, მაგრამ არა ამ სიტყვის პიდაპირი გაგებით. თუმცა ქრისტეს მოწაფენი ფიზიკურადაც კვდებიან ქრისტესთვის თავისი რწმენის დასამოწმებლად. ზოგჯერ ადამიანი უნდა მოკვდეს, სხვამ რომ თავისუფლად ისუნთქოს, გაცოცხლდეს, ცხოვრებაში გასაქანი რომ მიეცეს, მსხვერპლად შეეწიროს სხვას, დაივიწყოს საკუთარი თავი მისი გულისთვის. არ არსებობს სიყვარული იმაზე დიდი, ვიდრე მოყვასისთვის თავის დადება. ეს ძალიან ძნელია, რადგან ცხოვრება შეიძლება იყოს ხანგრძლივი და მძიმე, მან კი ეს ცხოვრება სხვაზე ფიქრში უნდა განლიოს. ქრისტიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სწორედ, საკუთარ თავზე კი არა, სხვაზე ზრუნვაა.
იყო ქრისტეს მოწაფე ნიშნავს - გწამდეს ადამიანისაც - შენი თავიდან დაწყებული ყველა ადამიანით დამთავრებული, გჯეროდეს, რომ ყველა ადამიანში არის ნათელი, არის სიკეთე. ნათელი კიწყვდიადსაც ანათებს. წყვდიადი ყოველთვის როდი იღებს ამ ნათელს, მაგრამ მას არ ძალუძს მისი ჩაქრობა. ნათელს გააჩნია თვითმყოფადობა, ძალა, სიცოცხლე, მაშინ როცა წყვდიადი მოკლებულია ყოველივე ამას. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ გვჯეროდეს ადამიანისა. გარდა ამისა, სახარებაში ჩვენ მრავალგზის ვპოულობთ მითითებას იმის შესახებ, რომ ღმერთთან ერთად ადამიანისაც ვიწამოთ; ღმერთთან ერთად სიცოცხლის ბოლო წუთამდე ჩვენც გვჯეროდეს, რომ თვით ბოროტმოქმედშიც კი შეიძლება გაიღვიძოს ადამიანურმა ღირსებებმა. ხდება ისეც, რომ ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას უღირსად გაატარებს, და მოულოდნელად, როცა პირისპირ აღმოჩნდება არამცთუ სიკვდილის საშიშროების, არამედ გარდუვალობის წინაშე, გონს მოეგება და სრულიად სხვა ადამიანად გარდაიქმნება. ასე რომ, ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება ბოროტმოქმედებას ჩადიოდეს და ბოლოს მართალ ადამიანად გარდაიცვალოს, ამის შემდეგ მოწმობს წმიდა სერაფიმე საროველის სიტყვები:
- ადამიანის ცხოვრების პირველი წლები - ბავშვობა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები უმეტესად მშვიდია, ნათელი და კარგი, ცხოვრების შუა პერიოდი კი - ბობოქარი. ეს უნდა გავითვალისწინოთ, როცა განვსჯით საკუთარ თავს თუ სხვას.
ხშირად ამბობენ: ქრისტიანი რომ იყო, ქრისტეს მცნებანი უნდა დაიცვა. რა თქმა უნდა! მაგრამ ქრისტეს მცნება ბრძანება როდია იცხოვრო ასე და ამგვარად, და თუ არ იცხოვრებ მცნებების მიხედვით, დაისჯები. არა! ქრისტეს მცნებები ეს არის ქრისტეს მცდელობა დაგვანახოს როგორი იქნება თითოეული ჩვენგანი, ნამდვილი, ღირსეული ადამიანი რომ გახდეს. ქრისტეს მცნებები ბრძანება კი არა, გამოცხადებაა იმისა, თუ რისთვისა ვართ ჩვენ მოწოდებულნი და აქედან გამომდინარე, როგორები უნდა ვიყოთ.
ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ ჩვენ ქრისტეს მოწაფეებიც უნდა ვიყოთ და მეგობრებიც.
ხდება ხოლმე, რომ 7-8 წლის ბავშვები ჩემთან პირველ აღსარებაზე მოსულნი, ცოდვათა მთელ წყებას ჩამომითვლიან. მე ვუსმენ, მერე კი ჩვეულებისამებრ ვეკითხები:
- მითხარი: შენ ყოველივე ამაში გრძნობ თავს დამნაშავედ, თუ იმას მიმეორებ, რაშიც მშობლები ბრალს გდებენ?
- არა, ეს დედამ მითხრა, რომ ასე უნდა ვაღიარო ცოდვები, რადგანაც, როცა მე ვარღვევ ოჯახის მყუდროებას, ჩემი საქციელი მის გულისწყრომას იწვევს.
- მოდი ამას თავი დავანებოთ. მთავარი სულ სხვა რამაა. შენ აქ იმისთვის ხომ არ მოსულხარ, ის მიამბო, დედ-მამას როგორ აბრაზებ. ერთი ეს მითხარი, გსმენია რაიმე ქრისტეს შესახებ?
- დიახ.
- წაგიკითხავს სახარება?
- დედა და ბებია მიამბობენ ხოლმე; რაღაც მეც წამიკითხავს და ტაძარშიც მომისმენია.
- მითხარი, მოგწონს ქრისტე, როგორც ადამიანი?
- დიახ.
- ისურვებდი მასთან მეგობრობას?
- რა თქმა უნდა!
- იცი კი რას ნიშნავს მეგობრობა?
- დიახ, ეს ნიშნავს: იყო მეგობარი.
- მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მეგობარი ის ადამიანია, ვინც მეგობრის ერთგული რჩება ცხოვრების ნებისმიერ ვითარებაში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეგობარს იმედი არ დაუცრუოს, არ მოატყუოს და ბოლომდე მასთან დარჩეს, მაშინაც კი, როდესაც მას სხვები ზურგს შეაქცევენ. მეგობარი ის ადამიანია, ვინც ბოლომდე თავისი მეგობრის ერთგული რჩება. ახლა წარმოიდგინე: ხარ სკოლაში, ქრისტე რომ ჩვეულებრივი ბიჭი იყოს და მთელი კლასი მის წინააღმდეგ ამხედრდეს, მაშინ რას იზამდი? გამოიჩენდი იმდენ ერთგულებასა და გამბედაობას, რომ მას გვერდში ამოდგომოდი და გეთქვა: თუ ამის ცემას აპირებთ, მეც მცემეთ, მეც მასთან ვარ? თუ შენ მზად ხარ, იყო ასეთი მეგობარი, მაშინ შეგიძლია თქვა: დიახ, მე ქრისტეს მეგობარი ვარ და მაშინ უკვე სულ სხვა კითხვებს დაუსვამ საკუთარ თავს აღსარების წინ. იკითხე სახარება! ამ წიგნიდან შეიტყობ, თუ როგორ უნდა იცხოვრო, საკუთარ თავზე გული რომ არ აგიცრუვდეს; როგორ უნდა იცხოვრო, ქრისტე რომ შენით გაახარო; იგი მაშინ გაიხარებს, თუ დაინახავს, მისი მეგობრობისთვის სულ სხვა ადამიანად რომ იქცევი. შენთვის ეს გასაგებია?
- დიახ.
- მზადა ხარ ასეთი მეგობრობისთვის.
- დიახ...
ქრისტიანული ცხოვრება იმაში მდგომარეობს, რომ იყო ქრისტეს ერთგული მეგობარი და მუდამ სწავლობდე რა უყვარს მას, რა არ მოსწონს, რომ მიიყვანა იგი ჯვარცმამდე და შენც ამის მიხედვით იცხოვრო. I საუკუნეებში ქრისტეს ერთგულება ნიშნავდა მზადყოფნას, დაუფარავად გეღიარებინა ქრისტე მდევნელთა წინაშე:
„- მეც ერთი იმათგანი ვარ“. და თუ საჭირო იქნებოდა ჯვარზე გაკრულიყავი, და ამისთვის არ დაგნანებოდა ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი! ადრე ქრისტესთვის ვნება ღირსებად, პატივად, ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო ხვედრად ითვლებოდა მნიშვნელოვანი ნაამბობი ერთ დედაზე, რომელიც რომის კოლიზეუმში ბავშვთან ერთად გარბოდა. გზაზე იგი გააფრთხილეს:
- სად გარბიხარ?! იქ ქრისტიანებს აწამებენ!
- ვიცი. მეც მინდა ვეწამო ქრისტესთვის.
- ეს ბავშვი მაინც დატოვე, არ გეცოდება?
- განა შემიძლია იგი მოვაკლო ქრისტესთვის თავის განწირვის სიხარულს?!
დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვემუქრება სიკვდილის ამგვარი საფრთხე. მაგრამ ყოველთვის მაინც დგას ჩვენს წინაშე კითხვა: ქრისტესთან ვართ, თუ მის წინააღმდეგ? თუ შენ სულ უმნიშვნელო რამისთვისაც კი მზადა ხარ ტყუილი თქვა, მზადა ხარ იცრუო სიმხდალის ან რაიმე გამორჩენის მიზნით - მაშინ შენ არა ხარ ქრისტეს მოწაფე. თუ შენ შეგიძლია დაივიწყო სხვისი გასაჭირი, იმიტომ, რომ ეს სარგებლობას არ მოგიტანს, პირიქით, თუ ეს შენგან ძალისხმევას მოითხოვს, და შენ ამ შესაძლებლობებს დაზოგავ, მაშინ შენ არა ხარ ქრისტეს მოწაფე. ქრისტეს მოწაფეობა სულაც არ ნიშნავს აუცილებლად საგმირო საქმეების ჩადენას. საკმარისია გმირულად მოიქცე ყოველდღიურად, სულ უმნიშვნელო წვრილმანებში; განდევნო შენგან ბოროტი გულისთქმანი, განიწმინდო გული ისე, რომ ღირსი შეიქმნე იმ სიყვარულისა, რაც ღმერთს შენდამი გააჩნია, არ გრცხვენოდეს შენს თავს უწოდო ქრისტიანი.
იყო ქრისტეს მოწაფე - ნიშნავს მზად იყო იმისათვის, რომ ადამიანებს უთხრა:
- დიახ, მე ქრისტესი ვარ. და თუ თქვენ ამის გამო შემაქცევთ ზურგს, იყოს ნება თქვენი; მე არ ვაპირებ ქრისტეს უარყოფას თქვენთან მეგობრობის სანაცვლოდ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გმირობის ჩასადენად ზოგჯერ ერთი წამიც სამკარისია. მაგრამ გმირული საქმეები ადამიანს ყოველთვის როდი ეძლევა. ყოველდღიური გმირობა არც არის აუცილებელი. მამა სერგი ბულგაკოვს ერთი ასეთი სტატია აქვს: „გმირობა და მოღვაწეობა“. „გმირობა - ამბობს მამა სერგი, - არის მხოლოდ რაღაც კონკრეტული ქმედების განხორციელების მომენტი და იგი შეიძლება დამთავრდეს გამარჯვებით ან მარცხით“. მოღვაწეობა კი ცხოვრების ისეთი წესია, რომლის დროსაც ადამიანი დღენიადაგ სწავლობს ქრისტესგან, თუ როგორ იცხოვროს; მოიხვეჭს თავის სულში ქრისტეს ნათელს; მტკიცედ იღწვის იმისათვის, რომ იცხოვროს და ღირსეულად ატაროს ადამიანისა და ქრისტიანის სახელი. მაგრამ რას ნიშნავს ადამიანის სახელი? ვიმეორებ: შეხედე ქრისტეს. კაცობრიობის ისტორიაში იგია ერთადერთი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით, ადამიანი, ისეთი დიდი, ისეთი სუფთა და გახსნილი ღვთის წინაშე, რომ მასში ღმერთი და ადამიანი ერთმანეთს შეერწყა და ამ ერთობაში ადამიანი არ იკარგება.
ქრისტეს განკაცების ისტორიაში ეს ასრულებს კოლოსალურ, უდიდეს როლს. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი გახდა ადამიანი, განკაცდა; რომ ქალწულისაგან შობილი იესო, იყო ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით.
მაგრამ როგორ ხდება ეს?
როგორ ხდება ღვთაებრივისა და ადამიანურის შეერთება?
ამაზე პასუხი წმიდა მაქსიმე აღმსარებელს აქვს. იგი გვეუბნება, რომ ქრისტეში ღვთაებრივი ისევე შეერწყა ადამიანურს, როგორც ღუმელში რკინას ერწყმება ცეცხლი. დააკვირდით ჯერ როგორ ნაცრისფერდება, იბურება ცეცხლში რკინა, მერე იქიდან გამოღებული როგორი მანათობელი და ცეცხლოვანია. რკინა და ცეცხლი ისე შერწყმია ერთმანეთს, რომ ცეცხლით შეიძლება გაჭრა რკინა, რკინით კი ცეცხლი ააელვარო (ასე იძენენ ისინი ერთმანეთის თვისებებს). ჩვენ მოწოდებულნი ვართ ასევე გავერთიანდეთ ქრისტეში და მისი ცხოვრება ჩვენს ცხოვრებად ვაქციოთ. საიდუმლოებებში, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრეთ, სწორედ ჩვენი ქრისტესთან შეერთების მომენტია განცხადებული, როდესაც თითოეული ადამიანის სხეული ქრისტეს სხეულად იქცევა. მამა სერგი ბულგაკოვი წერს:
- ქრისტიანული ტაძარი ეს არის მიწაზე განკაცებული ქრისტეს სამყოფელი, ამიტომ ჩვენ ყველანი მისი განკაცებული ღვთაებრივი სხეულის ნაწილები ვხდებით.
აი, რას ნიშნავს ქრისტიანობა.
როგორ განვახორციელოთ ყოველივე ეს პრაქტიკულად ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე? ზოგჯერ ეს ძალზე იოლია, ზოგჯერ კი რთული. მახსოვს ერთი მეგობრის ნაამბობი, რომელიც ჩემზე ათი წლით უფროსია. იგი შვეიცარიის ქალაქ ციურიხის ეპისკოპოსი იყო. ახალგაზრდობაში პარიზში სწავლობდა. ისეთი მაღალი და მხარბეჭიანი იყო, რომ შეუძლებელი იყო ვინმესთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ამის გამო ყოველთვის წუწუნებდა. ერთხელაც მეტროში ერთმა ბიჭუნამ სახელოზე მოქაჩა და ჰკითხა:
- ძია, არ გწყინდებათ იქ, მაღლა მარტო დგომა?
ბიჭი ცეროდენა იყო, ჩემი მეგობარი კი ძალიან მაღალი.
როცა ომი დაიწყო, მისგან წერილი მივიღე. მწერდა:
- ყოველთვის ვუჩიოდი ჩემს სიმაღლესა და მხარბეჭს, ახლა კი ისე მიხარია ასეთი რომ ვარ. სროლისას ჩემს უკან ორ ადამიანს მაინც თავისუფლად შეუძლია თავის შეფარება.
ეს არ იყო ლიტონი სიტყვები, რადგან ომში იგი, მართლაც, ასე იქცეოდა, თავს სდებდა არა მარტო თავისი მეგობრისთვის, არამედ ყველა ჯარისკაცისთვის, რომელსაც შეეძლო მის უკან დამალვა. იგი ამ ომში არ დაღუპულა. მაგრამ მთავარია, რომ მას შეეძლო თავგანწირვით აფარებდა სხვა ადამიანს.
ჩვენ შეიძლება ცხოვრების მანძილზე ვერ გამოვიჩინოთ ასეთი გმირობა, რადგანაც ასეთი შესაძლებლობა ადამიანს ძალიან იშვიათად ეძლევა; მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დიდსა და მცირე საქმეში ვიღვაწოთ, ყოველთვის წინ ვიაროთ, რომ მივემსგავსოთ ქრისტეს და გავახაროთ იგი ჩვენი განწმენდით, იმით, რომ გავითავისოთ მისი თვისებები, შევიმეცნეთ რა არის მისთვის მიუღებელი და რა სასიხარულო.
მახსოვს მღვდელი გიორგი შუმკინი, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, თუმცა მე იგი ხანდაზმული მეჩვენებოდა, რადგან მე 10 წლისა ვიყავი. მან თავი ჩვენდამი დამოკიდებულებით დამამახსოვრა. იგი ჩვენი ბანაკის მოძღვარი იყო. ყველას გვანცვიფრებდა იმით, რომ ჩვენს შორის არავინ ჰყავდა გამორჩეული, ყველანი ერთნაირად ვუყვარდით. როცა კარგად ვიქცეოდით ხარობდა, როცა ცუდად, კი ვუყვარდით, მაგრამ უკვე გულისტკივილს გამოხატავდა და ამ ტკივილით გვაფხიზლებდა და გვკურნავდა. მაშინ მე ღმერთის შესახებ არაფერი ვიცოდი და მისი ასეთი საქციელი მაოცებდა. მერე კი, როცა ღვთის შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ ღმერთსაც ასე ვუყვარვართ. ჩვენით ხარობს და ჯვარსაც ეცვა ჩვენთვის. ამიტომაც გახდა მამა გიორგის გულისტკივილი ჩვენი განახლების საფუძველი. ბევრი ჩვენგანი შეიცვალა იმიტომ, რომ ვერ გავუძელით მისი გულისტკივილის და განცდების ასე მძაფრად გამოხატვას.
აი, რაში მდგომარეობს, ჩემის აზრით, მარტივად და უბრალოდ რომ ვთქვათ, დღეს ქრისტიანობა.
წიგნიდან „საფეხურები“, თბილისი, 2000 წ.
წყარო: www.orthodoxy.ge