ბოლო დროს უფრო და უფრო ნათლად ვხედავთ თუ რაოდენ ფაქიზია ჩვენი ბუნება და თუ რა გავლენა შეუძლია მოახდინოს მასზე ადამიანის ქმედებამ. ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, გვმართებს ღმერთის მიერ ჩვენთვის შექმნილი ბუნების მოვლა და გაფრთხილება. სწორედ ამ თემას ეძღვნება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ვახტანგ კობალაძის მოკლე სტატია, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
სტატია ქვეყნდება ავტორის თანხმობით
რწმენა იმ ფაქტისა, რომ ბუნება და, მათ შორის, ადამიანი, ღვთის შექმნილია, უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი მას უნდა გაუფრთხილდეს. შემთხვევით სამყაროში არაფერი შექმნილა. ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. ცნობილია, რომ, მაგალითად, სხეულის ისეთი ორგანო, როგორსაც ე.წ. ბრმა ნაწლავი წარმოადგენს, უწინ, მედიკოსების აზრით, ორგანიზმისათვის სრულიად ზედმეტი იყო და მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ამ ორგანოსაც შეუცვლელი და საჭირო ფუნქცია ჰქონია. მსგავსი მაგალითების მოტანა უხვად შეიძლება, მაგრამ ამას მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები უკეთ გააკეთებენ. ჩვენ კი, ქრისტიანობის ერთ-ერთ ბურჯს, პავლე მოციქულს დავესესხოთ, რომელიც ბრძანებს: „(ღვთის) მარადიული ძალა და ღვთაებრიობა მისი, სამყაროს შექმნიდან მისსავე ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება“ (რომაელთა 1, 20). მართლაც, ღვთის ნებისმიერ, თუნდაც თითქოსდა ყველაზე უმნიშვნელო ქმნილებაშიც კი, უზენაესის ხელი, მისი ძალა და უდიდესი სიბრძნე ჩანს. ამიტომაც წერდა აწ უკვე წმნინდანად შერაცხილი ბერი ალექსი (შუშანია) 1913 წ. თავის ერთ წერილში: „რა არის ცა და ქვეყანა, თუ არა უსაზღვრო აზროვნება, უსაზღვრო სიბრძნე და განკვირვება?! და ასეთი უსაზღვრო აზროვნებისა და სიბრძნის წარმომჩენი, გამგე და მმართველი დიდებით დიდებულ არს ღმერთი! (ცხოვრება ალექსი ბერისა, საგამომცემლო ფირმა „კრიალოსანი“, გვ. 54)“.
ღმერთი არ უგულებელყოფს თავის რომელიმე ქმნილებას. მისთვის ყოველი ქმნილება ძვირფასია. როგორც ქრისტე ბრძანებს: „განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება, მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე“ (ლუკა, 12, 6).
ღმერთი თავის მადლს, თავის სასწაულებს არაერთხელ ავლენს ისეთი ცხოველების მეშვეობით, რომელთაც ადამიანი განსაკუთრებით შეურაცხებად მიიჩნევს. გადმოცემის მიხედვით, ერთხელ ფსალმუნების წერაში დავით წინასწარმეტყველს სასახლის შორიახლოს, ჭაობში მყოფი ბაყაყის ყიყინმა შეუშალა ხელი. მეფემ მისი განდევნა ბრძანა, მაგრამ შემდეგ, თავის ნაწერზე სამჯერ ნახა დიდი ბაყაყი, რომელმაც უთხრა: „არ დაგანებებ შენ, რომ ადიდო ღმერთი, როგორც შენ არ დამანებე მე ვადიდო ის“. დავითმა ბაყაყის დევნა შეწყვიტა და თქვა: „ყოველი სული აქებდით უფალსა“.
ერთი ძველაღთქმისეული გრძნეულის, ბალაამის ვირი ღვთის ანგელოზის ნახვის ღირსი ხდება, რის შემდეგაც იგი თავის ბატონს სასწაულებრივად ადამიანური ენით მიმართავს (რიცხვნი, 22, 22-30).
ელია წინასწარმეტყველს, ღვთის განგებით, ყვავი უზიდავდა საკვებს (საღმრთო სჯული, თბილისი, 1993, გვ. 27).
მართალია, ძველი აღთქმა იუდაელებს წმნიდა და უწმინდური ცხოველების კლასიფიკაციას უწესებდა, ანუ უწმინდურ ცხოველებს გამოჰყოფდა, რომელთა ჭამაც არ შეიძლებოდა, მაგრამ ამას სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა (რაზე საუბარიც ახლა შორს წაგვიყვანს) და იმას როდი ნიშნავდა, რომ ესა, თუ ის ქმნილება ღვთისათვის საძაგელი იყო. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქრისტეს ამქვეყნიური მისიის შესრულების შემდეგ, ღმერთმა ცხოველების ასეთი დაყოფაც არ ინება და პეტრე მოციქულს სასწაულებრივად გაუმჟღავნა, რომ მისთვის წმინდა და არაწმინდა ქმნილება არ არსებობს: „რაც წმინდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად“ -- ეუწყა წმინდა პეტრეს ხილვაში (საქმე მოციქულთა 10, 11-16).
პავლე მოციქულიც ამავე სულისკვეთებას იზიარებს, დასძენს, რომ „კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება, და არ არის უარსაყოფი (1 ტიმ. 4,4). ბიბლიის დაბადების წიგნი გვამცნობს, რომ ღმერთმა ადამიანი ყოველგვარ ქმნილებაზე მაღლა დააყენა, ადამს დაარქმევინა ცხოველებისათვის სახელები (დაბ. 2,19). მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი ქმნილების ბოროტად გამოყენების ნება მისცა. სოლომონ ბრძენი თავის იგავებში პირდაპირ წერს: „მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლისათვის, ბოროტეულთა გული კი სასტიკია“ (იგავ. 12, 10).
ბიბლიის ამ სწავლების გამოძახილს წარმოადგენს მე-11 საუკუნის სასულიერო მოღვაწის, მწერლის გიორგი მცირის სიტყვები: „ხოლო ღმერთისა მსგავსი მოწყალება ეს არს, რათა კაცი ზიართა ბუნებისა თვისისათა სწყალობდეს, არამედ, რათა პირუტყვთაცა ზედა მისწვდეს მოწყალებითა (გიორგი მცირე, გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება, ქართული პროზა, წ. 1, თბილისი, 1982, გვ. 45).
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (მე-19 საუკუნე) კი, მაგალითად, პირუტყვთა შებრალების თემას მთელ ქადაგებას უძღვნის, რომელსაც რეფრენად სოლომონის ზემოთ მოხმობილი სიტყვები აქვს წამძვარებული. წმ. გაბრიელი დასძენს: „ვინც ჰფიქრობს, რომ ამ საგანზე არა ღირს უბნობა ეკლესიასა შინა...მას არ უფიქრია...რა წინააღმდეგია კეთილისა და ქრისტიანულისა ზნეობისა უწყალო მოქცევა საქონელთან“. პირუტყვისადმი სასტიკი მოპყრობა ცოდვაა, აგრძელებს მქადაგებელი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანი ბოროტი და ფიცხია. ღმერთმა პირუტყვნი დაგვიმორჩილა და სამსახუროდ მოგვცა, მაგრამ მათი ტანჯვის უფლება არ მოუცია. „ღმერთს...არ იამება, რომ უფროსმან და უმჯობესმან მისმან ქმნილებამან, ესე იგი კაცმან, სტანჯოს და აწვალოს უმცროსნი მისნი ქმნილებანი -- პირუტყვნი“. ეპისკოპოსის თქმით, ეს ისევე შეუფერებელია, როგორც ის, რომ შენი უფროსი შვილი უმცროსს სასტიკად ეპყრობოდეს. პირუტყვისადმი უწყალო მოპყრობა თვით ადამიანსაც უშუალო ზიანს აყენებს, რადგან ხშირი გულფიცხობა და სისასტიკე მას ჩვეულებაში გადაეზრდება და შემდეგ არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ადამიანების მიმართაც ასევე მოიქცევა (ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა, ტ. 1, თბილისი, 1989 წ., გვ. 448-451).
ადამიანის ცოდვა, ამავე დროს, ბუნებაზეც გადადის, მასზეც ახდენს გავლენას, რაკიღა მთელი ბუნების გვირგვინი ადამიანია. ჯერ კიდევ ადამისა და ევას ცოდვა მიზეზი გახდა იმისა, რომ მიწა დაიწყევლა მათ გამო, ძეძვი და ეკალი აღმოცენდა (დაბ. 3,17-18); ქმნილება დაემორჩილა ამაოებას“, „მთელი ქმნილება გმინავს და წვალობს აქამდე“, რადგან ადამიანთან ერთად მასზეც გავრცელდა ამქვეყნიური კანონები, იგიც მოკვდავია, იგიც იხრწნება და ამ მდგომარეობისაგან იგი, ადამიანთა მოდგმასთან ერთად, მაშინ გათავისუფლდება, როცა ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ ახალი ცა და ახალი დედამიწა შეიქმნება (პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლის გამნარტებანი, Толковая библия, Т. 3, Стокгольм, 1987). ეს ადამიანის, როგორც ღვთის „შესაქმის გვირგვინის“ იდუმალი კავშირია დანარჩენ სამყაროსთან.
წმინდანთა ცხოვრებიდან მრავალი ფაქტია ცნობილი, როცა წმინდანებს გარეული ცხოველებიც კი ემორჩილებოდნენ. მაგალითისათვის წმ. სვიმონ მესვეტეს (356-459 წწ.) მოვიტანთ, რომლის სახელის ხსენებაზე, თურმე მხეცები მორჩინლი და თვინიერნი ხდებოდნენ და წმინდანიც სასწაულებრივად არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც ჰკურნავდა (ცხოვრება სიმეონ მესვეტისა, თბილისი, 1996 წ., გვ. 13-14).
ასე რომ, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მისია ბუნების დაცვაცაა. დღესდღეობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მართალია, დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიურ საკითხებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ კუთხით დღევანდელ საქართველოში ბევრი პრობლემაა და ეკლესიასაც მეტის გაკეთება შეუძლია.