გთავაზობთ ამონარიდს V საუკუნის ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსის სოკრატე სქოლასტიკოსის "საეკლესიო ისტორიიდან" ჩვენი ეკლესიისათვის მეტად აქტუალურ თემაზე.
ძვ. ბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ჯაშმა
არცერთი სარწმუნოება იცავს ერთსა და იმავე ჩვეულებას და ატარებს ერთსა და იმავე შეხედულებას ღვთის შესახებ. რამეთუ ერთი და იმავე რწმენის მქონენიც კი განსხვავდებიან ჩვეულებით ერთმანეთისაგან. ამიტომ, უჯერო არ იქნება, ცოტა რამ გიამბოთ ეკლესიებში არსებულ ჩვეულებათა შესახებ.
უცბად აღმოაჩენ, რომ პასექის წინ სხვადასხვა [ეკლესიებში] მარხვას სხვადასხვაგვარად იცავენ. რომში პასექის წინ სამი შვიდეულის განმავლობაში მარხულობენ შაბათის და კვირა დღის გამოკლებით . ილირიკიაში, მთელ საბერძნეთსა და ალექსანდრიაში პასექის წინ ექვსი კვირა მარხულობენ, რასაც ისინი `ორმოცეულს~ უწოდებენ . მაგრამ სხვები მათგან განსხვავებით მარხვას იწყებენ დღესასწაულამდე შვიდი კვირით ადრე და მარხულობენ მხოლოდ სამი- ხუთი დღის განმავლობაში და მათ შორის შუალედებში, მაგრამ ისინიც ამ პერიოდს `ორმოცეულს~ უწოდებენ. საკვირველია, თუ როგორ განსხვავდებიან დღეთა რაოდენობით და მაინც `ორმოცეულს~ უწოდებენ, და ამ სახელისთვის ერთი ერთ მიზეზს იგონებს, მეორე _ სხვას. აღმოვაჩენთ, რომ არა მხოლოდ დღეთა რაოდენობასთან დაკავშირებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, არამედ საკვებისგან თავშეკავებასაც ერთნაირად არ იცავენ. რადგან ზოგიერთები ყველა სახის სულიერისგან იკავებენ თავს , მაგრამ ზოგი ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ თევზს იგემებს , ზოგი კი თევზთან ერთად ფრინველსაც იხმევს, - ამბობენ, რომ ისინიც მოსეს მიხედვით წყლიდან არიან შექმნილი. ზოგი თხილისგან და კვერცხისგანაც იკავებს თავს , მაგრამ ზოგი მხოლოდ ხმიადს იღებს, სხვები კი ამასაც არა . სხვები მეცხრე ჟამამდე მარხულობენ და განურჩევლად იღებენ საკვებს, სხვა ტომებშიც ათას განსხვავებულ ჩვეულებას შეხვდებით. ვინაიდან არავის შეეძლო ამის შესახებ წერილობითი ცნობის ჩვენება, ცხადია, მოციქულები ამ საკითხს თითოეული მათგანის შეხედულებას და არჩევანს მიანდობდნენ, რათა თითოეულ მათგანს არც შიშით და არც იძულებით აღესრულებინა სიკეთე.
მარხვების შესახებ ასეთი განსხვავებულობა სუფევს ეკლესიებში, საღვთისმსახურო შეკრებების შესახებ კი შემდეგი [მრავალფეროვნებაა]. როდესაც ყველგან მსოფლიო ეკლესიებში ყოველ კვირას შაბათ დღეს აღასრულებენ საიდუმლოებებს, ალექსანდრიაში და რომში ძველი რამ გადმოცემის თანახმად უარს აცხადებენ ამის შესრულებაზე. ალექსანდრიელთა მეზობელი ეგვიპტელები და თებაიდის მაცხოვრებლები შაბათ დღეს აღასრულებენ შეკრებებს, მაგრამ ისინი არ ეზიარებიან საიდუმლოებებს როგორც ეს არის ქრისტიანთა ჩვეულება. რამეთუ ნადიმობისა და ყველა სახის საკვებით დანაყრებულნი საღამოს წირავენ და ეზიარებიან საიდუმლოებებს. ასევე ალექსანდრიაში ოთხშაბათს და ეგრეთ წოდებულ პარასკევს კითხულობენ წმინდა წერილს და მოძღვრები განმარტავენ მას. ამ დროს ყველა ესწრება შეკრებას, თუმცა საიდუმლოთა აღსრულების გარეშე. ეს ჩვეულება ალექსანდრიაში არის უძველესი, რადგან ჩანს, რომ ორიგენე დიდწილად ამ დღეებში მოძღვრავდა ეკლესიებში. იგი იყო ბრძენი მოძღვარი და იცოდა, რომ შეუძლებელი იყო მოსეს დაძაბუნებული რჯულის სიტყვა-სიტყვით განმარტება , პასექის შესახებ თხრობა ჭვრეტისკენ აჰყავდა, ამბობდა, რომ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი პასექი იყო ის, რომელიც მახცოვარმა აღასრულა, მოქმედებდა რა მის მოწინააღმდეგე ძალების წინააღმდეგ ჯვარზე მიმსჭვალვის გზით, _ ამ ჯილდოთი, რომელიც გამოიყენა ეშმაკის წინააღმდეგ . იმავე ალექსანდრიაში წიგნისმკითხველები და მოკარნახენი გამოირჩოდნენ ხან კათაკმეველთაგან ხანაც მორწმუნეთაგან, მაშინ როცა ყველგან მათ მხოლოდ მორწმუნეთაგან ირჩევდნენ.
ვიცი სხვა ჩვეულებაც, რომელიც თესალიაში არის გავრცელებული. იქ კლიროსის წევრი განიკვეთება, თუ დაწვება საკუთარ მეუღლესთან, რომელთანაც კანონით არის დაქორწინებული მანამ, სანამ სასულიერო პირი გახდებოდა; მაშინ როცა აღმოსავლეთში ყველა სასულიერო პირი ნებით იკავებს თავს და ასევე ეპისკოპოსებიც, თუ სურთ, მაგრამ არა იძულებით აკეთებენ ამას . რადგან მრავალ მათგანს ეპისკოპოსობის დროსაც გაუჩენია ბავშვები მისი კანონიერი ცოლისგან. მაგრამ თესალიაში ამ ჩვეულების შემომღები იყო ჰელიოდორი , ტრიკეს ეპისკოპოსი, რომელზეც ამბობენ, რომ იყო სატრფიალო თხზულებების ავტორი, რომლებიც ყმაწვილკაცობისას შეადგინა და უწოდა `ეთიოპიკა~. ეს ჩვეულება დაცულია თესალონიკეში, თვით მაკედონიაშიც და საბერძნეთშიც. ვიცი, რომ თესალიაში არის სხვა ჩვეულებაც: მხოლოდ პასექის დღეს ნათლავენ, რის გამოც მცირედი გამონაკლისის გარდა ძალიან ბევრი მოუნათლავი გარდაიცვალა.
სირიის ანტიოქიაში ეკლესიას აქვს შებრუნებული მდებარეობა, რადგან არათუ აღმოსავლეთით იყურება საკურთხეველი, არამედ დასავლეთით . მაგრამ საბერძნეთში, იერუსალიმში და თესალიაში კანდელის ანთების ლოცვებს კონსტანტინოპოლელი ნოვაციანელების მსგავსად აღასრულებენ. მსგავსადვე კაბადოკიის კესარიაში და კვიპროსზე შაბათ და კვირა დღეებში ყოველთვის მწუხრზე კანდელების ანთების შემდეგ ხუცესები და ეპისკოპოსები განმარტავენ წმინდა წერილს. მაგრამ ჰელესპონტის ნოვაციანელები ყველაფერში კონსტანტინოპოლელების მსგავსად არ აღასრულებენ ლოცვებს, არამედ ბევრ რამეს გაბატონებული ეკლესიის მსგავსად. ჯამში, ყველგან და ყველა აღმსარებლობაში შეუძლებელია ნახო ორი ერთმანეთთან თანხმობაში მყოფი ეკლესია ლოცვების წესთან დაკავშირებით. ალექსანდრიაში ხუცესი არ ქადაგებს და ამ წესს სათავე დაედო მას შემდეგ, რაც არიოზმა შფოთი შემოიტანა ეკლესიაში . რომში კი ყოველ შაბათს მარხულობენ.
კაბადოკიის კესარიაში ნათლისღების შემდეგ ვინც შეცოდავს განკვეთენ თანაზიარებიდან როგორც ნოვაციანელები. იმავეს იქმან ჰელესპონტელი მაკედონიანელები და აზიაში `თოთხმეტიანელები~. ფრიგიაში მცხოვრები ნოვაციანელები არ ღებულობდნენ მეორედ დაქორწინებულებს, მაგრამ კონსტანტინოპოლში მცხოვრებნი არც ღიად ღებულობდნენ, არც აშკარად განაგდებდნენ, დასავლეთში კი ღიად ღებულობდნენ .
როგორც მგონია, ასეთი შეუთანხმებლობის მიზეზი უნდა გამოეწვია გარკვეულ ჟამს მოღვაწე ეკლესიის წინამდგომლებს, რომლებიც საკუთარი შეხედულებისამებრ განუწესებდნენ მათი მწყემსობის ქვეშ მყოფთ. სხვებმა კი ეს მიიღეს მათგან როგორც კანონი და გადასცეს მათ მონაცვლეებს.
ძნელია ეკლესიებში არსებული ყველა ჩვეულების აღწერა, რომლებიც გავრცელებულია ქალაქებსა და ქვეყნებში, მეტიც, ეს შეუძლებელია. თუმცა, რაც გადმოვეცით, ისიც საკმარისია იმის წარმოსაჩენად, რომ პასექის დღესასწაულს ადგილობრივი რამ ჩვეულების გამო აქვს განსხვავებული აღნიშვნის წესი. ამიტომ, ყბედობენ, რომ თითქოს ნიკეის კრებამ შეცვალა პასექის დღესასწაული, რადგან იქ შეკრებილები ესწრაფოდნენ უმცირესობა თანხმობაში მოეყვანათ უმრავლესობასთან, რომელთანაც ხშირად ჰქონდათ უთანხმოება.
რამეთუ ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან მრავალი უთანხმოება იყო ამის გამო, რაც არც მოციქულებს გამოპარვიათ, როგორც მოწმობს `საქმეთა~ წიგნი. როდესაც მოციქულებმა შეიტყვეს, რომ მორწმუნეებში შფოთი აღიძვრებოდა წარმართებთან უთანხმოების გამო, ყველა ერთად შეიკრიბა და საღვთო კანონი დააწესეს და ეპისტოლეში დაწერეს, რომლის მეშვეობით ამ საკითხებისადმი უმძიმესი მონობისა და ქიშპობისაგან გაათავისუფლეს მორმწუნენი; მათ განაწესეს მართებული ცხოვრებით მოღვაწეობა და დამოძღვრეს ჭეშმარიტი ღვთისმოსავობის აღსასრულებლად; ამცნებდნენ, რომ მხოლოდ აუცილებელი წესები დაეცვათ. მაგრამ ეს ეპისტოლე `მოციქულთა საქმეებში~ არის გადმოცემული და არაფერი გვიშლის ხელს, რომ ის აქ გადმოვცეთ:
`მოციქულები, ხუცესები და ძმები, ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, მოკითხვა. რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის, ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისთვის. ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით. ვინაიდან სათნო უჩნდა წმინდა სულს და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია: ეკრძალეთ ნეკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. მშვიდობით~.
ეს ეთნა ღმერთს, რადგან ეპისტოლე ამბობს: `სათნო უჩნდა წმინდა სულს, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია~, რისი დაცვაც სავალდებულოა. რადგან ზოგიერთები ამაზე არ ზრუნავდნენ და ყოველგვარ გარყვნილებას განურჩევლად ღებულობდნენ, მაგრამ დღესასწაულის დღეებზე როგორც საკუთარი სულისათვის ისე იბრძოდნენ; განუდგნენ ღვთის აღთქმებს, თავისთვის დაიკანონეს და არაფერს ასრულებდნენ იქიდან, რაც მოციქულებმა განაწესეს, საკუთარ თავს უმალავდნენ, რომ იმის საწინააღმდეგოს იქმოდნენ, რაც ღმერთს სთნდა.