† ბართლომეოსი
წყალობითა ღვთისაითა
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა
- ახალი რომისა
და
მსოფლიო პატრიარქი
სრულიად ეკლესიას
მადლი, მშვიდობა და წყალობა
ბეთლემის მაცხოვნებელი შობისგან
კვლავ იშვა ქრისტე და ანგელოზები
კიდევ ერთხელ გალობენ:
„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა,
ქვეყანასა ზედა მშვიდობა,
და კაცთა შორის სათნოება.“
საყვარელო ძმებო და დებო, უფლისმიერო
შვილებო,
ანგელოზები
გალობენ ამ სამ დიდებულ უწყებას, ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა კი, თუმც ზეიმობს
შობის დღესასწაულს, ამ ანგელოზური გალობის მნიშვნელობას ვერ აღიქვამს; არამედ
კითხულობს - ჭეშმარიტად სად იდიდება დღეს ღმერთი ან საერთოდ, რატომ უნდა იდიდოს
ღმერთი? სად შეიძლება ვინმემ, დედამიწაზე აღმოაჩინოს ნაუწყები მშვიდობა და რატომ
უნდა იცხოვროს თანამედროვე კაცობრიობამ სათნოებაში?
ამის
მიზეზი არის ის, რომ, რეალურად ადამიანთა უმრავლესობა ღმერთს არ ადიდებს, არც
საკუთარი საქმეებით და არც საკუთარი სიტყვებით. ბევრი მათგანი თვით ღმერთის არსებობასა
და მათ ცხოვრებაში ღმერთის მყოფობასაც კი ეჭვობს. არის ასევე ბევრი ადამიანი, რომელიც
პასუხისმგებლობას, საკუთარ ცხოვრებაში არსებულ უბედურ შემთხვევებზე, უშუალოდ
ღმერთს აკისრებს. თუმცა, ისინი ვინც ბრალს დებენ ღმერთს აბსოლუტურად ცდებიან,
რადგან მისგან ბოროტი არ გამომდინარეობს. პირიქით, ღვთაებრივი ძისა და სიტყვის
განხორციელების, მისი ჯვარცმისა და აღდგომის ერთგულება, ადამიანის პიროვნებას მის
პირვანდელ მშვენებაში აღადგენს, ანიჭებს მას მარადიულ სიცოცხლეს და მშვიდობას,
რომლის შემეცნებაც განუზომლად აღემატება ზეციური სასუფევლის ადამიანურ აღქმას. საღვთო
მოწყალების ეს აქტი, თუმცა კი უკიდურეს დამცირებას შეიცავს, საკუთარი არსით, კაცობრიობის
მიერ ღმერთის განდიდების გამომხატველია. ამგვარად, საკუთარ გულში ღმერთის
განდიდება, ბევრმა ადამიანმაც კი რომ ვერ შეძლოს, დიდება მაინც მიეგება - მთელი
ქმნილებისა და ყველაფერი იმისგან, რაც ადამიანთა შორის აღსრულდება - მას, ვინც მაღალთა
შინა მყოფობს. მაშ, ჩვენც მადლიერებით ვუგალობოთ ანგელოზებთან ერთად - „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“, მისი საკვირველი
საქმეებისა და ჩვენდამი მისი გამოუთქმელი სიყვარულისთვის.
ამას
გარდა, ადამიანები ანგელოზთა მეორე უწყებასაც - „ქვეყანასა ზედა მშვიდობა“ - ეჭვის ქვეშ აყენებენ. როგორ შეგვიძლია
ვისაუბროთ დედამიწაზე მშვიდობის შესახებ, როდესათ პლანეტის თითქმის ნახევარი ან
უკვე პროცესშია ან კიდევ ემზადება ომისთვის? „ქვეყანასა ზედა მშვიდობა“-სთან დაკავშირებული ანგელოზთა ტკბილი უწყება
უპირველესად, რა თქმა უნდა, საღვთო აღთქმაა, რომ, თუ ადამიანები ახალშობილი ყრმის
მიერ მითითებულ გზას ერთგულად გაჰყვებიან, ისინი შინაგან მშვიდობას და მშვიდობიან
თანაარსებობას მიაღწევენ. მაგრამ, ვაი, რომ ადამიანთა უმეტესობა შეძრული და
შეშლილია ბრძოლის ყიჟინით, რომელიც
ქვეყანაზე მშვიდობის აღთქმის მაუწყებელ ხმას ახშობს. ჩვენ აქ არ
ვგულისხმობთ მათ, ვინც იარაღის გამოყენებას აღტკინებით უჭერს მხარს, არამედ, განსაკუთრებით
მათ, ვინც უბრალო შეჯიბრებას უთანასწორო კონფლიქტად აქცევს და ყველა
მოწინააღმდეგის განადგურებისკენ ისწრაფვის. ამ მხრივ, ომი აღიქმება, როგორც რეალობა
ყველა სახის დაპირისპირებულ სოციალურ ჯგუფსა და პარტიის წევრთა შორის, იქნება ეს -
რასობრივი, პოლიტიკური, პარტიული, ფინანსური, იდეოლოგიური, რელიგიური, სპორტული
თუ სხვა ნებისმიერი სახის, რომელშიც მხარეთა შეხედულებები უპირატესად
ბრძოლისმოყვარულად გარდაიქმნება, ვიდრე მშვიდობიანად. რაც არ უნდა იყოს, ეს ვერ
უარყოფს ანგელოზების მიერ ნაუწყებ ჭეშმარიტებას, რომ ქრისტეს შობით და მისი
მოძღვრების მიღებით, მშვიდობა ნამდვილად იმძლავრებს დედამიწაზე. ქრისტე მოვიდა მშვიდობით
და თუკი მისი მშვიდობა დედამიწაზე ვერ იმძლავრებს, მაშინ პასუხისმგებლობა
დაეკისრება მათ, ვინც ვერ შეძლო მიეღო და ჩაწვდომოდა ამ მშვიდობას და არა ღმერთს
ვინც ის მოგვანიჭა. და რადგან ეს მდგომარეობა ღმერთის მიერ შემოთავაზებულ მშვიდობაზე
თანამედროვე კაცობრიობის ჩვეულებრივი პასუხია, გასაკვირი აღარაა, რომ სათნოება
კაცთა შორის იშვიათია. ღმერთის კეთილი აღთქმა კაცობრიობის მიმართ ჭეშმარიტია
იმგვარად, რომ საღვთო სიყვარულის კეთილი შედეგები ცხადია ადამიანთა მთელი
მოდგმისთვის, განსაკუთრებით კი საგრძნობი მათთვისაა, ვინც პრაქტიკაში აღასრულებს
ანგელოზთა უწყებებს. ამის საპირისპიროდ კი, ისინი ვინც ამ უწყებებს უარყოფენ, იმსახურებენ
და შეურაცხყოფენ სხვა ადამიანებს, იმკიან შედეგებს, რომლებიც სტრესისა და
მღელვარების, ეკონომიკურ და აზროვნების კრიზისებში, საბოლოოდ კი ეგზისტენციალურ
არამდგრადობაში გამოიხატება.
საყვარელო ძმებო და დებო, უფლისმიერო
შვილებო,
უფლის შობისას ნაგალობები ანგელოზთა ყველა უწყება
ის რეალობაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში არსებობს და მთელი სისავსით განიცდება მათ
მიერ, ვისაც სწამს ქრისტესი, როგორც სამყაროს მაცხოვარი ღმერთკაცისა. მოდით, ამ წლიდან
დავიწყოთ შობით იმგვარი ცხოვრება, რაც სათნოა ყოველი სიკეთის მომნიჭებელი
ღვთისთვის, რომ ჩვენც საკუთრ გულებში შევძლოთ ტრანსცენდენტული მშვიდობისა და ღვთის
ჩვენდამი სიყვარულის განცდა. მოდით, საკუთარი თავი, ღმერთთან და სხვა ადამიანებთან
ურთიერთობაში, მოსიყვარული ადამიანებად ვაქციოთ, გავხდეთ გამზიარებელი პიროვნებები
და არა ეგოისტი ინდივიდები. მოდით, მოვიცილოთ ნიღბები, რომელიც ღმერთისგან და მისი
ადამიანური ხატებისგან, ჩვენი მოყვასი ადამიანისგან განგვაუცხოებს და გამოგვყოფს. და
მოდით, საკუთარი მოწოდება ღმერთისადმი რწმენისმიერი ცხოვრებით ღმერთის მსგავსებაში
სრულვყოთ. მოდით, ჩვენც ვაუწყოთ ანგელოზთა გალობა კაცობრიობას, რომელიც საშინლად
იტანჯება და საკუთარი ჩვეულებრივი გზებით მშვიდობისა და სათნოების აღმოჩენა არ
ძალუძს. ერთადერთი გზა, რომელიც აგვარიდებს ომს და ყველა სახის კრიზისის, მათ
შორის ფინანსურს, რომელიც, მხოლოც კი, ჩვენი სამყაროს დასნებოვნებისათვის
საკმარისია, არის ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ ის არის გზა,
ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ამიტომ ჩვენ ვადიდებთ
ღმერთს მაღალთა შინა და იესო ქრისტეს, რომელმაც ღირსგვყო ჩვენ შორის ცხოვრებით. ჩვენ
ანგელოზებთან ერთად ვაუწყებთ, რომ მშვიდობა მიღებადია და ჭეშმარიტად არსებობს
დედამიწაზე და ჩვენს გულებში, რადგან ჩვენ შევურიგდით ღმერთს მის კეთილ ნებაში - მიეღო
ხორცი ბაგაში შობით. ამგვარად, მოდით განვიცადოთ იესო ქრისტეს შობისმიერი სიხარული
და ვიგემოთ ყველა ის სიკეთე, რაც ანგელოზთა სამგზისი უწყებით გამოცხადდა. ამინ.
ფანარი, 2011 წლის ქრისტესშობა
† ბართლომეოს კონსტანტინეპოლელი
ღვთის წინაშე ყველასთვის დაუცხრომლად მვედრებელი