Thursday, March 17, 2011

იაპონიაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩვენი ბლოგი სამძიმარს უცხადებს იაპონელ ხალხს და ყველას ვინც ამ საშინელი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. ჩვენი წუხილი, ფიქრები და ლოცვა მათთანაა. ღმერთი სიყვარული არს - ბრძანებს წმ. იოანე მოციქული და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სადაც უბედურება, გაჭირვება და ტრაგედიაა, უფალი უფრო ახლოსაა თავის ქმნილებასთან რათა
ანუგეშოს და ფეხზე დააყენოს იგი.

ფოტო გადაღებულია 1882 წელს. ფოტოზე გამოსახლულნი არიან სრულიად იაპონიის საეკლესიო კრების მონაწილენი. ცენტრში ზის მოციქულთა სწორი,
წმინდა ნიკოლოზ იაპონელი


ამ ამბებთან დაკავშირებით ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით (http://www.oca.org/news/2467), ორგანიზაცია “საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული ქველმოქმედება” (International Orthodox Christian Charities (IOCC)) დაუკავშირდა იაპონიის ავტონომიურ მართლმადიდებელ ეკლესიას 2011 წ. 11 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულთა დახმარების სურვილით. იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია მუშაობს გადარჩენილთა საჭიროების შეფასებაზე და ამავე დროს აცხადებს, რომ ერთი მღვდელი ტოჰოკუდან დაკარგულია.


“წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ტოჰოკუს სამრევლოს ეკლესიის შენობების უმრავლესობა ძლიერაა დაზიანებული და ერთი მღვდელი დაკარგულია” – აცხადებს იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი დიმიტრი ტანაკა –“ თუმცა ჩვენ დავაზუსტეთ, რომ სენდაის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, მეუფე სერაფიმეს ჩათვლით, უსაფრთხოდ არიან.

იმის გამო, რომ კომუნიკაციის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დაზიანდა, იაპონიის ეკლესია ჯერ კიდევ აზუსტებს დაზარალებულ ადგილებში მრევლის წევრების უსაფრთხოებასა და კონკრეტულ საჭიროებებს.
მამა დიმიტრიმ გვითხრა, რომ ტოკიოში აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი და მიტროპოლიის საბჭოს შენობა დაზიანებას გადაურჩნენ.

8,9 სიძლიერის მიწისძვრის შემდეგ გამოწვეულმა ცუნამმა რამოდენიმე სანაპირო ქალაქი წალეკა, მათ შორის სენდაი, სადაც მდებარეობს იაპონიის ავტონომიური ეკლესიის აღმოსავლეთ იაპონიის ეპარქიის საეპისკოპოსო საყდარი.

ორმაგი უბედურების საოცარმა მასშტაბებმა აიძულა იაპონიის მთავრობა რათა საერთაშორისო დახმარება ეთხოვა. IOCC შეათანხმებს თავის გამოძახილს ადგილობრივ მართლმადიდებელ და ეკუმენურ პარტნიორებთან იაპონიაში, რათა დახმარება გაუწიოს იაპონელ ხალხს.


ა.წ. 15 მარტს, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იაპონიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, წმიდა სინოდის წევრებთან ერთად იმყოფებოდა იაპონიის საელჩოში თანაგრძნობის გამოსახატავად.

ასევე წერილი გაეგზავნა

მის უდიდებულესობას, იაპონიის იმპერატორ აკიხიტოს

"ყველა მწუხარებით ადევნებს თვალს იმ მოვლენებს, რაც 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში განვითარდა. ეს ტრაგედია მსოფლიო ტკივილად იქცა. მიიღეთ საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სამძიმარი და დიდი გულისტკივილი და გთხოვთ გადასცეთ იგი თქვენს მოსახლეობას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ იაპონიამ ამ დღეებში მსოფლიოს უჩვენა მაგალითი სიმტკიცისა, შინაგანი სიძლიერისა და ორგანიზებულობისა, მაგალითი იმისა, თუ როგორ ღირსეულად შეუძლიათ ამ ქვეყნის მკვიდრთ გაუძლონ ურთულეს პრობლემებს. ღმერთმა დალოცოს იაპონია და მისი მკვიდრნი. ღმერთმა მთელ მსოფლიოს მიანიჭოს მშვიდობა",-აღნიშნულია იაპონიის იმპერატორ აკიხიტოსადმი გაგზავნილ პატრიარქის წერილში.

ილია მეორის სახელით ანალოგიური შინაარსის წერილი მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ტოკიოსა და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტ დანიელს გაეგზავნა.