Saturday, August 6, 2011

რა მიზეზისა გამო დაშორდნენ ერთმანეთს მღვდელი და ერი?


სტატია და ბიოგრაფიული ცნობები ავტორის შესახებ მოგვაწოდა სოფიო ზვიადაძემ.
ვფიქრობთ, მკითხველისთვის ცხადი გახდება, რომ ესოდენ თავდადებული სასულიერო პირის კრიტიკული წერილი დღესაც ისეთივე აქტუალურია როგორც ეს XX საუკუნის დასაწყისში იყო.


სოფიო ზვიადაძე

მღვდელ ილარიონ ჯაშის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ამ “სულით და ნაყოფიერებით მდიდარი ადამიანის” დავიწყების გამო სინანულით წერს 1917 წლის ჟურნალი “სვეტიცხოველი”-ც. მღვდელი ილარიონ ჯაში მსახურობდა თბილისში ამაღლების ტაძარში. 1904-1907 წლებში იგი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკაფელიის აღდეგნისათვის. იგი ესწრებოდა ავტოკეფალისტთა ყველა კრებას და შეხვედრას. მისი მონდომებით და მოხერხებით 1905-1906 წლებში გავრცელდა წმ.ნინოს ჯვრიანი ბეჭდით შემოწმებული პროკლამაციები. ილარიონ ჯაში იყო ასევე გაზეთ “სიტყვის” ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, რომელსაც ეგზარქოსი ნიკონი “სინოდისთვის გამზადებულ ჯოჯოხეთის მანქანას” უწოდებდა. მთავრობამ ი.ჯაში მისი “სითამამისათვის” თბილისიდან გადაასახლა ჯერ ბაქოს გუბერნიის ერთ-ერთ სოფელში, მოგვიანებით კი რუსეთის სხვა უფრო შორეულ პროვინციაში. ილარიონ ჯაში, რომელმაც ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს “უშიშრად შესწირა კარგი ადგილი, მშვენივრად მორთული კარ-მიდამო, იშვიათი ცოლ-შვილი და ყოველივე პირადული”, გარდაიცვალა 1911 წელს რუსეთში. ის თავად ვეღარ მოესწრო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიიის აღდგენას.



ავტორი: მ ღ ვ დ ე ლ ი ილარიონ ჯაში

(1905 წლის 15 ნოემბერი)

რომ მღვდელსა და ერს შორის, განსაკუთრებით მღვდელსა და ინტელიგენციას შორის განცალკავებამ მიაღწია უკიდურეს საზღვრამდის, ეს ყველასთვის ცხადია, ამას აღიარებს თვით სამღვდელოება. აწინდელი მწყემსი არ გრძნობს თავს „სამწყსოსთან“ ერთად, უკანასკნელიც არ სცნობს, მწყემსს თავის ხელმძღვანელად, სულიერ მამად, უყურებს მას, როგორც ცხოვრების ახალი მიმართულების მტერს და შორს გაურბის.
ვეცდებით მიუდგომლად გამოვარკვიოთ სამწყოს მიერ მწყემსის ათვალწუნების მიზეზები.
როგორც ეხლა, ისე ძველად სამღვდელოება იყოფოდა ორს ნაწილად: შავ სამღვდელოებად, რომელსაც შეადგენდნენ ბერები და თეთრს სამღვდელობას, რომელსაც ეკუთვნოდნენ საკუთრივ მღვდლები. ბერები მღვდლებზედ გაცილებით უფრო განათლებული იყვნენ. პირველნი ცხოვრებდნენ განცალკევებით მონასტრებში და თითქმის მთელ თავისს სიცოცხლეს ატარებდნენ მწიგნობრობაში და სწავლა-განათლების გავრცლებაში. ამ მონასტრებში სწავლობდნენ თვით მეფის ძენი, თავად-აზნაურნი, სამღვდელო ხარისხის მისაღებად განმზადებულნი და სხვ.
მღვდლები, როგორც ეხლა, სცხოვრობდნენ ხალხში, რომელსაც გადასცემდენ მონასტერში მიღებულ ცოდნას. იგინი გლეხებივით ეკუთვნოდნენ მიწის მომუშაველ კლასს, იღებდნენ მონაწილეობას ყოველ-ნაირ სასოფლო საქმეში, იყვნენ ისეთივე ღარიბ-ღატაკნი და უშნო-ულაზათონი, როგორც გლეხები, ხოლო ღრმად მორწმუნენი, ფრიად მტკიცენი სარწმუნოებაზე. მღვდელის ოჯახი, სცხოვრობდა იმ სახითვე, როგორც სცხოვრობს გლეხ-კაცი, საჭმელ-სასმელი მას იგივე ჰქონდა, რაც გლეხს, მისი სტუმარი იყო გლეხი, უკანასკნელი იყო მისი მასპინძელი. მოთხოვნილება და ჩვეულება ჰქონდათ ერთნაირი. ამის მიუხედავად, სამღვდელოება ირიცხებოდა მოწინავე წოდებად და იყო ყველასგან, როგორც დიდკაცობისა, ისე მდაბიო ხალხისაგან, ფრიად პატივცემული. ეს მარტო იმით კი არ აიხსნება, რომ მაშინ ხალხი უფრო მორწმუნე იყო, არამედ იმით, რომ სამღვდელოება განათლებით თითქმის ყველა სხვა წოდებაზე მაღლა იდგა, სწავლა-განათლების გამავრცელებელნი იყვნენ თითქმის მარტო სასულიერო პირნი.
მღვდელსა და ერს შორის კედლის ამართვა დაიწყო გასული საუკუნის მე-60 წლებიდან, ბატონ-ყმობის გადავარდნის შემდეგ; უფრო კი შესამჩნევად დაშორდა ერთმანეთს ეს ორი წოდება იმ დროიდგან, როდესაც სწავლა-განთლების გასავრცელებლად შემოღებულმა საერო სკოლებმა მაგრად მოიკიდეს ფეხი.
1. მღვდელსა და ერს შორის ერთობას ხელს უწყობდა ბატონ-ყმობა. ეს ტვირთი ერთსაცა და მეორეს ერთნაირად აწვა და სჩაგრავდა. ამისთვის ლხინი და ჭირი იყო საზოგადო ერთსაცა და მეორესაც ინაწილებდნენ და ამ რიგად უსუბუქებდნენ ერთმანეთს ცხოვრების ტვირთს. ნათქვამია, რომ ისე არა აახლოვებს-რა ადამიანებს, როგორც მწუხარება და უბედურება; მაშინ ვგრძნობთ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა საერთო, საზოგადო, რომ ჩვენ ვართ ერთმანეთთან დაახლოვებულნი. გაიარა საზოგადო მწუხარებამ, ყმა გადაიქცა მესაკუთრედ, შეუდგა მიწის შემუშავებას და დაიწყო თავისთვის ცხოვრება. მღვდელი კი თითქმის სრულიად განთავისუფლდა შრომიდან და დააწვა კისერზე გლეხს. უწინ ის სთხოვდა მრევლს დახმარებას მიწის შემუშავებაში და მრევლი კიდევ ეხმარებოდა. შემდეგში-კი მღვდელს „დრამამ“ და სახაზინო ჯამაგირმა მისცა საშუალება ქირით ეკეთებინა საქმე. ამ გარემოებამ აგრძნობინა მღვდელს თავისი თავი დამოუკიდებლად, თითქმის ბატონად. საეკლესიო წესების შესრულებაში ის იღებს ფულს და ამ მხრივ ის მაინც დამოუკიდებელია მრევლისაგან, მაგრამ აქ ისე მოაწყო საქმე, რომ მრევლმა დაუწყო ყურება წესის შესრულებას, როგორც შრომას, რომელიც დასაჩუქრებელი უნდა იყოს. ამნაირად „დრამამ“ და ჯამაგირმა გამოყო სოფლის მღვდელი გლეხთა წრისაგან და დაიბადა სრულიად განსაკუთრებული წოდება, რომელიც თავისი გარეგანი ცხოვრებით და სულიერი მოთხოვნილებით უახლოვდება ესრედ წოდებულ ბურჟუაზიას. ასე თუ ისე, ჭეშმარიტებაა, რომ ეკონომიკური ფაქტორი არის ერთი იმ უმთავრესი მიზეზთაგანი, რომელმაც აღმართა კედელი მღვდელსა და მრევლს შორის.

2. უწინ, როგორც ზევით მოვიხსენეთ, სწვალა-განათლების წარმომადგენელი იყო სამღვდელოება. შემდეგში მისი ადგილი დაიკავა ინტელიგენციამ. სამღვდელოებამ, ადვილად არ დაუთმო Yთავისი ადგილი მას. იგი შეებრძოლა მას და საეკლესიო კათედრიდანა დაუწყო კიცხვა ევროპულ განათლებას, საერო ხელოვნება და მეცნიერება გამოაცხადა მავნედ. ინტელიგენციამ მისცა პასუხი. სამღვდელოება მალე დარწმუნდა, რომ ის საკუთარის ძალებით ვერას გახდებოდა ევროპულად განათლებულ ინტელიგენციასთან, ამისთვის მიეკედლა მთავრობას და დაუწყო გუნდრუკის კმევა და მტკიცება თავის ერთგულებისა, მთავრობამ მიიღო სამღვდელოება თავის მფარველობის ქვეშ და დაუწყო ქომაგობის გაწევა. ამისთვის ოფიციალურად სამღვდელობა მუდამ იმარჯვებდა. ამგვარმა საქციელმა მეტის-მეტად გააბრაზა მოწინავე საერო საზოგადოება და რომ საგრძნობლად გადაეხადა ბადალი და სრულიად დაემცირებინა, დაუწყო კიცხვა არა თუ მარტო სამღვდელოებას, არამედ იმ საქმესაც კი, რომელსაც ემსახურებოდა - ეკლესიას და სარწმუნოებას. აქ ნათლად გამოჩნდა, რომ სამღვდელოება იყო გაუნათლებელი, მოუმზადებელი საბრძოლველად. მან მარტო მოგერება-ღა დაიწყო, მაგრამ ეს მოგერებაც ერთობ უხერხული იყო. ის დარწმუნდა, რომ ვერც სხვის დაქომაგებით გახდება რასმეს ინტელეგინეციასთან და პირველობასაც ვეღარ დაიბრუნებდა. ამიტომ, ჩაიკეტა თავის სახლში და მარტო იმას_ღა ცდილობდა, რომ უბრალო ხალხი მაინც არ გამოსცლოდა ხელიდან, ამაზედ მაინც არ დაკარგოდა გავლენა.

3. სამღვდელოებამ მოისურვა, დაეშორებინა თავიანთი შვილები ერის კაცების შვილებისაგან, რომ მათ არ მიეღოთ “მავნე” ევროპიული სწვალა. ამისთვის მან გახსნა საკუთარი სასწავლებელი და მაგრად ჩაიკეტა შიგ. თავისი ჭურჭუტანებშიაც ნიავმა შეიტანა „მავნე სწავლა“ და ეს „სენი“ გადასდო მოზარდ თაობას. ბევრჯერ უყვეს სემინარიის ოთახებს „დეზინფექცია“, მაგრამ ტყუილად. „სენმა“ აქაც მაგრად მოიკიდა ფეხი. საუკეთესო ძალებმა მღვდლობას სხვა სარბიელზე მოქმედება ამჯობინა, სულიერს მამებად-კი წავიდნენ უმეტესად გონება განუვითრებელნი და ზნეობის მხრით არც თუ მაგდენად საქებნი. ან კი შეუძლიან ჩვენს სასულიერო სკოლას აღზარდოს ნამდვილი მოძღვარი?! სამწუხაროდ, არ შეუძლია. ეს სკოლები დამყარებულია ისტორიაზე, წარსულზე. იგი არის თეორიული, იქ მოწაფეებს აძლევენ, გადასცემენ მშრალს, უსიცოცხლო, სხოლასტიკურს ცოდნას! იქ აცნობებენ კლასიკურს იდეალებს და ყურადღებას არ აქცევენ სახალხო თანამედროვე იდეალებს – ხალხის ნამდვილს ცხოვრებას, მის აუცილებელს საჭიროებას და არსებითს ინტერესებს. ამისთვის. საკვირველი არ არის, რომ ათი-თორმეტი წლის სწავლის შემდეგ ამ სკოლაში ნამოწაფარი, როდესაც მღვდლის ხარისხით ხვდება პირის-პირ ხალხს, ვერც კი ახერხებს მასთან დალაგებულს ლაპარაკს. მღვდელი გრძნობს, რომ იგი არ არის მომზადებული ამ საქმისათვის, რომელიც იტვირთა და იკეტება თავის სახლში. მის წირვა-ლოცვას, წესების ასრულებას, მრევლთან საუბარს აქვს ოფიციალური ხასიათი. მრევლიც, რასაკვირველია, ხედავს ამას და შორს გაურბის თავის მოძღვარს. სიმართლე მოითხოვს ვთქვათ, რომ ამ სკოლაში ჩვენს ერს აღეზარდნენ თუ ბევრი არა, ცოტა მაინც ისეთი მოღვაწეც, რომელთაც სახელი გაითქვეს ხალხში სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. სამწუხაროდ, ასეთ მოღვაწეთა რიცხვი მცირეა.

4. მღვდელი არის ქრისტეს სწავლის წარმომადგენელი. ამისთვის ის მოვალეა, დაეხმაროს ტანჯულთ და გაჭირვებულთ, ამოიღოს ხმა, როდესაც ხედავს უსამართლობას. ძველად უმეტნაკლებოდ ესე სჩადიოდნენ მღვდლები. შემდეგში მათ დაივიწყეს ეს წმინდა მცნება, თვალი მოარიდეს უსამართლობას და გულგრილად დაუწყეს ცქერა ხალხთა შორის არა სასურველს დამოკიდებულებას და ცხოვრებას. რა იგრძნეს თავიანთი სისუსტე, იგინი, როგორც ზევით ვთქვით, მიუდგენენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა და მათ სასარგებლოდ დაიწყეს მოთმინებაზე ქადაგება. ამის საბადლოდ იგინი პირდებოდნენ ნეტარ ცხოვრებას საიქიოს და თავიანთი სიტყვების დასამტკიცებლად უთითებდნენ საღმრთო წერილის იმ ადგილებზედ, სადაც საუბარია მოთმინებისა და თავისი სვე-ბედით კმაყოფილების შესახებ. იმ სიტყვებს-კი, სადაცაა მოძმეთათვის თავის დადების შესახებ, თითქოს განძრახ ხელს აფარებდნენ, რომ არ დაეკარგა თავისი წოდებრივი მდგომარეობა. სამღვდელოება ხალხის ინტერესთათვის მებრძოლთ არ თანაუგრძნობდა დაბეჩავებული ხალხის შავი დღის გასაუმჯობესებლად ხმის ამოღებაში და თვითონ ამ საკითხის გამოსარკვევად მაინცა და მაინც ბევრი არა გაუკეთებია რა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთთა ლიტონს და თბილს სიტყვებს.


5. მოძღვრები ამბობენ, რომ იგინი არიან შუამდგომელნი ღვთისა და ერის შუა, საიდუმლოების აღმსულებელნი, უმაღლესი სწავლის მქადაგებელნი. ამისთვის ისინი მოვალენი არიან, იყვნენ შემკულნი ქრისტეს სათნოებით, მოშორებულნი ყოველს ბოროტებას, თავიანთი ზნეობრივის ცხოვრებით და საქმით ერისთვის სამაგალითონი. მაგრამ ხალხი ამისთანა ღირსებებს ვერ ხედავს მწყემსებში, პირიქით, ეს უკანასკნელნი აღსავსენი არიან იმავე ნაკლულევანებით, რითაც მდაბიო ხალხი. მღვდელიც სწორედ ისევე, თუ მეტად არა, ფიქრობს ნივთიერი კმაყოფილების, სამსახურში ამაღლების, ჯილდოების მიღების, დროების გატარების შესახებ, როგორც ერის კაცი. მოძღვართა შორის სუფევს ისეთივე მტრობა, შურისძიება, განხეთქილება, თუ მეტი არა, როგორც ერის კაცთა შორის, როგორც ეს უკანასკნელნი, ისე პირველნი ზრუნავენ ამა სოფლისათვის; იშენებენ ორ-სამ სართულიანს სახლებს, სდგამენ ოთახებში ძვირფასს ავეჯს, მართავენ ტელეფონებს (ქალაქებში), იდგამენ როიალებს და სხვ. სამწყსომ გაახილა თვალი და დაინახა რომ მათ მწყემსების სიტყვა და საქმე ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან...

აი მოკლედ ის უმთავრესი მიზეზები, რომელთაც აღმართეს მღვდელსა და
ერს შორის გაუვალი კედელი. რით შეიძლება ამ კედლის დაქცევა, რომ
დამყარდეს მწყემსა და ერს შორის ჩვენის ქვეყნის წარმატების
მოტრფიალეთათვის ესოდენ სასურველი ნამდვილი გულითადი ერთობა?
ამის პასუხი სხვა დროისათვის გადავდოთ.

“საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მაცნე”-ს დამატება (რუს.), 1905,
#21-22, 15 ნოემბერი