საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 30 ივნისი, 2006 წელი
აღნიშნული სტატია განთავსებულია ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის ვებ გვერდზე.
სიტყვა მეცნიერებაში მე ვგულისხმობ მეცნიერებას თანამედროვე გაგებით, რასაც ეწოდება საბუნებისმეტყველო მეცნიერება (science), რომელიც ჩამოყალიბდა XVII საუკუნიდან. ამ მეცნიერებას განუზომლად დიდი გავლენა აქვს თანამედროვე ცივილიზაციაზე და ის სულ უფრო მიუწვდომელი ხდება არაპროფესიონალებისთვის რაც შეიძლება ცრურწმენებისა და უსაფუძვლო შიშის წყარო იყოს.
მე მქონდა ბედნიერება, რომ ჩემი სწავლის, განათლებისა და მუშაობის პირველი ეტაპი დავუთმე ფიზიკას და ასე თუ ისე შიგნიდან ვიცნობ მეცნიერებას, თუმცა დღეს აქტიურად არ ვმუშაობ ამ დარგში.
თანამედროვე საბუნებიმეტყველო მეცნიერების უმთავრესი პრინციპი
დასაწყისისთვის მოგიყვანთ ერთ პატარა მაგალითს, რომელიც, შეიძლება დაგვეხმაროს იმ უმთავრესი იდეის გასაგებად, რომელსაც ეხება ჩემი დღევანდელი მოხსენება:
წარმოიდგინეთ გაზქურა, რომელზეც დგას ჩაიდანი და მასში ადუღდა წყალი.
ისმის კითხვა: რა მოხდა? რატომ ადუღდა წყალი?
ერთი პასუხი: წყალი ადუღდა იმიტომ, რომ ქვეშ არის ცეცხლი, რომელმაც გაახურა წყალი და, შედეგად, ის ადუღდა. შეიძლება, უფრო დეტალური პასუხი გავცეთ: წყლის გახურების შედეგად წყალში მოხდა ორთქლის ბუშტების აქტიური წარმოქმნა, რომლებიც ზედაპირზე ამოდიან და სწორედ ესაა დუღილის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ.
სხვა პასუხი შეიძლება იყოს ასეთი: რომ წყალი ადუღდა იმიტომ, რომ მე მინდა ჩაის დალევა!
საკითხის დასმა, თუ ამ პასუხებიდან რომელია სწორი, სასაცილო იქნებოდა. ყველა ეს პასუხი სწორია და ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, იმიტომ, რომ პასუხები სხვადასხვა სფეროებშია.
აი, სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იდეა, რაზეც მე ვისაუბრებ: კითხვა, თუ რომელი არის სწორი (რომელი იძლევა სამყაროს სწორ სურათს), მეცნიერება თუ რწმენა ასეთივე უაზრო შეკითხვაა. ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი.
რასაკვირველია, ამაზე გვიფიქრია და ბევრს ლექციის გარეშეც ესმის, რომ მეცნიერება და რწმენა სხვადასხვა სფეროები აქვს, გარკვეული აზრით და გარკვეულ სფეროებში არ იკვეთებიან. ხშირად, ეს სფეროები ერთმანეთს აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ზოგიერთს მიაჩნია რომ ეს წინააღმდეგობა არსებობს.
ახლა უფრო მივუახლოვდები ჩემს საგანს. თქვენ იცით, რომ ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი (ამ სიტყვის ფართო გაგებით), იყო არისტოტელე. მან აღწერა ბუნების კანონები, ანუ ის, რასაც მან ფიზიკა უწოდა. დიდი ხნის განმავლობაში, ეს აღწერა საკმაოდ გავრცელებული და ქმედითი იყო როგორც ქრისტიანულ, ისე ისლამურ სამყაროში და მეცნიერების განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. შეიძლება ითქვას, რომ ამ გავლენამ XVII საუკუნემდეც მოაღწია, როდესაც მოხდა გარდატეხა და ჩამოყალიბება დაიწყო თანამედროვე მეცნიერებამ. გალილეო გალილეით და ისააკ ნიუტონით იწყება ახალი ფიზიკა, რომელიც ჩაენაცვლა არისტოტელეს ფიზიკას.
რაში მდგომარეობდა ეს კარდინალური გარდატეხა?
მოვიყვან ორ მაგალითს:
პირველი მაგალითი: არისტოტელეს მიხედვით, იმისათვის, რომ მოძრაობა მუდმივი იყოს, საჭიროა მუდმივი ძალა. ძალა იწვევს მოძრაობას, ხოლო ძალის არარსებობა - უძრაობას. თითქოს ცხადი რამაა. ყველამ ვიცით, მანქანამ რომ იაროს სწორ გზაზე, მისი ძრავა უნდა მუშაობდეს და ფეხი მუდმივად უნდა გქონდეთ დაჭერილი აქსელერატორზე; ცხენიც მუდმივად უნდა ეწეოდეს ურემი, იმისათვის რომ ურემი არ გაჩერდეს. საჭირო იყო გალილეო გალილეის ძალიან დიდი გონებამახვილობა იმის დასადგენად, რომ სხეულზე ძალები თუ არ მოქმედებენ, მისი მოძრაობა თანმიმდევრული და წრფივია, ამუ ის მუდმივი სიჩქარით მოძრაობს და არაა აუცილებლად გაჩერებული. ჩვენ ვიცით, რომ კოსმოსური ხომალდი როდესაც დედამიწას მოწყდება და გაფრინდება, მას არ სჭირდება საწვავი თანმიმდევრული და წრფივი მოძრაობისთვის. მუდმივი სიჩქარით მოძრაობისთვის არ არის საჭირო ძალა. ძალა იწვევს აჩქარებას და არა სიჩქარეს. ეს არის მექანიკის საწყისი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ნიუტონის მექანიკას. მაშინ რატომ ჩერდება ურემი და მანქანა როცა მათ არ ეწევიან? რატო არ მოძრაობენ ისინი მუდმივი სიჩქარით ძალის გარეშე. გალილეო გალილეი მიხვდა, რომ მოძრაობენ! ისევე როგორც გატყორცნილი ქვა აგრძელებს მოძრაობას როცა მას აღარ ვაწვებით, და მანქანაც არ ჩერდება მომენტალურად, თუ ძრავა გამოირთო. მაგრამ დედამიწაზე იმგვარი პირობებია, რომ ყოველთვის ჩნდება სიჩქარის საწინააღმდეგო ძალა, რომელიც სხეულს აჩერებს. ეს არის ხახუნის და ჰაერის წინააღმდეგობის ძალები. ანუ გალილეოს გენიალური მიხვედრის თანახმად, ყველა სხეულის მისწრაფება უძრაობისკენ ორი ფაქტორის შედეგია: 1. სინამდვილეში თუ არა გარეშე ძალა, საგანი მუდმივი სიჩქარით იმოძრავებდა, და 2. არის ძალები, რომლებიც მოძრაობის საპირისპიროდ მოქმედებენ და მას აჩერებენ. ამიტომ თუ მუდმივი სიჩქარით მოძრაობა გსურთ, კეთილი ინებეთ და მუდმივად მოადეთ საგანს ძალა, იმისათვის რომ მუდმივად გადალახოთ მოძრაობის საპირისპირო ძალები. გამწევი ძალა, იქნება ეს ძრავა თუ ცხენი, საჭიროა იმისათვის, რომ წინააღმდეგობისა და ხახუნის ძალები გადავლახოთ. შეიძლება დავასკვნათ, რომ გარკვეული აზრით, არისტოტელე არ იყო მართალი და სწორი კანონი გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა.
მეორე მაგალითი: ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი საგანი ვარდება ქვემოთ, მაგალითად, ქვა. რატომ ვარდება ქვა ქვემოთ თუ მას ხელს გავუშვებთ? საერთოდ, მეცნიერება იწყება მაშინ, როდესაც დავსვამთ კითხვას - რატომ? რა თქმა უნდა, ამ აზრით მეცნიერება ანტიკურ ხანაშიც არსებობდა და არისტოტელე ამ კითხვას სვამს და პასუხობს. არისტოტელეს მიხედვით ყველაფერი სიმშვიდისაკენ, უძრაობისკენ მიისწრაფვის; არსებული ოთხი ელემენტიდან (ცეცხლი, ჰაერი, წყალი, მიწა) მიწისთვის ეს სიმშვიდე ქვემოთ არის. ქვაში მეოთხე ელემენტი ჭარბობს და ამიტომ ქვემოთ მიისწრაფვის. აი ცეცხლი, მაგალითად, არ მიისწრაფის ქვემოთ, არამედ ზემოთ, იმიტომ რომ ცეცხლისთვის სიმშვიდე ზემოთაა.
ნიუტონმა იმავე კითხვას სხვა პასუხი გასცა. თქვენ იცით ნიუტონის კანონი მიზიდულობის შესახებ, რომელიც ნამდვილად გენიალურია. ნიუტონმა თქვა რომ ქვა ვარდება დედამიწაზე იმიტომ, რომ ნებისმიერი ორი სხეული ერთმანეთს იზიდავს. და რაც მეტია ეს სხეულები მით უფრო იზიდავენ ერთმანეთს. ვინაიდან ყველაზე დიდი სხეული ჩვენს სიახლოვეს დედამიწაა, სწორედ მის მიზიდულობას ვხედავთ ჩვენ. არა მარტო ქვა, არამედ ნებისმიერი სხეული ქვემოთ ვარდება - მას დედამიწა იზიდავს. ნიუტონი გენიალურად მიხვდა, რომ ერთი და იგივე მიზიდულობის ძალა არის მიზეზი, როგორც ვაშლის ვარდნისა ხიდან მიწაზე, ასევე მთვარის მოძრაობისა დედამიწის გარშემო. ნიუტონამდე არავის აზრად არ მოსვლია ეს ორი მოვლენა ერთმანეთისათვის დაეკავშირებინა.
რაზე მეტყველებს ეს ორი მაგალითი? პირველი შეხედვით, მეცნიერების პროგრესზე, იმაზე, რომ მეცნიერება ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს. მოვიდა დრო და მოვიდნენ მეცნიერები , რომლებმაც ბუნების მოვლენების უფრო ზუსტი ახსნა შემოგვთავაზეს. მათ სწორ, ან უფრო სწორ პასუხებს მიაგნეს, არსებულ კითხვებზე, და ახალმა კანენებმა შეცვალეა არსებული კანონები, არისტოტელეს ფიზიკა მოძველებული აღმოჩნდა. შემდეგ აინშტაინმა კიდევ უფრო ზუსტი კანონები აღმოაჩინა და ა.შ.
მაგრამ, აქ რომ დავსვათ წერტილი, ეს არ იქნება საკმარისი და სრული პასუხი იმაზე, თუ რა შეიცვალა საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მე-17 - მე-18 საუკუნეებში. ხოლო მოხდა ნამდვილი რევოლუცია მეცნიერებაში. ამ რევოლუციის არსი არ მდგომარეობს იმაში, რომ მეცნიერებამ უფრო ზუსტი და გონებამახვილური პასუხი აღმოაჩინეს, ვიდრე არისტოტელემ. საქმე ეხება ბევრად უფრო ღრმა და საფუძვლიან გარდატეხას მეცნიერებაში, ვიდრე ერთი თეორიის მეორით შეცვლაა. პრინციპულად შეიცვალა მიდგომა სამყაროს კვლევისადმი!
არისტოტელემ იცის, რომ არსებობს ორი მიზეზი: ბუნებრივი და მიზნობრივი. პირველი შემთხვევაში მოქმედებს ბუნებრივი კანონი, ხოლო მეორეში - ნება. არსებობს ეს ორი მიზეზობრიობა. ჩემ პირველ მაგალითში მოცემულია მიზნობრივი მიზეზი ანუ ის, რომ მე მინდა ჩაი დავლიო და ამიტომ წყალს ვადუღებ. ბუნებრივ (ფიზიკურ) მიზეზს თუ განვიხილავთ, წყლის ქვეშ არის ცეცხლი, რომელიც აცხელებს და ადუღებს მას.
XVII საუკუნემდე ეს ორი მიზეზი არ იყო ერთმანეთისგან გამიჯნული. მიაქციეთ ყურადღება, რომ არისტოტელე არ მიჯნავს ბუნებრივსა მიზნობრივ მიზეზებს (ქვა ქვემოთ სიმშვიდისაკენ, და უძრაობისკენ მიისწრაფვის). ამის საპირისპიროდ, მეცნიერები, დაწყებული გალილეო გალილეიდან - დეკარტი, ნიუტონი და სხვები განდევნიან მიზნობრივ მიზეზებს მეცნიერებიდან. მათი ახსნით, ქვა ვარდება არა იმიტომ, რომ რაღაც მიისწრაფვის რაღაცისკენ. ქვა ვარდება არა იმიტომ, რომ ღვთის ნებაა ყველა ქვა ეგდოს ძირს. ქვა იმიტომ ვარდება, რომ ბუნებაში არსებობს ძალა, რომელიც ყველა სხეულზე მოქმედებს. ეს არის ბუნებრივი მიზეზი, რომელსაც აგრეთვე უშუალო მიზეზს ეძახიან - ერთი, მარტივი, უნივერსალური და ბუნებრივი მიზეზი: არსებობს ძალა, რომელიც მოქმედებს ყველა სხეულზე, და ყველა სხეულს მიიზიდავს ქვემოთ, დედამიწის ცენტრისკენ. სხვა, ანუ მიზნობრივ მიზეზებს არ განვიხილავთ! მნიშვნელოვანია ის, რომ ეს უდიდესი ადამიანები, მეცნიერები და ფილოსოფოსები განდევნიდნენ მიზნობრივ მიზეზებს მეცნიერებიდან, მეთოდიკიდან და არა თავისი მსოფლმხედველობიდან. თუ მე ვარ მეცნიერი და ამავე დროს მორწმუნე, მე მწამს რომ ყველაფრის პირველმიზეზი ღმერთია, მაგრამ მე, როგორც მეცნიერი, რომელიც ვიკვლევ საგნის დახრილ სიბრტყეზე დაგორებას ან პლანეტების მოძრაობას, არ ვხელმძღვანელობ ამ რწმენით და კონცენტრირებული ვარ ბუნებრივ მიზეზებზე.
აი, ეს არის უფრო დიდი განსხვავება ახალ და ძველ მეცნიერებას შორის და არა ის, ვინ უფრო სწორად ახსნის თავად მიზეზებს. ჩვენს სკოლიდან გვაქვს გონებაში ჩანერგილი, რომ ყველაფერი წრფივად მიმდინარეობს, რომ მოვიდნენ ახალი მეცნიერები და რაღაც ახალი აღმოაჩინეს. მაგრამ უმნიშვნელოვანესი ის მოხდა, რომ მეცნიერებამ თავისი თავი შემოიზღუდა და სამაგიეროდ შეიძინა კონცენტრირებულობა, ძალიან დიდი ქმედითი ძალა.
ამ აზრის ნათელსაყოფად კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანთ. პიერ სიმონ ლაპლასი (1749-1827) უდიდესი მეცნიერი იყო. მას მრავალი შრომა აქვს ციურ მექანიკასა და პლანეტების მოძრაობაზე. ის ნიუტონის შემდგომ პერიოდში მოღვაწეობდა და მის მექანიკას იყენებდა ინსტრუმენტად. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ლაპლასს ნაპოლეონმა ირონიულად ჰკითხა, მე გავიგე, რომ თქვენს ბოლო წიგნში ღმერთს არსად არ ახსენებთო. მეცნიერმა ნაპოლეონს უპასუხა, მე ეს ჰიპოთეზა არ მჭირდებაო. პირველი შეხედვით შეიძლება შთაბეჭდილება დაგვრჩეს, რომ ათეისტი ლაპლასი ამბობს, რომ მას ღმერთი არ სწამს და ამიტომაც არ ახსენებს მას, როდესაც იკვლევს ბუნებას. მაგრამ თუ ამ დიალოგს ჩავუღრმავდებით, ლაპლასი ამბობს, რომ აქ, მეცნიერულ შრომაში არ იხილავს ღმერთის არსებობა არარსებობას და ღმერთს როგორც მიზეზს (მაგალითად მოძრაობისა). ის კონცენტრირებულია სხვა რამეზე, უშუალო, ბუნებრივ მიზეზებზე, - სწორედ ეს არის თანამედროვე მეცნიერება! ეს დიალოგი ნაპოლეონთან არაფერს ამბობს ლაპლასისი რწმენა თუ ურწმუნოების შესახებ. ის მეცნიერული კვლევის დროს არ იყენებს ჰიპოთეზას ღმერთის არსებობის შესახებ! აღვნიშნავ იმასაც, რომ ლაპლასი ასევე არ იყენებს ჰიპოთეზას ღმერთის რარსებობის შესახებ.
თუ დავუკვირდებით, ბევრი მეცნიერი, რომელიც ამ მეთოდებს სრულად ანვითარებდა, უაღრესად მორწმუნე იყო. კეპლერი, რომელმაც უდიდესი გამოთვლები ჩაატარა და პლანეტების მოძრაობის სამი კანონი აღმოაჩინა , უაღრესად მორწმუნე ადამიანი იყო. ნიუტონი, მართალია არ იყო რწმენით მართლმორწმუნე ქრისრტიანი და ის არ იზიარებდა მოძვრებას წმინდა სამების, მაგრამ მას ღრმად სწამდა ღმერთი, როგორც სამყაროს შემოქმედი.
მეცნიერებამ თავისი თავი შემოიზღუდა, და ამით შეიძინა უზარმაზარი ძალა.
საერთოდ, ხშირად თვითშეზღუდვა დიდ ძალას ათავისუფლებს. ეს პოლიტიკაშიც ხშირად ხდება, რომ თვითშეზღუდვა საფუძველს უდებს დიდ პოლიტიკურ მშენებლობას. დაწყებული ლიკურგედან დამთავრებული ჯორჯ ვაშინგტონის ჩათვლით, დიდმა პოლიტიკოსებმა თავისი თავი შემოიზღუდეს და დასაბამი მისცეს დიდ პოლიტიკურ კულტურას.
დავუბრუნდეთ მეცნიერებას. გაავიხსენოთ ნიუტონის მეორე კანონი - f=ma, ანუ ძალა არის აჩქარების პირდაპირპროპორციული - დღემდე ვერავინ უყო ძვრა, თუ არ ჩავთვლით მიკროსამყაროსა და ზემაღალ სიჩქარეებს. გარდა იმისა, რომ ნიუტონმა ჩამოაყალიბა მექანიკის უმნიშნელოვანესი კანონი, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რაში იყო მისი აღმოჩენისა და მეთოდის სიახლე და განსაკუთრებულობა. ნიუტონმა არ თქვა, რა არის F - ანუ ძალა! ნიუტონმა სწორედ აქ შემოიზღუდა თავი, შეზღუდა თავისი „მექანიკა“, იმით, რომ არ დააკონკრეტა, არ ახსნა, არ გააანალიზა ძალია ბუნება, აე გვითხრა რა არის ეს ძალა. ნიუტონამდე, მეცნიერებს თავის ვალად მიიჩნევდნენ აეხსნათ, რა არის ეს ძალა. ნუტონმა ზოგადი კანონი წარმოადგინა, სადაც ძალა შეიძლება სულ სხვადასხვა ბუნების იყოს.
ნიუტონმა აღწერა ერთი ძალა - მსოფლიო მიზიდულობის ძალა და გენიალურად მიხვდა, რომ ვაშლის ვარდნა ხიდან მიწაზე და მთვარის მოძრაობა დედამიწის გარშემო ერთი და იმავე ძალიას მოქმედების შედეგია.
დავუბრუნდეთ უფრო ზოგადს, მეცნიერება თავის თავში შეზღუდულია იმით, რომ მას აინტერესებს მოვლენების მხოლოდ ბუნებრივი, უშუალო მიზეზები. ეს არ ნიშნავს, რომ მე, როგორც მეცნიერს არ უნდა მაინტერესებდეს ღვთისმეტყველება, რომ უნდა ვიყო ურწმუნო და ა.შ. სრულიადაც არა. შეიძლება ღრმად მორწმუნე ვიყო და მაშინ ჩემთვის, ყველაფერი, ყველა კანონი და კანონზომიერება ღვთისაგან იქნება, მაგრამ უშუალოდ, კვლევისას მე ამ ჰიპოთეზას არ ვიყენებ. ეს არის თანამედროვე მეცნიერული მეთოდი და თუ თამაშის ამ წესს არ აღიარებ, მეცნიერი ვერ იქნები. ამიტომაა, რომ მეცნიერება თავს უყრის სხვადასხვა მსოფლმხედველობის მეცნიერს: მორწმუნეებს, მცირედ მორწმუნეებს, ურწმუნოებს და აგნოსტიკოსებს. მსოფლმხედველობათა ასეთი განსხვავება არ უშლით მათ ხელს ერთობლივი კვლევისთვის. მთავარია, რომ ისინი იზიარებენ თანადროული მეცნიერების უმთავრეს პრინციპებს, ანუ პარადიგმას.
ბუნება როგორც გადაშლილი წიგნი
ახლა კიდევ ერთი თეზისი, რაც მეცნიერების გასაგებად მნიშვნელოვანია. მოვიყვან ძალიან ძველ მეტაფორას - ბუნება როგორც გადაშლილი წიგნი. ერთ-ერთ დიდ მოღვაწეს, ქრისტიან განდეგილს, წმინდა ანტონი დიდს ჰკითხეს, როგორ ცხოვრობდა უდაბნოში, როდესაც არ ჰქონდა წიგნი, საღვთო წიგნი, ანუ ბიბლია. წმინდა ანტონიმ უპასუხა: ჩემს წინაშე გადაშლილია უდიდესი წიგნი - ბუნება, რომელშიც მე ღვთის სიბრძნის, სიყვარულის, სიკეთის შესახებ ვკითხულობო.
ეს იდეა ღრმად არის ქრისტიანულ სამყაროში ფესვგადგმული, და ჭეშმარიტი მორწმუნისთვის ბუნების ჭვრეტა - ღვთის გამოცხადებაა.
ნიუტონს მიაჩნდა, რომ ამ ქვეყანაზე ორი წმინდა საქმე არსებობს - წმინდა წიგნის კითხვა და ბუნების როგორც გადაშლილი წიგნის კითხვა. ბუნების კანონების დადგენა ნიუტონს წმინდ საქმედ მიაჩნდა, ვინაიდან ვსწავლობთ რა ბუნებას, ამ გადაშლილ წიგნს, ჩევენ ამით ამ წიგნის, ანუ ბუნების შემოქმედს. მართლაც, საიდან მოდის ეს კანონები? თუ გვწამს ღმერთი, მაშინ უნდა გვწამდეს რომ ბუნებაც და მისი კანონებიც ღვთის შექმნილია.
გავყვეთ და ჩაუღრმავდეთ წიგნის ამ მეტაფორას. თუ ბუნება წიგნია, მაშინ ისევე როგორც წიგნში, ბუნებაშიც არის ნიშნები და ნიშანთა ერთობლიობები, რომელთა უკან რაღაც აზრია. ჩვენ გვაინტერესებს რა მიმართებაა ამ ნიშნებსა და მის უკან არსებულ რეალობას შორის. მეცნიერება, რომელიც ამ მიმართებებს იკვლევს ეწოდება სემიოტიკა (ბერძნული სიტყვიდან semeion - ნიშანი). ქვემოთ გამოვიყენებთ ამ მეცნიერების უმთავრეს დებულებებს ჩვენი მეტაფორის გასაღრმავებლად.
სემიოტიკა გამოყოფს სამ ძირითად ასპექტს ნიშნისა და ნიშანთა სისტემის შესწავლისას: სინტაქტიკა, სემანტიკა და პრაგმატიკა.
სინტაქტიკა სწავლობს ნიშანთა სისტემის შინაგან თვისებებს და კანონზომიერებებს და არ ეწევა მათ ინტერპრეტაციას.
სემანტიკა განიხილავს ნიშანთა მიმართებას იმასთან, რასაც ისინი აღნიშნავენ. ამაში შედის სიტყვის და წინადადების მნიშვნელობის, ან მნიშვნელობათა დადგენა.
პრაგმატიკა სწავლობს ნიშანთა მიმართებას „ადრესატთან“, ანუ მკითხველთან. პრაგმატიკა განიხილავს ნიშნების ინტერპრეტაციის საკითხს, იმას,თუ რას ეუბნება ტექსტი მკითხველს, მისი საზრისი და ფასეულობა.
ბიბლიის შესწავლისას, სინტაქსისი ნიშნავს ტექსტის დადგენას, სემანტიკა თითოელი სიტყვის და წინადადებისმნიშვნელობის დადგენას, ხოლო პრაგმატიკა - უმაღლესი დონეა გაგების, ანუ იმის დადგენა თუ რას მეუბნება მე. მკითხველს ბიბლიის შემქმნელი.
შეიძლება, მე ბიბლიის ტექსტი უაღრესად კარგად ვიცოდე და მაინც არაფერი მესმოდეს, თუ არ გავიგე მთავარი - რისთვის შეიქმნა ბიბლია. მორწმუნემ იცის, რომ ბიბლია იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანი ღმერთს დაუბრუნდეს, დაუახლოვდეს. მაგრამ, შეიძლება მე ვიყო უძლიერესი ბიბლეისტი, მაგრამ ვერ გავიგო ის უმთავრესი რამ, რაც ნაკლებად განათლებულს ესმის.
ახლა ამ კუთხით განვიხილოთ სხვა წიგნი - ბუნება. ამ წიგნის გაგება, ანუ ბუნების კვლევა, მეცნიერება, ადრე არ იყო დარგებად დაყოფილი. კვლევა იწყებოდა ბუნების საზრისის ძიებით (პრაგმატიკა), შემდეგ გადადიოდა თითოეული მოვლენის გარჩევაზე, მათ ანალიზზე(სემანტიკა), ხოლო ბოლო საფეხური იყო სინტაქტიკა ანუ ამ ბუნებრივი კანონზომიერების დადგენა ნიშნებს შორის, ანუ ბუნების მოვლენებს შორის.
თანამედროვე მეცნიერება შემოფარგლულია მხოლოდ ამ ბოლო ეტაპით, - კანონზომიერების დადგენით, ანუ სინტაქტიკით. მაგრამ თუ თავს მხოლოდ სინტაქტიკით შემოვიფარგლავთ, ჩვენ არაფერი შეგვიძლია ვთქვათ წიგნის ავტორზე და არც იმაზე, თუ რას გვეუბნება ეს წიგნი ჩვენ.
მეცნიერებამ თავი შემოიზღუდა იმით, რომ ბუნების გადაშლილი წიგნის მხოლოდ სინტაქტიკით არის დაკავებული. სწორედ ამ თვითშეზღუდვის გამო, მეცნიერებას არც აქვს პრეტენზია, იმსჯელოს ამ უმაღლეს სფეროზე. ამიტომაც არის, რომ მეცნიერთა შორის არიან როგორც ათეისტები, ისე უაღრესად მორწმუნეები. მეცნიერებისგან არც უნდა ველოდოთ პასუხებს მსოფლმხედველობის უმთავრეს საკითხებზე.
მეცნიერების საზღვრები
დღეს, თვითონ მეცნიერება ბევრ სფეროში აწყდება თავის მიერ დადგენილ საზღვრებს. ვიცით, რომ თანამედროვე თეორიის მიხედვით ჩვენი სამყარო 13 მილიარდი წლის წინ დაიწყო ერთი დიდი აფეთქებით. რაც უფრო უახლოვდებიან მეცნიერები ამ დიდი აფეთქების მომენტს, მით უფრო ვხვდებით, რომ მისი ახსნა სცილდება მეცნიერების ჩარჩოებს. ჩვენ ნებისმიერ მიზეზზე ვამბობდით, რომ მას წინარე მიზეზი ჰქონდა, მაგრამ დღეს მეცნიერება ადგება ისეთ მოვლენებს, რომლის წინამიზეზი სცილდება ბუნებრივი მიზეზების სფეროს და ამგვარად მეცნიერების სფეროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კითხვა თუ რა იყო დიდ აფეთქებამდე და რა იყო მიზეზი დიდი აფეთქებისა, - ისეთი კითხვებია, რომელებიც მეცნიერებამ დასვა, მაგრამ თვით მეცნიერება მათ ვერ უპასუხებს.
სხვა პრობლემა, რომელიც ხშირად ამოყოფს თავს სხვადასხვა სახით, ანთროპული პრინციპია. ეს უაღრესად საინტერესო საკითხი ჯერ არ არის ამოხსნილი. ამ პრინციპის მიხედვით აღმოჩნდა, რომ მთელი სამყარო იმთავითვე ზუსტად (უდიდესი სიზუსტით!) იმგვარადაა შექმნილი თუ მოწყობილი, რომ შესაძლებელი იყოს სიცოცხლის, და საბოლოო ჯამში ადამიანის არსებობა. აქედან მოდის თვით სახელი- ანტროპული პრინციპი. ცხადია, რომ რადგან ადამიანი არსებობს, სამყარო იმგვარია, რომ ეს შესაძლებელი იყოს და ამაში საოცარი არაფერია. საოცარი ის არის, რომ თუ თეორიულად განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლო სამყაროებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფიზიკური კონსტანტებით (როგორებიცაა ელექტრონის მასა, ელექტრონის მუხტი, სინათლის სიჩქარე, დიდი აფეთქების ენერგია, გრავიტაციული კონსტანტა და სხვ.) აღმოჩნდება, რომ უამრავ შესაძლებლობებში არცერთი არ იძლევა სიცოცხლის წარმოშობის შესაძლებლობას. და ისმია კითხვა, რატომ არის სამყარო სწორედ ასეთი? ის შექმნა ღმერთმა, რომელმაც ყველაფერი იცის და რომელიც ადამიანის შემქმნელიცაა? ეს პასუხი რელიგიისა და რწმენის სფეროშია და არა მეცნიერების. მეცნიერების ფარგლებში ამ კითხვაზე პასუხი არ არის. მეცნიერებამ დასვა კითხვა რომელსაც ვერ პასუხობს. ან იქნებ ჯერ ვერ პასუხობს?
ჩემი დღევანდელი მოხსენების უმთავრეს აზრი ის არის, რომ მეცნიერებას აქვს თავისი მეთოდი, თავისი სფერო, თავისი შეზღუდვები, ხოლო მეცნიერებისა და რწმენის ურთიერმიმართება არ არის მარტივი, ცალსახა და ერთგვაროვანი. ხშირად, მათი სფეროები გამიჯნულია. მაგრამ, ვინაიდან ორივე წარმოადგენს ადამიანის საქმიანობი და ინტერესის უმთავრეს ობიექტებს, ხშირად მათ შორის ხშირად ყოფილა ურთიერთქმედება, როგორც თანამშრომლობა ისევე კონფლიქტი.
სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მეცნიერებასა და რწმენას შორის არსებობს მუდმივი კონფლიქტი და ერთის აღიარება მეორეს უარყოფას ნიშნავს. ამგვარი აზროვნება კომუნისტური პროპაგანდის შედეგია. ათეისტური იდეოლოგია ნერგავდა აზრს, რომ მეცნიერება და მისი წარმატებები ამტკიცებს რწმენის უსაფუძვლობას; რომ, თუ რწმენა სწორია, მაშინ მეცნიერება უნდა ცდებოდეს, და პირიქით, თუ მეცნიერებაა სწორი (და პრაქტიკა გვიჩვენებს რომ ის სწორია), მაშინ რწმენაა არასწორი. საოცარია, რომ მას შემდეგაც, როდესაც თითქოს კომუნისტურ-ათეისტური იდეოლოგია გადაილახა, აღნიშნული იდეა მეცნიერებისა და რწმენის ურთიერთდაპირისპირების შესახებ ცოცხლობს. და როდესაც ადამიანი იღებს რწმენას, მას ჰგონია, რომ ვალდებულია მეცნიერება უარყოს. ანუ, იმის მაგივრად რომ უკუაგდოს კომუნისტურ-მატერიალისტური თეზისი მეცნიერების და რწმენის ურთიერთგამომრიცხაობის შესახებ, ის სრულად რჩება მის ტყვეობაში და თავს ვალდებულად მიიჩნევს სკეპტიკურად მიუდგეს მეცნიერების მიღწევებს. ამით აიხსნება ევოლუციის თეორიის წინააღმდეგ გალაშქრების და ე.წ. კრეაციონიზმის დანერგვის მცდელობები.
ჩემი დღევანდელი მოხსენების მიზანი სწორედ ის იყო, რომ მეჩვენებინა, რამდენად უსაფუძვლოა მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირების თემა.
http://burusi.wordpress.com/2009/06/06/ლევან-აბაშიძე-მეცნიერებ/