ამას წინათ ღვთის მიუწვდომელი ცოდნის (მცნობელობის) შესახებ გესაუბრებოდით. ხანგრძლივი სიტყვის შემდეგ წმინდა წერილისა და ბუნებითი მსჯელობის საშუალებით წარმოვაჩინე, რომ ღვთის სრულად წვდომა მიუღწეველია თვით უხილავი ძალებისთვისაც, რომლებიც არამატერიალური და ნეტარი ცხოვრების წესით მოქალაქობენ; რომ მთლიანად ცხოვრების ამაოებასა და წარმავალობაში ვარსებობთ და ყოველგვარი უკეთურებით შეპყრობილნი ხელვყოფთ იმის მოპოვებას, რაც უხილავი არსებებისთვისაც არაა სრულად შეცნობადი. ესოდენ ცოდვაში იმიტომ ჩავვარდით, რომ ამგვარი აზრების საფუძველს საკუთარ მსჯელობაზე მინდობა და მსმენელთაგან ამაო დიდება წარმოადგენს, საკუთარი ბუნების საზომს აზროვნებით არ გარეშემოვწერთ, არც საღვთო წერილსა და მამებს მივყვებით, არამედ ცივი დინების მსგავსად, საკუთარი წინაგანჭვრეტის სნეულებით ქვედავიზიდებით. როცა ანათემის შესახებ გონივრულად ვისაუბრებ და გიჩვენებთ ამ უკეთურების ძალას, რომელიც არარად ირაცხება, მაშინ დავადუმოთ ჩვენი აულაგმავი პირი და გამოვააშკარავოთ იმათი სნეულება, რომლებმაც მისით ისარგებლეს დაუფიქრებლად. ჩვენ ისეთ ცუდ მდგომარეობამდე მივედით, რომ დაღუპვის პირას მყოფნი ვერ ვცნობთ ვნებათაგან უდარესთ, რადგან ვერ ვძლევთ მათ. ასე რომ, ჩვენზე აღსრულდა წინასწარმეტყველური სიტყვა: ”ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი” (ეს. 1,6).
საიდან დავიწყო ამ უკეთურების შ ესახებ საუბარი? უფლის მცნებებიდან, თუ თქვენი უგუნური გაუნათლებლობიდან და უგრძნობელობიდან? განა არ დამცინებენ ზოგიერთები ამაზე საუბრისას და გონდაკარგულად არ ჩამთვლიან? განა არ მისაყვედურებენ, რომ გაურკვეველ და ცრემლების ღირს საგანზე ვაპირებ საუბარს? მაგრამ რა ვიღონო? მტკივა, გონებით შეძრწუნებული ვარ და შიგნეულობა მეწვის, რადგან ისეთ უგრძნობელობას ვხედავ, რომ ჩვენი საქმეები იუდეველთა ურჯულოებასა და წარმართთა უღმრთოებას აღემატა. ვხედავ, რომ ადამიანებს, რომელთაც ვხვდები, არც საღვთო წერილით ნასაზრდოები გონება აქვთ და არც რაიმე იციან საერთოდ წმინდა წერილიდან. ამიტომ, დიდი სირცხვილი მიპყრობს და ვდუმვარ, რადგან შლეგობენ და ყბედობენ, ”არც ის ესმით, რას ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ ” (1 ტიმ. 1,7). ისინი უმეცრებით ბედავენ, რომ ხმოლოდ ეს სწავლება აღიარონ დოგმატად და ანათემა გამოუცხადონ იმას, რაც არ იციან. ამიტომ, სარწმუნოებისთვის უცხონი დაგვცინიან, თითქოს არ ვზრუნავდეთ კეთილ მოქალაქობაზე და არც კეთილ საქმეებში ვიყოთ განსწავლულნი.
ჰოი, საშინელებავ! რამდენ მართალს და წინასწარმეტყველს ”სურდა ეხილა ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილა; და ესმინა ის, რასაც ისმენთ და ვერ ისმინა” (მათ. 13.17). ჩვენ ხომ მათ დავცინით. მოგიწოდებთ, ”მეტი ყურადღება მივაქციოთ მონასმენს, რათა არ განვდგეთ. რადგანაც თუ ანგელოზთა ნათქვამი სიტყვამტკიცე იყო, და ყოველი შეცოდება და ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უგულვებელვყოფთ ესოდენ დიად ხსნას? (ებრ. 2.1-3). შეგიძლია მითხრა, რა არის სახარებისეული მადლის მიზანი? რას ნიშნავს ღვთის ძის განკაცება? იმას, რომ ერთმანეთს ვგლეჯდეთ და ვჭამდეთ? ქრისტესმიერი მცნებები ყოველმხრივ უფრო სრულია რჯულის განწესებებზე და ჩვენგან უფრო დიდ სიყვარულს მოითხოვს. იქ (ძველ აღთქმაში) ამბობს: ”შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი”, აქ კი (ახალ აღთქმაში) მოყვასის გამო სიკვდილსაც აწესებს. ისმინე, რადგან თვით ქრისტე ბრძანებს: ”ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიქონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე, და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია. ასევე, ერთმა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი; მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე, და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობისას გადაგიხდიო. როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს? მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი (ლუკა: 10.30-37). ჰოი, საოცრებავ! მოყვასი არც მღვდელს უწოდა, არც ლევიტელს, არამედ იუდეველების მიერ მოძღვრების შესაბამისად მოკვეთილს. სამარიტელს ვგულისხმობ, უცხოს, მრავალგზის გმობილს. მხოლოდ მას უწოდა მოყვასი, რადგან წყალობა მასთან აღმოჩნდა. ეს ღვთის ძის სიტყვებია. როცა მოვიდა, ისინი საკუთარი საქმეების მიხედვით წარმოაჩინა, რადგან მოკვდა არა მხოლოდ მეგობრებისა და თავისიანების გამო, არამედ მტრების, ტირანების, ცრუთა, მოძულეთა, ჯვარსმცმელთა გამო, რომლებიც, სამყაროს შექმნამდე იცოდა, რომ ასეთნი იქნებოდნენ. წინასწარმცოდნემ შექმნა, რადგა წინასწარცოდნა დაამარცხა სიკეთით და მათ გამო საკუთარი სისხლი დაღვარა და სიკვდილი დაითმინა. უფალი ამბობს: ეს პური ”ჩემი ხორცია, რომელსაც მე მივცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის” (იო: 6.51). პავლეც ამას იუწყება და ამბობს: ”მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით დავუზავდით ღმერთს” (რომ: 5.10). ასევე, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეშიც ამბობს, რომ მან ყველას გამო იგემა სიკვდილი.
ამრიგად, თუ ეს მისგან იქმნა და ამ წესებს აღასრულებს ეკლესია, რომელიც ყოველდღე ყველასთვის აღავლენს ვედრებას, როგორ ბედავ ასეთი რამის ხმამაღლა თქმას?
მითხარი, რას ნიშნავს ის, რასაც ”ანათემას” უწოდებ? დაუკვირდი, რას საუბრობ, შეისწავლე, რასაც ამბობ, შეიმეცნე მისი ძალა? ღვთივსულიერ წერილში იერიქონზე ამ ნათქვამს იპოვი: ”უფლისათვის უნდა იქნას დარისხებული ქალაქი (αναθεματειν) (ისუ ნავ: 6.17). ჩვენთვის, დღემდე ყველასთვის ზოგადი ჩვეულებაა გაბატონებული, რომ მავანმა, ამის ჩამდენმა ”ანათემა” ამ ადგილს დაატეხა. განა ამას ნიშნავს ”ანათემა”? ამას, სიკეთის შესახებ ნათქვამის მსგავსად, ღვთის ნებისთვის გადაცემა ეწოდება. ამრიგად, რას ნიშნავს ის, რასაც ”ანათემას” უწოდებ: გადაეცეს ის ეშმაკს, აღარ მიეცეს ხსნის საშუალება და გაუცხოვდეს ქრისტესგან?
ვინ ხარ შენ, ასეთი ხელმწიფებისა და დიდი ძალის მქონე? ”მაშინ ძე ღვთისა დაჯდება … და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს – მარცხნივ” (მათ: 25.31-33). როგორ მოიპოვე ასეთი პატივი, რომლის ღირსნიც გახდნენ მხოლოდ მოციქულთა კრებული და სრული სიზუსტით ჭეშმარიტ მემკვიდრეებად ქმნილნი, სავსენი მადლითა და ძალით? მცნების ზედმიწევნით დამცველებმა ერეტიკოსები ისე განაშორეს ეკლესიას, თითქოს მარჯვენა თვალს ითხრიდნენ. ამას ისეთი თანაგრძნობა და ტკივილი ახლდა თან, თითქოს მთავარ ნაწილს იკვეთდნენ. ამიტომ, მას ქრისტემ მარჯვენა თვალიც უწოდა, რადგან (ამით) წარმოაჩენდა განგდებულის მიმართ თანაგრძნობას. აქედან გამომდინარე, რადგან ამაში, ისევე, როგორც ყველაფერში, ზედმიწევნითობას იცადვნენ, ერესები ამხილეს და განაგდეს, ხოლო ერეტიკოსებიდან არავის განუჩინეს ეს სასჯელი. ამიტომაც მოციქულმა მხოლოდ ორ შემთხვევაში, ჩანს აუცილებლობის გამო, წარმოთქვა ეს სიტყვა და გვიჩვენა ვის განუკუთვნა იგი. მან კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში თქვა: ვისაც არ უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ანათემა იქმნეს! (1 კორ: 16.22) და ”თუ ვინმე გახარებთ სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც მიგიღიათ, შეჩვენებული იყოს!” (გალ: 1.9). ამრიგად რა? არცერთმა ამ ძალაუფლების მიმღებმა არ მოიმოქმედა და პირდაპირ ვერ თქვა; შენ ბედავ ამის ქმნას, მოქმედებ სამეუფო სიკვდილის წინააღმდეგ და წინ უსწრებ უფლის მსჯავრს? გნებავთ შეიყტოთ, ჩვენამდე რა თქვა ერთმა წმინდანმა, მოციქულთა მონაცვლემ, რომელიც მოწამეობის ღირსიც გახდა? წარმოაჩენდა რა ამ სიტყვის სიმძიმეს, ასეთი მაგალითი გამოიყენა: უბრალო კაცი, შეიმოსება რა სამეფო ძოწეულით, თვითონაც და მისი თანამზრახველნიც, ტირანებივით, მოკლულ იქნებიან.
ამრიგად, თქვა, რომ ისინი, რომლებმაც სამეუფო განჩინებით ისარგებლეს და ადამიანი ეკლესიის ანათემას გადასცეს, სრული დაღუპვისკენ მიემართებიან, რადგან ძის პატივს იტაცებენ. ნუთუ დასაშვებად მიგაჩნიათ ვინმესთვის წინასწარ და განუკითხავად ასეთი განაჩენის გამოტანა? ანათემა ხომ სრულიად მოჰკვეთს ქრისტესგან. მაშინ რატომ ამბობენ ყოვლად უბადრუკნი ბოროტს? ლაპარაკობენ, რომ ერეტიკოსად ის იქცა, ვინც ეშმაკის სამკვიდრებელი გამხდარა, ღვთის წინააღმდეგ უსამართლობას მეტყველებს, მარწმუნებელი სიტყვით და ამაო ცბიერებით მრავალს დაღუპვის უფსკრულში მიაქანებს და ამის გამო მამების მიერაა განკვეთილი, განსაკუთრებით, კი მისი მასწავლებელი, რომელიც ეკლესიას ნაწილს წარკვეთს. ამას პავლიანეს ან აპოლინარის გამო ამბობენ. რადგან სიტყვამ მან განხეთქილებასთან დაკავშირებით უმეტესწილად წარმატებით დააღწია თავი, რაკიღა უსაზარლესი ცრურწმენის სიღრმეებში დავანებული ცდომილება ამხილა.
”და თვინიერებით უნდა ასწავლიდეს წინააღმდგომთ, ეგების მოსცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად და თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც შეიპყრო ისინი თავისი ნებით” (2 ტიმ: 2.25-26).
მოისროლე სიყვარულის ბადე, რათა კოჭლი კი არ მიიქცეს, არამედ განიკურნოს; აჩვენე, რომ გსურს მრავალი თვისებიდან სახიერება აქციო საზოგადოდ; ესროლე თანაგრძნობის ტკბილი ანკესი და, როცა, ამგვარად, გამოააშკარავებ დაფარულს, ამოიტაცე უფსკრულიდან დასაღუპად დანთქმული. ასწავლე, რომ, ის, რაც სიკეთედაა მიჩნეული, ცრურწმენის და უმეცერებისაგანაა და უცხოა სამოციქულო გადმოცემისთვის. თუ ცდომილების მტვირთველი ადამიანი მის (სამოციქულო გადმოცემის) მიღებას ისურვებს, წინასწარმეტყველის ნათქვამის თანახმად, იცოცხლებს და შენ შენს სულს იხსნი (ეზეკ: 3.21). ხოლო თუ არ სურს და რჩება ბრძოლისმოყვარე, დამნაშავედ რომ არ იქცე, მხოლოდ დიდსულოვნებითა და სახიერებით დაუმოწმე, რათა შენგან არ გამოიძიოს მისი სული მსაჯულმა, რომელსაც არ სძულს, ზურგს არ აქცევს, არ დევნის. მის მიმართ (ადამიანისადმი) უმწიკვლო და ჭეშმარიტი სიყვარული გამოავლინე. შეიძინე იგი, თუნდაც სხვა ვერაფრით ისარგებლო, რადგან დიდი სარგებელი და დიდი მონაგებია შეყვარება და ქრისტეს მოყვარეობის სწავლება. რადგან, უფლის თქმით, ”იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ ერთმანეთის სიყვარული” (იო:13.35). მოციქულმა წარმოაჩინა, რომ ამის გარეშე ღვთის საიდუმლოებების ცოდნაც (მცნობელობაც), რწმენაც, წინასწარმეტყველებაც, უპოვარებაცა და ქრისტესთვის მოწამეობაც უსარგებლოა. რადგან ამბობს, თუ ყველა საიდუმლოს, წინასწარმეტყველების მადლს და რწმენას ვფლობ, რომ მთები გადავაადგილო, სიყვარული კი არა მაქვს, არაფერი შემეწევა; და თუ ანგელოზთა ენით ვმეტყველებ და ყოველივეს, რაც მაქვს, გავიღებ და დასაწვავად მივცემ ჩემს სხეულს, სიყვარული კი არა მაქვს, არარაობა ვარ. სიყვარული სულგრძელია, არ ქედმაღლობს, თავისას არ ეძებს, ყველას მფარველობს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს დაითმენს” (1 კორინ: 13.1-7).
საყვარელნო, თქვენგან არავინ გამოავლინა ქრისტეს მიმართ ისეთი გრძნობა, როგორიც იმ წმინდა სულმა (პავლემ); მის გარდა ვერავინ გაბედა ადამიანთაგან ასეთი სიტყვების წარმოთქმა. თავად სული იწვოდა, როცა ამბობდა: ”ქრისტეს ტანჯვათა დანაკლისს ჩემი ხორცით აღვასრულებ” (კოლას: 1,24); და სიტყვა: ვლოცულობდი, რომ თავად ვყოფილიყავი შეჩვენებული ქრისტეს მიერ ჩემი ძმების გამო (რომ: 9.3), და ვინ: ”ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე?” (2 კორინ: 11.29) და ქრისტესადმი ასეთი დამოკიდებულების მქონეს არავინ შეურაცხყვია, შეუჭირვებია, გადაუცია ანათემაზე, რადგან ის, ვისაც ამცირებდნენ, გვემდნენ, ყვრიმალში სცემდნენ, დასცინოდნენ, ალბათ ვერ მიუძღვნიდა ამდენ ხალხსა და ქალაქს მთლიანად უფალს, თუკი ამას უშუალობით, მოწოდებით, თხოვნით არ აღასრულებდა.
როცა (პავლე) ათენელებთან მივიდა, აღმოაჩინა, რომ ყველა კერპთმსახურებაზე იყო გადაგებული. მან არ გაკიცხა ისინი და არ განაცხადა, ყოვლად უღმერთოები და ბილწები ხართო. არ თქვა: ყველაფერს ღმერთად რაცხთ, მხოლოდ ყოველივეს მეუფე და შემოქმედ ღმერთს უარყოფთ. მაშ, რა თქვა? ”როცა დავდიოდი და თქვენს ტაძრებს ვათვალიერებდი, ვპოვე სამსხვერპლო, რომელზედაც ეწერა: შეუცნობელ ღმერთს! სწორედ მას, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით, მე გახარებთ თქვენ” (საქ: 17.23). ჰოი, საოცრებავ! ჰოი, მამობრივო გულო! კერპთმსახურ და უღვთო ელინებს ღვთისმოსავები უწოდა. რატომ? ისინი თავიანთ წეს-ჩვეულებებს ასრულებდნენ, როგორც ღვთისმოსავები. ისინი თვლიდნენ, რომ ღმერთს ეთაყვანებოდნენ, რადგან ასე ირწმუნეს.
ყველას მოგიწოდებთ, თქვენთან ერთად კი საკუთარ თავსაც, რომ მას მივბაძოთ. თუ უფალმა, რომელიც თითოეულის განზრახვას წინასწარ ცნობს და იცის, როგორი გახდება თითოეული ჩვენგანი, ეს თავისი ძღვენისა და გულუხვობის აღსასრულებლად მოიმოქმედა, რომელიც, მართალია, უკეთურებთან არ მყოფობს, მაგრამ მაინც აზიარა ისინი საზოგადო სიკეთეს, რადგან სურს, რომ ყველამ მას მიბაძოს, როგორ იქმ საწინააღმდეგოს, როცა ეკლესიაში შედიხარ და ღვთის ძის მსხვერპლშეწირვას აღასრულებ? ნუთუ არ იცით, რომ ის ”გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს” (ეს: 42.3). რას ნიშნავს ეს? დაუკვირდი, რომ იუდა და მისებრ გზასაცდენილები არ გარიყა, სანამ თითოეულმა საკუთარი თავი არ წარიტაცა და ცდომილებაში არ ჩავარდა. ლოცვას ხალხის უმეცრების გამო არ აღვავლენთ? მტრების, მოძულეებისა და მდევნელებისთვის ლოცვა არ დაგვევალა? აი, მსახურებას აღვასრულებთ; აი, განუგეშებთ: ხელდასხმა ხელმწიფებისკენ არ მიილტვის, სიმაღლისკენ არ მიისწრაფვის, მეუფებას არ ანიჭებს. ყველამ იგივე სული მივიღეთ, ყველას ძეობისკენ მოგვიწოდეს. ვინც მამამ მოიწონა, იგი ღირს იქმნა, თავის ძმებს ხელმწიფების შესაბამისად ემსახუროს. ამრიგად, აღვასრულებთ მსახურებას, მოგიწოდებთ და გევედრებით: განეშორეთ ასეთ უკეთურებას. ვისი შეჩვენებაც წინამოასწავე, ან ცოცხალია და წარმავალ ცხოვრებაში თანამყოფობს, ან გარდაცვლილია. ამრიგად, თუ ჯერ კიდევ ცოცხლობს, უღვთოობ, როცა განკვეთ მას, რომელსაც მოქცევა და ცუდიდან კარგისკენ შემობრუნება შეუძლია; თუ მკვდარია, მით უფრო. რაშია საქმე? იგი თავისი უფლით დგას და ეცემა (რომ: 14.4) და აღარ მორჩილებს კაცობრივ ხელმწიფებას. სახიფათოა იმის გამოთქმა, რაც საუკუნეთა მსაჯულის მიერაა დაფარული, რადგან მხოლო მან იცის ცოდნის (მცნობელობის) სიღრმე და რწმენის სიდიდე. გევედრები, მითხარი, საიდან ვიცით, თუ როგორ დაიდანაშაულებს ან გაიმართლებს (ადამიანი) თავს იმ დღეს, როცა ღმერთმა ადამიანთა დაფარული უნდა განსაჯოს? ჭეშმარიტად ”რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და გამოუკვლეველნი მისი გზანი! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება ან ვინ იყო მისი თანამზრახველი?” (რომ: 11.33-34; ეს: 40.13)
საყვარელნო, ჩვენგან ალბათ არავინ ფიქრობს, რომ ნათლისღების ღირსი გახდა; არავინ უწყის, თუ როდის იქნება მომავალი სამსჯავრო. რას ვუწოდებ სამსჯავროს? თავად სიკვდილი და სხეულისგან გასვლა ვერ ვცანით ცხოვრებისეული საქმეების სნეულების გამო, რომელმაც ხელი დაგვრია. მოგიწოდებთ, განეშორეთ ასეთ სიავეს. აი, ღვთისა და რჩეული ანგელოზების წინაშე ვამბობ და ვმოწმობ, რომ სამსჯავროს დღეს დიდი უკეთურებისა და აუტანელი ცეცხლის მიზეზი გვექნება. ქალწულების შესახებ იგავში, ისინიც კი, ვინც ნათელი რწმენითა და წმინდა ცხოვრებით იცხოვრა, მათი საქმეების მჭვრეტელმა თვით ყოველთა მეუფემ უგულისხმობის გამო მექორწილეთაგან განარიდა (მათ: 25.11). როგორ ვეღირსებით ხსნას ჩვენ, რომლებიც სრული უზრუნველობით ვცხოვრობთ და მოყვასს უგულისყუროდ ვეპყრობით? ამიტომ, გევედრებით, ზედაპირულად ნუ მოისმენთ ასეთ სიტყვებს. ერეტიკული დოგმები და ის, რაც მათგან გადმოგვეცა, ანათემას უნდა გადაეცეს, არა-წმინდა დოგმები უნდა დაიგმოს, ხოლო ყოველი ადამიანი დაიზოგოს და მათი ხსნისთვის ლოცვა აღევლინოს. დაე, აღდგომის დღეს თავად ზეციურ სიძეს ჩვენ ყველანი, ღვთისა და მოყვასის მოყვარულნი და საუფლო მცნებების აღმსრულებელნი, ზეთითა და ანთებული ლამპრებით შევეგებოთ და დიდებით წარვუდგინოთ მას მრავალი ადამიანი, რომლებსაც ჩვენი თანაგრძნობა შეეწია ღვთის მხოლოდშობილი ძის მადლითა და კაცთმოყვარებით.რომლის დიდებას აღვავლენთ მამასთან ერთად სულიწმიდითურთ,აწდა მარადის და უკუნისამდე.ამინ.
ძვ.ბერძნულიდან თარგმნეს : ე.მიქელაძემ და ზ.ჯაშმა
ჟურნალი "ზღვარი" 2003. #1
ჟურნალი "ზღვარი" 2003. #1