Thursday, June 30, 2011

ფსევდოეკლესიური მითოლოგიური შემოქმედების საკითხისათვის

სტატია მომზადებულია დიაკვან მაქსიმე აზნარაშვილის მიერ

რამოდენიმე ხნის უკან სასულიერო პირებს შორის გაიმართა პოლემიკა საქართველოს დასავლურ ორიენტაციასა და რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ. ოპონენტების მსჯელობაში პოლიტიკური პროპაგანდის კვალი შეიმჩნეოდა. რუსული იმპერიალიზმის გასამართლებლად უდავო ავტორიტეტებიც იქნა მოხმობილი - წმ. სერაფიმ საროველი, წმ. ლავრენტი ჩერნიგოველი , ხოლო არგუმენტებად - მათი წინასწარმეტყველებანი.

საკითხი შინაგან გაორებას იწვევდა და ამ მოვლენის ღრმად გაანალიზებისთვის, მოძიებული იქნა მასალები ხსენებულ „წინასწარმეტყველებებზე“, რასაც გთავაზობთ წინამდებარე სტატიაში.

დავიწყოთ ცნობილი მართლმადიდებელი პუბლიცისტის ალექსანდრე ნიკოლოზის-ძე სტრიჟევის სტატიით : „რა არ წარმოუთქვამს ღირს სერაფიმ საროველს“ Чего не изрекал Преподобный Серафим - Тайна беззакония - РУССКОЕ ВОСКРЕСЕНИЕ:


,,ბოლო დროს ზოგიერთ გამოცემაში კეთილმსახურ მოღვაწეთა გამორჩეული წინასწარმეტყველური გამონათქვამები გამოჩნდა,კერძოდ დიდი საროველი ბერის - ღირსი სერაფიმისა. მსგავსი წინასწარმეტყველებების ნაკადმა განსაკუთრებულად იმძლავრა მკითხველებზე წმ. სერაფიმ საროველის კანონიზირებიდან 100 წლის დღესასწაულის აღნიშვნის წინ.

ცნობილია, რომ საროველი სასწაულთმოქმედი წინასწარმეტყველების უდიდეს ნიჭს ფლობდა. ეს წინასწარმეტყველებანი როგორც დივეევოს სავანის, ასევე რუსეთის მომავლის ხვედრს ეხება. ბევრი მათგანი შეგროვებულია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჩიჩაგოვის) ნაშრომში ,,სერაფიმე-დივეევოს მონასტრის მატიანე" (1986, 1903) და სერგი ნილუსის წიგნებში - „უდიდესი მცირეში"(1903, 1905), „ღვთის მდინარის ნაპირზე" (ტ.2, სან-ფრანცისკო,1969). თუმცა აღმოჩენილია ღირსი მამის წინასწარმეტყველებათა კრებულის მნიშვნელოვნად შემავსებელი ახალი ტექსტებიც.

ერთ-ერთი ბოლო მონაპოვარია ორი დოკუმენტი, აღმოჩენილი ღვთისმსახურ პავლე ფლორენსკის ქაღალდებში. მათი მიმოხილვისას აღმოჩნდა, რომ შეიძლება ისინი მამა პავლესთან სერგი ნილუსის საშუალებით მოხვდნენ, რომელიც ახლოს იცნობდა ელენე ივანეს ასულ მოტოვილოვას(+1910), ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე მოტოვილოვის(1862-1929), დივეევოს მონასტრის კეთილისმყოფლის, „სერაფიმეს მსახური"-ს ქვრივს. ნ.ა. მოტოვილოვმა (რბილად რომ ვთქვათ - ადამიანი უცნაურობებით; დღესდღეობით იგი ფართოდაა ცნობილი მართლმადიდებლებს შორის, როგორც ღირსი მამის თანამოსაუბრე, რომელსაც გაანდო მან დაფარული, საიდუმლო აზრები ქრისტიანული ცხოვრების მიზნის შესახებ), დატოვა მრავალრიცხოვანი ჩანაწერები, რომელშიც გადმოცემდა წმ. სერაფიმ საროველის გამონათქვამებსა და საუბრების შინაარსს. ახლახანს ტექსტების ამ კორპუსს აგრეთვე დაემატა მოტოვილოვის იმპერატორებთან - ნიკოლოზ I-სა და ალექსანდრე II-სთან მიმოწერა. (გამოქვეყნებულია ჩემს მიერ წიგნში:"ღვთის დედისა და სერაფიმების მსახური".მ.,1996). მიმოწერაში არის აგრეთვე ღირსი მამის წინასწარმეტყველებანი რუსეთის მომავალსა და მსოფლიო მოვლენებზე.

მოტოვილოვის ნაშრომების ყველაზე გულმოდგინე და თანაც ყველაზე ავტორიტეტული გამომცემელი იყო ს.ა.ნილუსი. სახელდობრ მას გადასცა გასარჩევად 1902 წელს ელენა ივანეს ასულმა თავისი განსვენებული მეუღლის ხელნაწერების ყუთი. მათ მიერ ამ ყუთიდან ამოღებული და გამოქვეყნებული იქნა დღესდღეობით ცნობილი საუბარი ღირსი მამისა „ქრისტიანული ცხოვრების მიზანზე" (პირველი პუბლიკაცია გაზეთში "მოსკოვის უწყებანი", მაისი 1903წ.). „დივეევოს დიდი საიდუმლო" იმყოფებოდა სერგი ალექსანდრის ძის ქაღალდებში, რომელმაც გრძელი და მძიმე გზა გაიარა ოკეანის მიღმა და პირველად 1969 წელს სან-ფრანცისკოში, სერგი ნილუსის ცოლის ნათესავის, ელენე იურის ასული კარცოვას ხელშეწყობით დაიბეჭდა. 1990 წლის ზაფხულში ჩემს მიერ დასაბეჭდად იქნა გამზადებული, ხოლო ამავე წლის 21 სექტემბერს გაზეთში „მოსკოველი ლიტერატორი" გამოქვეყნებულ იქნა, ნ.ა.მოტოვილოვის ჩანაწერი "ანტიქრისტე და რუსეთი"(დასათაურდა გამომქვეყნებლის მიერ), რომელიც შემოინახა მამა პავლე ფლორენსკის არქივში. ეს ძალიან საეჭვო ჩანაწერი საკმაოდ ფართო მაშტაბით მიმოდიოდა რევოლუციამდელ დროში, იკითხებოდა იგი ოქტომბრის საშინელი გადატრიალების შემდეგაც. თავადის ასული ნ.ვ.ურუსოვას მოგონებების მიხედვით, მან ეს ჩანაწერი იხილა საეკლესიო კულტურის შესანიშნავ ისტორიკოსთან, გრაფ ი.ა.ოლსუფევთან, რომელსაც ხვდებოდა მაშინ „სერგიევ პოსად"-ში. მას ამ ჩანაწერიდან დაამახსოვრდა ღირსი მამის წინასწარმეტყველება „იმ საშინელებებზე და უბედურებებზე, რომლებიც მოიწევს რუსეთზე და მახსოვს მხოლოდ ის, რომ იქ რუსეთის შეწყალებასა და გადარჩენაზეც იყო ნათქვამი" (იხ. ჟურნალი "რუსი პილიგრიმი" ამერიკის ბალაამის საზოგადოება. 1990.#2.გვ.94).

მოვიყვანოთ ბერ-მონაზვნის ნამდვილი სიტყვები ჩანაწერიდან, ახლა უკვე ცნობილი სათაურით „ანტიქრისტე და რუსეთი"

„მამა სერაფიმეს ზუსტი გადმოცემით, ანტიქრისტეს დაბადებამდე რუსეთში მოხდება დიდი, ხანგრძლივი ომი და საშინელი რევოლუცია, ყოველგვარ ადამიანურ წარმოსახვაზე აღმატებული, რამეთუ სისხლისღვრა იქნება საშინელი; რაზინის, პუგაჩევის ბუნტი, ფრანგული რევოლუცია - არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქნება რუსეთში. მოხდება ბევრი მამულის ერთგული ადამიანის დაღუპვა, საეკლესიო ქონებისა და მონასტრების გაძარცვა, შებილწვა უფლის ეკლესიების; კეთილი ადამიანების სიმდიდრის განადგურება და გაძარცვა. რუსული სისხლის მდინარეები დაედინება, მაგრამ უფალი შეიწყალებს რუსეთს და ტანჯვის გზით მიიყვანს დიდ დიდებასთან"

წმ. სერაფიმ საროველის ამ წინასწარმეტყველური სიტყვების სინამდვილე ეჭვს არ იწვევს, რამეთუ ნ.ა.მოტოვილოვის მიერ მონიშნულია:„მამა სერაფიმეს ზუსტი გადმოცემით". მაგრამ შემდეგ იგივე წერილში ზემორე სიტყვებს მოჰყვება თავად მოტოვილოვის ნააზრევი, სრულიად რუსეთსა და გოგისა და მაგოგის სლავურ სამეფოზე, „რომლის წინაშეც შეძრწუნდებიან ყველა ერები"; მსოფლიოს გადანაწილებასა და რუსეთის იმპერიის არნახულ გაფართოებაზე, ანტიქრისტეს დაბადებაზე „პეტერბურგსა და მოსკოვს შორის, რომელსაც დაერქმევა „მოსკოვ-პეტროგრადი", მერვე მსოფლიო კრების მოწვევაზე „ყოველგვარი მასონობისა და მსგავსი პარტიების საბოლოოდ დასაწყევლად", რომელთა მიზანია „დაუმორჩილონ მთელი მსოფლიო ანტიქრისტიანობას, ერთმმართველი თვითმპყრობელი, ღმრთისმბრძოლი მეფის სახით,ერთადერთს მთელი მსოფლიოს სათავეში" - ანტიქრისტეს. შემდეგ ნაწერი გვიამბობს მასზედ, რომ „ებრაელები და სლავები ღვთის რჩეული ერებია, მისი ჭურჭელი და მოწმე, კიდობანი დაურღვეველი, ყველა სხვა ხალხები კი არის როგორც ნერწყვი, რომელთაც უფალი განაგდებს თავისი ბაგიდან". მოტოვილოვის აზრით, ეს მესიანისტური ერები სათნოეყოფიან უფალს (возлюбленные перед Богом), მაგრამ ანტიქრისტეს დროებაში მხოლოდ სლავები „ღირსიქმნებიან ღვთის უდიდესი მადლმოსილებისა" იმისათვის, რომ არ მიიღეს დაღუპვის ძე. და გამეფდება რუსული „ყოვლადძლიერი ენა დედამიწაზე და სხვა სამეფო უფრო ყოვლადძლიერი რუსულ-სლავიანურზე არ იქნება ქვეყანაზე". ხაზი გავუსვათ კიდევ ერთხელ, რომ ღირს სერაფიმესთან ამ „წინასწარმეტყველებებს" არავითარი კავშირი არ აქვს!

ნ.ა.მოტოვილოვის ფიქრები ესქატოლოგიურ თემაზე მთლიანად შეესაბამება მის განწყობას XIX საუკუნის 60-იან წლებში, როცა ქმნიდა „დივეევოს უდიდეს საიდუმლო"-ს. არ გვაქვს არავითარი საფუძველი „სრულიად სლავური გოგისა და მაგოგის სამეფო"-ს მისეული გააზრება ღირს სერაფიმ საროველს მივაწეროთ. სამწუხაროდ ამას ზოგიერთი ეკლესიასთან დაახლოებული გამომცემლობა აკეთებს. ანუ მიაწერს ღირს სერაფიმეს სიტყვებს, რომელიც მას არ გამოუთქვამს. მსგავსი ტიპის გამრუდებანი (Передергивания) შეიმჩნევა ჟურნალის „პირველი და უკანასკნელი" გვერდებზე, რომელიც ვ.გ.მანიაგინის რედაქტორობით გამოდის (მასალა გადაბეჭდილ იქნა გაზეთიდან „მართლმადიდებელი რუსეთი",2003,#5-6). 2003 წლის 5(9) ნომერში მე-6 ფურცელზე, ზემოთ მოყვანილი მოტოვილოვის სრულიად რუსეთსა და გოგსა და მაგოგის სლავურ სამეფოზე ნააზრევის შემდეგ ვკითხულობთ:„რუსეთისა და სხვა ხალხთა გაერთიანებული ძალებით კონსტანტინეპოლი და იერუსალიმი იქნება დაკავებული. გაყოფისას თითქმის მთელი თურქეთი დარჩება რუსეთს..." კალმის ერთი მოსმით ღირს სერაფიმ საროველს წარმოათქმევიეს ის, რაც მის ბაგეს არასდროს დაცდენია.

პანსლავიანიზმი, როგორც იდეური მიმდინარეობა,რუსეთის განათლებულ წრეებში ძირითადად XIX საუკუნის 60-იან წლებში დომინირებდა, ეს პერიოდია, როცა ნ.ა.მოტოვილოვი მეხსიერებაში აღიდგენდა დიდ საროველ წინასწარმეტყველთან საუბრის დეტალებს, ერეოდა რა ისინი სხვა კეთილმსახურ მოღვაწეთა გამონათქვამებში. მისი ჩანაწერის - „ანტიქრისტე და რუსეთი" - შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად გამოიცნობა სხვა ადამიანის ესქატოლოგიური განსჯა-ნააზრევი, შესაძლოა ანტონი ვორონეჟელის, დახვეწილი აზროვნების მქონე დიდებული მღვდელთმთავრისა. ამის შესახებ მიანიშნებს თავად მოტოვილოვიც, ათარიღებს რა თავის ჩანაწერს 1834 წლით, ვორონეჟში მგზავრობის დროით, როცა შედგა კიდეც ეპისკოპოს ანტონთან მისი საუბარი. 1834 წელს ბერ-მონაზონი სერაფიმი უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო (აღესრულა 1833 წლის 1 იანვარს). ასე რომ, ღირს მამას არ გამოუთქვამს ის, რაც ნათქვამია ნ.ა.მოტოვილოვის წერილის ბოლო აბზაცში:„ისრაელში დაიბადა იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთკაცი, ღვთის ძე მასზედ გარდამოსული სულიწმინდით (Сын Бога наитием Св. Духа), ხოლო სლავებსა და რუსებს შორის დაიბადება ნამდვილი ანტიქრისტე: ადამიანი -დემონი, დანის ტომიდან გამოსული მეძავისა და ეშმაკის შვილი, მამაკაცის თესლიდან ხელოვნურად ჩასახული, რომელთან ერთადაც დედის საშოში სიბნელის სული შესახლდება. მაგრამ ერთი ვინმე რუსებიდან, მოესწრება რა ანტიქრისტეს დაბადებას, მსგავსად სიმეონ ღვთისმიმრქმელისა- ყრმა იესოს მაკურთხეველისა და მისი დაბადების მსოფლიოზე მაუწყებელისა, ის(რუსი)დაწყევლის ანტიქრისტეს დაბადებას და აუწყებს ქვეყანას, რომ ისაა ნამდვილი ანტიქრისტე." ეს სტილისტური წყობა მთლიანად მიეკუთვნება თვითონ მოტოვილოვს და არავის სხვას, რამეთუ ჩვენ ღვთივსულიერ მამებს დასკვნები წმინდა წერილისა და წმინდა მამათა სწავლების საფუძველზე გამოჰქონდათ, და თუკი ამა თუ იმ საკითხს თავიანთ ნააზრევს მიამატებდნენ, ისინი არანაირად არ ეწინააღმდეგებოდნენ წმ. მართლმადიდებლურ გადმოცემას.

წმინდა გადმოცემის მიხედვით ანტიქრისტე დაიბადება არა სლავ ერში, არამედ წამოყენებული იქნება ებრაელთა მიერ, აღანთებენ რა „უსჯულოების საიდუმლოს". პირველი, ვინც გვაფრთხილებდა მოტოვილოვის „ანტიქრისტე და რუსეთის" არასწორ გაგებაზე იყო მიქაელ შუმსკი. იგი დოკუმენტის "მოსკოველ ლიტერატორ"-ში პუბლიკაციას ცხელ კვალზე სასწრაფოდ გამოეხმაურა იგივე გაზეთში თავისი ცოტათი გაღიზიანებული, მაგრამ არსებითად სწორი წერილით.

თუკი ნ.ა.მოტოვილოვის წერილს „ანტიქრისტე და რუსეთი" მთლიანად განვიხილავთ, პირველი აბზაცის გარდა, რომელიც მიმდინარე მიმოხილვის დასაწყისში იქნა ციტირებული, დიდ საროველ ხუცესს არც სხვა დანარჩენი ეკუთვნის, მათ შორის აზრი ბოლო დროის მერვე მსოფლიო კრების მოწვევაზე - „ღვთის წმინდა ეკლესიათა დაკავშირებისა და შეერთებისათვის".

მართლმადიდებლური გადმოცემისა და ბევრი კეთილმოღვაწის გამონათქვამების მიხედვით, ე.წ. „მერვე მსოფლიო კრება" ეკუმენისტური და განმაახლებლური იქნება. ასე რომ ვიყოთ ფრთხილად. აღსანიშნია, რომ მოტოვილოვის იმპერატორ ალექსანდრე II -სადმი გაგზავნილ წერილში იგივე აზრია გახმაურებული (იხ.:„ღვთის დედისა და სერაფიმების მსახური"). განსაკუთრებული მონდომებით ქადაგებდა საროველი ხუცესი რუსული სახელმწიფოებრიობის ლიბერალური მოწყობის გზების დამღუპველობაზე. განსჯა სლავ ხალხთა ერთიანობაზე დიდ ეჭვს იწვევს მისი ღირსი სერაფიმესათვის მიკუთვნების საკითხში. მსგავსება მოტოვილოვის აღნიშნული სტატიასთან შეინიშნება ჟურნალ "სულისთვის სარგო საკითხავის" 1912 წლის (რ.2,გვ.493) პუბლიკაციაშიც. კერძოდ, იქ ვინმე ჟურნალისტი პოტაპოვი მოტოვილოვის მეუღლის სიტყვებზე დაყრდნობით წერდა: „ყველაფერი ის, რაც ატარებს „დეკაბრისტების", „რეფორმატორების" სახელს და ერთი სიტყვით, მიეკუთვნება „ყოფის გამაუმჯობესებელ პარტიას" (принадлежит к "бытоулучшательной партии")- არის ნამდვილი ანტიქრისტიანობა, რომელიც განვითარებისას, დედამიწაზე ქრისტიანობისა და ნაწილობრივ მართლმადიდებლობის დამხობას გამოიწვევს და დამთავრდება ანტიქრისტეს მთელ მსოფლიოზე გამეფებით, გარდა რუსეთისა, რომელიც სხვა სლავურ ქვეყნებთან ერთად ხალხთა უზარმაზარ ოკეანედ იქცევა, რომლის წინაშეც შიშის ქვეშ იქნებიან დედამიწის სხვა ტომები. და ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ორჯერ ორი ოთხია" თუმცა ეს პუბლიკაცია მოტოვილოვის წერილის საფუძველზე შეიქმნა, ღირს სერაფიმესათვის მისი ავტორობის მიწერა შეუძლებელია: ღირსი მამის დროს მეამბოხეებს „დეკაბრისტებად" არ მოიხსენიებდნენ; ტერმინი „დეკაბრისტი" ხმარებაში მხოლოდ რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ შემოვიდა!

უფრო დიდ ეჭვს იწვევს ზოგიერთი ნარატიული, სხვაგვარად - ზეპირი წყარო. განსაკუთრებით ხშირად მათ იყენებენ, როცა საუბარი ეხება წმ. სერაფიმეს წინასწარმეტყველებებს უკანასკნელი მეფის - ნიკოლოზ II-ის ბედთან მიმართებაში. აქ უკვე ანონიმურ წყაროებსაც მიმართავენ, ამოღებულს ლიბერალი ისტორიკოსის - ს.პ.მელგუნოვის წიგნიდან - „უკანასკნელი თვითმპყრობელი", რომელმაც დღის სინათლე 1917 წლის თებერვალ-ოქტომბერში იხილა, მეფე-იმპერატორსა და მის ოჯახზე ზღვარგადასული ცილისწამების მომენტში. ღირსი მამის წინაუწყება მეფე ნიკოლოზ II-ზე თითქოს ასე ხმაჰყოფდა: „ამ მონარქის მეფობის დასაწყისში იქნება უბედურება და სახალხო ვარამი. იქნება მარცხიანი ომი. მოიწევს უდიდესი შფოთი სახელმწიფოს შიგნით, მამა აღსდგება შვილზე და ძმა ძმაზე. მაგრამ მისი მმართველობის მეორე ნახევარი იქნება ნათელი და მეფის ცხოვრება კი დღეგრძელი". მინიშნება ნიკოლოზ II-ის მმართველობის მეორე ნახევრის ხანგრძლივობაზე არ გამართლდა! და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ღირსი სერაფიმე, მოტოვილოვს თუ დავუჯერებთ, ნიკოლოზ I-ს გულისხმობდა ამ აზრის გამოთქმისას. მისი მმართველობის დროს იყო თავადების ბუნტიც და 1830 წლის უბედური ჭირი, აგრეთვე წარუმატებელი ყირიმის ომი. ზუსტად ამაზე იყო საუბარი მოტოვილოვის ალექსანდრე II-სადმი მიმართულ წერილში, ხოლო ა.მელგუნოვი დოკუმენტების არქონის გარეშე ეყრდნობა ზეპირ გადმოცემას. „ამ წინასწარმეტყველების ტექსტი - ხსნის რა იგი თავის წიგნში - თითქოსდა ჩაწერილი იყო რომელიღაც გენერლის მიერ და შენახულ იქნა ჟანდარმთა კორპუსის არქივში. ამბობენ, რომ ალექსანდრე III უშედეგოდ ეძებდა ამ დოკუმენტს - წინასწარმეტყველება ეხებოდა ყველას მეფობას, მაგრამ როცა მოიფიქრეს მიემართათ პოლიციის დეპარტამენტისთვის, მაშინ სასურველი ქაღალდი ინახა" სწორად წერს - ქაღალდი ინახა! მაგრამ იგი მოიძებნა არა ალექსანდრე III-ს მეფობისას, არამედ 1906 წელს. და ეძებდნენ მას იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას მოთხოვნით, რომელსაც მოესურვა წაეკითხა ღირსი მამის წინასწარმეტყველება რომანოვთა სახლზე.

რახან ამ წინასწარმეტყველებაზე მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა, ლაპარაკობდნენ აგრეთვე ხუცეს სერაფიმეს მიერ ნიკოლოზ II-სთვის მიმართულ რაღაც წერილზე. იმპერატრიცას მოთხოვნა მივიდა არქივარიუსებთან და მათაც დაიწყეს ძებნა. ხუცესის არავითარი პირადი წერილი ნიკოლოზ ალექსანდროვიჩისადმი, „უღირსი სერაფიმესათვის" სახელისმომხვეჭელი, არ აღმოჩენილა, სამაგიეროდ მოიძებნა ზემოთ ხსენებული წერილები ნ.ა.მოტოვილოვისა ნიკოლოზ I-ისა და ალექსანდრე II-სადმი. ეს წერილები შენახული იქნა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კანცელარიის მესამე განყოფილებაში (მელგუნოვის მიხედვით-ჟანდარმთა კორპუსის არქივში). წერილებში ხაზგასმული იყო იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შესახებ წინასწარმეტყველებების შემცველი სიტყვები, მაგრამ ალბათ ინტერესის შემცველი მიმდინარე მეუფებისთვისაც. თუკი ყველა ხაზგასმულ მონაკვეთს შევკრებთ, მივიღებთ ერთიან ტექსტს, რომელსაც სურვილისა და შეუკავებელი ფანტაზიის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება ვუწოდოთ წმინდა სერაფიმეს იმპერატორ ნიკოლოზ II-სადმი მიწერილი წერილი. შეიძლება ასე ვუწოდოთ დიდი სურვილის გამო, მაგრამ პასუხისმგებლობის მქონე ისტორიკოსებს სიზუსტე უყვართ და წინასწარმეტყველებანი, სხვა იმპერატორისა და სხვა მეუფებისათვის შექმნილნი, არ შეიძლება თვითნებურად გადატანილ იქნეს ეპოქიდან ეპოქაში. მეფობის მეორე ნახევარს - ნათელი - შეიძლება იმპერატორ ნიკოლოზ I-ისთვისაც ეწოდოს. 234 მართლმადიდებლობისა და რუსული სულიერი კულტურის მიმართ ეჭვგარეშეა. ამიტომაც, არც თუ უსაფუძვლოდ იმედოვნებს მართლმადიდებელი ხალხი, რომ ეს იმპერატორი წმინდანთა დასში განიდიდება. ყოველგვარი ლიბერალური ჭუჭყი, ამ დიდი და კეთილმორწმუნე ადამიანის წმინდა სახისთვის მიყენებული, მართმადიდებლური რწმენისა და მამულის მტრების მიერ, უკვე განქარდა. ხალხი გადაეჩვია მასონთა ანკესზე წამოგებას და ვინც გადაეჩვია, ის პატივს ცემს თავის დიდ იმპერატორს. რათქმაუნდა ორ ნიკოლოზს, ორ დიდ მონარქს შორის, ბევრი საერთოა, როგორც ერთნაირი სახელის მქონე მეუღლეებს შორის. და რასაც წმინდანი მიაკუთვნებდა ერთ მათგანს, სურვილის შემთხვევაში შეიძლება მივაკუთვნოთ მეორესაც, მაგრამ მხოლოდ „სურვილის შემთხვევაში" და ეს აზრის სიზუსტისთვის სავსებით არასაკმარისია...

...დიახ, ჩვენი ცხოვრება რთულია, დროდადრო კი საკმაოდ მძიმე, ამიტომაც სულაც არაა გასაკვირი, რომ ხალხი მიელტვის არნახულ სასწაულს. ხანდახან მხოლოდ და მხოლოდ გაქუცული ჭორი გაიზრდება და გალამაზდება, გადაიქცევა რა მყარ მითად. მითებთან კი არ კამათობენ, მათ საიმედოობას კი არ გადახედავენ, არამედ მათ უბრალოდ ეჩვევიან. ავღნიშნოთ, რომ არსებობს მრავალი ისტორიული მითი, საკმაოდ მდგრადი, თუმცა სრულიად დაუმტკიცებელი და ცრუ.

ესაა თითქოსდა არსებული პეტრე I-ის ანდერძი, „ნათელმხილველი" მონაზონი აბელის ზოგიერთი ფალსიფიცირებული „წინასწარმეტყველება", სიმართლეს მიმგვანებული ლეგენდა ფედორ კუზმიჩზე - თითქოსდა მეფედყოფილ ალექსანდრე I-ზე, ცნობილი „პროტოკოლების" ავტორობის უშიშროების განყოფილებაზე გადაბრალება, წმ. იოანე კრონშტატელის გარდაცვალების შემდეგ გამოგონებული ე.წ. „წინასწარმეტყველური სიზმარი" (вещий сон) და მრავალი სხვა „მარგალიტი" ფსევდოეკლესიური მითოლოგიიდან.

საეკლესიო ლიტერატურაშიც თავს ვერ ვაღწევთ დამახინჯებასა და მითებს. ასე მაგალითად, ახლახანს გამომცემელის მითითების გარეშე ხელმეორედ გამოიცა წიგნი ორ ნაწილად:„დასაწყისი და დასასრული ჩვენი მიწიერი სამყაროსი. აპოკალიპსის წინასწარმეტყველებათა გახსნის გამოცდილება". ეს საკმაოდ სქელტანიანი გამოცემა რევოლუციამდე ოთხჯერ გამოიცა დედაქალაქში ანონიმურად. (ეტყობა მსგავსი ლიტერატურა ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ მომგებიანია. მთარგ.შენ.) ახლა კიდე, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე წმ. მართალ იოანე კრონშტატელს მიაწერეს. მიეწერა ნაწარმოები, რომელიც არასდროს დაუწერია! მეტიც, მამა იოანე თავისი დღიურის ერთ ჩანაწერში აღიარებს: როცა მას ხელში ჩაუვარდა შემთხვევით „დასაწყისი და დასასრული ჩვენი მიწიერი სამყაროსი", მოეწონა და ეწყინა კიდეც, რომ თვითონ არ დაუწერია მსგავსი. ეს არის და ეს. და ვინ შექმნა ეს ნაშრომი? მისი შემოქმედი იყო ოპტინის უდაბნოს იერომონოზონი პანტელეიმონი, საკმაოდ ცნობილი საეკლესიო მწერალი და არანაკლები მთარგმნელი. (გადათარგმნა სიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის ქმნილებათა მე-3 ტომი, მისი ჰიმნები). თავისი მცდელობა აპოკალიპსის ახსნისა გამოსცა ღიად, თავისი სრული მონაზვნური სახელის მითითებით, როგორც ერთადერთმა ავტორმა. წიგნი გამოვიდა ოდესაში გამომცემელ ე.ი.ფესენკოს მიერ 1903 წელს.

დასასრულ მოვიყვანთ წმ. დიმიტრი როსტოველის შესანიშნავ სიტყვებს:„ნუ ვეცრუვებით წმინდანს..."(Me буди ми лгати на святого...) და გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი მითოლოგიური შემოქმედება, ისტორიული და ჰაგიოგრაფიული ფაქტებით მანიპულირება არის მძიმე ცოდვა, რომელიც აცდუნებს მორწმუნეთა სულებს და შემოაქვს უწესრიგობა და სქიზმა მართლმადიდებლურ ეკლესიაში."

ამ სტატიის ავტორის მიკერძოებულობაში, რომ არ შეგვეპაროს ეჭვი, ორიოდ სიტყვით მის შესახებაც მოგახსენებთ. ალექსანდრე ნიკოლოზის-ძე სტრიჟევი ცნობილი მართლმადიდებელი პუბლიცისტი, ლიტერატურათმცოდნე და რუსული კულტურის ისტორიის სპეციალისტია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სტრიჟევის ნაშრომები, მიძღვნილი ღირსი სერაფიმ საროველისადმი („დივეევოს გადმოცემა", „მსახური ღმრთისა სერაფიმე" და სხვა მრ.). ღირსი მამის დაბადებიდან 250-წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი :„ღირსი სერაფიმე საროველი. აგიოგრაფია.პატივგება.იკონოგრაფია"(მ.,2004), რომელშიც გამოყენებულია ყველაზე სრული ბიბლიოგრაფია ღირს მამაზე, შეგროვებული სტრიჟევის მიერ (ათასზე მეტი წყარო). სტატიის დაწერის მომენტში (2003) ბატონი სტრიჟევი გახლდათ საქველმოქმედო ფონდის - "სერაფიმ საროველის ენციკლოპედია" სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

მოტოვილოვის გამონაგონის თავისებურ გაგრძელებასა და ინტერპრეტაციას წარმოადგენს ლეგენდა კონსტანტინოპოლის (ახლანდელი სტამბული) საკათედრო ტაძარ - „აია სოფია"-ში დაუმთავრებელი წირვის შესახებ (ამ ლეგენდის მიხედვით მწირველი მღვდელი ბარძიმთან ერთად „აია სოფიას" კედელში შევიდა და უცდის კონსტანტნოპოლის გათავისუფლებას, რათა წირვა დაასრულოს), რომელიც თითქოსდა რუსეთის მიერ თურქეთის აღების შემდეგ უნდა დასრულდეს. მართლმადიდებლური მითოლოგიის მოყვარულები, როგორც წესი რადიკალური მიდგომით გამოირჩევიან და მართლმადიდებლობის უცილობელ დამცველებად მოაქვთ თავი. მათ გასაგონად ვიტყვით, რომ ბოლო წირვა, რომელიც კონსტანტინეპოლის დაცემისას ჩატარდა უნიატური იყო.

რახან ფსევდომართლმადიდებლურ მითებში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტებზე ვისაუბრეთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ მთელ პოსტსაბჭოთა მართლმადიდებლურ სივრცეში გავრცელებული თანამედროვე მითოლოგიური შემოქმედების მარგალიტი - ლეგენდა ბჟეზინსკიზე, კერძოდ კი მისი ციტატა:„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამერიკას დარჩა მთავარი მტერი - რუსეთის (ზოგი ვერსიით ზოგადად მართლმადიდებლური) ეკლესიის სახით." არ მეგულება ეკლესიური ადამიანი, რომელიც ამ მითს არ იცნობდეს. ბჟეზინსკის ეს „სიტყვები" გამოყენებულია, როგორც სერიოზული ბაზისი ამერიკის და მისი ჰეგემონობით მთლიანად დასავლური კულტურის ანტიმართლმადიდებლური შეთქმულების თეორიის სამხილებლად. ციტატის წყაროდ ხშირად ასახელებენ პოლიტოლოგიაში ცნობილ ნაშრომს - „დიდი საჭადრაკო დაფა".

საეკლესიო პერიოდიკიდან თუ ამბიონიდან მოწოდებული ამ ლეგენდის მჯეროდა, მაგრამ მაკვირვებდა ბჟეზინსკის გულახდილობა და არადიპლომატიურობა. ამბობენ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო და დავინტერესდი ამ წიგნის რუსული თარგმანით. (Збигнев Бжезинский. Великая шахматная доска [Господство Америки и его геостратегические императивы] Перевод О. Ю. Уральской М.: Междунар. отношения, 1998.). ჩემდა გასაკვირად ხსენებული ციტატის მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე. ავტორი სრულიად ნეიტრალური ჩანს ეკლესიის მიმართ და მართლმადიდებლობა ერთხელაა სულ ნახსენები, ისიც სულ სხვა კონტექსტში: „კომუნიზმი სახელდებულ იქნა, როგორც რუსული მართლმადიდებლობის გამყიდველობა" («коммунизм был заклеймен как предательство русской православности»). ბჟეზინსკის ადვოკატი არ გახლავართ, მითუმეტეს არც საჭიორებს , მაგრამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ავტორი თავისი საქმის პროფესიონალია და მისი "დიდი საჭადრაკო დაფა" XX საუკუნის დასასრულის მსოფლიოს გეოსტრატეგიული ანალიტიკური სფეროს ერთ-ერთი სერიოზული ნამუშევარია. ამ მითის აპოლოგეტებს მოვუწოდებ გაეცნონ ნაშრომს და დასკვნებიც შემდეგ გააკეთონ.

ეკლესიაზე რა მოგახსენოთ და ბჟეზინსკის საკმაოდ ხისტი გამონათქვამები აქვს რუსეთის ყოფილი და დღევანდელი მმართველების წინააღმდეგ. ყველასთვის ცნობილია მისი მტრული დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლებისა და კრემლის თანამედროვე მესვეურების მიმართ, მაგრამ ამ დამოკიდებულების რუსულ და მეტადრე მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ გადამისამართება ყოველგვარი არგუმენტირების გარეშე, საკმაოდ უცნაური მოვლენაა. ვგონებ, არის მცდელობა კრემლისა და ეკლესიის ინტერესების თანახვედრის ილუზიის შექმნისა. კომუნისტურმა იდეოლოგიამ კრახი განიცადა. რუსეთის იმპერია ცდილობს ბოლშევიკური იდეოლოგიისთვის ალტერნატივის მოძიებას და ამისთვის მართლმადიდებლობის გამოყენებას. ბოლო დროს ეს ტენდენცია საკმაოდ შესამჩნევი გახდა და რუსული ეკლესიის სამღვდელოების ნაწილი თავის პუბლიკაციებში ღიად უპირისპირდება ამ მოვლენას, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა და ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს იმდენად, რამდენადაც ხსენებული იდეა როგორც წესი ხშირად ეყრდნობა ფსევდომართლმადიდებლურ მითოლოგიას.
საინტერესოა რას ეყრდნობა ბჟეზინსკის ანტიმართლმადიდებლური ფსიქოპორტრეტის ჩამოყალიბება ჩვენს ცნობიერებაში, როცა „მტრობის" სხვა ნიშნები და მოწმობები, გარდა ამ „ციტატისა" არ მოიყვანება. ხსენებული „ციტატის" წყარო კი ვერც ბჟეზინსკის სხვა ნაშრომებში, ინტერვიუსა თუ პუბლიკაციებში ვერ აღმოვაჩინე, თუმცა წავაწყდი უკრაინის ეკლესიის დიაკვნის - ანდრეი გლუშენკოს საინტერესო სტატიას საინტერესო სათაურით: „უწოდა თუ არა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ რუსეთის ეკლესიას აშშ-ს მთავარი მტერი?", რომლის შემოკლებულ თარგმანსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ Называл ли Збигнев Бжезинский Русскую Церковь главным врагом США? :: История и лица :: Киевская Русь:


„საკმაოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ზბიგნევ ბჟეზინსკის არასდროს წარმოუთქვამს სიტყვები, რომელსაც ხშირად მიაწერენ: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკის მთავარი მტერი გახდა რუსეთის ეკლესია". უმეტეს შემთხვევაში ამ ფსევდოციტატის მოყვანისას, რუს მართლმადიდებელ პუბლიცისტებს საერთოდ არ გააჩნიათ არავითარი წყარო, მითუმეტეს - ბჟეზინსკის ინტერვიუს, სტატიისა თუ წიგნის სახით. მოცემული „ციტატის" წარმოშობის შემსწავლელმა ჟურნალისტებმა ვერ აღმოაჩინეს ვერავითარი კვალი ბჟეზინსკის მსგავსი გამონათქვამებისა ინგლისურენოვან ინტერნეტში ( რუსული ვებგვერდების ინგლისური ვერსიების გამოკლებით, რომლებშიც იგი მოიყვანება რუსულად.)

ერთადერთი წყარო ამ „ციტატისა", რომელიც ჟურნალისტებმა შეძლეს დაედგინათ და კერძოდ რომლიდანაც დაიწყო მან თავისი არსებობა - ესაა „დამოუკიდებელი გაზეთი"-ის ("Независимая газета"), 1997წ. 14 თებერვლის გამოცემა. მასში გამოქვეყნებულია ნიკიტა მიხალკოვის სტატია, სადაც ის აცხადებს: „ცოტა ხნის წინ, აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა - ზბიგნევ ბჟეზინსკიმ წარმოთქვა უცნაური ფრაზა: „კომუნიზმის დანგრევის შემდეგ ამერიკას დარჩა ერთადერთი მტერი - რუსული მართლმადიდებლობა“" მაგრამ არავითარი მონაცემი, სახელდობრ როდის, სად, ვისთან საუბარში ან თუგინდ რა შემთხვევაში წარმოითქვა ეს ფრაზა, მიხალკოვმა არ მიუთითა. მეტიც, მიხალკოვის მტკიცების მიუხედავად, ბჟეზინსკი არასდროს ყოფილა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. შემდეგ, არ არსებობს არავითარი ცნობა, რომ მიხალკოვი მანამდე შეხვედროდა ბჟეზინსკის და ასეთი შეხვედრა კიდეც რომ ყოფილიყო, დაუჯერებელია, რომ მიხალკოვის თანდასწრებით ღიად გამოეთქვა ბჟეზინსკის ასეთი ცინიკური სიტყვები. მსგავსი რომც მომხდარიყო, მიხალკოვი აუცილებლად დააზუსტებდა, რომ პირადად მოისმინა, მაგრამ თავის სტატიაში მან ეს არ გააკეთა. ამგვარად, საქმე გვაქვს აბსოლიტურად არაფრით განმტკიცებული „ნათქვამის" განმეორებასთან.

შემდეგ, ბჟეზინსკის ამ სიტყვების „ციტირებისას" არცთუ ისე იშვიათად ასაბუთებენ, რომ მან ეს სიტყვები თითქოსდა წარმოთქვა 1991 ან 1992 წლებში,საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ან მის შემდგომ ეპოქაში. მაგალითად: „1991 წლის აგვისტოში მთავარმა ამერიკელმა „სპეციალისტმა რუსეთის საკითხში" ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა, რომ კომუნიზმის დაცემის შემდეგ „დემოკრატიას" დარჩა ერთი მტერი - მართლმადიდებლური ეკლესია... მხოლოდ ერთხელ, კომუნისტური რეჟიმის დამხობით გამოწვეული სიხარულის ფონზე, ბჟეზინსკიმ წამოიძახა: „ეხლა ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი მტერი - მართლმადიდებლური ეკლესია". ეს იყო უხეში შეცდომა, მიუტევებელი მსგავსი გამოცდილი ინტრიგანისთვის." (14.11.2006-ის პუბლიკაცია) ამ დროს მიხალკოვი 1997 წლის სტატიაში ამბობს, რომ ეს ფრაზა ბჟეზინსკიმ „ახლახან" წარმოთქვა. მიხალკოვის ამ სტატიამდე კი არავითარი ხსენება ბჟეზინსკის მოცემული სიტყვებისა საერთოდ არსად არ გვხვდება.

აუცილებელია აღინიშნოს აგრეთვე, რომ თავიდან ეს „ციტატა" განთავსებული იყო რუსული ვიკიპედიის სტატიაში ბჟეზინსკიზე, მაგრამ განხილვის შემდეგ, ის სტატიიდან ამოღებული იქნა, რადგან განსხვავებით სხვა ციტატებიდან (სხვათაშორის ძალიან კრიტიკული საბჭოთა და რუსულ ხელისუფლებასთან მიმართებაში) არ გააჩნდა არავითარი ავთენტური წყარო...

ბჟეზინსკის პუბლიკაციებში შეუძლებელია ნახოთ რაიმე მკვეთრი გამონათქვამი რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. მეტიც, მართლმადიდებლობაზე ბჟეზინსკი საუბრობს ძალიან იშვიათად და ამ დროს არასდროს არ ავლენს არანაირ მტრულ დამოკიდებულებას.
და ბოლოს, ახლახან „ბი-ბი-სის" ვებგვერდზე რუსმა მკითხველმა ზბიგნევ ბჟეზინსკის დაუსვა იგივე კითხვა, რომელიც ხსენებული „ციტატის" საფუძველში დევს და მიიღო პასუხი:

„-ვინაა მთავარი მტერი აშშ-სთვის?

ზბიგნევ ბჟეზინსკი: აშშ-ს არ ყავს „მტერი ნომერი პირველი". არიან ქვეყნები, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი აშშ-სთან და მათთან აშშ-ს მტრული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ასე რომ ითქვას, ბევრ პრობლემას, რომლებიც ჩვენ შეგვექმნა ამ სახელმწიფოებთან, რუსეთიც განიხილავს პოტენციურ საშიშროებად თავისთვისაც"

ასე რომ კითხვას, თუ ვის უწოდებს ღიად ბჟეზინსკი ამერიკის მთავარ მტერს, უნდა გაეცეს შემდეგი პასუხი: არავის. ამავე დროს ის ქვეყნები, რომლებსაც ბჟეზინსკი დღეს ამერიკის მტრად განიხილავს, მისივე აზრით გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვისაც. როგორც ვხედავთ, ბჟეზინსკი სულაც არ განიხილავს რუსეთს თავის მტრად (ან, უკიდურესშემთხვევაში, არ საუბრობს ამაზე სახალხოდ) და მითუმეტეს არ თვლის მთავარ მტრად რუსულ ეკლესიას. ყოველშემთხვევაში, ასეთია მისი ღიად დაფიქსირებული პოზიცია.

ასე რომ, ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ ხსენებული სიტყვების ბჟეზინსკიზე მიკუთვნება ძალიან საეჭვოა, ხოლო თუ პირდაპირ ვიტყვით - ხსენებული „ციტატა" გვმართებს ვაღიაროთ მითად.

P.S. ეს სტატია არ ეხება ზბიგნევ ბჟეზინსკის პირად, შინაგან დამოკიდებულებას მართლმადიდებლურ ეკლესიასთან (რომლის უცილობლად დადგენა ძნელად შესაძლებელია), არამედ განიხილავს მისდამი იმ სიტყვების მიკუთვნების საკითხს, რომ რუსული ეკლესია წარმოადგენს ამერიკის მთავარ მტერს. ამიტომ თხოვნა გვექნება სტატიის შესაძლო კრიტიკოსებთან: თუკი თქვენ მას არ ეთანხმებით, თქვენი უთანხმოება უნდა გამოხატოთ ზუსტი და ავთენტური წყაროს მითითებით, რომელიც უცილობლად დაამტკიცებს ხსენებული სიტყვების ბჟეზინსკისადმი კუთვნილებას..." (Глущенко Андрей, диак. 28.03.2008. )

ავტორის პოსტსკრიპტუმში დასმულ მოწოდებას ჩვენც შევუერთდებით და თან ტერმინ ავთენტურის ჩვენებურ ხედვასაც მოგაწვდით: ავთენტურ წყაროში იგულისხმება ზუსტი მინიშნება სტატიის, წიგნის, ინტერვიუს ან რაიმე სხვა სახის საზოგადო გამოსვლის დოკუმენტირებული ვარიანტი, აუდიო ან ვიდეო მასალის არსებობა. ანგაჟირებული მონაყოლი და ბჟეზინსკის ფსიქოპორტრეტის დამნახავი „გულთამხილავი მამების" საკუთარი ინტერპრეტაციები ავთენტურ წყაროდ არ აღიქმება.:)

ორიოდ სიტყვით უნდა შევეხოთ წმ. ლავრენტი ჩერნიგოველის წინასწარმეტყველებებსაც. 1994 წელს გამოიცა სქიმარქიმანდრიტ ქერუბიმ დეგტიარის წიგნი: „ხუცეს ლავრენტი ჩერნიგოველის სწავლებები, წინასწარმეტყველებანი და მისი ცხოვრების აღწერა" (Поучения, пророчества старца Лаврентия Черниговского и его жизнеописание). არსებობს სხვა წიგნიც - „ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი. ანგელოსთა თანამოსაუბრე და მწუხარეთა ნავთსაყუდელი. ცხოვრება, სწავლებანი და წინასწარმეტყველებები" 1998წ.- ტატიანა გროიანის ავტორობით. (Преподобный Лаврентий Черниговский. "Собеседниче Ангелов и скорбных прибежище". Житие. Поучения и пророчества.). ხსენებულ ავტორებზე ინფორმაციის მოძიებისას საკმაოდ უცნაურ ცნობებს გადააწყდებით. ქერუბიმ დეგტიარს ზოგიერთნი ე.წ. კატაკომბური ეკლესიის იერარქიას მიაკუთვნებენ, „საიდუმლო ეპისკოპოსად" სახელდებენ და ამის მტკიცებულებად ემიგრანტული რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი მოჰყავთ, თუმცა არსებობენ აპოლოგეტებიც. სამართლიანობა ითხოვს ავღნიშნოთ, რომ ამ საკითხზე საეკლესიო სასამართლო არ შემდგარა და საბოლოო ვერდიქტიც არ არსებობს, თუმცა ამ პიროვნების ირგვლივ სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანი რჩება . ცნობილია, რომ ქერუბიმ დეგტიარი რასპუტინის თაყვანისმცემელია და ამას არავინ უარყოფს. რაც შეეხება ტატიანა გროიანის წიგნს, შინაარსით და სტილით იდენტურია დეგტიარის წიგნთან მიმართებით, თუმცა პლაგიატობაში დადანაშაულება არცერთი მხრიდან არ მომხდარა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ავტორები ერთმანეთს იცნობდნენ. ამ აზრს ისიც გვიმყარებს, რომ გროიანიც ცნობილია რასპუტინზე შექმნილი წიგნით, რომელში მოყვანილ მოწმობებსაც მოსკოვის საპატრიარქო ფალსიფიცირებულად აფასებს.

მიგვყავს რა მსჯელობა ამ კუთხით, არანაირად არ ვეხებით და ვაკნინებთ წმ. მამის ავტორიტეტს, უბრალოდ ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ მისი ნაამბობი თავისებურად იქნა ინტერპრეტირებული ნაშრომთა გამომცემლების მიერ. აი რას წერს ერთ-ერთი მართლმადიდებლური პორტალის რედაქცია, აქვეყნებს რა თავის ვებ-გვერდზე წმ. ლავრენტი ჩერნიგოველის წინასწარმეტყველებებს ჩვენს დროსა და მომავალ ანტიქრისტეზე:

"... რედაქციამ გადაწყვიტა ამ მასალებთან მიმართებით გამოთქვას თავის აზრი. პირველი, ჩვენ არ მოგვეპოვება თავად ღირსი მამის ხელნაწერები, არც მისი დღიურები, იმიტომ რომ იგი მას არ აწარმოებდა, არამედ მოყვანილია თვითმხილველთა და სულიერი შვილების მოწმობები წმინდანის განცხადებებთან მიმართებაში. სავსებით შესაძლებელია, რომ მრავალი წლის გასვლის შემდეგ, მოწმეებს დავიწყებოდათ ან რამდენადმე სხვა კუთხით გადმოეცათ ღირსი მამის სიტყვები (ბუნებრივია იმ საგნებზე თავიანთი აღქმის შესაძლებლობის ფარგლებში, რომლებზეც საუბრობდა წმინდანი)..." საკითხის საღად შეფასებაა.

გადავიდეთ თავად ტექსტის ფრაგმენტებზე:

„...რუსეთი მთელი თავისი სლავური ხალხებით და მიწებით შეადგენს ძლევამოსილ სამეფოს. მას დააპურებს მართლმადიდებელი მეფე - ღვთის ცხებული. რუსეთში გაქრება ყველა ერესი და სქიზმა. ებრაელები გავლენ რუსეთიდან პალესტინაში ანტიქრისტეს შესახვედრად და რუსეთში არ იქნება არცერთი ებრაელი. მართლმადიდებლური ეკლესიის დევნა არ იქნება.

უფალი წმინდა რუსეთს შეიწყალებს იმისთვის, რომ მასში იყო სასტიკი და საშინელი ანტიქრისტეს წინარე პერიოდი. გაბრწყინდა დიდებული პოლკი აღმსარებლებისა და მოწამეთა... რუსი მართლმადიდებელი მეფის შიში ექნება თავად ანტიქრისტეს, ხოლო ყველა სხვა ქვეყნები, რუსეთისა და სლავთა მიწების გარდა, ანტიქრისტეს ძალაუფლებას დაექვემდებარებიან და გამოცდიან ყველა საშინელებასა და ტანჯვას, აღწერილს წმინდა წერილში..."

მოცემული გამონათქვამი ძალიან ჩამოჰგავს მოტოვილოვის მიერ სერაფიმ საროველის სახელით გამოცემულ ნააზრევს, წარმოადგენს მის ინტერპრეტაციას და აგრძელებს მასში განვითარებულ სლავიანოფილურ იდეას.

ნაშრომში ნახსენებია საქართველოც:

„ქაოსისა და რბევის დროს ღირსმა მამამ აკურთხა ორი და ივერთა ქვეყანაში წასასვლელად. "იქ დემონი ვერ დაიმკვიდრებს, დევნულება არ იქნება, ხოლო „სხვა დროს" იქნება მცირედ, რადგანაც დედა ღვთისა იცავს ამ ადგილს"-თქვა ხუცესმა."

იბადება კითხვა - რუსეთის სამეფოსა და მასში შესული სლავური სახელმწიფოების გარდა თუ ანტიქრისტე ყველგან გაბატონდება, საქართველოში რატომ ვერ მოიდგამს ფეხს? საქართველო არაა სლავური ქვეყანა და გამოდის , რომ რუსეთის მეფის ქვეშევრდომად მოგვიაზრებს წინამდებარე ნაშრომი. მასაც და ზემოთ განხილულ მოტოვილოვის ნააზრევს პოლიტიკური პროპაგანდის ელფერი დაჰკრავს და როგორც წესი, წმინდა მამათა მსგავს ფსევდოგამონათქვამებს პოლიტიკურად აღტკინებული, „ეკლესიური" ადამიანები ავრცელებენ ხოლმე. ასეთები რუსეთს არც რევოლუციამდე აკლდა და არც პოსტკომუნისტურ ეპოქაში აკლია. თუკი პანსლავიანიზმის იდეას ნამდვილ წინასწარმეტყველად ჩავთვლით და პოლიტიკური კუთხით შევხედავთ, მართლმადიდებელ კაცს არაფერი დარჩენია რუსეთის „მართმადიდებლურ იმპერიაში" გაერთიანებაზე ოცნების გარდა, ეს ხომ გარანტიაა თურმე ანტიქრისტეს ძალაუფლებიდან თავდასაღწევად (სრული იგნორირება წმინდა წერილის და საეკლესიო გადმოცემის). მსგავსი ილუზორული იდეების რომანტიკულად აღქმამ ერთხელ უკვე მიგვიყვანა სახელმწიფოებრიობისა და ავტოკეფალიის გაუქმებამდე და იმედია საკმარისად განვისწავლეთ შეცდომებზე.

ძნელი გასაგებია საღმრთისმეტყველო კუთხით შემდეგი თეზისიც:

„როგორც შეუძლებელია ყოვლადწმინდა სამების - მამისა და ძისა და წმინდა სულის გაყოფა - იგია ერთი ღმერთი, ასევე შეუძლებელია რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის გაყოფა - ესენია ერთად წმინდა რუსეთი."

თუკი გავითვალისწინებთ მოცემული წიგნის გამოცემის დროს (1994), რომელიც საეჭვოდ მოსდევს 90-იანი წლების დასაწყისში უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ამ თეზისის პოლიტიკური დატვირთვა უფრო თვალსაჩინო ხდება.
ვნახოთ როგორ ეხმაურება რუსული ეკლესიის ღვთისმსახური - დიაკვანი ანდრეი კურაევი მსგავს მოვლენებს თავის აქტუალუღ წიგნში: „აპოკრიფების მეორედ მოსვლა"(Второе пришествие апокрифов.M.,2007)

-„...ყველაზე საშიში და გავრცელებული ტიპი ფსევდომართლმადიდებლური ოკულტიზმისა გახდა თანამედროვე მასიური აპოკრიფული ლიტერატურა, ტყუილი თუ მართალი ისტორიების შემცველი თანამედროვე ხუცესებზე , ნეტარ მამებსა და დედებზე, გამოცხადებებსა და წინასწარმეტყველებებზე.
რამდენი საზრუნავი გაუჩინა ძველ ეკლესიას ფსევდოსაწინასწარმეტყველო ლიტერატურამ, მიაწერდნენ რა პატივსაცემ პირებს იდეებს - ზოგჯერ ძალიან კაცობრივს, ზოგჯერ ზედმეტად წარმართულს, ხანდახან კი უბრალოდ ბოდვას. რამხელა ძალა, სიფხიზლე, მიზანმიმართულობა იყო საჭირო, რათა დაეცვათ საკუთრივ სამოციქულო ტრადიცია და განექარვებიათ ცრუმოსახელე, ფსევდონიმი ავტორების გამონათქვამები. ვინმე მოციქულთა სიტყვის შემგროვებელს მოჰქონდა კრებულთან „პეტრეს სახარება" და ამბობდა:„თქვენ მხოლოდ მარკოზის სახარებას კითხულობთ? მარკოზი ხომ პეტრეს სიტყვებიდან იწერდა, აქ კი თავად მოციქულთა თავის სიტყვაა!" და როგორი გამოჩნდებოდა მის თვალში ის, ვინც გაბედავდა და კრიტიკულად მოიხსენებდა მოტანილ ხელნაწერს? წარმოჩნდებოდა როგორც ერეტიკოსი, რაციონალისტი, უღმერთო, ღმრთის განგებულების მოწინააღმდეგე და პეტრე მოციქულის პირადი მტერი... შეიძლებოდა ათასობით ღვთივსათნო მიზეზის მოძიება აპოკრიფის მისაღებად. საჭირო იყო გამორჩეული სიმტკიცე და მოდური ოკულტურ-გნოსტიკური სწავლების საწინააღმდეგო სვლისათვის მზადყოფნა, რათა დაეცვათ საკუთრივ სამოციქულო სწავლება მასზედ ძალიან მიმგვანებული სიყალბისგან..."

არ შეიძლება ილაპარაკო თანამედროვე აპოკრიფებზე და არ ახსენო სერგეი ფომინის „რუსეთი მეორედ მოსვლის წინ" («Россия перед вторым пришествием» М., 1993, 1994 и т.д.), რომელსაც რუსი საეკლესიო პუბლიცისტები თანამედროვე მართლმადიდებლური მითოლოგიური შემოქმედების თავისებურ ენციკლოპედიას უწოდებენ.

მართალია, საქართველომ ავად თუ კარგად პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ რუსეთის კულტურული გავლენა ინერციით გამოგვყვა, რაც რელიგიურ სუბკულტურაშიც აისახა. ჩვენს მიერ ასახული რუსეთის ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები მეტ-ნაკლები სიმძაფრით საქართველოს ეკლესიასაც შეეხება, თუმცა მასშტაბები შედარებით მცირეა. ამ კუთხითაა ჩვენთვის საინტერესო რუსული ეკლესიის დღევანდელი პრობლემები.

ფსევდომართლმადიდებლური მითოლოგიის მოყვარულებს, როგორც წესი გერონტომანიისა (ე.წ. „ხუცესთა" ძებნის წყურვილი) და გაურკვეველი წარმოშობის ცრურწმენების სიყვარული ახასიათებთ. აი რას ამბობს რუსი მღვდელი დ. დუნაევი რუსულ რეალობაში გერონტომანიის მოვლენის შესახებ :

„ბევრი თანამედროვე „ხუცესთმაძებარი" (старцеискатели) ტყუილად ვარაუდობს, რომ ისინი ხელმძღვანელობენ ქრისტიანობის ისტორიაში არსებულ უდიდეს მოღვაწეთა მაგალითებით, სულაც არა. ბევრი მართლმადიდებლის მისწრაფება სულიერი მონობისადმი და დამოკიდებულება საეჭვო „ხუცესთა" ნებაზე მოგვაგონებს დროს, როცა რუსეთის მიერ ქრისტიანობის მიღებისას ქვეყნის უკიდეგანო სივრცეებს მოედვნენ ათასი ჯურის მჩხიბავები და მოგვები, რომლებიც სარწმუნოებაში ჯერ კიდევ გაუმყარებელ ხალხს ღმერთების რისხვით - მოუსავლიანობითა და ავადმყოფობებით აშინებდნენ. ან კიდევ პეტრესა და პეტრეს შემდგომ ეპოქას, როცა მეძველწესეთა მქადაგებლები ყველას მოუწოდებდნენ „ანტიქრისტედან" სკიტებში გაქცევას. ასე და ამგავარად, ალარმიზმი და ესქატოლოგიური ფსიქოზი მუდმივად შეიმჩნეოდა ისტორიაში სხვადასხვა ვარიაციებით და პროვოცირებული იყო ე.წ. „ხუცესებიდან"...

აი რას ამბობს სხვა მღვდელმსახური ამ მოვლენაზე :

„ ...ჩვენი ეკლესიის ზოგიერთი ღვთისმსახური, სიტყვით ინახავს რა სასულიერო იერარქიისადმი მორჩილებას, იქცევა როგორც სქიზმატი, გამოდის თითქოსდა „ხუცესის" როლში. აკრიტიკებენ რა იერარქიას, განსხვავებით ადრინდელი თუ თანამედროვე ღვთივგაბრძნობილი მამებიდან, კრიტიკით ცდილობენ მიიქციონ ყურადღება და ამით შეიქმნან ავტორიტეტი. როგორც წესი, აუცილებელ და ერთადერთ პირობად გადარჩენისა მათდამი უაპელაციო მორჩილება ცხადდება, რაც ადამიანებს რობოტებად აქცევს და ართმევს მათ ღვთივმიმადლებულ ნების თავისუფლებას"...

რადგან საქართველოშიც გამოჩნდა მსგავსი მოვლენის ჩანასახები , რუსეთის ეკლესიაში არსებულ გერონტომანიის პრობლემას ამიტომაც მივაქციეთ ყურადღება. კერძოდ მცირედ შევეხებით ლამის „ბესტსელერად" ქცეულ წიგნების სერიას მამა გიორგი ბასილაძეზე. ხსენებულ ხუთწიგნეულსა და მის თაყვანისმცემლებში შეინიშნება ეკლესიის იერარქიისა და სასულიერო დასის ე.წ. კლიროსის დაკნინებისა და მისგან გაუცხოების ტენდენცია, რაც სხვათაშორის თავად მამა გიორგის არ ახასიათებს. (ან არ ახასიათებდა პოპულარობის მოპოვებამდე).

ავტორთა ასეთი ტენდენცია, რასაც ბრმა თუ ვერ დაინახავს მხოლოდ, მთელ ამ ნამოღვაწარს გასდევს. ხდება იერარქთა განკითხვის ლეგიტიმაცია ფსევდოხუცესის სცენაზე შემოყვანით და ხელოვნურად გაბერილი ავტორიტეტის შექმნის ფონზე ეკლესიის ავტორიტეტის დამცრობა. ეკლესია ქრისტეს სხეულია და მისი მართვა-გამგეობის უფლება და ვალდებულებაც იერარქიას ეძლევა უფლიდან ხელდასმით, მოციქულებიდან მომავალი უწყვეტი ჯაჭვის საშუალებით. საქართველოს ეკლესია მსოფლიო ეკლესიის განუყოფელი ნაწილია , წარმოადგენს ადგილობრივ ეკლესიას და ატარებს თავის თავში ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მთელ სისავსეს, აქვს თავის წესდება, რომელიც საეკლესიო კანონიკის პრინციპეპზეა აგებული და იმართება მის მიერ.

გავკადნიერდები და შეგახსენებთ, რომ ამა თუ იმ იერარქის პიროვნული თვისებები ეკლესიის მადლმოსილებაზე გავლენას ვერ ახდენს. ეკლესიაში მადლის წყარო მისი თავი - მაცხოვარი იესო ქრისტეა. მამა გიორგი ამ ეკლესიის ერთ-ერთი აგურია, ისევე როგორც ჩვენ. მას თავისი ადგილი უჭირავს და არაა საჭირო მისი სხვა ფუნქციებით დატვირთვა. ეკლესიის მართვის პასუხისმგებლობა პატრიარქსა და სინოდზე ძევს და ეს ასე იქნება ქვეყნის აღსასრულამდე.

მცირედ შევეხებით ხსენებულ წიგნებში არსებულ ქრისტიანობისთვის მიუღებელ სწავლებას. წიგნები გამოდის საეკლესიო ცენზურის გვერდის ავლით, იწყება იერარქიის განკითხვით და ფაქტიურად ეგზალტირებული მრევლის სიზმრების, ხილვებისა და ფრიად საინტერესო სუბიექტური შეხედულებების კომპილაციას წარმოადგენს. რაც შეეხება საგამომცემლო ცენზურას, იგი ერთი რომელიმე იერარქის კაპრიზი კი არ გახლავთ , არამედ საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რამაც ზღვარი დაუდო ეკლესიის სახელით აბსურდის გავრცელებას. სიმართლე ყველას თავისი აქვს, მაგრამ ჭეშმარიტების ერთგულება ეკლესიაში იერარქიის მორჩილებაში ცხადდება. (ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილება აპელაციას არ ექვემდებარება, სხვათაშორის არც მამა გიორგის მიმდევრების მიერ) ასე, რომ ცენზურაზე შეკითხვას გვერდს ვერ ავუვლით. ეკლესიური ადამიანი კი როცა სასულიერო ხასიათის წიგნს იღებს ხელში, პირველად იმას ნახულობს თუ ვისი კურთხევითაა გამოცემული ეს წიგნი და რა აზრისაა მის შესახებ ეკლესია.

ახლა თავად ნაშრომის მცირედ განხილვასაც შევეცადოთ - საინტერესო სათაურით „ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი". სათაური ბუნდოვანია და წიგნის ბოლომდე ჩაკითხვაც ვერ განგიმარტავთ თუ რატომაა ქართველობა აუცილებელი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი (ან ავტორთა ჯგუფი) იაფფასიან „მყვირალა" პატრიოტიზმზე დაყრდნობით ცდილობს მკითხველის ყურადღების მიპყრობას. ასეთი სულისკვეთება მთელ ნაწარმოებს გასდევს, მაგალითად ეს ადგილი კითხვებს აჩენს : „...კიდევ ვიმეორებ: ჩვენ ვართ ღვთის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ჭეშმარიტი ღმერთის ჭვრეტის განსაკუთრებული ნიჭი და უნარი. ასევე სამყაროს შექმნისა და მართვის საიდუმლოებების ღვთაებრივი ცოდნა." ფრიად უცნაური შეხედულებაა, თითქოსდა მაცხოვარს რომელიმე ერი გამოერჩიოს და მისთვის განსაკუთრებული , ე.წ. ეზოთერული ცოდნა ებოძებინოს და თანაც ავტორი უმატებს: „...რომლის გასაღები, სამწუხაროდ, ქართულმა ეკლესიამ დიდი ხნის წინათ დაკარგა (არ ვამბობ ცალკეულ წმინდანებზე, რომლებიც საიდუმლოდ ინახავდნენ დრომდე და თაობიდან თაობებს გადასცემდნენ)"... პავლე მოციქული ქრისტიანობის საძირკვლის ჩაყრისას კი ბრძანებს : „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ." (გალ.3:28). მსგავსად მიმართავს კოლასელთაც ღვრთივგაბრძნობილ ეპისტოლეში: „და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა, სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე." (კოლ.3:10,11) არც რამე დაფარულ სწავლებაზე საუბრობს მოციქული, რომელზეც მხოლოდ „განდობილებს" მიუწვდებათ ხელი.

წიგნში იმდენი აბსურდია, სერიოზულად განხილვადაც არ ღირს, მაგრამ განსაკუთრებულ „მარგალიტებს" გვერდს ვერ ავუვლით. აი ეს მაგალითად: „... სანამ ნამდვილ მღვდელზე გეტყოდეთ, მინდა დავიწყო ნამდვილი დიაკვნით, რადგან დღეს ბევრი ვერ აფასებს ნამდვილი დიაკვნის შესაძლებლობებს. როდესაც მონაზონი ან მორწმუნე დიაკვნის ხარისხში აჰყავთ, მაშინ მას ღვთიდან ეხსნება გონებრივი და სულიერი შესაძლებლობის 30%. მოკლედ გეტყვით რა შედის ამაში: ნ ა მ დ ვ ი ლ ი დ ი ა კ ო ნ ი არჩევს სულებს, ხედავს ჰაერში ბოროტ სულებს, კითხულობს ადამიანის აზრებს და ტელეპატიურ დონეზე შეუძლია ისაუბროს მღვდელთან. ღმერთი ისმენს მის ლოცვებს, მაგრამ ნამდვილი მღვდელივით ვერ იხედება ადამიანის შინაგან სამყაროში (გულსა და სულში). როდესაც დიაკვანი, მასზე დაშვებულ დიდ ძალას შეეგუება, უხეშად რომ ვთქვათ აითვისებს (ეს მდგომარეობა პიროვნულია. ზოგი ამას უფრო ადრე აღწევს, ზოგიც _ ცოტა მოგვიანებით). მას აკურთხებენ მღვდლად. ამ დროს მას კიდევ ემატება 30%. უკვე ნამდვილი მღვდელი ხედავს ადამიანის სულსა და გულს, იცის ადამიანის ცოდვები, წარსული. ნათლობის საიდუმლოს შესრულებისას ხედავს ბოროტს, რომელიც ზის მოსანათლის სხეულში ან სულშიც და განდევნის მას. ფლობს დროს და სივრცეს, შეუძლია სხეულიდან გამოსვლა, შორ მანძილზე ესმის ლაპარაკი, იცის ადამიანთა აზრები და ზრახვებიც, აქვს უწყება მიცვალებულის სულის ადგილსამყოფელზე. სულიერ არსებებზე და ასევე მატერიაზეც ზემოქმედების დიდი ძალა. ნამდვილ მღვდელს შეუძლია უსიტყვოდ აღძრას ადამიანში სინანული, გაახსენოს ცოდვები, მოჰგვაროს სიხარული და სიყვარული, დაიდოს ადამიანის ცოდვები და ძალიან მოკლე დროში თვითონ გამოიტიროს ისინი, ნამდვილმა მღვდელმა იცის, გვპატიობს თუ არა ღმერთი ცოდვებს, თუ რაიმე სასჯელს (ეპიტემია) ითხოვს, იცის ადამიანის ესა თუ ის განსაცდელი ან სატანჯველი რომელი კონკრეტული ცოდვების გამო მიეცა ღვთისაგან, შეუძლია მოუხსნას ჯადო, წყევლა. ნამდვილი მღვდელი ნამყოფია სასუფეველში და ზუსტად იცის, როგორ მიიყვანოს იქ მისი მრევლი. ეს არის მოკლედ ნამდვილი მღვდლის შესაძლებლობები."

აშკარად რელიგიური ფელეტონის ახალი ჟანრი იბადება, დიაკვნებსა და „ნამდვილობაზე" პრეტენზიის მქონე მღვდლებს კი, ამ რბილად რომ ვთქვათ უცნაურობის წაკითხვისას, მხოლოდ იუმორი ააცილებს სასოწარკვეთას.:)

წიგნში კიდევ ბევრ გამაოგნებელ სწავლა-მოძღვრებას შეხვდებით, აი თუნდაც :

„ანგელოზები ბილწი და გარყვნილი ადამიანების საზოგადოებას არც ეკარებიან, მით უმეტეს, მათ სხეულებში არ შევლენ თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე! წმიდანები კი უცოდვილეს ადამიანთა საზოგადოებაში ტრიალებენ და სულითაც შედიან ასეთი ადამიანების სხეულში, რათა აღძრან მათში ღმრთისადმი სწრაფვა, ასე ვთქვათ, „დაქოქონ" და დაიცვან იმ ბოროტ სულთაგან, რომლებიც ჩაბუდებულები ჰყავთ მათ და რომელთა უხილავი ძაფებით არიან შეკრულნი. წმიდანებს ეს შეუძლიათ, რადგანაც მათ დიდი სიმტკიცე გამოუმუშავდათ."

ფრიად უცნაური სწავლებაა, ვერსად ვერცერთი წმინდა მამის ნაშრომში მსგავსს ვერ შეხვდებით. ადამიანი თავისუფალი არსებაა, ეს მისი ღმრთივ მომადლებული მდგომარეობაა და არავინ არ ცდილობს (განსაკუთრებით წმინდანები) დაიმორჩილოს იგი მის სხეულში შესვლით, გარნა ბოროტი სულისა.

წიგნში მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისათვის უცხო სხვა ბევრ სწავლებასაც შეხვდებით, არის აშკარად ერეტიკული სწავლებანიც. წინამდებარე სტატიის მიზანი არ გახლავთ ამ აბსურდის განხილვა. ამ საკითხით დაინტერესებულებს ვურჩევ გაეცნონ არქიმანდრიტ იერომიელის (ფილიშვილი) ავტორობით გამოცემულ ბროშურას - „თანამედროვე ცრუსწავლებათა სამხილებლად", რომელშიც მართლმადიდებლური სწავლების ფონზე საფუძვლიანადაა გაშუქებული ხსენებულ წიგნებში არსებული ცდომილებები.

მაინც როგორ გავარჩიოთ გამოცდილი ხუცესი ცრუმოძღვრიდან? (რუსულ სინამდვილეში „სტარეცი" ეწოდება ღვთივგაბრძნობილ ადამიანს , რომელსაც გამორჩეული მოძღვრებითი და მჭვრეტელობითი ნიჭი აქვს მიმადლებული უფლისაგან)
შემოგთავაზებთ ფრაგმენტებს დ. რებროვის (მართლმადიდებელი ბლოგერი) სტატიიდან "როგორ გავზომოთ ხუცესის სიწმინდე?" (Как измерить святость старца?):

„"ბერებმა გვაკურთხეს" - ამ დასაწყისს არცთუ იშვიათად მოსდევს ბუნდოვანი გაგრძელება: „პასპორტების დაწვა", „ტყეში გასვლა", „აცრების აკრძალვა". ხუცესთა მსახურება - ღვთიური ნიჭია, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად "ხუცესის იერის" ნიღაბქვეშ შარლატანები ან ხიბლში მყოფი ხალხი იმალება. როგორ გავარჩიოთ ჭეშმარიტი მოძღვარი ყალბისაგან?

... მკურნალობა - ფსევდოხუცესების ერთერთი „სპეციალიზაციაა", მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინი „დარიგებებითა" და „სულიერი წიანამძღოლობით" შემოისაზღვრებიან . ასეთი „ხუცესების" რჩევით 90-იანი წლების დასაწყისში ასეულობით ადამიანმა გაყიდა ბინა და ანტიქრისტეს მოლოდინში ტყეს მიაშურა. ზოგიერთი დივეევოს მონასტრის ირგვლივ დასახლდა - ადგილობრივი გადმოცემით , ქვეყნის აღსასრულის ჟამს, მხოლოდ რჩეულნი გადარჩებიან, რომლებიც მსოფლიო კატასტროფას დივეევოს თხრილის წრეში დაემალებიან. წლების გასვლის შემდეგ, ზოგიერთი ამ ესქატოლოგიური ლტოლვილობიდან დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას, ხოლო ნაწილმა უკან არ დაიხია და დივეევოს პეიზაჟის უცნაურ ნაწილად იქცა, მონასტერში მათ ირონიით „არაფორმალებს" ეძახიან. იგივე სიტუაცია ოპტინის უდაბნოშიც...

„რამდენი ხანიც არსებობდა ხუცესობა, იმდენივე არსებობს ფსევდოხუცესთა ფენომენიც" - წერს წმ. ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის პროფესორი ა. დვორკინი, ისტორიკოსი და წამყვანი რუსი სექტოლოგი - „უბრალოდ, ნამდვილ მოღვაწეთა სახელები რჩება ისტორიაში, შარლატანებისა კი არა".

ნეოფიტისათვის, ისევე როგორც ნაკლებეკლესიური ადამიანისთვის, საკმაოდ რთულია ფსევდოხუცესის განსაზღვრა.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ თქვენ გაემართეთ „ხუცესთან"? "(старец). ცხადია, რომ ნამდვილი ხუცესი არასდროს ახვევს თავს თავის ნებას, არ ართმევს ადამიანს არჩევანის თავისუფლებას, - გვაფრთხილებს ალ. დვორკინი. - ფსევდოხუცესი კი ყოველთვის უფრო გავს გურუს და ითხოვს უსიტყვო დამორჩილებას. პრინციპში გურუიზმი არის კიდეც სინონიმი „მლადოსტარცობის“.(младостарчество). ნამდვილი ნების მოკვეცა, რაზეც წერენ წმინდა მამები, ეს განსაკუთრებული მონასტრული პრაქტიკაა, განსაზღვრული უშუალოდ მონაზონთათვის...

...ნების მოკვეთის შემთხვევაშიც ჩვენ ვსაუბრობთ გააზრებულ მორჩილებაზე და არა სექტანტურ, ბნელ მონობაზე, რომელიც დიახაც დამახასიათებელია ცრუხუცესობისთვის (для лжестарчества)"

ეს პრობლემა არსებობს არამარტო რუსეთში, არამედ საბერძნეთშიც, სერბეთშიც. (საქართველოშიც. მთარგ.შენ.) ცრუხუცესთა თაყვანისმცემლები ხშირად აპელირებენ ათონით... მაგრამ რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ აქაც გვხვდებიან ქარიზმატიკი, განდგომილი ცრუხუცესები. "ყველაზე მთაგორიანი ნაწილი ნახევარკუნძულისა ჩრდილოეთითაა. იქ ბევრი განდეგილი ცხოვრობს, რომლებიც არცერთ მონასტერს არ ემორჩილებიან. როგორც წესი ესენი უმართავი ზილოტები არიან, რომლებიც საკმაოდ ეგზოტიკურად გამოიყურებიან. ატარებენ დიდ თეთრ წვერს და გაცვეთილ სამოსელს, რაც გამოუცდელ ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. თავიანთი ქადაგებებით ისინი ახალმოსულ მომლოცველებს აშფოთებენ. სხვა საქმეა, რომ ეს ზილოტები სულაც არ არიან ათონის ბერები, ათონზე ისინი უკანონოდ იმყოფებიან, მაწანწალობენ, ავრცელებენ უცნაურ ეგზოტიკურ სწავლებებს. ბოლო დროს იქ გამოჩნდნენ მსგავსი ტიპის რუსი „სტარეცებიც"..." - წერს თავის „ათონურ მოთხრობებში" ალ. დვორკინი.“

საერთოდ არათუ მოძღვრისთვის, უბრალო ქრიტიანისთვისაც აუცილებელი თვისებაა განსჯის უნარის ქონა. ჩემი პირადი აზრით საღი აზრის არქონა პირდაპირი ნიშანი გახლავთ ე.წ. ვითომ "სტარეცის" გამოსავლენად.

როდესაც ეკლესიაში არსებულ მითოლოგიაზე ვსაუბრობთ , ორიოდ სიტყვით უნდა შევეხოთ უცხოური თუ სამამულო წარმოების აპოკრიფულ კინოდოკუმენტალისტიკასაც. მათი საშუალებით გაეცნობით მაგალითად სტალინის მესიანური მოღვაწეობის მისტიკურ პერიპეტიებს, ან კიდე შეიტყობთ თუ ვინ გახლავთ ბოლო ჟამის საქართველოს ბოლო პატრიარქი. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი განცხადება მთელი სერიოზულობით აღიქმება, როცა მისი წარმომავლობის წყარო არც მეტი და არც ნაკლები, ერთი მოძღვრის სიზმარია.:)

ეს ბოლო წლები მიდის აგრეთვე მოვლენების ხელოვნური დრამატიზირება პასპორტებისა და შტრიხკოდების ირგვლივ. მესმის, რომ პოლიტიკური მოტივაციით ახალი პირადობის მოწმობების აღება გაკრიტიკდეს, მაგრამ ვერაფრით წარმომიდგენია როგორ უნდა მოახდინოს პირადობის მოწმობამ გავლენა ადამიანის ცხონებაზე.

თანამედროვე ქართულ ჰომილეტიკურ მოღვაწეობაში სერიოზული პრობლემა დგას პოლიტიკურად პროპაგანდირებული მითოლოგიის ქრისტიანობის მაღალ იდეალებთან სინთეზისა. მართალია, უმეტეს შემთხვევაში ეს სრულიად გაუცნობიერებლად ხდება, მაგრამ ზიანის მოტანა მაინც ძალუძს. იმედია, საკითხთა ღრმად შესწავლის სურვილი, ღმრთივმომადლებული განსჯის უნარი და დღეისათვის არსებული აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობა, ამბიონისა და პოლიტიკური ტრიბუნის მკვეთრად გამიჯვნის შესაძლებლობას მოგვცემს.