კლდის უბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური
თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი
ეკლესიური მოღვაწეობის მთელ რიგ შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყურადღების ამა თუ იმ მიმართულებით წარმართვას; იქნება ეს ლოცვა, სასულიერო ლიტერატურის კითხვა, თუ სხვა ღვთისმსახურებითი წესის შესრულება. ამ დროს, არცთუ იშვიათად, ვერ ხერხდება რა ამ ფსიქიკური პროცესის კონცენტრირება, მიღებული შედეგის გაუბრალოება, გაფერმკრთალება ხდება. ეს კი საეკლესიო წეს-ჩვეულებებით მოტანილი მადლის ნაკლებობას, შემცირებას იწვევს. იმისთვის, რომ როცა სასურველია, უფრო მეტად მოვახერხოთ ყურადღების სათანადო დონეზე წარმართვა, საჭიროა გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც განაპირობებენ ყოველივე ამას.
ყურადღება ზოგადფსიქოლოგიური განმარტებით რაიმე მოვლენის, საგნის ნათლად აღქმის, გაცნობიერების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. რასაც გარემო სამყაროდან გამოვყოფთ და მასზე ვაკეთებთ აქცენტს, ის სხვებთან შედარებით უფრო ნათლად განიცდება, იგი იმ მომენტში მთავარ ადგილს იჭერს ჩვენს ცნობიერებაში. ამასთან, ფსიქოლოგიური თვალთახედვით ყურადღება რაიმე ქცევის, საქმიანობის წარმატებით განხორციელების პირობაცაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მოქმედება რთულად შესასრულებელია. თუ არ მოხერხდა ამ ფსიქიკური პროცესის კონცენტრირება, ბუნებრივია, ეს გაცნობიერების დონეზე, მოქმედების წარმატებით შესრულებაზეც აისახება.
რა ვითარებაში იძენს ეკლესიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ყურადღების წარმართვა ამა თუ იმ მიმართულებით. მეტად დიდი როლი ენიჭება მას ლოცვის დროს. წმიდა მამათა მიხედვით, ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ნათლად აღვიქვამდეთ ლოცვის სიტყვებს, ვფიქრობდეთ, ყურადღებას ვამახვილებდეთ მხოლოდ მასზე, რასაც ლოცვის შინაარსი გვაწვდის. ეს კი არცთუ იშვიათად არ ხერხდება. ხშირად ვიწყებთ რა ლოცვას, ყურადღება გვეფანტება და სულ სხვა რაღაცაზე გადაგვაქვს ფიქრი, ჩვენი გონება ყოფით თემებს, საკითხებს დასტრიალებს. ეს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. მათ შორის გამოსაყოფია ფაქტორები, რომლებიც ბოროტისეული შემოქმედების შედეგია და მიზეზები, რომლებიც ადამიანური ყოფით, მოღვაწეობით არის განსაზღვრული. ჯერ შევეხოთ პირველ მათგანს. ერთ-ერთი მეუდაბნოე ბერი ამბობს: ~როცა ეშმაკი დაინახავს რა, რომ ვლოცულობთ და ვცდილობთ ყურადღების კონცენტრირება მოვახდინოთ, ამ დროს ყველა საშუალებას იყენებს, რათა გაგვიფანტოს იგი, დიდ ხელოვნებას, გაწაფვას ამჟღავნებს ამ მიმართულებით და იმ ფიქრებს, თემებს იყენებს, რომლებიც განსაკუთრებით გვტანჯავს. გვირტყამს მგრძნობიარე, ყველაზე სუსტ ადგილებში, გვიჩენს ავხორცულ აზრებს, შთაგვაგონებს მათ, ვერცხლისმოყვარეს შესაბამისს, პატივმოყვარეს ამ ვნებასთან დაკავშირებულს... იმ ფიქრებით, რომლებიც ჩვეულებრივ, ლოცვის დროს მოგვდის, შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი სუსტი ადგილები, მოქმედი ვნებები და მივმართოთ ყურადღება მათ საწინააღმდეგოდ~.
იგივე მეუდაბნოე აღნიშნავს: ~ეშმაკი განსაკუთრებით ვერ იტანს მორწმუნე ხალხს და ყველა საშუალებით ცდილობს, გამარჯვება მოიპოვოს მათზე, შევიდეს მათ გულში. როცა ქრება (ფარული ხდება) ღვთაებრივი მადლი, მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სულ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს (მათე 12,45. ლუკა 11,16) საბრძოლველად. სწორედ ამაში მდგომარეობს განსაცდელის არსი. ოცნება - ეშმაკის ყველაზე მსუბუქი ფორმაა ბრძოლის, დაკავშირებული წარსულთან და მომავალთან. ოცნება კეთილ საქმეებზე და ბოროტ ქმედებებზე. ჩნდება სხვადასხვა აზრები და ისინი გონებას იპყრობენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიოს იესოს სახელის მოხმობას. ეშმაკი ცდილობს კაცმა ყურადღება არ გამოიჩინოს ღმრთისადმი, არ გამოავლინოს სიყვარული მის მიმართ. უმთავრესად მეხსიერებაში ატივტივებს სხვადასხვა დაცემებს, ახლახან ან წინარე წარსულში გადახდენილს... ოცნებას მუდმივად იესოს სახელის მოხმობა უნდა დავუპირისპიროთ, ყურადღების კონცენტრირება ლოცვის სიტყვებზე. ვაჟკაცურად უნდა იდგე ლოცვის დროს და არ იფიქრო არც კეთილ და არც ბოროტ ქმედებებზე~.
გარდა ბოროტისეული ზემოქმედებისა, ლოცვის დროს ყურადღების გაფანტვა შეიძლება სხვა ფაქტორებმაც გამოიწვიოს, უკვე ადამიანური ყოფით განსაზღვრულმა, მაგალითად, დაღლილობამ. როცა დაქანცულად ვგრძნობთ თავს, ეს ყურადღების კონცენტრირებაზეც მოქმედებს. ამ დროს თავისთავად დუნდება იგი და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ვსაქმიანობდეთ, აუცილებლად იჩენს თავს. ამიტომაც ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ყურადღების სათანადო დონე გამოვიჩინოთ ამა თუ იმ შემთხვევაში, არის ის, რომ როცა დაღლილი ვართ, დავისვენოთ და შემდგომ მოვკიდოთ ხელი საქმიანობას. ეს ლოცვასაც შეეხება. როდესაც დაქანცული ხარ და შესაძლებლობა გაქვს დასვენების, ეს რომ გააკეთო და შემდეგ დაიწყო ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულება, იგი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ყურადღების საჭირო დონით კონცენტრირებას. გონებაც ნაკლებად გაგეფანტება და მიღებული შედეგიც მეტი იქნება. ვთქვათ, კანონი გვაქვს შესასრულებელი - ფსალმუნები წასაკითხი ან საღამოს ლოცვების დრო მოვიდა. მიდიხარ სახლში დაღლილ-დაქანცული და მაშინვე იწყებ ამის კეთებას. ბუნებრივია, ლოცვათა ტექსტის აღქმა ზერელე, უყურადღებო იქნება. თუ შეეცდები დაისვენო და შემდეგ გააკეთო ეს, ხელს შეუწყობ ლოცვის სიტყვების შინაარსი უფრო კარგად აღიქვა, ჩაწვდე მის მნიშვნელობას. არცთუ იშვიათად ამ მომენტის იგნორირება ხდება. ზოგჯერ ცდილობენ რა პირნათლად შეასრულონ დავალებული კანონი, ან ყველა ქრისტიანისთვის სავალდებულო ყოველდღიური ლოცვების კითხვის მოვალეობა, არ უკვირდებიან მათი შინაგანი მდგომარეობა არის კი ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულების შესაბამისი. როცა დაღლილი ხარ და შესაძლებლობა გაქვს დასვენების, რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ გარკვეულწილად ძალების აღდგენა კარგად იმოქმედებს შესასრულებელი საქმის ნაყოფიერებაზე. როცა გონება დასვენებულია და ისე ხდება ტექსტის აღქმა, ეს თავისთავად უწყობს ხელს ყურადღების კონცენტრირებას.
წმიდა მამათა მიხედვით, როცა ლოცვის დროს ყურადღება გეფანტება და ფიქრს იწყებს სხვა მიმართულებით, უნდა მოინიშნო ის ადგილი, სადაც მოხდა ეს და შემდეგ კვლავ უნდა დაუბრუნდე მას, რათა სათანადოდ მოახერხო იმ სიტყვების აღქმა, რომელიც ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანის გამო ვერ შეძელი. რაც უფრო ხშირად მოხდება ეს, მით უფრო კარგია, თუმცა აქ გარკვეულწილად სიფრთხილის გამოჩენაც არის საჭირო. ამ წესის გამოყენებამ არ უნდა შეგვიქმნას ილუზია იმისა, რომ ამით მალევე ვისწავლით გულისხმიერ ლოცვას, ავალთ ამ თვალსაზრისით მაღალ საფეხურზე. ამას წლები სჭირდება და დიდი მონდომება. ეკლესიური ცხოვრების ერთ-ერთი ახლადდამწყები შეეცადა დიდი ძალისხმევის ფასად ესწავლა რაც შეიძლება გონებაგაუფანტავი ლოცვა. როგორც კი სხვა თემებზე იწყებდა ასეთ დროს ფიქრს, რამდენჯერაც არ უნდა მომხდარიყო ეს, მუდმივად ცდილობდა დაბრუნებოდა ლოცვის ტექსტის იმ ადგილებს, საიდანაც თვლიდა, რომ მოხდა ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით. ბოლოს ამან ისე გადაღალა, გამოფიტა, დააოსა, რომ არავითარი სურვილი, განწყობა აღარ ჰქონდა ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულების.
ყურადღების სათანადო დონით გამოვლენის ერთ-ერთ ფაქტორს ნებისყოფაც წარმოადგენს. ზოგჯერ აუცილებელია საკუთარი თავის იძულება, რომ როცა საჭიროა სათანადო კონცენტრაცია მოვახდინოთ ამ ფსიქიკური პროცესის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არ შეიმჩნევა ინტერესი, სურვილი, განწყობა რაიმე საქმიანობის შესასრულებლად, არადა ამის გაკეთება იმ დროისთვის მეტად სასურველია. მართლმადიდებლისთვის ძალისხმევის გამოჩენას, საკუთარი თავისადმი ძალდატანების მომენტს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. ქრისტიანის ცხოვრება - ეს მუდმივი ბრძოლაა, ხშირად ნებისყოფის სიმტკიცის გამოვლენა. ~სასუფეველი ცისა იძულების~; ვკითხულობთ სახარებაში. არცთუ იშვიათად, ადამიანს ერთი სურს, ქრისტიანული შეგნება, ღვაწლი კი სულ სხვას კარნახობს. ზოგჯერ დიდი სურვილი არა აქვთ ლოცვის, სასულიერო ლიტერატურის კითხვის , ეკლესიაში წირვაზე დასწრების, აღსარების თქმის, ხანდახან ეზარებათ, განწყობა არა აქვთ ამის, აზრს ვერ ხელდავენ მათი შესრულების, მაგრამ ასეთ დროს მაინც უნდა აიძულო თავი და გააკეთო ეს. სასოწარკვეთილების, მრისხანების, სხვა ვნებათა შემოტევებისას, არცთუ იშვიათად შეიმჩნევა იგი და თუ აყევი მათ, არაფერი გააკეთე საწინააღმდეგოდ, ეკლესიური წესების შესრულების თვალსაზრისით, შენი შინაგანი მდგომარეობა უფრო დჟა უფრო დამძიმდება, უფრო მეტად გაეხვევი უხილავად ბოროტის ბადეში. იგივე ითქმის ლოცვისას, სასულიერო ლიტერატურის კითხვისას ყურადღების გამოჩენის თვალსაზრისით. აქაც, როცა დიდი სურვილი არა აქვთ ამის გაკეთების, გონება ეფანტებათ, სულ სხვა რამეზე ფიქრობენ, თუ არ აიძულეს საკუთარი თავი და ნებისყოფის დაძაბვით არ მოახდინეს ყურადღების კონცენტრირება, ბევრი დააკლდებათ ამ შემთხვევაში. ასეთ დროს ნებისყოფის სიმტკიცის გამოჩენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ყურადღების კონცენტრირების ხელისშემწყობ ფაქტორებად ითვლება ასევე მოთხოვნილება, ინტერესი, განწყობა. გაჩენილ მოთხოვნილებასთან დაკავშირებული თავისთავად იპყრობს ყურადღებას, ექცევა თვალთახედვის არეში. იზიდავს მშიერს საჭმლის სურნელი, სხვადასხვანაირი საკვები, დაღლილი კაცი უმალვე ამჩნევს დასაჯდომ სკამს. მოთხოვნილება უფრო ზოგადი გაგებით ადამიანის ინტერესსაც, მის მიმართულებას, სიძლიერესაც განსაზღვრავს. რაც გვაინტერესებს, მასზე უფრო ადვილად ვახდენთ ყურადღების კონცენტრირებას, საჭირო დროის განმავლობაში ვინარჩუნებთ მას. საინტერესო წიგნის, მასალის ყურადღებით მოსმენა, წაკითხვა ადვილად ხდება და პირიქით, როცა ადგილი აქვს ინტერესის დაკარგვას, მოყირჭების, მობეზრების განცდას, იგი თავისთავად იწვევს ამ ფსიქიკური პროცესის შესუსტებას. ეს სასულიერო ლიტერატურის კითხვის დროსაც კარგად ჩანს, როდესაც არასწორად ხდება მისი გაცნობა. შეიძლება დასაწყისში მეტად საინტერესო წიგნმა შემდეგ მიმზიდველობა დაკარგოს, დიდი ძალდატანება გახდეს საჭირო კითხვის გასაგრძელებლად. ეს კი ხშირად გამოწვეულია იმით, რომ უცბად, მცირე დროის განმავლობაში ცდილობენ გაეცნონ წიგნს, ესწრაფვიან, რაც შეიძლება მალე ბევრი მიიღონ მისგან. შედეგად ვიღებთ გონების გადაღლას, მიღებული ინფორმაციის ზერელედ აღქმას, დამახსოვრებას. თავს იჩენს მოყირჭების, მოწყენის განცდაც და ბუნებრივია, ეს ყურადღებაზეც მოქმედებს.
ზომიერად ლიტერატურის გაცნობისას უფრო დიდხანს ხდება ინტერესის შენარჩუნება, აქედან გამომდინარე კი ყურადღების კონცენტრირებაც. აღქმული შინაარსი უკეთ იბეჭდება გონებაში. ამასთან, მისთვის,, რომ ამა თუ იმ წიგნისადმი ინტერესი არ დაიკარგოს, ზოგჯერ კარგია მცირე ხნით შესვენება, სხვა ლიტერატურაზე ყურადღების გადართვა. ამ დროს ერთგვარ გახალისებას აქვს ადგილი, გონება ჩვენდა შეუმჩნევლად ამუშავებს, უფრო კარგად აცნობიერებს ახლო წარსულში წაკითხული ტექსტის შინაარსს.
ყურადღების სათანადო დონეზე გამოვლენის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად განწყობაც ითვლება. იმისდა მიხედვით, თუ როგორია იგი, მეტად ან ნაკლებად ახერხებენ ამ ფსიქიკური პროცესის კონცენტრირებას. დაღლილი დედა შეიძლება ძლიერმა ხმაურმა არ გააღვიძოს, მაგრამ ბავშვის პატარა გაფაჩუნებამაც კი უცბად გამოაფხიზლოს. შვილთან დაკავშირებული შინაგანი მზაობა იწვევს ყურადღების გამახვილებას ამ მიმართულებით. განწყობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლოცვის დროსაც. დიდ ათონელ ბერს მამა პაირს შემდეგი კითხვა დაუსვეს: ~ვლოცულობ რა ყოველდღიურად, ჩვეულებრივ საღამოს ლოცვების წაკითხვის შემდგომ ვზივარ და საკუთარ თავს ვეკითხები: უფლისადმი აღვლენილი სიტყვების შემდეგ რატომ ვერ ვგრძნობ ვერაფერს?~
პასუხი ასეთი იყო: ~განა როგორ შეიგრძნობ ლოცვას, როცა ამის წინ ამდენ ხანს ტელევიზორთან იჯექი და სხვადასხვა ცნობებს ისმენდი, შემდეგ გამორთე რა იგი, მაშინვე დაიწყე საღამოს ლოცვების კითხვა? კარგია, საერთოდ არ უყურო ტელევიზორს, მაგრამ თუ შეხედავ, მაშინ გამორთავ რა მას, ჯერ გული უნდა გაითბო, წაიკითხო თავი წმიდა წერილიდან ან წმიდა მამათა თხზულებიდან, იმ მიზნით, რომ შესასწვლელში შესვლის შემდეგ ლოცვის ადგილას მოხვდე. მაშინ შეიგრძნობ ლოცვას. გაყინული გულით და პრობლემებით გადატვირთულნი უფალს ვერ ვესაუბრებით, დღის დაბრკოლებები იმოქმედებს ჩვენზე~.
როგორც წმიდა მამა თეოფანე დაყუდებული აღნიშნავს: ~ადრე რუსეთში ასეთი წესი არსებობდა. სანამ ლოცვას დაიწყებდნენ, მანამდე ოჯახის წევრები დასხდებოდნენ და გარკვეულ ხანს მდუმარედ ემზადებოდნენ ამისათვის. მხოლოდ შემდეგ იწყებდნენ უკვე ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებას~. ახლა კი სულ სხვა ვითარებაა. ხშირად ისეთ შემთხვევებს აქვს ადგილი, როცა ყოველგვარი შემზადების, განწყობის შექმნის გარეშე ცდილობენ დაიწყონ ლოცვა. ტელევიზორს უყურეს ან ქუჩიდან შემოვიდნენ დაღლილები, შთაბეჭდილებით აღვსილნი, მაშინვე იღებენ ხელში ლოცვების წიგნს და ინდომებენ ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებას. ასეთ დროს ძნელია უცბად სხვა მიმართულებით გონების გადართვა, ხშირად საკმაო ხანია საჭირო გარკვეულწილად მაინც აღიქვა ლოცვათა შინაარსი, რაღაც დონით მაინც მოახდინო კონცენტრირება ტექსტზე. მექანიკურად კითხულობენ, ფიქრები კი ისევ დღიურ შთაბეჭდილებებს, პრობლემებს დასტრიალებს. რომ მოეცადათ, ცოტათი მაინც მდუმარედ მომზადებულიყვნენ ლოცვისთვის, უფრო ნაკლებად რომ ეგრძნოთ ახლო წარსულის შთაბეჭდილებათა შემოტევა. ამ შემთხვევაში ლოცვაც, ბუნებრივია უფრო ნაყოფიერი იქნებოდა.ყურადღება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მართლმადიდებელი ქრისტიანის ეკლესიური მოღვაწეობის ამა თუ იმ შემთხვევაში. მის სათანადო დონით გამოვლინებაზე ხშირად ბევრად არის დამოკიდებული სხვადასხვა ღვთისმსახურებითი წესის ნაყოფიერი შესრულება. თუ არ მოხერხდა იგი, ამ შემთხვევაში ნაკლებად შემოდის ჩვენში ის ღვთაებრივი მადლი, რაც მოაქვს ეკლესიურ მოღვაწეობას, ფერმკრთალდება ამ დროს მიღებული შედეგი. რათა არ მოხდეს ეს გარკვეული ხელშეწყობა, ძალისხმევაა საჭირო ამ ფსიქიკური პროცესის სათანადო დონით გამოსავლენად.