Monday, June 13, 2011

ქართული კანონიკური გალობის განვითარების პრობლემები

ნინო ჯანჯღავა
კომპოზიტორი, მგალობელი

ქართული საეკლესიო გალობა საქართველოში წლების მანძილზე ვითარდებოდა. განვითარების უმაღლეს საფეხურს შუა საუკუნეებში მიაღწია და ამის შემდეგ მისი განვითარება შეწყდა, რაც იმ ისტორიულმა არეულობამ განაპირობა, რასაც საქართველოზე განხორციელებული შემოსევების ისტორია ქვია.
დღეს ბევრი საუბრობს კანონიკურ გალობაზე. ბევრს მიაჩნია, რომ ძირფესვიანად აქვს შესწავლილი და შეუძლია ახლა სხვასაც ასწავლოს, მაგრამ სამწუხაროდ ის ცოდნა რაც ამ სფეროშია დაგროვილი ზედაპირული და მწირია. დღეს კი, როდესაც ჩვენი ეკლესია ასე ძლიერია, დროა ცოდნას მოკლებული საუბარი კალაპოტს მიეცეს. დროა გამოიცეს და საზოგადოებას ემცნოს იმის შესახებ, თუ რა დანიშნულება აქვს გალობას ეკლესიაში, რა ფუნქცია ეკისრა და რა აკისრია და რისი მტვირთველი უნდა იყოს ის.
ქართული საგალობლის აღნაგობა მსგავსია შუა საუკუნეების ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პოლიფიონისტების ნიმუშებისა, თუმცა აქვს მისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებები, რაც განპირობებულია ხალხური ტრადიციული მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით.
ცხადია ეს წერილი ქართული გალობის შემადგენილი ნაწილების - მელოდიის (მისი წყობითი საფუძველი, დიაპაზონი, ზომა, ინტონაციური განვიარება, რიტმული განვითარება), ჰარმონიის (კონსონანსების და დისონანსების გამოყენება), ხმათა ურთიერთდამოკიდებულების (ვერტიკალში და ჰორიზონტალში) და ზოგადად ფორმის სტრუქტურულ ანალიზს ვერ დაიტევს, მაგრამ მინდა, რომ საზოგადოებას ზოგადად მაინც დავანახო, თუ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ქართულ გალობაზე.
აქვე მინდა აღინიშნოს, რომ არ არის გაკეთებული არც ერთი ფუნდამენტალური ნაშრომი (სახელმძღვანელოს ტიპის) ქართული გალობის შესახებ. არ არის სახელმძღვანელოს სახით ჩამოყალიბებული ქართული გალობის პოლიფონიის ტიპები. არ არის გაკეთებული ქართული გალობის, ფუნდამენტალური, ფორმის ანალიზი. მეცნიერულად არ არის გამოკვლეული ქართული გალობის მელოდიის ფორმები, არ არის ჩამოყალიბებული მისი დრამატურგიული განვითარების სახეები. მართალია, არც ისე ბევრი დროა იქიდან გასული, რაც მალხაზ ერქვანიძემ, მაგდა სუხიაშვილმა, დავით შუღლიაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად მიაკვლიეს ამ განძს, ამ საგალობლებს და ახალი სიცოცხლე მისცეს მათ. ვფიქრობ, რომ უკვე დროა დაიგეგმოს სახელმძღვანელოს გაკეთება, რისი საშუალებითაც სტუდენტები გაიწაფებიან, ჯერ არსებულ კანონიკაში სავარჯიშოების შექმნით და შემდგომში, როდესაც შესაბამის საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ ცოდნას დააგროვებენ, მათ ექნებათ შესაბამისი ბაზა იმისათავის რომ შექმნან დროის შესაბამისი საგალობლები. დროის შესაბამისობა კი სწორედ ის ფაქტორია, რომელიც სიცოცხლის უნარიანობას უმძაფრებს მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. ეს იგივეა, რომ შევადაროთ ერთმანეთს ადრეულ პერიოდში შექმნილი ხატები და ის ხატები რომლებიც იქმნება დღეს.
რა არის ქართული საგალობელი, რითია ის ძლიერი? მისი სიძლიერე სწორედ, რომ კომპოზიციური კანონების ზედმიწევნითი და მაღალპროფესიული გამოყენებაა, აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ ქართული საგალობლები იქმნებოდა მაღალი დონის პროფესიონალი კომპოზიტორების მიერ, რომლებიც ცხადია განსწავლულნი იყვნენ რელიგიის და ღვთისმსახურების საკითხებშიც.
მინდა ავღნიშნო, რომ მუსიკის შექმნა საკმაოდ რთულ და კომპლექსური საკითხების ცოდნასთან არის დაკავშირებული, იგი მოიცავს ისეთი მუსიკალური დისციპლინების მკაცრ და ზედმიწევნით ცოდნას, როგორიცაა სოლფეჯიო, ჰარმონია, კონტრაპუნქტი, ფორმის განვითარების დრამატურგიული საკითხები (ლიტერატურული დრამატურგიის საკითხები). ამ ცოდნის პარალელურად უნდა არსებობდეს ზეამოცანების მთელი რიგი, რაც საბოლოო შედეგამდე უნდა მიიყვანოს ამ ცოდნამ.
ამ დისციპლინების ცოდნის გარეშე ნებისმიერი საგალობელი საავტორო სიმღერის დონეზე დარჩება და ვერანაირ ადგილს ვერ დაიმკვიდრებს ვერც ეკლესიაში და ვერც ჭეშმარიტი მორწმუნე ხალხის გულში.