ავტორი: ზაზა ოსმანოვი
ბოლო პერიოდში ასტროლოგიის პოპულარობის ზრდის მომძლავრებულმა ტალღამ ისეთ საგანგაშო ზღვარს მიაღწია, რომ მთელი მედიასივრცე თითქმის ბოლომდე გაჯერდა ამ სრულიად წინააღმდეგობრივი და ძირშივე არამეცნიერული კონცეფციის მიმდევრებით. ასტროლოგიის აპოლოგეტთა ამბიციამ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ მისი ვარგისიანობის დასამტკიცებლად მეცნიერებაზე აპელირებენ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ ბუნებრივ მოვლენათა მანიპულირებით ახერხებენ ადეფტების დარწმუნებას ასტროლოგიის მეცნიერულობაში და ჭეშმარიტებაში.
წინამდებარე სტატია ეძღვნება ამ საკითხის სწორედ სამეცნიერო კუთხით განხილვას და ჩვენებას, რომ ის, რაზეც პრეტენზიას აცხადებს ასტროლოგია, არის უსაფუძვლო და ამავე დროს ალოგიკურიც.
ისტორიულად ასტროლოგიასთან დაკავშირებული პრობლემატიკა განსაკუთრებით წარმოჩინდა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, როდესაც ბედის არსებობის აღიარება ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან შეუთავსებლად გამოცხადდა. დაწყებული პირველი სუკუნეებიდან, ქრისტიანი აპოლოგეტები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ ახალაღთქმისეული მსოფლმხედველობა მორალურად და ზნეობრივად უფრო მაღალ დონეზე მდგომად წარმოეჩინათ, ვიდრე იმ დროს ფართოდ გავრცელებული წარმართული ფილოსოფიური სწავლებები. ამ მხრივ ნიშანდობლივია აღინიშნოს პირველი საუკუნეების ცნობილი ქრისტიანი მოაზროვნეები: წმ. ბასილი დიდი [1], წმ. გრიგოლ ნოსელი [2], წმ. იოანე ოქროპირი [3] და ნეტარი ავტუსტინე [4], რომელთა ნაშრომებში მოცემულია ასტროლოგიის მკვეთრი კრიტიკა.
ვინაიდან ასტროლოგიამ მეოცე საუკუნეში განსაკუთრებული პოპულარულობა მოიპოვა, ბოლო პერიოდის სამეცნიერო პუბლიცისტიკის არენაზე გამოჩნდა არაერთი სტატია, რომელიც მიეძღვნა ამ კონცეფციის კრიტიკას ფილოსოფიურ, რელიგიურ და სოციალურ ასპექტში [5–12]. ამ მხრივ მეტად საინტერესოა ერთგვარი შემაჯამებელი გამოკვლევა, რომელიც ეკუთვნის სასკაჩუენის (კანადა) უნივერსიტეტის განათლების ფსიქოლოგიისა და სპეციალური განათლების დეპარტამენტის პროფესორს ივან კელის [13]. ავტორი ასტროლოგიას განიხილავს ისტორიული ცვლილებების, ასტროლოგიაში მიღებული ძირითადი დაშვებების და მაგიასთან კავშირის კონტექსტში და წარმოაჩენს ხსენებული დოქტრინის მეტად არათანმიმდევრულ და სრულიად არამეცნიერულ ხასიათს.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ასტროლოგიის ე.წ. ობიექტურობის მიმართ უნდობლობა მეტად თვალშისაცემია, როგორც კი საკითხს ოდნავ მაინც მეცნიერების კუთხით შევეხებით. ამ თვალსაზრისით თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ასტროლოგთა შორის არ არსებობს ზოგადი დადგენილი წესი (როგორც მაგალითად ზუსტ მეცნიერებებში), თუ რომელი ციური სხეულები უნდა მივიჩნიოთ ადამიანის ჰოროსკოპის შედგენისთვის აუცილებლად. ზოგიერთი ასტროლოგი ასტეროიდებსაც კი იყენებს ამ მიზნით. მაგალითად თანამედროვეობის ერთერთი ცნობილი ასტროლოგი რობერტ ჰენდი აღნიშნავს, რომ ადამიანის ჰოროსკოპისთვის ასტეროიდის ზომას მნიშვნელობა არა აქვს [14], რაც ბუნებრივია ქმნის სერიოზულ პრობლემას ჰოროსკოპის შედგენისთვის. ჰენდი აღნიშნავს: „უბედურება ისაა, რომ არსებობს ათასობით ასტეროიდი და სხვა მცირე ზომის ობიექტები, რომლებიც გარს უვლიან მზეს, ხოლო დღეს არსებული ასტროლოგიური ტექნიკის გამოყენებით, არ არსებობს ყველა მათგანის აღრიცხვისა და ჰოროსკოპთა შედგენისას მათი გათვალისწინების საშუალება“ (გვ. 93). ზოგიერთი ასტროლოგი ჰოროსკოპთა შედგენისას მიმართავს ისეთ ჰიპოთეთიურ პლანეტებს, როგორებიც არიან ვულკანი და ლილითი (გვ. 95), თუმცა დღემდე ისინი არავის აღმოუჩენია. ასევე აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ასტროლოგია იყენებდა მზის სისტემის მხოლოდ რამდენიმე პლანეტას (მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი) და მას არც კი შეუმჩნევია გავლენა ჰოროსკოპზე იმ პლანეტებისა, რომლებიც მოგვიანებით აღმოაჩინეს (ურანი, ნეპტუნი და პლუტონი). აღმოჩენის შემდეგ კი ასტროლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ამ პლანეტების გავლენა რიგ შემთხვევებში გადამწყვეტია.
ყოველივე ამის გარდა, ასტროლოგიას აქვს მეცნიერულობის პრეტენზიაც და ამტკიცებს, რომ ციურ სხეულთა ფიზიკური გავლენა ეჭვს არ იწვევს წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით და მისი გავლენა ადამიანზეც ბუნებრივია მნიშვნელოვანი უნდა იყოს. შევუდგეთ ჩვენი თემის მთავარი საკითხის განხილვას. სანამ გადავალთ უშუალოდ პლანეტათა და ციურ სხეულთა გავლენაზე, ოდნავ შევეხოთ ფიზიკაში ურთიერთქმედების საკითხს. თანამედროვე ფიზიკის მიხედვით ცნობილია, რომ მაკრო და მიკრო სამყაროს სხეულები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ (მიიზიდებიან/განიზიდებიან) 4 ძირითადი ურთიერთქმედების წყალობით. ესენია: ა) ძლიერი ბირთვული ურთიერთქმედება; ბ) სუსტი ბირთვული ურთიერთქმედება; გ) გრავიტაციული ურთიერთქმდება და დ) ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება. პირველი ორი მიმდინარეობს ატომთა ბირთვებში და ამიტომ მათი მოქმედების არეალი არ აღემატება ბირთვების ზომებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტრონომიული მანძილებისთვის ეს ურთიერთქმედებები ძალზედ უმნიშვნელოა. გრავიტაციული ურთიერთქმედება წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც განსაზღვრავს მასიური სხეულების ერთმანეთთან ურთიერთქმედებას და ზოგადად ჩვენი კოსმოსის ევოლუციას. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება ხორციელდება დამუხტულ და დამაგნიტებულ სხეულებს შორის ელექტრული და მაგნიტური ველების მეშვეობით. ორივე ურთიერთქმედების არეალი თეორიულად უსასრულოდ დიდი შეიძლება იყოს და ამიტომ ჩვენც მათ განხილვაზე შევჩერდებით.
მაშ ასე, ჩვენი მიზანია დავადგინოთ, რამდენად დიდია დედამიწაზე არსებულ სხეულებზე მზის სისტემის პლანეტების გრავიტაციული და ელექტრომაგნიტური გავლენა. ჯერ შევამოწმოთ მზესთან უახლოესი პლანეტის – მერკურის ზემოქმედება. ამისთვის შევეცადოთ შევაფასოთ, თუ რა მაქსიმალური ძალით იმოქმედებს ის დედამიწაზე მყოფ სხეულებზე. ბუნებრივია, რომ პლანეტები მზის გარშემო მოძრაობენ თითქმის წრიულ ტრაექტორიაზე და ამიტომ დედამიწასა და მერკურს შორის მანძილი ხან მაქსიმალურია (როდესაც ისინი მზის მიმართ სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან და მზესთან ერთად ერთ წრფეზე არიან განლაგებულნი), და ხან მინიმალური (როდესაც ისინი მზის მიმართ ერთ მხარეს იმყოფებიან და მზესთან ერთად ერთ წრფეზე არიან განლაგებულნი). თუ გავითვალისწინებთ მერკურისა და დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის პარამეტრებს, შეიძლება ჩვენება, რომ იმ ახალშობილზე, რომლის ჰოროსკოპსაც ვადგენთ (და რომელზეც გარკვეული პლანეტების ზემოქმედება დაბადების მომენტში მის ბედზე გადამწყვეტ როლს თამაშობს), მერკურის გრავიტაციული ურთიერთქმედების ძალა თითქმის 4 მილიარდჯერ ნაკლებია, ვიდრე ძალა, რომლითაც მოქმედებს მასზე დედამიწა. ანალოგიურად, მარტივი საჩვენებელია, რომ იმავე ახალშობილზე გრავიტაციული ზემოქმედება ვენერას, მარსის, იუპიტერის, სატურნის, ურანის და ნეპტუნის მხრიდან იქნება შესაბამისად: 40 მილიონჯერ, 1.4 მილიარდჯერ, 430 მილიონჯერ, 13 მილიარდჯერ, და 27 მილიარდჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე დედამიწის მხრიდან. აზრს მოკლებული არ უნდა იყოს მთვარის გათვალისწინებაც, ვინაიდან ცნობილია, რომ ახალშობილის დაბადების ასტროლოგიური კალენდრის შედგენისას დედამიწის თანამგზავრს მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ ასტროლოგიის მიმდევარნი. ამ შემთხვევაშიც არასახარბიელო მდგომარეობაა: მთვარე დაახლოებით 300000–ჯერ უფრო სუსტად ურთიერთქმედებს ახალშობილის სხეულთან, ვიდრე დედამიწა.
მეორე ტიპის ურთიერთქმედება – ელექტრომაგნიტური ბუნებისაა. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ციურ სხეულთა ელექტრული მუხტი იმდენად უმნიშვნელოა, რომ ელექტრული ურთიერთქმედება ადვილად შეგვიძლია გამოვრიცხოთ. დარჩა მაგნიტური ველი, რომელიც ყველა პლანეტას არ ახასიათებს. მაგალითად ვენერას და მარსს მაგნიტური ველი საერთოდ არა აქვთ, ხოლო მერკურის, იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის მაგნიტური ველები დედამიწის მაგნიტური ველის 0,011; 8; 0,2; 0,5 და 0,14 ნაწილს შეადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად დედამიწის სიახლოვეში ეს მაგნიტური ველები იმდენად მცირე იქნება დედამიწის მაგნიტურ ველთან შედარებით, რომ მათ გათვალისწინებას არანაირი აზრი არა აქვს.
კიდევ უფრო არასახარბიელოდ გამოიყურება სიტუაცია თანავარსკვლავედებთან მიმართებაში. სანამ მათი ურთიერთქმედების განხილვაზე გადავალთ, ჯერ თავად თანავარსკვლავედების (რომლებთანაც დაკავშირებულია ზოდიაქოს ნიშნები) ცაზე განფენილობას შევეხოთ. როგორც წესი, ადამიანის ასტროლოგიური სურათის შედგენისას ცის კაბადონს ასტროლოგები ჰყოფენ 30 გრადუსიან 12 ტოლ შუალედებად და თითოეულს უთანადებენ კონკრეტულ ზოდიაქოს, რომელიც ისტორიულად თანავარსკვლავედთან ასოცირდებოდა. ეს ზოდიაქოებია: ვერძი, კურო, მარჩბივი, დ.ა.შ. მაგრამ საკმარისია კარგად დავაკვირდეთ ცას, აღმოვაჩენთ, რომ თანავარსკვლავედები თანაბრად არ ჰყოფენ მას. მაგალითად ქალწულის თანავარსკვლავედი იკავებს ცის 45 გრადუსს, ხოლო სასწორი მხოლოდ 16 გრადუსს, ანუ არც ერთის განფენილობა არ უდროის 30 გრადუსს, არადა ასტროლოგიური კალენდრის შედგენისას ცის 12 ტოლ ნაწილად დაყოფა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც ნახატიდან ნათლად ჩანს ზოგიერთი თანავარსკვლავედი მეზობელი თანავარსკვლავედის შესაბამის უბნებშიც კი გადადის. კიდევ ერთი გარემოება აჩვენებს ასტროლოგთა მიკერძოებას და მათი აქსიომატური ბაზის არქაულობას. საქმე ისაა, რომ ზოდიაქოს ნიშნები შედგენილია გარკვეულ ხილულ ვარსკვლავთა ერთობლიობის რომელიმე (ღვთაებრივ) არსებასთან თუ საგანთან მიკუთვნებით. ე.ი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც თვალით ჩანს, ის განაპირობებს ასტროლოგიის „მეცნიერებას“. მაგრამ თანამედროვე ასტრონომიულმა დაკვირვებებმა დაადასტურეს, რომ სამყარო როგორც ის გამოიყურება ხილულ, ე.წ. ოპტიკურ სპექტრში, არის ძალიან მცირე ნაწილი იმ გამოსხივებისა, რომლითაც ის არის სავსე. ანუ იმის თქმა გვსურს, რომ თვალისთვის უხილავ არეში მოსული გამოსხივების მიერ მოტანილი ინფორმაცია – გაცილებით მეტია ხილულ სპექტრში სინათლის მიერ მოტანილ ინფორმაციაზე და ამ დროს ჰოროსკოპთა შედგენისთვის ვითვალისწინებთ მხოლოდ იმ ობიექტებს, რომლებიც ხილულ სპექტრში ასხივებენ. ანუ მიზეზი მარტივია – ასტროლოგიაში მიღებულია მხოლოდ ის ობიექტები, რომელთა დანახვა შესაძლებელი იყო მაშინ, როცა ასტროლოგია ყალიბდებოდა.
ახლა გადავიდეთ ურთიერთქმედებაზე. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ თანავარსკვლავედების შემოღება საკმარისად პირობითი საკითხია, რადგან, რასაც ვხედავთ შეუიარაღებელი თვალით, ანუ სიბრტყეზე განაწილებულ ვარსკვლავთა სისტემას, ეს გეომეტრიული „ილუზიის“ შედეგია. მართლაც, იგივე სასწორის თანავარსკვლავედში შედის 4 კაშკაშა ვარსკვლავი: ე.წ. ალფა Librae (რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს ორმაგ ვარსკვლავს – ანუ ერთი ცენტრის გარშემო მბრუნავი ორი ვარსკვლავის სისტემას), ბეტა Librae, გამა Librae და სიგმა Librae, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა მანძილით არის დაშორებული ჩვენგან. კერძოდ ალფა Librae–დან დედამიწამდე მანძილი 77 სინათლის წელიწადია (სწ) (სინათლის წელიწადი არის მანძილი, რომლის გავლას სინათლე ანდომებს ერთ წელიწადს); ბეტა Librae–დან დედამიწამდე – 160 სწ; გამა Librae–დან – 152 სწ, ხოლო სიგმა Librae–დან – 292 სწ. ამ პირობითობის გარდა ნიშანდობლივია ისიც, რომ მაგალითად სიგმა Librae 19–ე საუკუნის შუა პერიოდამდე მიეკუთვნებოდა მორიელის თანავარსკვლავედს (გამა Scorpii), ხოლო 1851 წლის შემდეგ ამერიკელი ასტრონომის ბენჯამენ აპთორფ გოულდის რეკომენდაციით აღნიშნული ვარსკვლავი მიაკუთვნეს სასწორს. დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას და ვნახოთ, სასწორის თანავარსკვლავედის ჩვენგან ყველაზე ახლოს მდებარე ალფა Librae–ს გავლენა. მარტივია ჩვენება, რომ ამ ვარსკვლავის გრავიტაციული ურთიერთქმედება ახალშობილი ჩვილის სხეულზე დაახლოებით მილიონჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე გრავიტაციული ურთიერთქმედება გამოწვეული, მშობიარე დედისგან შორიახლოს დალაგებული სპეციალური სამედიცინო ინსტრუმენტების მხრიდან. ვინაიდან ამ თანავარსკვლავედის დანარჩენი ვარსკვლავები უფრო შორს არიან განლაგებულნი, ბუნებრივია, რომ მათი გავლენა კიდევ უფრო მცირე იქნება. მსგავსი სიტუაციაა აგრეთვე ვარსკვლავთა მატნიტური ურთიერთქმედების განხილვისას.
მიუხედავად ზემოჩამოთვლილი ციური სხეულების გრავიტაციულ და მაგნიტურ ურთიერთქმედებათა უმნიშვნელობისა, ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ მათი ზემოქმედება იმდენად ძლიერია, რომ განაპირობებს ადამიანის ბედს ან გარკვეული ბედისადმი მიდრეკილებას. აქ შესაძლებელია მხოლოდ ერთის თქმა, რომ, როგორც ჩანს უნდა არსებობდეს ისეთი ურთიერთქმედება, რომელიც ჯერ აღმოჩენილი არ არის, თუმცა მისი როლი ჩვენს ბედზე გადამწყვეტია. ხშირად საუბრობენ რაღაც, უცნაური ტიპის კოსმოსურ სხივებზე, რომლებიც ჩვენამდე აღწევენ და ურთიერთქმედებენ ჩვილზე. მოდით დავუშვათ, რომ მართლაც არსებობს ასეთი სხივები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ არ აღმოუჩენიათ და გავაანალიზოთ სიტუაცია, ანუ დავუშვათ, რომ ეს სხივები ურთიერთქმედებენ ახალშობილის სხეულზე მისი დაბადების მომენტში. მაგრამ, იმისათვის, რომ ეს ურთიერთქმედება მოხდეს, საჭიროა, რომ ამ სხივებმა შემოაღწიონ სამშობიაროს კედლებში, რაც ნიშნავს, რომ შენობის კედლები პრაქტიკულად გამჭვირვალე უნდა იყოს სხივებისთვის, ანუ არანაირი ურთიერთქმედება არ უნდა არსებობდეს იმ სხივებსა და კედლის ნაწილაკებს შორის. ახლა მეტად საინტერესო დეტალი: ვინაიდან ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ დაბადების ასტროლოგიური კალენდარი დგება ემბრიონის მიერ დედის სხეულის დატოვებისას, ანუ დაბადების მომენტში, ე.ი. ის სხივები არ ურთიერთქმედებდნენ ემბრიონის სხეულთან, როდესაც ის დედის სხეულში იყო. აქ ორი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს. ცალცალკე განვიხილოთ თითოეული. ა) ამ შემთხვევაში როგორც დედის ისე ემბრიონის სხეულები გამჭვირვალეა ამ სხივების მიმართ. მაგრამ, თუ ასეა, ვერანაირად ვერ აიხსნება ემბრიონის სხეულის ურთიერთქმედება საშოს დატოვებისას – სხივებმა ხომ ურთიერთქმედება უნდა განიცადონ დაბადების მომენტში, ანუ ახალშობილის სხეული არ უნდა იყოს გამჭვირვალე, ჩვენი დაშვებით კი საქმე სწორედ პირიქითაა – მივიღეთ წინააღმდეგობა; ბ) მეორე შემთხვევის მიხედვით, როგორც ემბრიონის, ისე დედის სხეული ადვილად შთანთქამს იმ უცნაურ სხივებს. ასეთ შემთხვევაში თითქოს ადვილად აიხსნება ის გარემოება, თუ რატომ ახდენენ ემბიონზე ზეგავლენას ეს სხივები დედის სხეულის დატოვებისას (იქამდე ზემოქმედება ხდებოდა დედის სხეულზე, რომლებიც შთანთქამდნენ სხივებს და იცავდნენ ემბრიონს ნაადრევი ზეგავლენისგან). მაგრამ აქ სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით. თუ საქმე ისეა, რომ დედის სხეული ემბრიონს იცავს გავლენისგან მშობიარობამდე, ე.ი. მთელი წინა პერიოდის განმავლობაში უშუალოდ დედა განიცდიდა ძლიერ გავლენას – რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პირადი ჰოროსკოპი არა რომელიმე ერთ თარიღზე იქნება მიბმული, არამედ მთელი ცხოვრების თითოეულ წამზე. ანალოგიურად შეიძლება ითქვას ახალშობილზე. თუ მასზე იმ მისტიურმა კოსმოსურმა სხივებმა იმოქმედეს დაბადებისას, მაშინ ამ მიდგომის ფარგლებში ისინი მოქმედებენ მთელი მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც და არაფრით განსაკუთრებული არ გამოდის დაბადების მომენტი. კოსმოსური უხილავი სხივების ისტორია უფრო შორს მიდის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადამიანების გარდა არსებობენ ცხოველები და ფრინველები – რასთან გვაქვს საქმე? ეს სხივები ისევე მოქმედებენ მათზეც და განსაზღვრავენ ბედს ან გარკვეული ბედის მიმართ მიდრეკილებას ცხოველებისთვისაც?
როგორც ვხედავთ ასტროლოგთა მიდგომის მეცნიერულ მოტივაციას უამრავი პრობლემა აქვს: პლანეტების და ვარსკვლავების გავლენა დღეისთვის არსებული ურთიერთქმედებებისთვის ძალზედ უმნიშვნელოა; სიმართლეს არ შეესაბამება ასტროლოგთა მიერ თანაბარი განფენილობის მიკუთვნება თანავარსკვლავედებზე; იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ არსებობს დღეისთვის უცნობი „კოსმოსური სხივები“, მაშინაც უამრავი წინააღმდეგობა მიიღება; ასევე მეტად პირობითია ზოდიაქოთა სტრუქტურაც, როგორც ვნახეთ სიგმა Librae–ს მაგალითზე. ხშირად მრავალი ასტროლოგი სტატისტიკას იშველიებს და ამტკიცებს, რომ მისი თეორია სტატისტიკითაა გამყარებული, თუმცა აღნიშვნის ღირსია, რომ დღეისთვის არ არსებობს არცერთი ავტორიტეტული სტატისტიკური კვლევა, რომელიც დაადასტურებდა ასტროლოგთა ამ ამბიციას.
ასტროლოგიის შესახებ ზემოთ ჩამოთვლილი წინააღმდეგობების და არამეცნიერულობის მიუხედავად იმედები, რომ თავად ასტროლოგები შეიცვლიან აზრს მიზერულია, რადგან მათთვის ტიპიურია მეცნიერული მონაცემებით მანიპულირება. მაგალითად რობერტ ჰენდი გვარიგებს: „ასტროლოგიის გარშემო მეცნიერული კვლევების პოზიტიური შედეგები სერიოზულად და უარყოფის გარეშე უნდა მიიღოთ, ხოლო ნეგატიური შედეგები არასერიოზულად“ [15]. ამიტომ ცხადია, რომ წინამდებარე სტატია განკუთვნილია არა ასტროლოგებისთვის, რომლებიც აპრიორი არ გაითვალისწინებენ ყველა ზემოჩამოთვლილ პრობლემებს, არამეტ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ერთი მხრივ გულწრფელად სწამს, რომ რამე საერთო შეიძლება არსებობდეს მეცნიერებასა და ასტროლოგიას შორის და მეორეს მხრივ არ იცის იმის შესახებ, თუ რამდენ წინააღმდეგობას აწყდება ასტროლოგია თანამედროვე მეცნიერული კვლევების კონტექსტში.
ბიბლიოგრაფია
1. Св. Василий великий, “Беседы на шестоднев“, Беседа 6
2. Св. Григорий Нисский “Против Учения о Судьбе“
3. Св. Иоанн Златоуст, “Толкование на евангелие от Матфея“, беседа 6
4. ნეტარი ავგუსტინე, “აღსარებანი“, წიგნი მეოთხე, III, 4-6; წიგნი მეშვიდე, VI, 8-10. ეს
თხზულება განთავსებულია ჩვენს ბლოგზე და მის სანახავად გაჰყევით ბმულს.
5. Kelly, I.W. & Krutzen, R. (1983). Humanistic Astrology: A Critique. Skeptical Inquirer, 81,
62– 73
6. Leahey, T.H. & Leahey, G.E. (1983). Psychology's Occult Doubles: Psychology and the
Problem of Pseudoscience. Chicago: Nelson-Hall
7. Thagard, P. (1980). Resemblance, Correlation and Pseudoscience. In M.
Hanen, M. Osler & R. G. Weyant (Eds), Science, Pseudoscience and Society (pp.85-102).
Ottawa: Wilfrid Laurier University Press
8. Kanitscheider, B. (1991). A Philosopher Looks at Astrology. Interdisciplinary Science
Reviews, 16, 258-266
9. Dean, G. (1992). Does Astrology Need to be True? In K Frazier (Ed), The Hundredth
Monkey and Other Paradigms of the Paranormal (pp.279-319). Amherst NY: Prometheus
Books
10. Dean, G. & Loptson, P. (1996). Some Philosophical Problems of Astrology. Correlation, 14,
32-44
11. Kelly, I.W. (1998). Why Astrology Doesn't Work. Psychological Reports, 82, 527-546
12. Spencer, W. (2000). Are the Stars Coming Out? Secularization and the Future of Astrology
in the West. Paper presented at the British Sociological Association (Sociology of Religion
Study Group). University of Exeter March 29-April 1.
13. Kelly, I.W. (1997). The Concepts of Modern Astrology: a Critique, Psychological
Reports 1997, 81, 1035-1066
14. Hand, R. (1981). Horoscope Symbols. Rockport, MA: Para Research.
15. Perry, G. (1995). How Do We Know What We Think We Know? From Paradigm to
Method in Astrological Research.