Monday, December 5, 2011

მიცვალებულთა ცხედრების დაწვის შესახებ

პანაიოტის ბუმისი

ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, თეოლოგი
(თარგმნა თეოლოგიის მაგისტრმა-ლევან ბუკიამ)


(თარგმნილია წიგნიდან: ΠΑΝΑΓΙΩΤΟΥ Ι.ΜΠΟΥΜΗ Δ.Θ. ΚΑΘΗΓΗΤΟΥ ΠΑΝΕΠΙΣΤΗΜΙΟΥ ΑΘΗΝΩΝ,  Η ΚΑΥΣΗ ΤΩΝ ΣΟΜΑΤΩΝ, Β’ ΕΚΔΟΣΗ. ΕΚΔΟΣΕΙΣ ,,ΕΠΤΑΛΟΦΟΣ’’ ΑΘΗΝΑΙ 1999)


წინამდებარე წერილი წარმოადგენს მოკლე ახსნა-განმარტებას, დღეისათვის აქტუალურ თემაზე, გარდაცვლილთა სხეულის დაწვაზე.
წერილში შეძლებისდაგავრად, ნათლად და კონკრეტულად, წარმოდგენილია ამ საკითხთან დაკავშირებული ისტორიული, თეოლოგიური, სოციოლოგური თუ სხვა ელემენტები.

პუბლიკაციას დართული აქვს დეკანოზ ლევან მათეშვილის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აქვე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მოისმინოთ ვიდეო ლექციაც კრემაციის შესახებ.  




1. პირდაპირი პასუხი კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მკვდართა სხეულის დაწვა, საეკლესიო ტრადიციაში სამწუხაროდ არ გვაქვს. არც ღმრთივსულიერ წმიდა წერილში და არც მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებში.
2. თუკი არ გვაქვს კანონიკური გადაწყვეტილებები და წმიდა წერილის მცნებები, ეს არ ნიშნავს რომ არ გვაქვს ღმერთისგან მოცემული ბუნებითი სჯული ან მის საფუძველზე უძველესი ადამიანური წეს-ჩვეულებითი სამართალი.
იგივე "დაბადებაში", შექმნის შემდეგ და ადამიანის დაცემის შემდეგ გვაქვს წინასწარმეტყველური, განმსაზღვრელი სიტყვა შემოქმედისა, რომელიც ამბობს: "შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები." (დაბ.3,19). ბუნებრივი გზა _ მკვდარი სხეულისა ეს არის მისი განთავსება მიწაში. 
3. შემდეგში, როგორც ჩამოყალიბდა ეს ბუნებითი სჯული ადამიანური მოქმედებიდან და გამოცდილებიდან, კვლავ გვიძღვის გარდაცვლილთა საფლავებისკენ.
იგივე ისრაელში, როგორც ამას მოსეს სჯული და სიბრძნე ზირაქისა გვაუწყებს, უკვე გაბატონებულია მკვდართა დაკრძალვა.
უფრო კონკრეტულად 2სჯ.შენიშნავს: "თუ კაცი სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ძელზე ჩამოკიდე. არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ დამარხე იგი იმავე დღეს. რადგან ღმრთისაგან არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. და ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ." (2სჯ.21,22-23). აღსანიშნავია რომ ხაზგასმა "დამარხე" არის ასევე სიბრძნე ზირაქის წიგნში: "მიცვალებულს ცრემლი აფრქვიე, შვილო, მოთქმით იტირე, როგორც ტირის სიმწრით შეძრული, საკადრისად შემოსე და დაუმარხავს ნუ დატოვებ." (სიბ.ზირ.38,16).
საპირისპიროდ ამისა წმიდა წერილში, კერძოდ ძველ აღთქმაში გვაქვს მოწმობა, რომ მკვდრების დაწვა იყო სასჯელი და დაუფასებლობა, უპატივცემლობა. ასე გვაქვს მაგალითად ლევიტ.20,14-ში, სადაც ნათქვამია: "თუ ვინმემ შეირთოს ცოლად დედა-შვილი, ეს ურჯულოებაა. ცეცხლში დაწვით იგი მათთან ერთად, რათა არ იყოს ურჯულოება თქვენს შორის." (იხ. ასევე დაბ.38,24 და ლევიტ.21,9).
4. ყოველივე ამას აღასრულებდნენ ისრაელიანები ღმრთის გადაწყვეტილებით და მოსეს სჯულის მიხედვით და ბრძნეთა მათთა მითითებით. მათთვის დადგენილი იყო ჩვეულება მკვდართა დასაფლავებისა. რაღაც მსგავს გვეუბნება იოანე მახარებელი როდესაც წერს: "აიღეს და შეგრაგნეს იესუს გვამი ტილოებში ნელსაცხებლითურთ, როგორც მოითხოვს იუდეველთა დამარხვის წესი." (ინ.19,40). თვით იესუც კი ვერ "გაექცა" ამ წესაა და ჩვეულებას.
5. აგრეთვე ბერძნებიც, იგივე ბუნებრივი სჯულით მისდევდნენ მკვდართა დაკრძალვას. ისტორიიდან და არქეოლოგიიდან ცნობილია თუ როგორ სწამდათ ძველ ბერძნებს. ასაფლავებდნენ რა ადამიანს, მათ სწამდათ რომ იგი აგრძელებს თავის მიწიერ ცხოვრებას სიკვდილის შემდეგ. ცხადია ტროას ომის დროს იყო: "გვამთა დანმთქმელი კოცონებიც" (ილიადა,I,52). მაგრამ ეს როგორც ჩანს ხდებოდა ამ საგანგებო სიტუაციაში, ომის გამო და ეს ჩვეულება თუ წესი არ გაბატონებულა შემდეგში. გარდა ამისა, ტროას ომის დროს მეომართა დაწვით ადვილად ხდებოდა მათი ფერფლის ჩამოტანა სამშობლოში.
6. რომაელებშიც ასევე გაბატონებული იყო მკვდართა დამარხვის ჩვეულება. (იხ. ციცერონი - De Legibus 11,22,26, პლინიუსი 1,VII,44.). აქვე უნდა შევნიშნოთ რომ რომაელებში როდესაც იყო მკვდართა დაწვა, ხანგრძლივი თუ მოკლე ომების პერიოდში, გამოწვეული იყო იმით, რომ დაეცვათ გარდაცვლილ თანამემამულეთა ცხედრები მტრების შეურაცხოფისაგან და ასევე გარდაცვლილთა ცხედრებს არ გამოეწვიათ ეპიდემიები და სხვადასხვა დაავადებები.
7. მსგავსად ჰქონდათ მიცვალებულთა დასაფლავების ჩვეულება ეგვიპტელებს, სხვა აღმოსავლელი ხალხების მსგავსად. განსაკუთრებულად ასრულებდნენ ამას ის ეგვიპტელები, რომლებსაც სწამდათ სულის უკვდავება. მოსავდნენ გარდაცვლილებს და ასაფლავებდნენ გამოყოფილ ადგილებში. მეფეთა საფლავებს გამოყოფდნენ ცალკე პირამიდების სახით.
8. შემდგომ ამისა იყო ქრისტიანული ეკლესია. ეკლესია ქრისტესი და 12 მოციქულისა, სამოციქულო ეკლესია და განსაკუთრებით მართლმადიდებელი ეკლესია როგორც ტრადიციული, რომელმაც იმემკვიდრა და დაიცვა ეს წესი "მიქცევისა" (2ტიმ.4,6) მკვდარი სხეულისა. ამასთან ამ წესის "არჩევა" ირიბად აჩვენა თვით უფალმა იესუ ქრისტემ როდესაც მიმართა იუდას: "დაანებე თავი. მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა ის." (ინ.12,7).
9. გარდა ზემოთ მოხმობილი მიზეზებისა, ეკლესიამ მიიღო მკვდართა დასაფლავება როგორც წინასწარ უწყება მკვდართა აღდგომისა.
საფლავი არის სიმბოლო, ნიშანი, იმედი და აღიარება რწმენისა: სულის უკვდავებისა, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო ცხოვრებისა. ვნახოთ რას ამბობს პავლე მოციქული: "ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში." (1კორ.15,42-44). ამიტომაც იწოდება სიკვდილი "განსვენება" და "მიძინება" და საფლავი კი "განსასვენებელად". (იხ.I თეს.4,13).
10. ზოგიერთები თვლიან რომ არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც გაბატონებულია დაფლფა მიცვალებულთა. ერთ-ერთი თვალსაზრისი გახლავთ ის, რომ მკვდართა დაწვის პროცესიამ შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, თუკი არ იქნება სწორი და მართებული საყოველთაო საზოგადოებრივი აზრი ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული.
11. კიდევ ერთი არგუმენტი მკვდართა დამარხვისა არის მგრძნობელობითი და ფილოსოფიური მხარე ამ საკითხისა. ეს არის ის, რომ გარდაცვლილი ადამიანი ხდება "ობიექტი ზრუნვისა, წესის აგებისა და ყვავილებით მორთვისა", და ჩვენება ამა სოფლის წარმავალობისა. სხვაგვარად, საფლავი არის ის ადგილი რომელიც ხასიათდება როგორც მშობლიური მიწა, და რომელიც ხალხთა და ერთა პატრიოტიზმის საფუძველია. გულს თავისი კანონები აქვს, განსხვავებით გონებისაგან და არ შეიძლება მისი უარყოფა და უგულებელყოფა. როგორც ერთ-ერთი ეთნოგრაფი წერს, წმინდანთა ნაწილებს ჩვენი საჭიროება კი არ სჭირდებათ არამედ ჩვენ უფრო გვჭირდებიან ისინი. მათი დაწვა იქნებოდა გაუჩინარება იმ "ცოცხალი ურთიერთობის" გაგრძელებისა რომელიც გვინდა რომ იყოს.
12. გარდა ამისა დასაფლავებას აქვს დადებითი მხარე. ხშირად ხდება ისე, რომ გარდაცვლილი ადამიანის ექსპერტიზით შესაძლებელი გახდა დადგენა ადამიანის გარდაცვალების მიზეზისა. მოხდა დადგენა დანაშაულისა. (მკვლელობის ან სხვა უბედური შემთხვევისას და დადგინდა მკვლელი, დამნაშავე.) სხეულის დაწვის შემთხვევაში ამ საშუალების გამოყენება ისპობა, რითაც შესაძლებელია გამრავლდეს და დაუდგენელი დარჩეს დამნაშავეთა გამოვლენა.
13. იგივე ზემოთმოყვანილი და მსგავსი მიზეზებით ეჭვის ქვეშ დგება შემთხვევა, როდესაც დაწვა ხდება გარდაცვლილის ანდერძისა და სურვილის შესაბამისად. ვალდებულია მაშასადამე საზოგადოება ან ეკლესია და ნათესავები რომ აღასრულონ ეს ანდერძი გარდაცვლილისა? მეტიც, როგორ შეიძლება იყოს სერიოზულად აღსაქმელი ბრძანება და ანდერძი გარდაცვლილისა, როდესაც ქრისტიანული კუთხით იქადაგება წმიდა წერილში შემდეგი: "არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია?. . . ანდა, არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღმრთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? რადგან ფასით ხართ ნაყიდნი. აბა, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღმრთისაა." (I კორ.6.15-20).
14. სერიოზულობა და მნიშვნელობითობა პავლე მოციქულის ზემოთმოყვანილი სიტყვებისა, საცნაურდება ნათლად, იმ შემთხვევაში, როდესაც ღმერთის დაშვებით ხდება უამრავი სასწაული უხწნელ ნაწილებთან დაკავშირებით. ეს სასწაულები შეიძლება გახდეს მიზეზი მრავალთა რწმენისა, ღმერთის დაუსაბამო არსებობაში და ყოვლისშემძლეობაში. ამდენად დაწვამ ცხედრისა ამ შემთხვევაში შეიძლება იმოქმედოს საპირისპიროდ ღმრთის ნებისა. გარდა ამისა მორწმუნენი და უბრალო ქრისტიანები მოკლებული იქნებოდნენ და – მოვაკლებდით მათ საღმრთო სასწაულს და ძღვენს წმიდა ნაწილების სახით. მართლაც ქრისტიანები ხშირად, თუ არა ყოველთვის, ხარობენ ურწნელი წმიდა ნაწილების მთხვევით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კეთილსურნელებას გამოსცემენ და სდით წმიდა მირონი. 
ამიტომაც ეკელსია პატივს მიაგებს `მოქმედი~ წმიდანების წმიდა ნაწილებს და ასევე სხეულს, ხორცს ყველა ქრისტიანისას და არ წვავს მათ. საჯაროდ სცემს პატივს საფლავებს და ნიშებს. 
15. ყოველივე ზემოთმოყვანილი მიზეზების გამო მიცვალებულთა დასაფლავება ტოლი გახდა ეკლესიის ტრადიციისა და დაიკავა სამართლებრივი, სჯულისმიერი ადგილი ლიტურგიკულ საქმიანობაში. გახდა გაბატონებული წესი, ჩვეულება უკვე უხსოვარი დროიდან და როგორც ცნობილია ამ წესს აქვს სჯულის ძალა.
16. ამდენად შეგვეძლო გვეთქვა რომ გარდაცვლილთა საფლავები ქრისტიანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ ავალდებულებს რადგან არ არის საეკლესიო კრებების მიერ დადგენილი და განსაზღვრული როგორც ეკლესიის კანონი, მაგრამ მითითებულია წმიდა წერილიდან და ბუნებითი სჯულიდან და სამოციქულო მოქმედებებიდან. მიუთითებს და უკარნახებს, რომ ის არის ბუნებითი კანონი და ქრისტიანული წესი და ადათი _ ტრადიცია. რაიმეს შესაცვლელად აუცილებელია განათლება მორწმუნეთა და ამ წესის შესაცვლელად ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ დაწვა გარდაცვლილთა არის უფრო მისაღები და ჯანმრთელი მოქმედება დაკრძალვასთან შედარებით, უფრო მეტად მგრძნობიარე-ემოციური და სამკურნალო და ესქატოლოგიური.
17. არსებული ვითარებების მიუხედავად ეკლესიას შეუძლია გარდაცვლილთა ცხედრების დაწვის ძალით დაკანონებისა და მისი (დაწვის) აუცილებელი მოთხოვნის წინააღმდეგ წავიდეს. არ იქნება სწორი და მართებული ცხედრების დაწვა მოსთხოვონ მორწმუნეებს, ეკლესიის წევრებს, რომ უარყონ ეკლესიური დაკრძალვა მათთან ერთად, რომლებიც ამჯობინებენ დაწვას ცხედრებისას და რომლებთაც არ სწამთ აღდგომა მკვდართა, არამედ გაქრობა და გაუჩინარება ადამიანისა. აქ, ამ ბოლო შემთხვევაში ყველაზე საინტერესოა ის, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი ხდება არა მხოლოდ ურწმუნო, არამედ ხდება ასევე სჯულის არა მიმდევარი ქრისტიანი, რადგანაც მონათვლის დროს, მან ირიბად თუ პირდაპირ განაცხადა რომ "მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ".
18. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ, რომ რომაულ-კათოლიკური ეკლესია კანონიკური სამართლის ახალი კოდექსის 1176-ე მუხლით (1983წ.), ამბობს, მიუხედავად იმისა რომ არ კრძალავს მკვდართა დაწვას, ძალაში ტოვებს და პატივს მიაგებს `კარგი ტრადიციის~ დაცვას,  მკვდრთა დაკრძალვისა, მაგრამ კრძალავს დაწვას ცხედრისა განსაკუთრებულად, როდესაც ეს მოქმედება არჩეული ხდება რიგი მიზეზების გამო, მათ მიერ რომლებიც არიან მოწინააღმდეგენი ქრისტიანული ეკლესიის დოგმატური სწავლებისა.
19. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, არ შეიძლება ითქვას, რომ ის, ვისი ცხედარიც დაიწვება არ აღდგება მკვდრეთით და გაექცევა საყოველთაო განკითხვას მეორედ მოსვლისას. 
ასევე არ შეიძლება ვიფიქროთ რომ გაუჩინარდნენ ისინი რომლებიც დაიწვნენ გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში და რომ დაკარგულია იმედი მათი ხილვისა.
და უფრო მეტიც, ნურავინ მიჩნევს რომ წმიდა მოწამენი, რომლებიც მოწამეობრივად დაიწვნენ ცეცხლში არ მონაწილეობენ უფლის საუკუნო მეუფებაში.
20. თუკი ცხედრის დაწვით უჩინარდება ადამიანი (ხორცით და სულით) მაშინ არც მოსე დაუშვებდა ცოდვილ ადამიანთა დაწვას. (დაბ.38,24; ლევიტ.20,14 და ლევ.21,9); არც ღმერთი დაუშვებდა რომ დაეწვათ მართალი მოწამენი და არც წმ. პავლე მოციქული დაწერდა: "აჰა, საიდუმლოს გეუბნებით თქვენ: ყველანი არ განისვენებთ, მაგრამ ყველანი შეიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. რადგან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით." (Iკორ.15,51-52). წმიდა წერილის სიტყვა "ყველანი" გვიდასტურებს რომ, ყველა, გამონაკლისის გარეშე, გავაგრძელებთ საუკუნო სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ.
21. ბოლოს არც ეგნატე, ანტიოქიის ეპისკოპოსი არ იტყოდა ანალოგიურად. ღირს ალბათ რომ აქ მოვიტანოთ სიტყვები ღმერთშემოსილი მამისა: "მივწერ მე ყველა ეკლესიას და ვამცნებ ყველას, რომ ნებსით ვკვდები ღმრთისათვის, თუკი თქვენს მიერ არ დავბრკოლდები. ამიტომ გევედრებით, უდროო დროს ნუ გამოავლენთ კეთილგანწყობას. მაცადეთ მე, გავხდე მხეცების ლუკმა, რადგანაც მათი გზით ღმერთს მივეახლები. ხორბალი ვარ ღმრთისა და დავიფქვები მხეცთა კბილებით, რომ გავხდე წმიდა პური ქრისტესი. უფრო ის ეცადეთ, ალერსით აწვიოთ მხეცები, საფლავად მექნენ მე და არაფერი დატოვონ ჩემი ხორციდან, რომ დაძინებული არავის ვემძიმო. ჭეშმარიტად მაშინ ვიქნები მოწაფე იესუ ქრისტესი, რაჟამს ჩემს სხეულსაც ვეღარ იხილავს ქვეყნიერება. ლიტანია ჰყავთ ქრისტეს მიმართ ჩემთვის, რომ ამგვარი სახით შევიწირო ღმრთისადმი."(რომაელთა მიმართ, IV,1-2).
უნდა აღინიშნოს რომ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ტრადიცია დაკრძალვისა მოქმედებს და გრძლედება ისე, რომ მასთან ერთად იქადაგება რწმენა, გარდაცვლილთა სამომავლო საყოველთაო აღდგომისა. 


მიცვალებულთა კრემაცია
დეკანოზი ლევან მათეშვილი


მიცვალებულთა კრემაციის ტექნოლოგიზაციის საკითხის აქტუალიზაცია ძირითადში  XX-XXI საუკუნეების პრობლემატიკაა, რომელზეც ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი დამოკიდებულება უნდა დააფიქსიროს . ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ბ-ნ პანაიოტისის წერილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მიმოიხილავს ეგვიპტურ, ანტიკურ და ბიბლიურ დაკრძალვის ტრადიციებს . ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ბიბლიური ტრადიცია, რომელშიც , მართლაც, არსად ჩანს მიცვალებულთა დაწვის პრეცენდენტი, განსხვავებით რომაულისგან , სადაც სწორედ დაწვა, ავტორის საწინააღმდეგო მტკიცებულების მიუხედავად, იყო ყველაზე მიღებული და პრესტიჟულიც (იხ. სვეტონიუსი  12 კეისრის ცხოვრება). ამ და სხვა არგუმენტების შეჯერებით ავტორი ასკვნის , რომ მიცვალებულთა დაკრძალვა არის ერთადერთი ბიბლიურად გამართლებული ქრისტიანული ტრადიცია , რომელიც რჯულის ტოლფასია.
უდავოდ, ქრისტიანული ტრადიციისთვის დაკრძალვა  არის ყველაზე მისაღები ფორმა (რელიგიური, ზნეობრივი, აღმზრდელობითი, ესქატოლოგიური თუ სხვ.), მაგრამ ბ–ნ პანაიოტისს ვერ დავეთანხმებით  იმგვარ ფორმულირებაში , როდესაც ტრადიცია სჯულის , დოგმატის სიმაღლეზე აჰყავს, რადგან :
1. ავტორის მიერ მოყვანილი ზოგიერთი არგუმენტი ნაწილობრივ დამაჯერებლად არ გამოიყურება: ა) არგუმენტი, „რადგან მტვერი ხარ  და მტვერს დაუბრუნდები (დაბ. 3,19) „  მიცვალებულთა კრემაციის საწინააღმდეგოდ  სულაც არ მეტყველებს, რადგან კრემაცია მხოლოდ აჩქარებს გვამის მტვრად ქცევის პროცესს და სულაც არ ეწინააღმდეგება ღმერთის განჩინებას . შესაძლოა ვიდავოთ „დაჩქარება“ კარგია თუ ცუდია, მაგრამ შედეგი მაინც ერთია– მტვერი. ბ) კრემაციის სასჯელის კონტექსტში მოხსენიება ( დაბ. 38,24; ლევიტ. 21,9) არასწორია, რადგან ეს სასჯელი ითვალისწინებს ცოცხალ ადამიანების (ცოდვილების) დაწვას და არა გვამების კრემაციას, ასე რომ ეს არგუმენტი მიცვალებულტა კრემაციის საწინააღმდეგოდ არ გამოდგება. გ) უფალი იესო ქრისტე ,მართლაც, დაიდვა საფლავად, ისევე როგორც ლაზარე, მაგრამ მიწა არ დაყრია ! მაშინ ლოგიკურია  უნდა მივბაძოთ სწორედ აკლდამურ დაკრძალვის წესს და არა მიწაში დაფლვას , „დადება“ ,ლოდის მიგორება სხვაა და მიწაში დამარხვა სხვა, აღარ ვსაუბრობ ავტორის მიერ მოტანილ ეგვიპტური დაკრძალვის მეთოდებზე , რომელიც მუმიფიკაციაზე გადიოდა. დ) არგუმენტი მიცვალებულთა ეგზგუმაციის შესაძლებლობისა კრიმინალური დანაშაულის გახსნისთვის ვერაფერი თეოლოგიური არგუმენტია, მართალია სოციალურია,მაგრამ საეკლესიო აზრის ფორმირებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ე) როდესაც წმ. პავლე მოციქული საუბრობს იმაზე, რომ  „თქვენი სხეულები თქვენ არ გეკუთვნის“, „ სისხლით ხართ ნაყიდი“  ( Iკორ.  6,15–20) და სხვ. გულისხმობდა მთლიანად ადამიანს–სულის და ხორცის ერთობას და არა ცალკე აღებულ გვამს.
2. ქრისტიანული ეკლესია თავის დაფუძნების , ფორმირების და ისტორიულ ასპარეზზე გამოსვლის 2000 წლოვანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის მკაცრად იცავდა საკუთარ სწავლა–მოძღვრებით პრინციპებს, მაგრამ ამასთან ყოველთვის ითვალისწინებდა ამა თუ იმ  ეპოქის მიერ მოტანილ საჭიროებებს . დოგმები არ იცვლებოდა, ხოლო დანარჩენი– ეკლესიის მოწყობა , ტიპიკონი, თვით ლიტურგიაც კი ცვლილებას განიცდიდა. აქედან გამომდინარე, თუკი   XXI  საუკუნემ წინ წამოწია მიცვალებულთა კრემაციის საკითხი (განსაკუთრებით მწვავედ ეს მსოფლიოს მეგაპოლისებში დგას) , რატომ არ შეიძლება , რომ  ეკლესიამ ამგვარი დაკრძალვის წესი, იკონომიის ფარგლებში, დაუშვას ? მით უფრო, რომ მას არანაირი თეოლოგიური დაბრკოლება წინ არ უდგას (ღმერთს ფერფლიდანაც შესწევს უნარი აღადგინოს ადამიანი !), ხოლო ტრადიცია მნიშვნელოვანია , მაგრამ არაა დოგმატური. თუკი ტროელები ხვდებოდნენ სამშობლოში კრემირებული მიცვალებულების ტრანსპორტირების იოლ გზებზე ,  XXI საუკუნეში რატომ უნდა შეექმნას პრობლემა ნიუ–იორკში აღსრულებულ  ქრისტიანს (თუნდაც ქართველს) სამშობლოში ტრანსპორტირებაში ხელი, თანაც საეკლესიო პრობლემა, მით უფრო, რომ მიცვალებულის ჩამოსვენება ძალძედ ძვირი ჯდება (ესეც სოციალური პრობლემა) .
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ , რომ კრემაცია ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. მიცვალებულთა დაკრძალვა ყოველთვის დარჩება უკეთეს ქრისტიანულ ტრადიციად , რომელსაც ამ წერილის ავტორი კარგად წარმოაჩენს, მაგრამ თუკი დადგება ეპოქა , რომელიც დაგვიყენებს სხვა მოთხოვნებს , საეკლესიო ცნობიერება ამისთვის მზად უნდა იყოს.