ავტორი: ღვთისმეტყველების მეცნიერებათა დოქტორი, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი
(სურათი: წმ. ანთიმოზ ივერიელის მოწამეობის რუმინული ხატი )
კომუნისტურ-ათეისტური იდეოლოგიის დამყარებისას საქართველოში თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში გაბატონებული იყო ნეგატიური შეხედულება ეკლესიის როლზე სახელმწიფოს ცხოვრებაში. ეკლესია ყოველთვის იყო მიჩნეული დისტრუქციულ ძალად, რომელიც იბრძოდა ცენტრალიზებული ხელისუფლების წინააღმდეგ და ამით ძირს უთხრიდა ქართულ სახელმწიფოებრიობას. საბედნიეროდ, ასეთი დამოკიდებულება შეიცვალა და 1995 წელს მიღებული კონსტიტუციით აღიარებულია `საქართველოს სამოციქული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში~ [1,4]. მიუხედავად ამისა, საქართველოს სამეცნიერო ლიტერატურა დღემდე განიცდის ისეთი ნაშრომების ნაკლებობას, სადაც კანონიკური სამართლის კუთხიდან ობიექტურად იქნებოდა განხილული მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის პრინციპები.
ამ ნაკლის ნაწილობრივ შესავსებად ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რუმინეთში დიდი ქართველი მოღვაწისა და მოაზროვნის, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ცხოვრების, მოღვაწეობისა და ნაშრომების შესწავლა. პირველ რიგში ჩვენი ყურადღება მიიპყრო წმინდა მოციქულთასწორ მეფეთა კონსტანტინესა და ელენეს ხსენების დღესასწაულისთვის მიძღვნილმა ქადაგებამ, ხოლო წინამდებარე სტატიის მეორე ნაწილში განვიხილავთ წმინდა ანთიმოზის მონაწილეობას თურქი დამპყრობლების წინაამღდეგ ვლახეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში.
ხსენებული ჰომილეტიკური ნაწარმოები, თუმცა ზნეობრივ დამრიგებლური შინაარსისაა, შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ პოლიტიკურ მესიჯად, რადგან მასში შეიძლება ამოვიკითხოთ წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხედვა ორ საკითხთან დაკავშირებით: 1. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის იდეოლოგიური პრინციპი; 2. რა თვისებების მქონე უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაური და რა პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს მის მიერ გატარებულ პოლიტიკას. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
უპირველეს ყოვლისა, გავიგოთ, რატომ იყო მნიშვნელოვანი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ მართლმადიდებლური კანონიკური ხედვის ჩამოყალიბება და დაცვა, უნდა გავიხსენოთ, რომ რუმინეთი იყო მართლმადიდებლური სამყაროს დასავლეთ საზღვარზე, სადაც მწვავედ იგრძნობოდა კათოლიკური იდეოლოგიური ექპანსია. ზუსტად XVIII ს-ის დასაწყისში, კერძოდ 1701 წელს, ერთ-ერთ ძირძველ რუმინულ კუთხეში - ტრანსილვანიაში კათოლიკურმა ეკლესიამ მოახერხა უნიატობის გავრცელება და რუმინელი მოსახლეობის დიდი ნაწილის ძალით გადმოყვანა კათოლიკობაზე [10,250], ხოლო კათოლიკური მრწამსის გავრცელება, სხვათაშორის, გულისხმობდა ქვეყნების პოლიტიკური დამოუკიდებლობის არსებით შეზღუდვასაც. როგორც ცნობილია, უკვე IX საუკუნიდან ევროპის ახალ ჩამოყალიბებულ ქვეყნებზე დომინირების მოსაპოვებლად, რომის პაპებმა დაიწყეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციების განმტკიცება [7,337]. პოლიტიკური პრეტენზიების იდეოლოგიური დასაბუთებისთვის 1302 წელს რომის პაპმა ბონიფაცი VIII გამოსცა ბულა Uნამ შანცტამ, რომელშიც ნათქვამია, რომ როგორც სასულიერო, ასევე საერო-პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმურობის წყარო ერთია - ეკლესია. საიდუმლო სერობის დროს პეტრე მოციქულის მიერ ნახსენები ორი მახვილი (ლუკა 22.38) კათოლიკე თეოლოგების მიერ იყო მიჩნეული საერო და სასულიერო ძალაუფლების სიმბოლოებად და რადგან ორივე მახვილი მაცხოვარმა იესო ქრისტემ პეტრე მოციქულს დაუტოვა, ე.ი. საერო-პოლიტიკური და საეკლესიო ხელისუფლების ლეგიტიმური მფლობელი მხოლოდ რომის პაპია. Qქრისტეს არ გამოუყენებია საერო ძალაუფლება, ამიტომ კათოლიკური ეკლესიაც გადასცემს თავის საერო ძალაუფლებას მეფეებს, ასე ვთქვათ, დროებით მფლობელობაში, რადგან უმაღლეს საერო ხელისუფლად მაინც რომის პაპი რჩება. შესაბამისად, ყველა მეფე, რომელიც არ იღებს რომის პაპისაგან ხელისუფლებას, არ არის ლეგიტიმური მმართველი [8,99-100].
ასეთი იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ, წმინდა ანთიმოზ ივერიელს წინა პლანზე გადმოაქვს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის მართლმადიდებლური კონცეფცია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ზუსტად წმინდა კონსტანტინე დიდმა. ამ კონცეფციის მიხედვით, არ არსებობს დაპირისპირება საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის. ორივე მხარე თანამშრომლობს ერის სულიერი თუ მატერიალური სიჯანსაღის გამყარების საქმეში და მათ შორის ყალიბდება ჰარმონიული ურთიერთობა [11,190-191]. ერის კეთილდღეობა არ განისაზღვრება მხოლოდ მატერიალური პარამეტრებით, მას ასევე აუცილებლად ჭირდება სულიერი საზრდოც. ამიტომ ჯანსაღ საზოგადოებაში ეკლესია და სახელმწიფო არ უპირისპირდებიან ერთიმეორეს დომინირების მოსაპოვებლად, არამედ თანამშრომლობენ. სახელმწიფო, როგორც საზოგადოების ორგანიზების პოლიტიკური ფორმა, ისტორიაში ეკლესიაზე უფრო ადრინდელი წარმონაქმნია და მის ბუნებაში არაფერია რელიგიური. შესაბამისად, მეფეს, როგორც სახელმწიფოს სახელისუფლებო სტრუქტურის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, თავისი ფუნქციების განსახორციებლად არ ჭირდება რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან ლეგიტიმურობის მიღება.
შესაბამისად ასეთი პოლიტიკური კონცეფციისა წმინდა ანთიმოზი თავის ქადაგებაში აღნიშნავს, რომ `მეფის გვირგვინი გაყოფილია მღვდელმთავრის მიტრასგან. მიუხედავად იმისა, რომ მეფეს არ გააჩნია სასულიერო ხარისხი, ის მაინც იღვწის ერის სიკეთისა და კეთილდღეობისთვის, როგორც ხორციელ და წარმავალ, ასევე სულიერ და მარადიულ საკითხებშიც. შესაბამისად, ეპისკოპოსებთან ერთად მეფეები მოციქულთასწორის საზღაურს იღებენ. მოციქულები კი ეკლესიის მეფენი და მღვდელნი არიან, რამეთუ ღმერთთან ერთად იღწვიან სოფლის ცხოვნებისათვის~ [9,77]. იმავე იდეის გასამტკიცებლად წმინდა ანთიმოზ ივერიელი ქადაგების სხვა ადგილას საგანგებოდ იხსენებს კონსტანტინე დიდის მიერ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის ფაქტს და ამ კრებაზე მეფის მიერ ნათქვამ სიტყვებს: `თქვენ ეკლესიასა შინა ხართ დადგენილი ეპისკოპოსებად, ხოლო მე კი ეკლესიის გარეთ არსებულ საქმეთათვის დამადგინა ღმერთმა ეპისკოპოსად~ [9,77]. ამ ორ ციტატაში გამოიხატა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მართლმადიდებლური მიდგომა. მეფის გვირგვინი და მღვდელმთავრის მიტრა, ანუ საერო და საეკლესიო ხელისუფლებები, გაყოფილია. მეფე შეიძლება იწოდებოდეს ეპისკოპოსად, მაგრამ მხოლოდ ეკლესიის გარეთ არსებული ანუ საერო პრობლემებისთვის. ასევე მოციქულიც, ან მისი მემკვიდრე ეპისკოპოსი, არის მეფე, მაგრამ მისი ძალაუფლება მხოლოდ ეკლესიით შემოისაზღვრება, სასულიერო ხარისხი და მადლი თავის თავში არ მოიცავს საერო პოლიტიკურ ფუნქციებს. მეფე ეხმარება ეკლესიას, მაგრამ არ ერევა მის შიდა საქმეებში. კერძოდ, მეფე შეიძლება იყოს საეკლესიო კრების მოწვევის ინიციატორი, მაგრამ თვითონ არ იღებს მონაწილეობას მისი მსვლელობის პროცესში და ასევე არ ახდენს ზეგავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჩვეულებრივ, კრება სუფთა რელიგიური ხასიათის საკითხებს განიხილავს, მაგრამ იმით, რომ გადაილახება სარწმუნოებრივი პრობლემები და უთანხმოებები, სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებშიც მყარდება ზნეობრივი პრინციპები, მცირდება ყველა სახის კრიმინალი და იდეოლოგიური დაპირისპირება [12,394].
უნგროვლახეთის მიტროპოლიტი ანთიმოზ ივერიელი განსაკუთრებულად ლაპარაკობს წმინდა კონსტანტინე დიდის ღვთაებრივ მოწოდებასა და რჩეულობაზე: `სხვა მეფეებს ადამიანები ირჩევენ მეფეებად და ძვირფასი ქვებით მორთულ ოქროს გვირგვინებს ადგამენ თავზე, ხოლო დიდი კონსტანტინეს შემთხვევაში, მისი კეთილი და სუფთა გულის გამო, თავად ღმერთმა გამოარჩია.~ [9,76] მაგრამ ეს რჩეულობა არის უშუალოდ ღვთისგან ბოძებული განსაკუთრებული ნიჭი და არა ეკლესიის ან, მითუმეტეს, რომის პაპის მიერ მიცემული ლეგიტიმაცია. `როგორც პავლე მოციქულმა, ასევე [კონსტანტინე მეფემაც] უშუალოდ ზეციდან მიიღო თავისი მოწოდება~ [9,77] - აღნიშნავს წმინდა ანთიმოზ ივერიელი. საერო ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ძალზე საინტერესოა ქადაგების კიდევ ერთი მოკლე პასაჟი:,,ბრძენი ისიოდე ბრძანებს, რომ ორი რამისთვის დაიდგინეს ადამიანებმა მეფენი...~ [9,77], ანუ ამ სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მეფის ინსტიტუტის წარმოშობა არ მომდინარეობს რაღაცა ზებუნებრივი ძალიდან ან კათოლიკური ეკლესიიდან, არამედ ხალხისაგან, ჩვეულებრივი ადამიანებისგან, შესაბამისად, რომის პაპს არ ხელეწიფება ჩარევა ქვეყნის მმართველთა არჩევასა და დადგენაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პოზიციაა, რადგან ამით წმონდა ანთიმოზ ივერიელი პრაქტიკულად იცავს ვლახეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას რომის ეკლესიის პრეტენზიებისაგან მსოფლიო პოლიტიკურ ჰეგემონიაზე. მართალია, იმ პერიოდში ქვეყანა ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ოსმალეთის იმპერიასთან, მაგრამ ქართველ წმინდანს კარგად ესმოდა, რომ უფრო მარტივია იარაღით დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნება, ვიდრე იდეოლოგიური ბორკილებისაგან გათავისუფლება.
რაც შეეხება საკითხს, რა თვისებების მქონე უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაური და რა პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს მის მიერ გატარებულ პოლიტიკას, აქაც წმინდა ანთიმოზი გვაძლევს რამოდენიმე მნიშვნელოვან მინიშნებას.
უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის მმართველს უნდა ჰქონდეს ღვთისგან ბოძებული შესაბამისი ნიჭი, რომელიც ეძლევა მხოლოდ პატიოსან და ღირსეულ პიროვნებებს: `მეფობა არის სრულყოფილი ნიჭი, რომელიც მამისაგან ნათლისათა ზეცით გადმოდის რჩეულთა და სათნოებით შემოსილთა ზედა~ [9,77] - აღნიშნავს უნგროვლახეთის მიტროპოლიტი.
წმინდა ანთიმოზის თვალსაზრისით, ხელმწიფის აუცილებელი თვისებებია კეთილმორწმუნეობა, სამართლიანობა და ქველმოქმედება:
`[კონსტანტინე მეფე] იყო დიდი, რადგან ის ქრისტეს ეკლესიის დამცველად მოივლინა და მისი კეთილმორწმუნეობის საზღაურად დაუმორჩილა მას ღმერთმა მთელი სამყარო~;
`მსოფლიოს მეფეებმა და ხელმწიფეებმა არ უნდა იფიქრონ, თითქოს მხოლოდ იმისთვის დაადგინა ისინი ღმერთმა სახელმწიფოთა სათავეში, რომ მშვენიერ ტახტებზე, ძვირფას სამოსელში, ოქროს გვირგვინითა და სკიპტრით ხელში ისხდნენ ხალხის თვალის მოსაჭრელად,Mრადგან მხოლოდ სამართლიანობით იძენს მეფე პატივისცემას ხალხის თვალში~;
`კონსტანტინე მეფეს ხალხმა უწოდა `დიდი~ არა მხოლოდ მისი მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვებებისათვის, არამედ იმ მრავალრიცხოვანი კეთილი საქმეებისთვის, რაც მან თავისი ქვეშევრდომებისათვის გააკეთა. როგორც ჟამთააღმწერელი წერს, მეფე ვერ იყო ხოლმე მშვიდად, თუ ერთ ადამიანს მაინც ხედავდა მწუხარეს. ტანსაცმელსა და საკვებს გაჭირვებულები მხოლოდ მისგან იღებდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა მასთან დახმარების მისაღებად და არავინ ბრუნდებოდა ხელცარიელი და ნუგეშის გარეშე~ [9,77-78].
ხელმწიფის მიერ გატარებული პოლიტიკის მიზნებსა და პრიორიტეტებზე საუბრისას, წმინდა ანთიმოზი აღნიშნავს, რომ ის უნდა იყოს მიმართული ,,ერის სიკეთისა და კეთილდღეობისთვის, როგორც ხორციელ და წარმავალ, ასევე სულიერ და მარადიულ საკითხებშიც~ [9,77]. ეს ფრიად მნიშვნელოვანი განცხადებაა, რადგან თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური აზროვნება ან საერთოდ გამორიცხავს, ან ნაკლებ ყურადღებას უთმობს ერის სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მატერიალურ, კულტურულ და ინტელექტუალურ მოთხოვნილებებთან ერთად რელიგიური ცხოვრება ადამიანის არსებობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული ეკლესიის საქმიანობას და იზრუნოს ერის სულიერ სიჯანსაღეზე.
სახელმწიფოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სამართლიანობის დაცვა. წმინდა ანთიმოზი თავის ქადაგებაში საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს ზუსტად ამ საკითხს: `ბრძენი ისიოდე ბრძანებს, რომ ორი რამისთვის დაიდგინეს ადამიანებმა მეფენი:პირველი:აღასრულონ სამართალი და მეორე:გამოასწორონ სიმრუდენი. ამიტომაც დავით წინასწარმეტყველი ერის სახელით ამბობს:`ღმერთო სასჯელი შენი მეფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეფისასა, განსჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით~. ნეტარია ის ერი, რომელიც ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც სამართალი სუფევს. ერთ ფილოსოფოსსაც, ასევე, უთქვამს, რომ ნაყოფიერ წელს არ მოაქვს იმდენი სიმდიდრე ქვეყნისათვის, როგორც სამართლიანი ხელმწიფის მმართველობას. ასევე სხვა ფილოსოფოსსაც ჰკითხეს: - რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელმწიფისათვის, რომ მისმა ქვეშევრდომებმა იცხოვრონ კეთილად და ყველაფრით უზრუნველყოფილებმა? ბრძენმა ფილოსოფოსმა უპასუხა: - უნდა იყოს განურჩევლად ყველასათვის თანაბრად სამართლიანიო~ [9,77-78].
რაც ძალზე საინტერესოა, წმინდა ანთიმოზ ივერიელი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ძლიერებისთვის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ძლიერი ჯარია: `კონსტანტინე მეფესთან ინდოეთიდანაც კი მივიდნენ ელჩები ძღვენით და თაყვანი სცეს მას, როგორც უძლეველ მეფესა და სამართლიან მბრძანებელს, რამეთუ მისი სამხედრო სიძლიერე და ქრისტიანული სიმტკიცე მთელმა მსოფლიომ შეიტყო და აღიარა~ [9,78]. რა თქმა უნდა, ყველასათვის გასაგებია, რომ სამხედრო სიძლიერე, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ეკონომიკურ განვითარებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას. შესაბამისად, შეგვიძლია დავინახოთ, რომ უნგროვლახეთის მიტროპოლიტი ანთიმოზი თავის ქადაგებაში პრაქტიკულად სახელმწიფო პოლიტიკის საკმაოდ მრავლის მომცველ პროგრამას გვთავაზობს.
ქადაგების ბოლოს წმინდა ანთიმოზ ივერიელი განსაკუთრებულად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქვეყნის მმართველს თავისი პოლტიკური მიზნების მისაღწევად აუცილებლად სჭირდება ხალხის დაყოლიების უნარი, რომელიც მიიღწევა მხოლოდ პირადი მაგალითის ჩვენებით: `მეფეთა და ქვეყნის მმართველთა სიძლიერე გამოიხატება ხალხის დაყოლიებაში, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ, თუ თავდაპირველად თვითონვე არ მოიქცევიან ისე, როგორ ქცევასაც სხვებისაგან ელოდებიან. მაგალითად, ასე მოიქცა ჩინეთის მეფე ტუმჩიუნი, როცა ჯერ თვითონ ჩაჰკიდა ხელები გუთანს და მიწის ხვნა დაიწყო, რის შემდეგაც უკვე მთელმა ერმა მიჰბაძა მას და შრომას შეუდგა~ [9,79]. წმინდა ანთიმოზის ხედვით, ნებისმიერ დროსა და პოლიტიკურ სისტემაში პირადი მაგალითი უნდა იყოს ქვეყნის მართვის ძირითადი პრინციპი და აქსიომა. დიქტატორული და კორუმპირებული რეჟიმი ვერც ერთ ქვეყანაში ააშენებს დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოს.
განხილული ქადაგება წარმოგვიჩენს წმინდა ანთიმოზ ივერიელს, როგორც ღრმა პოლიტიკურ მოაზროვნეს, მაგრამ მისი პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ ჰომილეტიკური ნაწარმოებებით არ შემოიფარგლებოდა. აღსანიშნავია, რომ ის იყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწე, კერძოდ - ორი სახელმწიფო შეთქმულების მთავარი ინიციატორი: 1711 წელს ბალკანეთში რუსეთის იმპერიის სამხედრო კამპანიისა და 1716 წელს ავსტრია-თურქეთის ომის დროს უნგროვლახეთის მიტროპოლიტმა ანთიმოზმა ორჯერ საიდუმლოდ შეკრიბა პატრიოტულად მოაზროვნე რუმინელი თავად-აზნაურები, რომელთა მიზანიც იყო ბრძოლაში ჩაბმა და რუმინეთის სახელმწიფოს საბოლოო გათავისუფლება ოსმალეთის იმპერიის ბატონობისაგან. სამწუხაროდ, ვერცერთი შეთქმულება ვერ დაგვირგვინდა რეალური შედეგით. Uუფრო მეტიც, მეორე მცდელობას შეეწირა ბევრი რუმინელი პატრიოტისა და მათ შორის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სიცოცხლეც [6,238-239; 253-256].
ჩვენთვის საინტერესოა, ჰქონდა თუ არა კანონიკური უფლება წმინდა ანთიმოზს, მონაწილეობა მიეღო ასეთ პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პრო-თურქული ორიენტაციის რუმინელი ქრონიკოსები (რადუ პოპესკუ, რადუ გრეჩანუ და მიტროფან გრიგორაში) მკაცრად აკრიტიკებდნენ ანთიმოზ ივერიელს და ბრალს სდებდნენ მას სახელმწიფოს ღალატსა და საეკლესიო კანონების დარღვევაში. ამავე მიზეზით, თურქეთის ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ, კონსტანტინეპოლის ეკლესიამაც განკვეთა ანთიმოზი მიტროპოლიტის ხარისხიდან: `რევოლუციისა და აჯანყების მომწყობის ბრალი არის ძალზე მძიმე და ის მკაცრად განიკითხება ადამიანებისა და ღვთის მიერ... ამიტომ საეკლესიო კანონებიც მძიმედ სჯიან მას, ვინც, ასე თუ ისე, სჩადის ასეთ დანაშაულს... ყოფილმა უნგროვლახეთის მიტროპოლიტმა, ბოროტმა ანთიმოზმა, განიზრახა რა [მსგავსი] ეშმაკეული და დაუშვებელი საქმეები, უნდა განიკვეთოს მღვდელმთავრის ხარისხიდან... მისი ბრალი - უღვთო რევოლუცია და აჯანყება - ცხადი და დამტკიცებულია. ის გახდა ბოროტმოქმედი, მეამბოხე და შეთქმულების მომწყობი ძლევამოსილი [ოსმალეთის] იმპერიისა და ჩვენი უდიდებულესი და უბრწყინვალესი სრულიად უნგროვლახეთის მთავრის, ნიკოლაე [მავროკორდატის] წინაამღდეგ და ამ ყველაფრის გამო, საეკლესიო კანონების მიხედვით, უნდა განიკვეთოს...~ [13,336-337] - ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს სინოდალურ დადგენილებაში.
თავიდანვე აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის ერთ-ერთი ძირითადი კანონიკური პრინციპი მართლაც გულისხმობს სახელმწიფოს მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას. ამ პრინციპის მიხედვით ეკლესია აღიარებს, რომ სახელმწიფო არის საზოგადოების მართვის ღვთისგან დაწესებული სისტემა; ეკლესიას გააჩნია განსხვავებული მიზნები და შესაბამისად, ის არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში; ეკლესია აღიარებს და იცავს სახელმწიფოს კანონმდებლობას; ეკლესია პატივს სცემს საერო ხელისუფლებას და ლოცულობს მისთვის [14,200]. საეკლესიო კანონები მკაცრად სჯიან მათ, ვინც შეთქმულებით ან სხვა რაიმე სახით უპირისპირდებიან სახელმწიფო ხელისუფლებას (მოციქულთა 84-ე კანონი; IV მსოფლო კრების 18-ე კანონი; VI მსოფლიო კრების 34-ე კანონი). მაგალითად:
პირი, რომელიც უსამართლოდ შეურაცხყოფს მეფეს ან მთავარს, სასჯელის ღირსია; თუ იგი სასულიერო პირი იქნება, ხარისხიდან განიკვეთოს, ხოლო, თუ ერისკაცი - უზიარებლობით დაისაჯოს [2,144] - მოციქულთა 84-ე კანონი;
თანამზრახველობითი დანაშაული ან ბრბოს თავშეყრა შეთქმულების მიზნით, გარეშე [სამოქალაქო] კანონებითაც იკრძალება; მით უფრო დაუშვებელია მსგავსი ქმედება საღვთო ეკლესიაში, ნუ იყოფინ! თუ რომელიმე კლერიკოსი ან მონაზონი ბოროტთანამზრახველობასა და შეთქმულებაში იქნება მხილებული... სრულიად განიკვეთოს ხარისხიდან [2,345] - IV მსოფლო კრების 18-ე კანონი.
მაგრამ საეკლესიო კანონიკაში ასახული სახელმწიფოსადმი ლოიალური და ერთგული დამოკიდებულება არა თუ არ კრძალავს, არამედ პირიქით, გულისხმობს კიდეც პატრიოტიზმსა და საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში (თანამოაზრეთა შეკრებაში, შეთქმულებასა და ომში) აქტიურ მონაწილეობას როგორც ერისკაცთათვის, ასევე სასულიერო პირთათვისაც. მაგალითად, წმინდა ათანასე ალექსანდრიელის პირველ კანონიკურ ეპისტოლეში ვკითხულობთ:
უჯეროა კაცის კვლა, მაგრამ ბრძოლაში მოწინააღმდეგეთა ამოწყვეტა კანონიერია და ქების ღირსი [3,234].
წმინდა ბასილი დიდის კანონებში ვხედავთ იმავე დამოკიდებულებას, როცა საქმე ეხება იარაღით ხელში სახელმწიფო ინტერესების დაცვას, თანაც კაპადოკიელი მღვდელმთავარი იმოწმებს სხვა წმინდა მამების საერთო აზრსაც:
ბრძოლის დროს ჩადენილი მკვლელობები ჩვენს მამებს არ მიაჩნიათ მკვლელობად, რადგანაც, როგორც მე მგონია, მათ შეუნდობენ, როგორც მოღვაწეებს სიწმინდისა და კეთილი მსახურებისათვის. მაგრამ იქნებ უკეთესია, ვურჩიოთ მათ, როგორც ხელით არაწმინდებმა, სამი წლით შეიკავონ საიდუმლოთა ზიარებისაგან [3,245].
წმინდა კანონთა კომენტატორები - ზონარა და ბალსამონი აღნიშნავენ, რომ საეკლესიო კანონიკურმა პრაქტიკამ არ გაიზიარა წმინდა ბასილი დიდის რჩევა და არ აყენებდა სამი წლით ზიარებისაგან ომიდან დაბრუნებულ მეომრებს. უფრო მეტიც, ხსენებული ბიზანტიელი კანონისტები წერენ, რომ ისტორიის მანძილზე ბევრ სასულიერო პირსაც უშუალოდ მიუღია მონაწილეობა ბრძოლებში და მოუკლავს მტერი, ამის გამო ისინი არა თუ არ დასჯილან, არამედ დაჯილდოვებულან კიდეც (ატენის სინტაგმა IV, 132-133) [14,353-354].
წმინდა ანთიმოზ ივერიელამდეც და მის შემდეგაც, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში არსებულა არაერთი პრეცედენტი, როცა სასულიერო პირები უშუალო მონაწილეობას იღებდნენ როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ორგანიზებაში, ასევე საომარ მოქმედებებშიც:
1. ბულგარეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, ტირნოვოს მთავარეპისკოპოსმა ვასილიმ, 1185 წელს ბიზანტიელთაგან განმათავისუფლებელი აჯანყების დაწყების ლოცვა-კურთხევა გასცა. აღნიშნული ბრძოლა ბულგარეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებით დაგვირგვინდა [10,60-61].
2. წმინდა სერგი რადონეჟელმა 1380 წელს აკურთხა თავადი დიმიტრი დონსკოი მონღოლთა წინააღმდეგ ომის დაწყებაზე. ამასთან, მანვე გააყოლა თავადს ორი ბერი, რომელთაგან ერთ-ერთი, სახელად პერესვეტი, თავად შეებრძოლა მონღოლთა განთქმულ მეომარს - ჩელუბუის.
3. X საუკუნეში ბერად აღკვეცილი ქართველი მთავარსარდალი - თორნიკე ერისთავი სათავეში ჩაუდგა ბიზანტიელთა ჯარს ბარდას სკლიაროსის აჯანყების წინააღმდეგ ბრძოლაში.
4. ქართლის მატიანეს მიხედვით, თბილისელმა ბერებმა ორჯერ - 1045 და 1048 წლებში არაბებისაგან გაათავისუფლეს ქალაქი თბილისი და მეფე ბაგრატ IV-ს გადასცეს [4,55-56].
5. დიდი ქართველი მეცნიერი, ივანე ჯავახიშვილი წერდა: `ქართული ეკლესიის დიდ გავლენას და სახელმწიფო საქმეებში მის აქტიურ მონაწილეობას მოწმობს ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა დიდ ეკლესიასა და მონასტერს ჰყავდა თავისი საკუთარი კარგად გაწვრთნილი ლაშქარი, რომელიც საჭიროების დროს მეფის სადროშოს უერთდებოდა და მასთან ერთად ებრძოდა საქართველოს მტრებს. ქრისტიანული ეკლესია შუა საუკუნეების საქართველოში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა~ [5,58].
6. 1877-1878 წლებში რუმინელი სასულიერო პირები თურქეთის იმპერიისაგან ეროვნულ-განმათავისუფლებელ ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. იერარქები ჯარს აკურთხებდნენ, უგზავნიდნენ გამამხნევებელ ეპისტოლეებს, ხოლო ასობით მღვდელი მსახურებას უშუალოდ ფრონტის ხაზზე ეწეოდა [10,418]. მეორე მსოფლო ომის დროს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში არსებობდა ,,ჯარის ეპისკოპოსის~ ტიტულისა და ფუნქციის მქონე მღვდელმთავარი, რომელსაც ამავდროულად სამხედრო გენერლის რანგიც ჰქონდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე მარტივად გამოგვაქვს დასკვნა, რომ წმინდა ანთიმოზ ივერიელის პოლიტიკურ მოღვაწეობაში, რომელიც მიზნად ისახავდა ოსმალეთის იმპერიის წინაამღდეგ ომის დაწყებასა და ვლახეთის სახელმწიფოსათვის დამოუკიდებლობის მოპოვებას, არაფერი იყო ანტიკანონიკური და სასულიერო პირისათვის შეუფერებელი. მსგავსი საქმიანობა აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებლურ კანონიკურ პრინციპებსა და პრაქტიკას. შესაბამისად, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ 1716 წელს მიღებული ანთიმოზ ივერიელის მიტროპოლიტის ხარისხიდან განკვეთის გადაწყვეტილება გაუმართლებელი და უსაფუძვლო იყო.
გამოკვლევის ბოლოს შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობა არ შემოისაზღვრებოდა მხოლოდ წმინდა სამოძღვრო, მთარგმნელობითი ან სასტამბო საქმიანობით. მართლმადიდებლური საეკლესიო კანონიკის ღრმა მცოდნე ანთიმოზი გვევლინება, როგორც აქტიური პოლიტიკური მოღვაწე და შორსმჭვრეტელი მოაზროვნე, რომელიც დღესაც არ კარგავს თავის აქტუალობას. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მართლმადიდებლური აღმსარებლობის მქონე ერებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ წარსულში ჩვენს ქვეყნებსაც გააჩნდა საკმაოდ მდიდარი პოლიტიკური ტრადიციები და გამოცდილება. შესაბამისად, ერთ დიდ გაერთიანებულ ევროპულ იჯახში გაწევრიანებისას, არა მარტო უნდა ავითვისოთ ეგრეთწოდებული დასავლური ცხოვრების მოდელი, არამედ გავიხსენოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული, კულტურული, რელიგიური და პოლიტიკური ფასეულობებიც. Kკომუნისტურ რეჟიმგავლილმა მართლმადიდებელმა ქვეყნებმა უნდა დავძლიოთ ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსი და ვაცნობოთ მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და პოლიტიკური აზროვნება, ხშირ შემთხვევაში, უფრო ძველი და დემოკრატიულია, ვიდრე ბევრი დასავლური ქვეყნისა. მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპელებს იმისათვის, რომ დაეძლიათ რომის კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკური ჰეგემონია, დაჭირდათ რელიგიური რევოლუციის - რეფორმის ჩატარება. ეს იმ დროს, როცა აღმოსავლეთ ევროპაში უკვე IV საუკუნიდან, ანუ წმინდა მეფე კონსტანტინე დიდის მმართველობიდან, არსებობდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ისეთი მოდელი, რომელიც გულისხმობდა თანაბარ, აქტიურ თანამშრომლობას და გამორიცხავდა პოლიტიკურ დაპირისპირებას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ძალზე მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური საეკლესიო კანონიკისა და კერძოდ, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ნაშრომების საფუძვლიანი შესწავლა და პოპულარიზაცია.
გამოყენებული ლიტერატურა
1. საქართველოს კონსტიტუცია, სახელმწიფოს უზენაესი კანონი, გამოქვეყნებული ჟურნალში „ადვოკატი-მეოხი”, თბილისი, 2001, Nო.27-28, 2001
2 მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებით, გამომცემლობა `ალილო~, თბილისი, 2007
3. დიდი სჯულისკანონი, 2004
4. მთავარეპისკოპოსი Aანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი III, გამომცემლობა “მერანი”, თბილისი, 1999
5. ივანე ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, წიგნი I, ტფილისის უნივერსიტეტის გამოცემა, ტფილისი, 1928
6. О. Ш. Гвинчидзе, Антим Ивериец, ”Мецниереба”, Тбилиси, 1989
7. Павлов А.С., Kурс Церковного Права, „Лань”, Санкт – Петербург, 2002
8. Шишков А. М., Концепция трёх источников легитимной власти по Владимиру Соловъёву, в “XV Ежегодная богословская конференця православного Свято-Тихоновского гуманитарного университета”, Том 2, материалы, 2005
9. Antim Ivireanul, Opere, Editura "Minerva", Bucuresti, 1997
10. Preot Prof. Dr. Mircea Pacurariu, Istoria Bisericii Ortodoxe Romane, Editura Episcopiei Dunarii de Jos, Galati, 1996
11. Bejan S., Raporturile dintre Biserică şi Stat, în „Biserica Ortodoxă Română”, Anul XL, No. 2 (488), noiembrie, 1921
12. Preot Prof. Dr. Liviu Stan., Relaţiile dintre Biserică şi Stat, în „Ortodoxia”, Anul IV, No. 3-4, 1952
13. Gabriel Ştrempel, Antim Ivireanul, Editura Academiei Române, Bucureşti, 1997
14. Arhidiacon prof. dr. Ioan N. Floca, Drept Canonic Ortodox, Legisle şi Administraţie Bisericească, Vol. I, Editura Institutului Biblic şi de Misiune al Bisericii Ortodoxe Române, Bucureşti, 1990
წყარო:
სტატია გამოქვეყნებულია "სასულიერო აკადემიის სამეცნიერო შრომებში" ნომერი I 2009 წელი