აღდგომის შესახებ საუბარი მგონია, რომ ყოველთვის რთულია. ისაუბრო ვნებებზე, მხსნელის ცხოვრების ტრაგედიაზე, სწავლებაზე, შედარებით მარტივია იმ მხრივ, რომ შეგვიძლია ადამიანურ გამოცდილებას დავეყრდნოთ. ყველამ ვიცით, თუ რა არის ავადმყოფობა, ტკივილი, ტანჯვა, სისასტიკე, მსხვერპლი, სიყვარული, შურისძიება, ღალატი, სისუსტე. ამიტომაც, როდესაც ქრისტეს ცხოვრების მოვლენებს ვეხებით და განვიხილავთ მომენტებს, როცა რომელიმე ამ თვისებათაგან იჩენს თავს, მარტივი ხდება ამის გაგება. ჩვენ განვსჯით იუდას, მაგრამ, ამასთნ ერთად, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენც ნაწილობრივ მოღალატეები ვართ. ჩვენ არ გავცემთ იესოს, რადგან არ ვიმყოფებით საფრთხის წინაშე; ჩვენ არ გავცემთ იესოს სიტყვით, მაგრამ ჩვენ მას ვღალატობთ იმით, რომ ვუწოდებთ უფალს და ღმერთს, ამ დროს კი მის სწავლებას უგულებელვყოფთ, არ მივსდევთ მის მაგალითს.
აღდგომის შესახებ საუბარი რთულია, რადგან ამ მოვლენის მოწმე ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფი გახდა იმ დღეებში, როცა აღმდგარი ქრისტე ადამიანებს ეცხადებოდა. შემდგომში ადამიანთა უმრავლესობამ ქრისტეს აღდგომის შესახებ მხოლოდ გადმოცემითვე იცის. და აი, მინდა აღმდგარი ქრისტეს შეცნობის ზოგიერთ საკითხზე ვისაუბრო, და იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის.
მხსნელის ჯვარცმის, სიკვდილისა და დასაფლავების შემდეგ, მოწაფეები სრულიად ნირწამხდარნი და სულიერად შერყეულნი იყვნენ. ისინი დამარცხებულ ჯგუფს წარმოადგენდნენ, თავს აფარებდნენ იოანე-მარკოზის სახლს. მათ გარეთ გამოსვლისა ეშინოდათ. და აი, შაბათის შემდგომ პირველ დღეს, იმ დღეს, როცა აღდგომა მოხდა, ქრისტე გახდა ცოცხალი ჩვენს შორის, ის გაცოცხლდა, მაგრამ გახდა გარკვეულწილად სხვანაირი, ვიდრე მანამდე იყო. ის შევიდა დახშულ კარში და დადგა ცოცხალი (იოანე 20, 19-26), არა ფიზიკური სხეულის ძალისხმევით, რომელიც მოწაფეებისათვის იყო ნაცნობი. ამასთან ერთად, ეს არ იყო არც სული და არც მოჩვნება. და მას უნდოდა ეს მათ აუცილებლად შეეცნოთ. რადგან როცა მათ ქრისტე დაინახეს, გაიხარეს, მაგრამ ალბათ იფიქრეს, რომ ეს მისი სულია. იმისათვის, რომ ისინი რწმენაში განემტკიცებინა, რომ ის სხეულით აღდგა, ქრისტემ მოსთხოვა მათ საკვები და მათი თანდასწრებით მიიღო, აჩვენა რა ამით, რომ მისი სხეულებრიობა რეალურია, ნამდვილია.
თუ დავსვამთ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორია ეს სხეულებრიობა, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ გრიგოლ ნოსელის ერთ-ერთი მოსაზრება ადამისა და ევას შესახებ სამოთხეში და მათი დაცემის შემდეგ. მისი თქმით, სამოთხეში ადამისა და ევას სხეული იყო მსუბუქი, გამჭვირვალე, არა “არასხეულებრივი”, მაგრამ არა ისეთი მძიმე, უხეში, როგორიც ჩვენია. ძველ აღთქმაში გადმოცემულ ამბავს იმის შესახებ, რომ ღმერთმა მათ ტყავის სამოსელი შეუკერა (დაბ. 3,21), ის იმით ხსნის, რომ ღვთისაგან განდგომის შემდეგ, ისინი აღარ იყვნენ ბოლომდე გამჭვირვალენი და მსუბუქნი, არამედ დამძიმდნენ და გაუხეშდნენ. ქრისტემ ატარა ჩვენი სხეული მთელი მისი სიმძიმითა და შეზღუდულობით. განკაცებით მან ეს ყველაფერი იტვირთა, გარდა ცოდვისა. მაგრამ ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ის მოგვევლინა, როგორც ადამიანი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მთელი მშვენიერებით, დიდებით, ანუ ცოცხალი, ადამიანური სხეულით, ღვთაებრიობით ისე გამსჭვალული, რომ უკვე აღარ ექვემდებარებოდა დაცემული სამყაროს სიმძიმეს.
და აი მოწაფეები დარწმუნდნენ, პირველ რიგში, იმაში, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა, და შემდეგ იმაში, რომ ის არ არის სული, აღდგა თავისი ადამიანური სულით და სხეულით. მათგან ერთი არ იყო, თომა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის საწყენი სიტყვით მოვიხსენიებთ – ურწმუნო, ანუ ის, რომელმაც ვერ შესძლო ერწმუნა. და აი, აქ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა ამის შესახებ. თომა მოვიდა, დაბრუნდა, და ისინი სიხარულით ფრთაშესხმულნი ეუბნებიან: ჩვენ ვნახეთ ქრისტე, ის აღდგა! თომამ ალბათ (მე ასე წარმომიდგენია) მათ შეხედა იმის მოლოდინით, რომ ისინი, შეხვდნენ რა აღმდგარ ქრისტეს, სრულებით სხვანაირი ადამიანები გახდებოდნენ. და მან ეს ვერ დაინახა. ისინი ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორებიც თომამ სახლიდან წასვლამდე დატოვა. და ამიტომ ცნობამ ქრისტეს აღდგომის შესახებ თომამდე ვერ მიაღწია. მაგრამ, ამასთანავე, ის არ იყო ადამიანი, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა, ის არ იყო “ურწმუნო თომა”. ქრისტე იერუსალიმიდან წავიდა იმისათვის, რომ ნაადრევი სიკვდილისათვის აერიდებინა თავი, მაგრამ როცა ლაზარეს სიკვდილის შესახებ გაიგო, უთხრა მოწაფეებს: დავბრუნდეთ! მოწაფეებმა უპასუხეს: როგორ უნდა დაბრუნდე იერუსალიმში? იქ შენი მოკვლა უნდათ! მხოლოდ ერთმა მოწაფემ აიმაღლა ხმა და თქვა: წავიდეთ და მასთან ერთად მოვკვდეთ (იოანე 11,6). ეს იყო თომა. ამიტომაც იმის თქმა, რომ ის იყო მერყევი, ეჭვიანი მოწაფე, “ურწმუნო თომა” ცოდვაა, არასწორია. თუმცა, დაბრუნებულმა, სხვა მოწაფეების შემხედვარემ, ვერ დაინახა ცვლილება, გარდა ფრთაშესხმული სიხარულისა. ეს სიხარული კი არ შეიძლებოდა მისთვის ყოფილიყო მტკიცებულება ქრისტეს აღდგომისა და თქვა: “მე არ ვირწმუნებ მის აღდგომას, თუკი ვერ შევეხები მის ჭრილობებს”.
და ერთი კვრის შემდეგ, ქრისტე კვლავ დახშული კარის გავლით შევიდა ოთახში, სადაც მოწაფეები იყვნენ შეკრებილნი, და თომაც მათ შორის. ქრისტემ მას გაუწოდა ხელი, უჩვენა გვერდი და უთხრა: შემეხე! თომამ საკუთარი თვალით დაინახა და შეიცნო მისი აღდგომა. ქრისტე ცოცხალი, სხეულით დგას, და ეს ჭრილობები შეიძლება უფრო დიდი მტკიცებულება იყო აღდგომისა, ქრისტეს აღმდგარი სხეულის რეალობისა, ვიდრე განკურნებული სხეულის ხილვა იქნებოდა. და მან თაყვანი სცა ქრისტეს (ჩვენ არა გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის ამ ჭრილობებს მართლაც შეეხო) და თქვა: “უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!” (იოანე 20, 24-28).
სხვა მოწაფე, უფრო სწორად, არა მოწაფე, არამედ მდევნელი, რომელმაც ქრისტეს აღდგომა შეიცნო, იყო სავლე. მის შესახებ ჩვენ ვიცით, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მორწმუნე ებრაელი, გამალიელის მოწაფე (საქ. 22,3), რომ მან საკუთარი თავი ღვთისადმი სამსახურსა და თაყვანისცემას მიუძღვნა, ღმერთისადმი, როგორც იგი მას იცნობდა. მან სინედრიონისაგან ნებართვა მიიღო წასულიყო დამასკოში ქრისტეს მოწაფეების დასარბევად, რომლებიც მას ცრუებად მიაჩნდა, რომლებიც აპირებდნენ გაევრცელებინათ ცნობა იმის შესახებ, რომ მათი მასწავლებელი მოკვდა, მაგრამ აღდგა და რომ ის ღმერთია.
და დამასკოს გზაზე მას ხილვა ჰქონდა. თქვენ იცით ეს ამბავი (საქ. 9, 1-22) და მე ამაზე აღარ შევჩერდები. მან უცებ დაინახა ცოცხალი ქრისტე ღვთაებრივ ნათელში, დაემხო მუხლებზე და ამ სინათლით დაბრმავდა. გაიხსენეთ, თუ როგორ სთხოვდა მოსე ღმერთს მისთვის შეხედვის ნებართვა მიეცა და ღმერთმა მას უპასუხა: ადამიანს არ შეუძლია ჩემი ხილვა და ცოცხლად დარჩენა (გამ. 33,20). ქრისტეს აღდგომით ღმერთი ადამიანებს დაუახლოვდა, მას ადამიანის გარეგნობა, ადამიანის სახელი ჰქონდა, შეიძლებოდა მისი ხილვა. აღმდგარი ქრისტე იმდენად გახდა ჩვენთვის მისაწვდომი, რამდენადაც ღმერთის საიდუმლო მიუწვდომელია ჩვენთვის. წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ღმერთი წყვდიადია და განმარტავს: არა იმიტომ, რომ მასში რაიმე სიბნელეა, არამედ იმიტომ, რომ მისი ნათელი ჩვენ გვაბრმავებს და ჩვენ ვეღარაფერს ვხედავთ.
აი, ასე დაბრმავდა სავლეც, მომავალი მოციქული პავლე. ამრიგად, მან უშუალოდ, პირდაპირ განიცადა ქრისტეს აღდგომა. მან იგრძნო, რომ აღმდგარ ქრისტეს შეხვდა. და შემდეგ იგი სწორედ აღდგომას ქადაგებდა. თქვენ ალბათ გახსოვთ ადგილი მისი ეპისტოლედან, სადაც იგი ამბობს: თუ ქრისტე არ აღდგა, მაშინ ჩვენ ყველაზე უბედურნი ვართ (I კორ. 15, 14-19). და ეს გასაგებია, რადგან თუ ქრისტე არ აღდგა, ჩვენ კი მთელ ჩვენს რწმენას მას ვუძღვნით, თუ ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს, და არა აღმდგარს, მაშინ თავს ვიტყუებთ და სხვასაც ვატყუებთ და სრულ ილუზიაში ვცხოვრობთ. ამიტომაც, მართლაც, ჩვენ ყველაზე უბედური ადამიანები ვიქნებოდით, რაღაც ბურუსში მცხოვრებნი. აი, კიდევ ერთი მოწმე.
პავლეს შემდეგ, ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე, ათასობით ადამიანი ხვდებოდა აღმდგარ ქრისტეს. უძველესი დროიდანვე არის მონათხრობები ბევრი წმინდანის ცხოვრებაში იმის შესახებ, თუ როგორ ეცხადებოდა მათ ქრისტე, როგორ ასწავლიდა, როგორ იხსნიდა და როგორ მოძღვრავდა მათ. ამიტომაც მთელი ისტორიის მანძილზე, საუკუნიდან საუკუნემდე არსებობენ ცოცხალი მოწმეები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ ქრისტე აღდგა, ადამიანები რომელთაც შეუძლიათ თქვან: მე მას პირისპირ შევხვდი, მე ნამდვილად ვიცი, რომ ქრისტე ნაზარეველი, ჯვარცმული გოლგოთაზე, რომელიც მოკვდა, დაეფლა, ნამდვილად, როგორც სახარება ამბობს და როგორც მისი ადრინდელი მოწმეები აცხადებენ, აღდგა და ცოცხალია.
ჩვენ შეგვიძლია დავუჯეროთ ამ მოწმეებს, მაგრამ რის საფუძველზე? და რატომ უჭირთ ადამიანებს ჩვენი დაჯერება? მგონია, რომ ამ კითხვაზე პასუხს ნაწილობრივ ვიპოვით თომას შესახებ მონათხრობში, ნაწილობრივ კი წმინდანთა ცხოვრების მაგალითის ხილვით. თომას შესახებ საუბრისას, მე მოგიყევით იმის შესახებ, რომ თომამ ვერ შესძლო მოციქულთა ნათქვამის დაჯერება, რადგან მან დაინახა მათში მხოლოდ სიხარული და არა ცვლილებები. ასეთია ჩვენი მდგომარეობაც.
ჩვენ გვწამს ქრისტეს აღდგომის, ზოგიერთმა ჩვენგანმა იცის კიდეც აღმდგარი ქრისტეს შესახებ, მაგრამ შეუძლიათ კი, ჩვენს შემხედვარე, ადამიანებმა თქვან, ეს ის ხალხია, რომლებიც ცხოვრების რაღაც წუთებში, ცოცხალ, აღმდგარ ქრისტესთან პირისპირ აღმოჩნდნენ და ისე შეიცვალნენ ამ შეხვედრის წყალობით, რომ სხვანაირ ადამიანებად იქცნენ. ისინი ისეთები არ არიან, როგორც სხვები? ინგლისელი მწერლის, ლუისის სიტყვა რომ გამოვიყენოთ, თუ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ თითოეული ადამიანი, როგორც ქანდაკება, ეს ადამიანები გაცოცხლებული ქანდაკებები არიან. განსხვავება მორწმუნესა და ურწმუნოს შორის, ამბობს ლიუისი, სწორედ ეს არის: ურწმუნო ადამიანი ქანდაკებას ჰგავს, მორწმუნე კი – ქანდაკებას, რომელიც გაცოცხლდა.
და აი ჩვენს წინაშე დგას საკითხი: როგორები ვართ ჩვენ? ქრისტეს აღდგომის შესახებ მხოლოდ სხვების სიტყვებით ვსაუბრობთ? ნამდვილად მთელი გულით ვხარობთ ამის გამო? ამაში დარწმუნებულები ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებმა იციან ეს და ჩვენ შეგვიძლია მათ ვერწმუნოთ, თუ ამ ცნობამ ჩვენში რაღაც მოახდინა და საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ ქრისტე აღდგა და ჩვენ აღარ შეგვიძლია ვიყოთ ისეთივენი, როგორებიც ადრე ვიყავით?
ეს შეგვიძლია შევიცნოთ სხვადასხვაგვარად. შეგვიძლია შევიცნოთ ლოცვით, ქრისტეს სამოსლის კიდის შეხებით (მარ. 6,56), ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ იგი სხვადასხვა მომენტში, როცა უცაბედად ვგრძნობთ, რომ უხილავად, მაგრამ რეალურად ის ჩვენ წინაშე ცოცხალი დგას: თუმცა მე მას ვერ ვხედავ, არ მესმის მისი, მაგრამ ის აქ არის. ჩვენ ეს შეგვიძლია შევიგრძნოთ ასევე რაღაც მიუწვდომელი სახით, წმინდა საიდუმლოთა ზიარებით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ სხვებში, ან თავადვე გამოვცადოთ, რომ წმინდა საიდუმლოთა ზიარება, აღსარება, მირონცხება, წმინდა ზეთის ცხება ადამიანს შინაგანად ცვლის და თუ იგი საკუთარ თავს ჩაუღრმავდება, მას არ შეუძლია არ დაიჯეროს ის, რომ ეს ღვთაებრივი ძალით ხდება, რომელიც გვეძლევა ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტეს მიერ.
ეხლა მე სხვა საკითხზე მინდა გადავიდე. რის შესახებ მოგვითხრობს ქრისტეს აღდგომა, გარდა ზემოთქმულისა? ღმერთზე! ქრისტეს აღდგომა, ვნების შვიდეულთან ერთად, გვიჩვენებს იმას, თუ როგორ ვუყვარვართ ღმერთს.თქვენ ალბათ გახსოვთ სახარების ის ადგილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ არავის არა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, გარდა იმისა, ვინც საკუთარ სიცოცხლეს გასწირავს თავისი მეგობრებისათვის (იოანე 15,13). მოციქული პავლე ამბობს: მეგობრისათვის ცოტას შეუძლია სიცოცხლის გაწირვა, მაგრამ ქრისტემ თავი დადო ჩვენთვის, მაშინ, როცა ჩვენ ვიყავით მისი მტრები, მოწინააღმდეგეები, უცხონი მისთვის (რომ. 5, 6-8). ქრისტეს აღდგომა ეს არის სიყვარულის გამარჯვება: იგი იმას გვიჩვენებს, რომ სიყვარული რომელიც სიკვდილს მიიღებს, უკვდავი და სიკვდილზე ძლიერი ხდება. ძველი აღთქმა გვეუბნება: სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი (ქება 8,6). სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია სიკვდილს შეებრძოლოს და არ დამარცხდეს. მაშინ ეს ცოტა სხვა რამის შესახებ ითქვა. იმის შესახებ, რომ როდესაც ადამიანი კვდება, ცოცხლად დარჩენილები აგრძელებენ მის სიყვარულს მანამ, სანამ ცოცხლები არიან და თვითონაც მარადიულობაში არ გადასულან.
მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი: იმაზე, რომ ღვთაებრივი სიყვარული სიკვდილს შეებრძოლა, მიიღო სიკვდილი, სიკვდილი თითქოს გაიხსნა იმისათვის, რომ შთაენთქა ღვთაებრივი სიყვარული და ამ სიყვარულით იქნა სახეცვლილი. ეს არის ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლის სახე. ის თავისი ადამიანური სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში, სადაც ადამიანთა სულები ხვდებოდნენ მას შემდეგ, რაც ადამიანი ცოდვით დაეცა და ჯოჯოხეთის კარი ფართოდ გაიღო ადამიანის მისაღებად, - და პირისპირ აღმოჩნდა ღმერთთან, რომელსაც ჰქონდა ღვთაებრიობით გამსჭვალული, ღვთაებრიობით განათლებული ადამიანური სული და წყვდიადი არ დარჩა მასში და გამარჯვება იქნა მოპოვებული. და როგორც იოანე ოქროპირი აღდგომის შესახებ სიტყვებში ამბობს, არც ერთი მკვდარი არ დარჩა საფლავში. ამ თვალსაზრისით, ეს სიყვარულის გამარჯვებაა, ეს სიყვარულის ზეიმია, მაგრამ ეს კიდევ სხვა საკითხებზე მიგვანიშნებს. წმინდა წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე (კოლ. 2,12). და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა, რადგან მგონია, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სიცოცხლე გაწირა, მიიღო სიკვდილი ჩვენი ხსნისათვის, მაგრამ ეს გაკეთდა, მაპატიეთ გამოთქმისათვის, ”სერიოზულად”, ეს არ იყო რაღაც მოჩვენებითი. მან მიიღო სიკვდილი მთელი მისი შედეგებით. მას თავად არ ჰქონდა ძალაუფლება თავი აღედგინა. მან დადო თავი ჩვენი ხსნისათვის. და ღმერთმა მისი ამ ჯვარცმული სიყვარულის პასუხად იგი უკან, სიცოცხლისაკენ გამოიხმო, შეუერთა ქრისტეს სულს ქრისტეს სხეული და გამოუცხადა იგი სამყაროს აღმდგარი ქრისტეს სახით.
მაგრამ ეს ჩვენ ადამიანის შესახებაც რაღაცას გვეუბნება. უფრო ხშირად საუბარია ღვთისადმი რწმენაზე, მაგრამ სახარება მთლიანად გამსჭვალულია ადამიანისადმი რწმენით.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რადგან თუ ჩვენ ადამიანის არ გვწამს, მაშინ ჩვენ დედამიწაზე არაფრის შექმნა არ შეგვიძლია. თუ ადამიანი ჩვენთვის სიმახინჯეა, თუ ადამიანი ჩვენთვის წარმავალი მოვლენაა, თუ ადამიანი ჩვენთვის მხოლოდ დაცემული არსებაა, უიმედოდ დაცემული, მაშინ ადამიანური ქალაქისაგან ღვთის ქალაქის აშენება შეუძლებელია. ქრისტეს ცხოვრება და განკაცება იმას გვასწავლის, რომ ადამიანი დაცემულ მდგომარეობაშიც კი იმდენად ღრმაა, იმდენად პოტენციურად წმინდაა, რომ მას შეუძლია თავის თავში დაიტიოს ღვთის არსებობა, რომ მას შეუძლია ღვთის სახლი იყოს. როგორც მოციქული ამბობს, ღვთაებრიობის მთელი სისავსე ქრისტეში სხეულებრივად არსებობდა (კოლ. 2,9). ეს ნიშნავს, რომ ყოველი ჩვენგანი მოწოდებულია, შემძლეა თავის თავში ღმერთი დაიტიოს, ამასთანავე, არა როგორც ჭურჭელმა, რომელიც უცხო რჩება იმისადმი, რაც მასშია, არა როგორც ჭურჭელმა, რომელიც არ ხდება ზიარი იმ სითხისა, რომელიც მასში ასხია, - არა, ჩვენ შეგვიძლია ისე გავიმსჭვალოთ, რომ შეურევნელად, შეურწყმელად, მაგრამ რეალურად შეერთებული ვიყოთ ღმერთთან.
ჩვენს საუკუნეში მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს, რადგან ადამიანი ერთადერთია. ადამიანი – ეს ის რეალობაა, რომელიც ყველა ადამიანის სიცოცხლის თემას წარმოადგენს.
დიახ, ჩვენი წარმოდგენა ადამიანზე შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული: უღმერთო კაცი ადამიანში ყველაზე სრულყოფილ ცხოველს ხედავს; ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, ადამიანი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უახლოვდება იმას, რადაც ჩვენ ქრისტემ წარმოგვიდგინა თავი. იოანე ოქროპირი, თავის ერთ-ერთ ნაშრომში საუბრობს: თუ გინდა გაიგო, თუ ვინ არის ადამიანი, არ მიაპყრო მზერა მეფის პალატებს, არამედ ღვთის ტახტს და შენ დაინახავ ადამიანს, მჯდომარეს ღვთისა და მამის მარჯვენით.
აი, რას გვასწავლის აღდგომა: აღდგომის გარეშე ქრისტე სხეულით საფლავში იწვებოდა, ხოლო სულით კი ჯოჯოხეთის ტყვე იქნებოდა. აღდგომით ის დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა, და მოგვიწოდებს, რომ სწორედ იქითკენ ვიყუროთ, რომ დავინახოთ თუ როგორია ადამიანი, როგორია ჩვენი დიდება და რისკენ ვართ მოწოდებული. საბოლოო ჯამში, აი რის შესახებ მოგვითხრობს ქრისტეს განკაცება, ცხოვრება, ვნების შვიდეული, ჯვარი, საფლავი, ჯოჯოხეთში ჩასვლა და აღდგომა: ადამიანის შესახებ, იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ღმერთისათვის ადამიანი და თუ როგორი დიდია ადამიანი პოტენციურად. ეს ჩვენ იმისკენ მოგვიწოდებს, რომ გავიზარდოთ შრომით, ღვაწლით ან, უფრო სწორად, გავიხსნათ ღმერთისადმი იმ ზომით, რომ ადამიანური ქალაქი თანდათან ღვთის ქალაქში გადაიზარდოს და გახდეს ისეთი ღრმა, ფართო, ამაღლებული და წმინდა, რომ ამ ქალაქის პირველ მოქალაქედ ყოფნა შეეძლოს იესო ნაზარეველს, ღვთის ძეს, რომელიც ადამიანის ძე გახდა. აი ეს არის ჩვენი მოწოდება, ეს არის მიზანი სამყაროს შექმნისა, ეს არის ჩვენი იმედი.