Tuesday, April 26, 2011

ნეტარი ავგუსტინე ასტროლოგიის შესახებ

უკანასკნელი რამდენიმე წელია თითქმის მთელი მედია სივრცე გაჯერდა სხვადასხვა ასტროლოგთა წინასწარმეტყველებებით და შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად ასტროლოგია ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გაკვირვებას იწვევს სწორედ მორწმუნე საზოგადოების ცხოველი ინტერესი ამ მეტად არა-მეცნიერული და სრულიად არა-ქრისტიანული ”კონცეფციის” მიმართ. ამიტომ ვიწყებთ სერიას სხვადასხვა ავტორიტეტულ ღვთისმეტყველთა ნაშრომებისა, რომელსაც გახსნის ნეტარი ავგუსტინეს ”აღსარებანი”-დან ცნობილი ამონარიდი, რომელიც ეძღვნება ასტროლოგიის მძაფრ კრიტიკას. (ელექტრონული ვერსიის დიდი ნაწილის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენი ბლოგის აქტიურ მკითხველს ბატონ ა. როგავას). მეცნიერული თვალსაზრისით ამ საკითხის კრიტიკული ანალიზი განთავსებულია ჩვენს ბლოგზე. აღნიშნული სტატიის სანახავად გაჰყევით ბმულს.

წიგნი მეოთხე

III

4. მე კვლავაც ვეკითხებოდი რჩევას ამ ვიგინდარებს (“ასტროლოგებს” [1] რომ უწოდებდნენ) და თავს იმით ვიმართლებდი, რომ ისინი არავითარ მსხვერპლს არ სწირავენ და არც რომელიმე სულს ევედრებიან დახმარებას. თავიანთ წინაგანჭვრეტთა გამო. და მაინც, მიუხედავად ამისა, ქრისტიანული, ჭეშმარიტი მართლმორწმუნოება უარყოფს და სავსებით სამართლიანად ჰკიცხავს მათ მოღვაწეობას.

კეთილ არს, უფალო, აღსარება წინაშე შენსა და ლაპარაკი: “უფალო მიწყალე მე, ულხინე სულსა ჩემსა, რამეთუ ვცოდე შენდა.” კეთილ არს, თუკი ბოროტად არ გამოვიყენებთ შენს მოწყალებას, - თუკი აღარ შევცოდავთ ხოლმე, - და ყოველთვის გვეხსომება შენი სიტყვები: “აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ”. ისინი ხომ იმას ცდილობენ, რომ მთლიანად აღხოცონ ეს მხსნელი დარიგება; განა ისინი არ ამბობენ: “ზეცისგან გიწერია შენ, რომ უსათუოდ შესცოდო”, ანდაეს ვენერამ ქმნა, ანდა სატურნისა თუ მარსის საქმეა ეს”. მაშასადამე, თუკი ადამიანს, ამ ხორცსა და სისხლს, ამ ამპარტავან ჭიაღუას არაფერში ბრალი არა აქვს, მაშინ ცათა და მნათთა შემოქმედი და განმგებელი უნდა დავადანაშაულოთ. და ვინაა იგი, თუ არა შენ, უფალო ჩვენო, დამტკბობელო წყარო სიმართლისა, შენ რომელიმიაგებ კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ და გულსა წმიდასა და სულსა მდაბალსა არა შეურაცხ-ჰყოფ

5. ცხოვრობდა იმ ხანებში ერთი მახვილგონიერი კაცი, ექიმი, თავის საქმეში მეტად გამოცდილი და ცნობილი [2]; სწორედ მაშინ როცა პროკონსულმა, თავად შეამკო გვირგვინით ჩემი სნეული თავი, როცა პოეტთა იმ პაექრობაში გავიმარჯვე; აქ იგი ვერ გამოდგა კარგი მკურნალი. ჩემი მაშინდელი სენის მკურნალი ხომ შენ ხარ მხოლოდ, უფალო, ვინც ამპარტავანთ შეჰმუსრავ, ხოლო მდაბალთა მისცემ მადლსა”. განა შენ არ შემეწიე მე ამ მოხუცის საშუალებით!? და განა დამტოვე ჩემი სნეულების ამარა?! მე დავუახლოვდი მას და ბეჯითი, მუდმივი თანამოსაუბრე გავხდი მისი (სიტყვა მისი, აღსავსე ცხოველმყოფელი აზრით, არ იყო ხელოვნური და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა). როცა მან ჩემთან საუბრისას გაიგო, რომ მე ასტროლოგთა წიგნებით ვიყავი გატაცებული, მამაშვილურად მომიალერსა და დიდხანს მარწმუნებდა თავი დამენებებინა ამ საქმიანობისთვის და ტყუილუბრალოდ არ დავმაშვრალიყავ ამ ცრუ საქმეზე: განა კი სხვა, სასარგებლო საქმე ცოტა იყო! იგი მომიყვა სიჭაბუკეში იმ ზომამდე ვიყავ გატაცებული ამ მეცნიერების შესწავლით, რომ მსურდა კიდეც თავის საარსებო საქმედ გამეხადაო იგი; განა ჰიპოკრატეს მოძღვრებას დაუფლებულს ამ წიგნების გაგება გაუჭირდებოდა?! შემდეგში მან მიატოვა ეს საქმიანობა და მედიცინას მოჰკიდა ხელი მხოლოდ იმიტომ, რომ ნათლად დაინახა მთელი სიცრუე ამ წიგნებისა; მას, პატიოსან კაცს, არ სურდა ლუკმა-პური სიცრუით მოეპოვებინა. “შენ რიტორიკა გაქვს ხელობად, - დაუმატა მან, - და მით შეგიძლია იარსებო; ამ სიცრუვეს კი შენივ ნებით ემსახურები, და არა გაჭირვების გამო. და მით უფრო უნდა დამიჯერო მე, რომ ოდესღაც თავად ვცადე სრულყოფილად შემესწავლა იგი და შემოსავლის ერთადერთ წყაროდ გამეხადა”. მაშინ მე ვკითხე, თუ რატომაა, რომ ასტროლოგთა მრავალი წინასწარმეტყველება ახდება ხოლმე. მან მიპასუხა ისე, როგორც შეეძლო; კერძოდ კი მითხრა, რომ ეს შემთხვევის გამო ხდება, იმ შემთხვევისა, ყოველთვის და ყოველგან რომ მოქმედებს ბუნებაში. თუკი იმ ადამიანს, ვინც რომელიმე პოეტის წიგნში ეძიებს პასუხს თავის სასიცოცხლო კითხვაზე და მხოლოდ ამ პოეტის შეხედულებათა და განცდათა გამომხატველ ლექსებში ცდილობს ნახოს მაუწყებელი რამ თავისი ბედისა და მომავლისა, - თუკი ასეთ ადამიანსაც შეხვდება ზოგჯერ ლექსი რამ ან ორიოდ სტრიქონი, საოცრად თანამხვდომი და ზუსტი გამომხატველი მისი მისწრაფებებისა და განცდებისა, - მაშინ შეიძლება განა გაგვიკვირდეს, თუკი ზოგჯერ ადამიანის სულიც რომელიმე, ზენაარი ძალით როგორღაც აღძრული, ისე, რომ არც კი უწყის, რაა მის თავს, სრულიად შემთხვევით (და არა მეცნიერებიდან გამომდინარე) გამოთქვამს იმას რაც ეთანხმება და ეგზომ ზუსტად გამოხატავს მასთან კითხვით მისული ადამიანის საქმეთ და გარემოებათ.

6. და აქ შენ იზრუნე ჩემზე, უფალო, მასში და მისით მოქმედმა. მეხსიერებაში შენ დამიტოვე მოსანახი იმისა, რაც შემდგომში უკვე თავად უნდა მეძია. მაშინ კი არც ამ გამოცდილ მკურნალს და არც ჩემს ძვირფას ნებრიდიუსს, მეტად კეთილსა და წმინდა ჭაბუკს, რომელსაც ასტროლოგთა წინასწარმეტყველებანი სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა, არ შეეძლოთ ჩემი გადარწმუნება. ჩემზე ამ წიგნების ავტორთა ავტორიტეტი მოქმედებდა უფრო, და ჩემს ძიებაში მე ჯერ კიდევ არ მეპოვნა არც ერთი სარწმუნო საბუთი, რომელიც არაორაზროვნად გამოაშკარავებდა იმას, რომ სწორი პასუხი კითხვებზე ნაკარნახევი იყო ბედისწერისა თუ შემთხვევისაგან და არა მეცნიერებით მნათობთა მოძრაობაზე.

წიგნი მეშვიდე

VI

8. მე მოვიშორე უკვე ცრუ წინაგანჭვრეტანი და უკეთური როტვა ასტროლოგებისა [3]. დაე აღიაროს სულმა ჩემმა გულის სიღრმეთაგან თავისა მოწყალება შენი ჩემდამო, უფალო! დაე, აღგიაროს შენ, შენ მხოლოი, უფალო, რამეთუ სხვას ვის ძალუს მობრუნება ჩვენი სიკვდილისაგან ყოველგვარი შეცდომილებისა, თუ არ ცხოვრებას მხოლოს, ვინაც არ იცის სიკვდილი! დაე, აღიაროს სიბრძნე შენი, ჩვენს ბნელ სულთ რომ განანათლებს, თავად კი არ საჭიროებს არავითარ სინათლეს, და ყოველივეს განაგებს ამ ქვეყანაზე, დიდსაც და კნინსაც. ეს შენ იზრუნე უფალო, რათა ჩემგან ის კაცი მოსულიყო, ვინაც განკურნავდა ამ ჩემ სიჯიუტეს, რომლითაც ვეკამათებოდი ხოლმე ვენდიციანეს, მეტად მახვილი გონების მოხუცს, და ჩემს ნებრიდიუსს, ამ საოცარი სულის ჭაბუკს. პირველი დაჟინებით მიმტკიცებდა, მეორე კი, არცთუ თავდაჯერებულად, მაგრამ მაინც ხშირად მიმეორებდა, რომ მომავლის წინაგანჭვრეტის მეცნიერება არ არსებობსო; ხოლო ადამის ძეთა წინამიხვდომანი უფრო ხშირად ორაკულის ძალას იძენენო: ამ მომავლის, ასე ვთქვათ წინასწარმეტყველთ არ უწყიან რა იქნება მომავალში, მაგრამ რაკი ბევრის შესახებ ლაყბობენ, შემთხვევით იმასაც გამოჰკრავენო ხელს, რაც მართლაც მოხდება. და აი, შენ მომიგზავნე მეგობარი, ვისაც ძალიან უყვარდა რჩევისთვის ასტროლოგებთან მისვლა; იგი არცთუ ისე ღრმად იყო გათვითცნობიერებული მათს მოძღვრებაში [4], მაგრამ როგორც ვთქვით უკვე, ცნობისწადილით ძლეული, ხშირად რჩევის საკითხავად დადიოდა მათთან. თავისი მამისაგან გადმოცემით იცოდა მან ერთი ამბავი (რაც თვითონ მომიყვა მე) ამის თაობაზე, გარნა წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა მძლავს იარაღს წარმოადგენდა იგი ამ სახელგანთქმული მეცნიერების უარსაყოფად.

ფირმინე ერქვა ამ კაცს სახელად, საკმაოდ განათლებული იყო იგი და დახვეწილ მეტყველებასაც ფლობდა. ერთხელ ჩემთან მოვიდა, როგორც ახლობელ ადამიანთან, რჩევის საკითხავად თავისი ზოგიერთი საქმის თაობაზე, ზვიადი საერთო იმედებით რომ ასულდგმულებდნენ მას, და სხვათა შორის, ისიც მკითხა, თუ რას ვფიქრობდი მე ეგრეთ წოდებული ”მისი თანავარსკვლავედების” შესახებ.

ამ დროისთვის მე უკვე ნებრიდიუსის შეხედულებისაკენ ვიხრებოდი ამ საკითხში და ჩემი აზროვნებანიც გამოვუთქვი მას და ისიც, რაც მერყევ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში. დაბოლოს დავსძინე: თითქმის სავსებით დავრწმუნდი უკვე, რომ ამგვარი წინასწარმეტყველებანი სასაცილომდე უშინაარსოა-მეთქი.

მაშინ მან ზემოხსენებული ამბავი მომითხრო: მამამისი, თურმე, მეტად გატაცებული ყოფილა ამდაგვარი წიგნებით, და ერთი მეგობარიც ჰყოლია, მის მსგავსადვე ღრმად ჩაფლული ამ საქმიანობაში. ერთნაირი გულმოდგინება და ამ უაზრობებით თანაზიარი გატაცება კიდევ უფრო აღანთებდა მათს გზნებას; ისინი ერთად აკვირდებოდნენ შინაური ცხოველების მაკეობას, ზუსტად აღნიშნავდნენ ჟამს მათი მშობიარობისა (თუკი ეს სახლში ხდებოდა) და ჟამის შესაბამის მდგომარეობას მნათობებისას: ასე შეიძინეს მათ დიდი გამოცდილება ამ თავიანთ ცრუ-მეცნიერებაში.

თავისი მამისაგან გაგონილს მომითხრობდა ფირმინე: ერთხელ, როცა დედა ფირმინესი მასზე იყო ფეხმძიმედ, თურმე ერთერთი მხევალიც მამამისის მეგობრისა ორსულად ყოფილა. ეს გარეომება, რა თქმა უნდა, არ გამოეპარებოდა დაკვირვებულს ბატონს მისას, ვინაც უზუსტესად აღნიშნავდა ხოლმე იმ დროსაც კი, როცა მისი ძაღლები ლეკვებს დაყრიდნენ. და აი, ამ დროს, როცა მამა ფერმინესი მეტად ზუსტად და ყურადღებით ცდილობდა გამოეანგარიშებინა ორსულობის დღეები თავისი მეუღლისა, ისე, რომ, საათებსა და წუთებსაც კი ითვალისწინებდა, ხოლო მეგობარი მისი კი იმავე საქმით იყო დაკავებული თავისი მხევლის გამო, მოულოდნელად მოხდა ისე, რომ ორივე ქალმა ერთდროულად იმშობიარა; ორივე იძულებული იყო ერთნაირი ჰოროსკოპი შეედგინა, რომელიც წვრილმანებშიც კი ემთხვეოდა ერთმანეთს - ერთს თავის ძისთვის, მეორეს კი მონისთვის. როცა მშობიარობის დრო დადგა, ორივე აკვირდებოდა და ინიშნავდა თავთავიანთი სახლის მოვლენებს; მსახურნიც კი განაწესეს, რომელთაც ერთიმეორეზე მიყოლებით აგზავნიდნენ ერთმანეთთან, რათა ერთმანეთისთვის ბავშვთა დაბადებისთანავე ემცნოთ ზუსტი დრო. რადგანაც თავიანთ ოჯახებში ორივე სრული მბრძანებელი იყო, მათ სულ ადვილად შეეძლოთ ასეთი უწყვეტი კავშირი დაემყარებინათ ერტმანეთთან. და აი, ორივე სახლს წარგზავნილი - მიყვებოდა ფერმინე, - ზუსტად შუა გზაში შეხვდნენ ერთმანეთს - ამ ადგილიდან თანაბარი მანძილი იყო თითოეულის სახლამდე. იძულებული გახდნენ აღენიშნათ, რომ ვარსკვლავთა მდგომარეობაცა და ყრმათა დაბადების ჟამიც სავსებით ემთხვევა ერთმანეთს [5]. და მიუხედავად ამისა, ფერმინე, ეს ბედნიერი ძეი წარჩინებული მშობელთა, წარმატებულად მიისწრაფვოდა წინ ამქვეყნიურ ფართე გზაზე [6]. სიმდიდრე მისი მატულობდა, პატივი მისი იზრდებოდა; მონას კი, ვისაც ფირმინე კარგად იცნობდა, ჩვეული მონური უღელი ედო ქედზე, რაიც სულაც არ შემსუბუქებულიყო ამ უცნაური დამთხვევის გამო, და მონურად ემსახურებოდა თავის ბატონებს.

9. როცა ბოლომდე მოვისმინე ეს სავსებით სარწმუნო ამბავი - ფირმინე იმსახურებდა ნდობას, - მთელი ჩემი უნარი, და სურვილიც წინააღმდეგობის გაწევისა, ხუხულასავით დაინგრა. პირველ ყოვლისა, მე შევეცადე თავად ფირმინეში მომესპო მისი ცნობისმოყვარეობა. მე ვუთხარი მას, რომ დაკვირვებანი ”მის ვარსკვლავებზე” საშუალებას მომცემდნენ სიმართლე გამომეთქვა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ამ ვარსკვლავებში დავინახავდი მის წარჩინებულ მშობლებს, უპირველესი ადგილი რომ ეკავათ თავიანთ წრეში, დავინახავდი ამ ჩინებულ პროვინციალურ ოჯახს, რომლის ყველა წინაპარი თავისუფალი მოქალაქე იყო, მათს სანიმუშო აღზრდა-განათლებას. ხოლო თუკი ის მონაც მკითხავდა რჩევას იმავე ვარსკვლავების გამო - იგიც ხომ იმავე ვარსკვლავების ქვეშ დაიბადა რაც ფირმინე, - მაშინ, რათა აქაც სიმართლე მეთქვა, მათში უნდა დამენახა სრულ დამცირებაში მყოფი ოჯახი, მონური ყოფა მისი, და საერთოდ, ზემოხსენებულისაგან სრულიად განსხვავებული და მისგან ფრიად დაშორებული ცხოვრება. მაშასსადამე, აქედანვე უნდა დავასკვნათ, რომ ერთსა და იმავეზე დაკვირვებისას მე სულ სხვადასხვა ურთიერთსაპირისპირო რამ უნდა მელაპარაკა, თუკი სიმართლის თქმას მოვისურვებდი (ერთმანეთის მსგავსი რომ მეთქვა, მაშინ ხომ ვიცრუებდი!), აქედან კი სრულიად ზუსტ აღიარებამდე მივდივართ: სიმართლის ვარსკვლავზე დაკვირვების მიხედვით ლაპარაკობენ არა მეცნიერული მონაცემებიდან გამომდინარე, არამედ - შემთხვევით; და ცრუობენ არა იმიტომ, რომ უვიცნი არიან ამ მეცნიერებაში, არამედ იმის გამო, რომ შემთხვევით მოტყუვდნენ.

10. აქედან გაეხსნა გზა იმ აზრებს, რომელთაც დიდხანს ვიცოხნიდი და ვერ მომენელებინა: და აი, მე, ცოტაც მაკლდა და, თავს დავესხმოდი ამ დამთხვეულთ, ცრუ-მეცნიერებით რომ შოულობდნენ ლუკმა-პურს, რათა სიცილად ამეგდო და დამემხო ისინი, განა მეშინოდა, რომ თავის დასაცავად ეს არ მოეგოთ მათ: ან ფირმინა ტყუოდაო, ან მამამ მისმა არასწორად გადასცაო მას ეს ამბავი. ამიტომაც ამ დროიდან ყურადღებით ვაკვირდებოდი ტყუპისცალებს, უმრავლეს შემთხვევაში რომ ერთი მეორის მიყოლებით იბადებიან, და მათს შორის დროის ისეთი მცირე მონაკვეთია, რომ როგორადაც დიდი არ უნდა იყოს მისი მნიშვნელობა ჰოროსკოპის შედგენისათვის, რასაც დაჟინებით ამტკიცებდნენ ასტროლოგები, ადამიანური თვალისთვის შეუძლებელია მისი აღნიშვნა, ხოლო ჩაწერა კი მისი - მით უმეტეს; ეს ჩანაწერი უნდა შეისწავლოს შემდეგ ასტროლოგმა [7], რათა მისი წინასწარმეტყველება მართალი გამოდგეს. მართალი იგი არც შეიძლება იყოს იმიტომ, რომ თუკი ასეთივე ჩანაწერს იხილავდა ესავისა და იაკობიოს დაბადების შესახებ, იძულებული იქნებოდა ორივესთვის ერთი და იგივე ეწინასწარმეტყველა, გარნა ჩვენ ვუწყით, რომ ბედი მათი სულაც არ ყოფილა ერთმანეთის მსგავსი. მაშასადამე, იგი სიცრუვეს იტყოდა, ხოლო თუკი სიმართლეს იტყოდა, მისი წინასწარმეტყველებანი სრულიად განსხვავებული იქმებოდა ერთმანეთოსგან ერთი და იმავე ჩანაწერის მიხედვით; მაშ, გამოდის, რომ სიმართლეს იგი არა მეცნიერებისაგან გამომდინარეს იტყოდა, არამედ შემთხვევით.

შენ კი, უფალო, ვინაც სრული სამართლიანობით განაგებ ამა სამყაროს, ფარულად შეაგონებ კაცთა (ამის შესახებ გუმანითაც ვერ ხვდებიან ვერც შემკითხველი და ვერც მოპასუხე) იმდაგვარი პასუხი მისცეს შემკითხველს, როგორიც ეკუთვნის მას ფარული დამსახურებისამებრ სულისა მისისა - პასუხი, რომელიც მომდინარეობს წიაღთაგან ჭეშმარიტი სამსჯავროისა შენისა. დაე, ნუ იოცებს კაცი ამ პასუხს და ნუ იტყვის მასზე: ”რა არის ეს?” ”ვით არის ასე?” დაე ნუ მიუგებს: იგი ადამიანია მხოლოდ.

1. ორიგინალში წერია სიტყვა ”მათემატიკა”, თუმცა ნეტარ ავგუსტინეს ეპოქაში უკვე დაკარგული ჰქონდა თავისი მაღალი მნიშვნელობა და იხმარებოდა ასტროლოგიის შინაარსით, ამიტომ ჩვენც ყველგან სიტყვა ”ასტროლოგიას” გამოვიყენებთ. თვით ავგუსტინე შემდეგს წერს ამის შესახებ: ”მათემატიკოსებად” მაშინ ის ადამიანები როდი იწოდებოდნენ, რომელთაც ახლა უწოდებენ ამ სახელს. ეს ის ადამიანები იყვნენ ძველად, რომელნიც ცის ცვალებისა და ვარსკვლავთა მოძრაობის მიხედვით გამოიკვლევდნენ დროის დინებას; ახლა კი მათემატიკოსებს იმ ადამიანებს უწოდებენ, ვისაც სწადიათ ზეციურ სხეულთ დაუმორჩილონ ჩვენი მოქმედებანი და ვარსკვლავთ მიაბარონ ჩვენი ბედი (Div. quaest., 83, 14, 1-2).

2. ნეტ. ავგუსტინე ლაპარაკობს ვინდეციანეზე, ქალაქის მთავარ ექიმზე კართაგენში, რომელიც ცნობილი მედიკოსი იყო თავისი დროისა. იგი სასახლის კარის ექიმი იყო იმპერატორ ვალენტინიანეს დროს, და იმ დროის ჩვეულებისდა მიხედვით პროკონსულის ტიტულით იყო დაჯილდოებული. მის სახელს ეკუთვნის ორი თხზულება, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული, ესაა 1) De expertis remediis (იხილე - Schanz – Hosius-Kruger, Gesch d. Romischen Literatur, IV, გვ. 849).

3. უკვე მაშინ ჩამოშორდა ავგუსტინე ასრტოლოგიას, რომში მოხდა ეს თუ მილანში, - ჩვენ ეს არ ვიცით. უცნობია აგრეთვე ფერმინეც და ისიც, თუ სად ცხოვრობდა იგი. უარყოფითი დამოკიდებულება ავგუსტინესი ასტროლოგიისადმი აიხსნება მისი დაინტერესებით ბოროტების პრობლემით: ამ პრობლემას ვერ წყვეტდა ვერც მანიქეველთა დუალიზმი (რომლითაც ავგუსტინეც იყო გატაცებული ოდესღაც) და ვერც ასტრალური ფატალიზმი ასტროლოგებისა.

4. აქ იგულისხმება ფირმინეს მიერ ასტროლოგიის სახელმძღვანელოს არცოდნა, ანდა ზოდიაქოს ნიშანთა ცხრილისა.

5. ვარსკვლავთა განლაგება ბავშვის დაბადებისას საფუძვლად ედებოდა ჰოროსკოპის შედგენას.

6. დედანშია dealbatiores - ”თეთრი, შეთეთერბული გზები”. შუა აზიაში დღესაც მიღებულია ”თეთრი გზა” უსურვონ ხოლმე კაცს გამგზავრების წინ.

7. აი ამგვარ ჩანაწერებს აკეთებდნენ ფერმინეს მამა და მისი მეგობარი ბავშვების დაბადების დღისა და საათის შესახებ. ეს ჩანაწერები აუცილებელი იყო ჰოროსკოპის შესადგენად.