ავტორი: პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ამონარიდი ცნობილი თეოლოგის იოანე მეიენდორფის წიგნიდან. იოანე მეიენდორფი გახლდათ წინა საუკუნის გამოჩენილი თეოლოგი და ალექსანდრე შმემანთან ერთად ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთერთი დამაარსებელი. მრავალი წლის განმავლობაში იყო ამერიკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიის დეკანი.
ინგლისურიდან თარგმნა თამარ გოგუაძემ
წიგნიდან: J. Meyendorff. Witness to the World (New York, St. Vladimir’s Seminary Press, 1987)
თარგმანი გამოქვეყნებულია სტატიათა კრებულში "აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა" (2009)
დღეს ეკლესიაში საგრძნობლად მძაფრდება რეაქცია ეკუმენიზმის წინააღმდეგ. ეკუმენიზმი ხშირად მოიაზრება როგორც სანახაობა, ფუჭი სიტყვები, ამაო კონფერენციებზე სიარული და საეკლესიათაშორისო წესების კრებულთა ბიუროკრატიული მიმოხილვა. შეშინებული უმცირესობა ხმამაღლა ახდენს იმ კანონების ციტირებას, რომელიც კრძალავს მწვალებლებთან ერთად ლოცვას და აცხადებს, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება ნელ-ნელა სუსტდება ყოველ ეკუმენურ ღონისძიებასთან ერთად.
მსგავსი იმედგაცრუება, მხოლოდ განსხვავებულ თეოლოგიურ კონტექსტში, შეიმჩნევა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიის წრეებშიც. რადიკალურად მოაზროვნენი მიიჩნევენ, რომ ეკუმენიზმი არ არის საჭირო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქრისტიანები უკვე 'ერთნი'არიან და მათ მხოლოდ ეკლესიის ამქვეყნიური "სტრუქტურები" და "დაწესებულებები" ანაწევრებენ. აქედან გამომდინარე, ისინი მხარს უჭერენ ამგვარი ინსტიტუტების აღმოფხვრის იდეას. მათი აზრით საეკლესიათაშორისო საბჭოების, კონფერენციებისა თუ სხვა მსგავსი ღონისძიებების არსებობა მხოლოდ სოლიდარობას უცხადებს "ეკლესიების" არსებობას იმის ნაცვლად, რომ ბოლო მოეღოს ეკლესიის დანაწევრებულობას. განადგურება, რასაკვირველია, რადიკალთა აღთქმული მიზანია. ამასობაში, კონსერვატორი კათოლიკეები და პროტესტანტები კარგავენ ინტერესს ზერელე ეკუმენური მოძრაობის მიმართ და ეკუმენიზმისაგან რელატივიზმისა და დოგმატური ინდიფერენტულობის საფრთხის შექმნას შიშობენ.
ორმხრივი შემოტევების ფონზე ეკუმენური ორგანიზაციები და საბჭოები ცდილობენ გაამართლონ თავიანთი არსებობა ქრისტიანული ღონისძიებების გააქტიურებით და ქრისტიანული აღმსარებლობის სახელით განცხადებების კეთებით სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე. ისინი იშვიათად რჩებიან ჭეშმარიტ შესაბამისაობაში ან უკომპრომისოდ ქრისტიანული, რადგან ამ განცხადებების უკან ძალიან მცირედი შეთანხმებაა მიღწეული ქრისტიანობის ბუნებაზე, მის ფუნქციასა და მნიშვნელობაზე.
სიტუაცია აშკარად ძალზე არაკეთილგანწყობილი და კრიტიკულია. ის მოითხოვს პოზიტიურ და გააზრებულ მიდგომას. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მართლმადიდებლებმა შეიძლება დაუშვან, არის სწორედ იმის ფიქრი, რომ ისინი თავს აარიდებენ ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობასა და პასუხისმგებლობას.
ჩემი აზრით, ეკუმენური მოძრაობის ისტორიამ 1968 წელს მიაღწია იმ ზღვარს, სადაც ის ან სერიოზული და ჭეშმარიტი უნდა გახდეს, ან სხვა შემთხვევაში თანამედროვე ქრისტიანობა გალღვება უცნაურ პოლარიზებაში მცირე ფანატიურ ფუნდამენტალისტთა სექტებსა და რელატივისტთა ფსევდო რელიგიურ ჰუმანიზმს შორის. მართლმადიდებელთა განსაკუთრებული მისია ისა არის, რომ აღმოაჩინონ ეკუმენიზმის განსაზღვრება, როგორც ჭეშმარიტების სიყვარულის გზით ძიება. თუმცა, იმგვარი ძიება, რომელშიც ერთსულოვნება მხოლოდ სადღესასწაულო შეკრებებსა და ცარიელ ცერემონიებზე მიიღწევა, ერთობის მხოლოდ ცრუ შთაბეჭდილებას ქმნის და სასიამოვნოდ ერგება პოპულარულ ამერიკულ საუბრებს პლურალიზმზე, მაგრამ რეალურად კი ცარიელია და არ გააჩნია ქრისტიანული შინაარსი.
ეკუმენური ლოცვის იდეა კი ამგვარ შემთხვევად ვერ მიიჩნევა. ლიტურგიული თანაზიარება, რასაკვირველია, გამორიცხულია მართლმადიდებელთათვის სხვა კონფესიებთან მანამ სანამ ჭეშმარიტი ერთობა მიიღწევა. ლოცვის სხვა ფორმები კი, სავსებით დასაშვებია, რადგან სჯულისკანონის აკრძალვა "მწვალებლებთან ერთად ლოცვის" შესახებ გულისხმობს ეკლესიიდან განდგომილებს და არა იმ მხურვალე ქრისტიანებს, რომელთაც ეკლესია პირადად არ დაუტოვებიათ.
გულწრფელი ლოცვა განუყოფელია ჭეშმარიტების ძიებისაგან. ლოცვა ქრისტესადმი ერთგულებაზეა დაფუძნებული და იმ ერთობას უნდა გამოხატავდეს, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ არ არის მიღწეული. სხვა შემთხვევაში თანალოცვა შეიძლება მხოლოდ მოჩვენებითად ბაძავდეს ჭეშმარიტ ერთობას.
არაფერია მიმბაძველობაზე უფრო სახიფათო. შუა საუკუნეებში, როდესაც მედიცინა ჯერ კიდევ არ იყო მეცნიერება, ექიმები მშვენიერი სამოსებით იმოსებოდნენ და შთამბეჭდავ ქუდებს იხურავდნენ, რათა ამ გზით კლიენტები მიეზიდათ. თანამედროვე პაციენტებს კი, არ ჭირდებათ შემოსილი ექიმების ხილვა, რადგან ისინი მათ ენდობიან. მათ ჯერათ მედიცინის, და მისაზიდად არ ესაჭიროებათ რაიმე გარეგნული საცდური.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი ეკუმენური მოძრაობა ამერიკაში მხოლოდ მაშინ გახდება ჭეშმარიტი, როდესაც თვითონ მართლმადიდებელი ეკლესია გახდება (ეროვნული) ამერიკული და ამგვარად ამერიკელებს ამოცანის წინაშე დააყენებს იმის ნაცვლად, რომ წარმოუდგეს მათ როგორც ეგზოტიკური, ეთნიკური და წარსულის დეკორატიული გადმონაშთი. ეს ამ ეტაპზე მხოლოდ მრევლის დონეზეა მიღწეული. მართლმადიდებელთა ეკუმენური მოძრაობისადმი დამოკიდებულების დადებითი ასპექტების გამოვლენა სასწრაფოდ ჭირდებათ ჩვენს მღვდლებს, ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ძმებს, რომლებიც არ არიან ჩვენი ეკლესიის წევრები და ეძებენ მის ნამდვილ სახეს, და ყველაზე მეტად კი, ეს ჩვენ გვჭირდება ქრისტეს გულისათვის.