მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
ერთი წმიდა მამა ამბობს, რომ სამყარო ვერ იარსებებდა საეკლესიო საიდუმლოებათა გარეშე, ე.ი. ღვთის ზემოქმედებისა და იმ ფერისცვალების გარეშე, რასაც ახდენს ეს ზემოქმედება ადამიანებზე. ერთადერთი საიდუმლოება, რომელიც ადამიანმა ღვთისაგან განშორებისა და სამოთხიდან განდევნის შემდეგ შემოინახა, ქორწინების საიდუმლოა. ქრისტიანული გამოცდილების გარეშეც ქორწინება საიდუმლოს იმ აზრითაც წამოადგენს, რომ ამ დროს ქალსა და მამაკაცს შორის ხდება იმ ერთობისა და სიხარულის აღდგენა, (რამდენადაც ეს შესაძლებელია დაცემული სამყაროსათვის), რაზედაც საუბარია შესაქმის წიგნში.
ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ეს არის მომენტი, როცა ერთმანეთზე შეყვარებულ ორ ადამიანს შეუძლიათ ერთხორცნი გახდნენ, არა მარტო ფიზიკურად, არამედ იმ ერთ რეალურ სხეულად, რომელიც მოიცავს თავის თავში სხვადსხვა მშვინვიერებასა და სულიერებას.
ძველ აღთქმაში ვკითხულობთ, რომ პირველ ადამიანში ჩადებული იყო მთელი სრულყოფილება, მასში, ზოგიერთ მამათა სწავლებით, ჩადებული იყო ერთდროულად ქალური და მამაკაცური არსი. ადამიანმა იწყო ზრდა, მომწიფება, დადგა მომენტი, როცა ერთმა უკვე ვეღარ დაიტია ეს სისრულე - ქალური და მამაკაცური არსი. მაშინ ღმერთმა მიყვანა მას ყველა ცხოველი, რათა ადამიანს დაენახა, ყველა მათგანს რომ გააჩნდა თავისი საპირისპირო სქესის სხვა ცხოველი და შეეგრძნო თავისი მარტოობა ამ ქვეყანაზე. და მართლაც მან შეიგრძნო ეს მარტოობა. მაშინ დააძინა იგი ღმერთმა ღრმა ძილით და გამოყო მასში მამაკაცურისაგან ქალური. გამოყო ისე, რომ თითოეულ მათგანში დატოვა მეორის რაღაც ნაწილი, ის, რაც მათ აძლევდა საშუალებას ერთმანეთის ცნობისა. და ასე, ეს ორივე ნახევარი ერთად შეადგენდა ერთ მთელს. როცა ადამმა დაინახა თავის წინ ევა, შესძახა:
- „ეს კი, მართლაც, ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“.
მას ამავე დროს შეეძლო ეთქვა:
- ეს მე თვითონ ვდგავარ ჩემს თვალწინ!
რადგან ორივენი იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს, იმდენად ერთნაირები იყვნენ, რომ სიშიშვლესაც კი ვერ გრძნობდნენ. ისინი ერთმანეთს ხედავდნენ როგორც ერთეულს, როგორც ადამიანს ორი გვამით.
მოგვიანებით, როცა მოხდა დაცემა, მათ დაინახეს თავიანთი სიშიშვლე, ესე იგი გაუუცხოვდნენ ერთმანეთს. და აი, ამ მომენტიდან დაიწყო ბრძოლა კვლავ გაერთიანებისათვის. სწრაფვა ერთმანეთისადმი, სასოწარკვეთილი, ბრმა ლტოლვა, ძახილი „დამიბრუნდი“. ყველაფერი ეს კი წარმოიშვა საქორწინო სიყვარულში, ორი ადამიანის სიყვარულში, თითოეული მათგანი ცნობს მეორეში თავის თავს და ამავდროულად ხედავს მეორეს არა მის კერძო შემოსაზღვრულობაში, არამედ ახალი სისავსით, ახალი სილამაზით, ახალი გააზრებით. ქორწინება, ესე იგი ამ შეხვედრის საიდუმლო, ხდება მაშინ, როცა ხდება ორი ადამიანისაგან ერთმანეთის შეცნობა, როცა ისინი ხედავენ ერთმანეთში თავიანთ მთლიანობას, ცხოვრების იმ მთლიანობას, რაც მხოლოდ ერთმანეთთან შეიძლება ჰქონდეთ. და ასე ხორციელად და სულიერად შეერთებულნი, რადენადაც შეიძლება ეს მოხდეს ამ დაცემულ სამყაროში, ისინი მთლიანდებიან ყოვლად სრულყოფილ ადამიანად. ეს არის გასაოცარი საიდუმლო. ეს არის ორი პიროვნების ერთ სრულ ადამიანად გამთლიანება. ქორწინება - ეს არის საიდუმლო, რადგან ახლა ის გაყოფა, რაც მოხდა ცოდვით, მნიშვნელოვნად და გარკვეულ წილად იხსნება.
ერთი წმიდა მამა ამბობს ისეთ რამეს, რამაც ზოგიერთი შეიძლება შეაცბუნოს, განაცვიფროს. იგი გამოთქვამს აზრს, რომ ქორწინებით კაცი და ქალი ისე მთლიანდებიან, რომ იგი შეიძლება შევადაროთ ქრისტესა და მორწმუნე ადამიანის ერთობას, როცა ეს უკანასკნელი ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. აი მთლიანობის ის საზომი, რასაც ეს მამა ხედავდა ცოლ-ქმრის ხორციელ და სულიერ მთლიანობაში. ეს კი ნიშნავს, რომ ცოლი და ქმარი ერთმანეთში საკუთარ თავს ხედავენ, მაგრამ იმ ჩრდილების გარეშე, იმ სიმახინჯეების გარეშე, რომელსაც ყოველი ადამიანი ჩვეულებისამებრ ხედავს სხვაში. და როცა ერთდებიან, პავლე მოციქულის სიტყვებით, ისინი იქცევიან მცირე ეკლესიად. მართლაც, ქრისტეში, ღმერთში სული წმიდის მადლით ისინი ხდებიან ერთხორც, ერთარსად, და ამავე დროს რჩებიან ერთადერთ და განუმეორებელ პიროვნებებად. ქორწინებაში გადაილახება გაყოფის უკანასკნელი ზღვარი. იდეალური ცოლ-ქმრობისას ურთიერთობაში არ არის გახელება, არ არის სურვილი ერთმანეთის დაუფლებისა; პირიქით, ეს არის მოკრძალებული და ერთმანეთისთვის თავგანწირული, სიყვარულის საიდუმლოს ჭვრეტა.
ასეთია ქორწინების იდეალური სახე.
რა თქმა უნდა ქორწინებაში, დაცემულ სამყაროში სხვა ძალებიც მოქმედებენ. თავს იჩენს სქესობრივი მოთხოვნილებები, გახელება. მაგრამ ხდება, როცა ორნი შეერთდებიან ისეთი სიყვარულით, რომელიც შლის ყოველნაირ გაყოფის ზღვარს. ასე ხდებიან ისინი ერთნი და როცა ამის შედეგად იბადება ბავშვი, იგი კი არ წარმოადგენს მიტაცების ნაყოფს, არამედ ერთი ადამიანის მეორესადმი თავგანწირვის ნაყოფს.
აი, აქ კი მინდა შევეხო ბავშვების საკითხს. თამამედროვე მეცნიერება თანდათანობით ადასტურებს ეკლესიის სწავლებას. იმ მომენტში, როცა ხდება სულიერი არსების ჩასახვა, მასში უკვე დევს კაცობრიობის სისავსე. იგი უკვე ადამიანია. შეიძლება ითქვას, რომ ხორცშესხმა მოხდა მაშინ, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა ქალწულ მარიამს ქრისტეს განკაცების შესახებ. და მან უპასუხა:
- „აჰა მხევალი უფლისა, მეყოს მე შენი სიტყვისაებრ“.
სწორედ მაშინ მოხდა ხორცშესხმა მთელი სისავსით.
იგივე ხდება ქორწინებისას. ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში ჩანასახი დედისაგან უკვე იღებს ყველაფერ იმას, რაც ხდება მასში და მის გარშემოც. ბავშვამდე აღწევს ხმები, ჰაერის მოძრაობა. ასე იქცევა იგი დედის მეშვეობით სამყაროს ნაწილად. ამიტომაც ეკლესია ურჩევს დედას ილოცოს, ილოცოს არა ფორმალურად, არამედ მთელი არსებით, ესაუბროს ღმერთს, გაუზიაროს მას თავისი სიხარული. ამ დროს შეიძლება ილოცოს ხმამაღლა, რადგანაც ამ ლოცვის ხმა უჩვეულო სახით აღწევს ჩანასახამდე, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ბავშვამდე. როცა დედა ლოცულობს კრძალვით, მშვიდად, გააზრებული, ბავშვიც ეზიარება დედის ლოცვის საიდუმლოს. ეს გასაოცარია! ხოლო როცა ბავშვი უკვე დაიბადება, აუცილებელია მის საწოლთან ლოცვა. მას უნდა ვუგალობოთ საგალობლები; ყოველთვის მის სიახლოვეს ვილოცოთ საეკლესიო სიტყვებით, და მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვების მას არაფერი გაეგება, დედის ხმის ტემბრით მას გადაეცემა ეს განწყობა და ამ ლოცვით ეზიარება იგი ღმერთს. ხოლო როცა ბავშვი ცოტათი წამოიზრდება და იწყებს საგნებთან შეხებას, ამ დროს მასზე უკვე ზემოქმედებას ახდენს ყველაფერი, და ყოველივე ამან მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეიძლება შეასრულოს. ამიტომ თუ ოჯახში ჩხუბია, ყვირილი, ერთმანეთის მტრობა, ეს ამსხვრევს მისი სულის მთლიანობას, რადგან თითოეული შეყვირება აძრწუნებს მის სულს და ზოგჯერ სრულიად ამსხვრევს მას ისევე, როგროც მინას ამსხვრევს ძლიერი ხმა.
თუ ბავშვს ლოცვით ვზრდით, ლოცვის ხმოვანებას იგი შეისისხლხორცებს. ამასთან დაკავშირებით მინდა გიამბოთ ერთი ამბავი, რამაც დიდი კვალი დატოვა ჩემს სულში.
ჩვენს ტაძარში იყო მგალობელი ბასილი. მას შესანიშნავი ბანი ჰქონდა. იგი დაავადდა კიბოთი და საავადმყოფოში იწვა მომაკვდავი. მე მასთან ყოველდღე დავდიოდი. თავიდან ჩვენ ერთად ვგალობდით. მე ცოტა უხერხულად,რადგან არ გამაჩნდა არც სმენა და არც ხმა, ვუკითხავდი პარაკლისს მისი და მისი ცოლ-შვილის ჯანმრთელობისათვის, რომლებიც იმ დროს მისგან შორს იმყოფებოდნენ და იგი ძალიან ნატრობდა მათ ნახვას. დღითი-დღე სუსტდებოდა. ერთხელაც რომ მივედი, ექთანმა მითხრა, რომ უკვე უგონოდაა და კვდებაო. ოთახში რომ შევედი, დავინახე სასთუმალთან ცოლ-შვილი ეჯდა. ისინი სულ ცოტა ხნის წინ ჩამოსულიყვნენ იაპონიიდან და უგონო მომაკვდავისთვის ჩამოესწროთ. გამახსენდა, ბასილი რომ მეუბნებოდა როგორ ჩაესმოდა ყოველთვის, ძილ-ბურანშიც კი ჩემი ლოცვები და ვთხოვე მის ცოლ-შვილს გვერდი-გვერდ დამსხდარიყვნენ. მერე დავიჩოქე და დავიწყე, როგორც შემეძლო (ცუდად!) დიდი მარხვის ვნების საგალოებლი. და ყველამ დავინახეთ, როგორ უბრუნდებოდა თანდათან მომაკვდავს ცნობიერება. მალე მან თვალები გაახილა. მე ვუთხარი:
- ბასილ, შენ ცოლ-შვილი გადგას თავზე, შენ კვდები, დაემშვიდობე მათ.
იგი სრულიად გამოცოცხლდა. მერე ერთმანეთს გამოემშვიდობნენ მშვიდად, მთელი გულით და ამაღელვებლად. ბოლოს ვუთხარი:
- ახლა კი შეგიძლიათ მშვიდად განისვენოთ.
მან თვალები დახუჭა და მშვიდად მიიცვალა. სწორედ იმ საგალობელმა, რომელსაც მთელი ცხოვრება გალობდა, მოაბრუნა იგი იმდენი ხნით, რაც ცოლ-შვილთან გამომშვიდობებას სჭირდებოდა.
კიდევ ერთ შემთხვევას მოგიყვებით, რომელმაც ძალიან შემძრა.
ერთხელ მსახურებას ძალიან ხნიერ, 86 წლის დიაკვანთან ერთად ვატარებდი. მას ხანდაზმულობისაგან ხმაც კი წართმეოდა, მაგრამ მაინც გალობდა, რადგან ერთადერთი იყო, ვისაც ამის გაკეთება ყოველდღიურად შეეძლო. იმ დღეს იგი გალობდა, მე კი ვკითხულობდი. მაგრამ იგი ისე სწრაფად კითხულობდა და გალობდა, რომ ძლივს ვადევნებდი თვალს საკითხავს. ამით დაქანცულმა მსახურების შემდეგ ვუთხარი:
- მამა ექვთიმე, თქვენ დღეს მე მთელი ლოცვა წამართვით, მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ ეს ლოცვა თქვენს თავსაც წაართვით. თქვენც არ შეგეძლოთ ასეთ სისწრაფეში რაიმე მოგესმინათ დღეს.
იგი ატირდა და მითხრა:
- შემინდეთ, მაგრამ იცით, მე სიღატაკეში გავიზარდე. მშობლებს წესიერად ჩემი გამოკვებაც კი არ შეეძლოთ, ამიტომ ხუთი წლისა უკვე მონასტერში მიმიყვანეს. რევოლუციამდე იქ ვცხოვრობდი. იქ ვისწავლე კითხვა და გალობა. ყოველდღე ვისმენდი წირვა-ლოცვას და ასე გახდა ყოველივე ეს ჩემი სულის ნაწილი. და ახლა, როცა ვისმენ ამ სიტყვებსა და ამ საგალობლებს, აღარ მჭირდება ყურადღების მოკრება მათ მოსასმენად, რადგან იგი ჩემი სუნთქვის ნაწილია. მათი გაგონებისთანავე თითქოს ღვთის სიმი ეხება ჩემს გულს და არფის მსგავსად, გული თვითონ იწყებს გალობას. ამიტომ ვახერხებ ასე სწრაფად გალობას, რადგან ეს მე კი არა, თვითონ არფა, ჩემი გული გალობს. ასე მივეჩვიე ბავშვობიდან ამას და ასე ვარ მთელი ჩემი ცხოვრება.
აი, როგორი საუნჯის მიცემა შეგვიძლია ბავშვისთვის; აი ყველაფერი ის, რისი თქმაც მინდოდა ქორწინებასთან დაკავშირებით. დიახ, ქორწინების შუაგულში სუფევს იესო ქრისტე, სული წმიდის მადლი და ასე მოქმედებს ეს საიდუმლო ქრისტეს მიერ.
წიგნიდან „საფეხურები“, თბილისი, 2000 წ
წყარო: www.orthodoxy.ge