აქვე დავაზუსტებდით, რომ განხეთქილება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის XI საუკუნეში არც დაწყებულა და არც დასრულებულა: ერთი მხრივ, ამ მიმართულებით საუკუნეების წინათ დაიწყო მოძრაობა ორივე ეკლესიამ, და, მეორე მხრივ, არც XI საუკუნის შუა ხანებში და არც მის შემდეგ კარგა ხანს გაუწყვეტიათ ერთმანეთთან კავშირი ისე რადიკალურად, როგორადაც დღეს არის წარმოდგენილი ან სურთ წარმოადგინონ. ამის მიუხედავად, ზემოდხსენებული თარიღი მაინც ყველაზე რელიეფურად იკვეთება ამ ურთიერთობებში და პირობითად მას შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარი, რომელიც დღემდე არ შეერთებულა.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა ურთიერთმიმართების შესახებ ქართული საღვთისმეტყველო აზრის ისტორიისათვის უაღრესად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს დიდი საეკლესიო მოაზროვნისა და მწერლის, გიორგი მთაწმინდელის საღვთისმეტყველო პოზიციის გამოკვეთა და მისი შეფასება ზოგად-საეკლესიო ისტორიის კონტექსტში. ჩვენი სტატია მიზნად ისახავს ამ საკითხის კვლევისათვის საწყისი წერტილების მონიშვნას და კითვების დასმას კვლევის სამომავლო განვითარებისათვის.