Wednesday, February 16, 2011

წმინდა წერილის წმ. მაქსიმე აღმსარებელისეული ხედვა

ავტორი: ზურაბ ჯაში

დღეს, როდესაც ეკლესიისათვის ყველაზე აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს საკუთარი ტრადიციის ყოველმხრივი გაცნობიერება, რათა შეძლოს თანამედ-როვე სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნა და ამით თვით ამ სამყაროსათვის მართებული სულიერი ორიენტირის შექმნა, წმინდა მაქსიმე აღმსარებელის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის შესწავლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა იქნება ამ მიზნის განხორციელების საქმეში. მის შრომებში ქრისტიანული მოძღვრება ფილოსოფიური ენით თავისი გამოხატვის მწვერვალს აღწევს. მართებულად შენიშნავს XIX საუკუნის ერთ-ერთი დასავლელი მკვლევარი ი. ვეზერი:

“თუ ოდესმე გაჩნდებიან აღმოსავლეთის ეკლესიაში ქრისტიანი ფილოსოფოსები, ისინი მიიღებენ და აღადგენენ მაქსიმეს წავლებას”.

მაქსიმეს ენისათვის დამახასიათებელია უაღრესად რთული ტერმინოლოგია, რაც წმინდა მამას იმისათვის დასჭირდა, რომ ადამიანურ ენაზე გადმოეცა საღვთო სიბრძნის უფრო ღრმა შრეები. ამგვარი მცდელობის შედეგად თვით მისმა ნაწერებმა შეიძინა საოცარ
ი სიღრმე, რაც ანა კომნენეს სიტყვებით რომ ვთქვათ, “მკითხველში იწვევს თავბრუსხვევას”.
ქრისტიანული მოძღვრების წეშმარიტება მან არა მხოლოდ ქაღალდზე მელნით აღბეჭდა, არამედ თავის ცხოვრებაში საკუთარი სისხლითაც. იგი იმ პერიოდში მოღვაწეობდა, როდესაც მძვინვარებდა მონოთელიტური მწვალებლობა და ის საიმპერატორო კარის მხარდაჭერით სარგებლო
ბდა. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ასევე დიდ წმინდა მამასთან, რომის პაპ მარტინთან ერთად თავდადებულად იცავდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას, რის გამოც იმპერატორი რისხვა დაიმსახურა: სასტიკი წამების შემდეგ (მას ენა და მარჯვენა მოკვეთეს) იგი გადმოასახლეს დასავლეთ საქართველოში (ლაზიკაში), სადაც 662 წელს გარდაიცვალა.

ღვთისმეტყველების ეს კორიფე თავის შრომებში ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ აღავსებს ქრისტიანულ მოძღვრებას ერთი განუყოფელი სული. ერთი შეხედვით ძალიან დაშორებული თემები, რომლებიც მარგალიტივით არის მიმობნეული, მისი კალმის ქვეშ მშვენიერ მწყობრად ლაგდება და თითქოს უხილავი ხელით ერთ ძაფზე ასხამს მათ; ასეთ ძაფად მაქსიმესთან ღმერთისა და
ადამიანის ურთიერთობა გვევლინება, _ ღმერთის განკაცება და ადამიანის განღმრთობა.
ამგვარი სინთეზური აზროვნების ერთ-ერთ ნიმუშად წარმოვადგენთ წმინდა წერილის მისეულ ხედვა.


დისკუსიისა და კომენტარებისთვის თხოვთ მიჰყვეთ ბმულს