Saturday, January 8, 2011

კოსმოსის ევოლუცია VS "კრეაციონიზმი"

სემინარი წაკითხული იქნა ზაზა ოსმანოვის მიერ კავკასიურ სახლში
სემინარის ორგანიზატორი: ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტი

განათლების ერთ-ერთი ფუნდამენტური, ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ასპექტი სასწავლო დაწესებულებებში წარმოდგენილი შესაბამისი კურსებია. შედეგად, განათლების დონე შესაძლებელია შეფასდეს ამ კურსების დონით, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე.

დღეს სკოლებში, განსაკუთრებით კი ეკლესიაზე ორიენტირებულებში, წარმოიქმნება წინაღობა: ვეხებით სერიოზულ პრობლემას, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მეცნიერება, კეძოდ კი - ფიზიკა და ასტრონიმია ბიბლიური შესაქმის კონტექსტში. მასწავლებლებს უნდა ესმოდეთ მეცნიერების მნიშვნელობა, მაგრამ მართლმადიდებლურ სასწავლებლებში მუშაობის პირობებში ისინი ასევე ვალდებულნი არიან, პატივი სცენ დოგმატურ ღვთისმეტყველებას. სამწუხაროდ, სხვადასხვა კრეაციული მოძრაობის მიერ ზოგიერთი, რელიგიის თვალსაზრისით მეორე ხარისხოვანი სამეცნიერო კატეგორია, ინტერპრეტირებულია როგორც დოგმატური და ასეთმა მიდგომამ, სკოლებსა და უნივერსიტეტებში შეღწევისას, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას საბუნებისმეტყველო მეცნიერების მასწავლებლებს. ერთი ასეთი მაგალითი სამყაროს წლოვანებაა, რომელიც “კრეაციონისტების” მიერ შესაქმეს პირველი თერთმეტი თავის ლიტერალური ინტერპრეტაციის შედეგად განისაზღვრება, როგორც რამდენიმე ათასი წელი, რაც, თავის მხრივ, მეცნიერების სრულ იგნორირებას ახდენს. შემდგომში ჩვენ შევეხებით მხოლოდ კოსმოლოგიურ კრეაციონიზმს/ევოლუციონიზმს, ანუ კონცეფციებს, რომლებიც ცდილობენ, ახსნან სამყარო ორი სხვადასხვა თვალთახედვით.

ევოლუციონიზმსა და კრეაციონიზმს შორის დებატები წარმოადგენს კონფლიქტს თანამედროვე მეცნიერებასა და ე.წ. ქრისტიანულ ”მეცნიერებას” შორის, რომელიც, თავის მხრივ, არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივიცაა. ჩვენ ვისაუბრებთ ორივე კონცეფციაზე და შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ ზემოთ ნახსენები მიდგომა შექმნის ”რეალურ რისკს სერიოზული აღრევისა, თუ როგორი უნდა იყოს მიდგომა ერთი მხრივ რწმენასთან და მეორს მხრივ - მეცნიერებასთან” [1].

კრეაციონიზმისა და ევოლუციონიზმის კონფრონტაცია მე-19 საუკუნის აშშ-ში ბიოლოგიის კონტექსტში დაიწყო. მომდევნო პერიოდში როდესაც კოსმოლოგია დაკვირვებებით დადასტურებულ დარგად წარმოჩინდა (მე-20 საუკუნე), ბრძოლის ველი უფრო გაფართოვდა და პრობლემის აღნიშნული სფეროც მოიცვა. კრეაციონიზმისა და ევოლუციის შედარებითი ანალიზისთვის პირველ რიგში განვმარტოთ ორივე კონცეფცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრეაციონიზმი წარმოადგენს მიდგომას, რომლის მიხედვით სამყარო წარმოიშვა 6 დღის განმავლობაში და მისი და დედამიწის წლოვანება არ აღემატება რამდენიმე ათას წელიწადს [2]. ამის საპირისპიროდ, ასტროფიზიკური მეცნიერება მიიჩნევს, რომ სამყაროს და დედამიწის წლოვანება შესაბამისად 13,7 მილიარდი [3] და 4,5 მილიარდი [4] წელია.

ყველაზე გავლენიანი კრეაციონისტი ასტროფიზიკოსი დ. რასელ ჰამფრისი მიიჩნევს, რომ ”მაქსიმალური შესაძლო წლოვანებები ყოველთვის გაცილებით მცირეა, ვიდრე ამას მოითხოვს ევოლუციური თეორია”. მართლმადიდებელი კრეაციონისტების მიდგომა, როგორც წესი, ემყარება იმავე მეთოდს: შესაქმეს ლიტერალურ ინტერპრეტაციას. დასავლელი კოლეგების იდეოლოგიის მსგავსად ცნობილი რუსი კრეაციონისტი მ. კონსტანტინე ბუფეევი თვლის, რომ სამყაროს წლოვანება ეკლესიის დოგმატურ სწავლებას განეკუთვნება. თავის წიგნში ის ცდილობს დაასაბუთოს, რომ “დოგმაზე ძალადობის გარეშე, შეუძლებელია (შესაქმეს) თარიღების გაწელვა ან შეკუმშვა” [5]. მისი მკაცრი პოზიციის მიუხედავად, აღსანიშნავია შემდეგი - მრავალი მართლმადიდებელი თეოლოგი თანხმდება, რომ შესაქმეს დრო არის არა ასტროფიზიკური დრო, არამედ ლიტურგიკული დრო, რომელიც ბიბლიის ანტროპოცენტრულ კონტექსტშია განსახილველი. წმინდა წერილი არ წარმოადგენს ფიზიკის ან ასტრონომიის სახელმძღვანელოს, ის ღვთიური გამოცხადებაა. ამასთან, მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთაგან ჩვენ ვიცნობთ როგორც ლიტერალისტებს, ისე ალეგორისტებს. შესაქმეს ლიტერალური გაგების წარმომადგენელი, წმ. ეფრემ ასური აღნიშნული თავების კომენტარებისას ამბობს: “არავინ უნდა იფიქროს, რომ შესაქმე ალეგორიაა; დაუშვებელია აგრეთვე თქმა იმისა, რომ ის, რაც შეიქმნა 6 დღეში, შეიქმნა მყისიერად” [6]. ნეტარი ავგუსტინეს თვალსაზრისით კი: ”წმინდა წერილის ყველა მკითხველმა იცის, რომ ამ წერილებში დღე ჩვეულებისამებრ გამოიყენება დროის მაგივრად [7] და ”კვირის ჩვეულებრივი დღეები არ გვანან შესაქმეს შვიდ დღეს” [8]. წმ. ილარიონ პიქტავიელიც მსგავ პოზიცაზეა და თვლის, რომ წმინდა წერილში დღე ზოგან აღნიშნავს წლებს და ზოგან ცხოვრების მთელ პერიოდს [9]. დიაკვანი ანდრეი კურაევი თავის წიგნში “Школьное Богословие” აღნიშნული პრობლემის ანალიზისას ასკვნის რომ: “წმინდა წერილის მიხედვით შექმნის 6 დღის შემდეგ დგება მე-7 ...ალბათ მე-7 დღე მთავრდება, როდესაც იწყება მე-8” [10], რომელიც მართლმადიდებელი ტრადიციის მიხედვით, საუკუნო სიცოცხლესთან ასოცირდება. ამიტომ არც მე-7 და არც მე-8 დღეები არ არიან ჩვეულებრივი 24-საათიანი დროის შუალედები და რატომ უნდა ვიფიქროთ სხვაგვარად შესაქმეს 6 დღის შესახებ? ამ საკითხზე ეკლესიაში აზრთა ასეთი მრავლაფეროვნება მიუთითებს, რომ შესაქმეს 6 დღის ლიტერალური ინტერპრეტაცია არ არის: ა) დოგმატიკის ნაწილი და ამიტომ: ბ) ის არასოდეს არ იმსახურებდა მართლმადიდებლურ ტრადიციაში განსაკუთრებულ ყურადღრებას. 2003 წელს მინსკში შედგა სინოდის საღვთისმეტყველო კომისია მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტის ფილარეტის მეთაურობით [10]. კრება ეძღვნებოდა “კრეაციონიზმის” პრობლემატურ საკითხებს. მასზე მეცნიერებმა მკაცრად შეაფასეს მართლმადიდებელი “კრეაციონისტების” წიგნები და ავტორებს მოუწოდეს ღვთისმეტყველებისა და მეცნიერების დაპირისპირებისგან თავის შეკავებისკენ. თუ მეცნიერება ჭეშმარიტია, ის არ შეიძლება იყოს ღვთიური გამოცხადების მოწინააღმდეგე, სწორედ ამიტომ, კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მეცნიერებათა აკადემიაში შეხვედრისას (6/02/2005) განაცხადა: “ჩვენ წინაშე ორი დიდი წიგნია - ბიბლია და მეცნიერება ბუნების შესახებ. და თუ ზოგიერთი ამბობს, რომ ეს ორი წიგნი ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავად ვერ გებულობს ან ერთს, ან მეორეს.” [11]. "კრეაციონიზმის” ყველაზე კონსერვატიური ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს აღიარებს მეცნიერებად, სამყაროს წლოვანების განსაზღვრაში არ ეთანხმება ასტროფიზიკას და უარყოფს სამყაროს ევოლუციის მეცნიერულ მიდგომას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურნი გაცილებით ლოიალურ პოზიციას იჩენენ და აღნიშნავენ, რომ მეცნიერება და რელიგია კი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ მათ მოქმედების საკუთარი “არეალი” გააჩნიათ. რელიგია პასუხობს უმთავრეს კითხვებს, რომლებიც მოიცავენ ყოველივეს დასაბამის მიზეზის, ღმერთის იდეას. მიუხედავად იმისა, რომ რწმენა ყოვლისშემძლე შემოქმედისა არის უმთავრესი დოგმა ჩვენი მრწამსისა, ეს არ ნიშნავს, რომ მან პრიმიტიული ფორმით უნდა შეაღწიოს მეცნიერებაში და ამ უკანასკნელს “შესაქმეს” ლიტერალური გაგება მოსთხოვოს.

ახლა მოდით, განვხილოთ როგორც თანამედროდე კოსმოლოგიის მიდგომა სამყაროს წლოვანების შეფასების საკითხში, ისე "კრეაციონისტების” პოზიცია. წლოვანების შეფასებისთვის არსებობს სხვადასხვა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მეთოდი, მაგრამ ერთი - არასპეციალისტებისთვის ყველაზე მარტივად გასაგებია. როდესაც ვუცქერთ რაიმე ასტრონომიულ ობიექტს, ფაქტობრივად ვაკვირდებით მათ წარსულს, რადგან იმისათვის, რომ დავინახოთ ესა თუ ის სხეული, იქიდან გამოსულმა სინათლის "ნაწილაკმა” ჩვენამდე მოსაღწევად უნდა დაფაროს სრული დისტანცია და ვინაიდან მოძრაობა გარკვეულ დროს საჭიროებს, ჩვენ ვხედავთ სხეულის არა აწმყოს, არამედ ისეთ მდგომარეობას, როგორიც მას ჰქონდა სინათლის დატოვებისას. ჩვენ ვიცით, რომ გალაქტიკები არსებობენ, რადგან მათ სინათლეს ვხედავთ, რომელსაც გარკვეული სიჩქარე გააჩნია და საჭიროებს გარკვეულ დროს ჩვენამდე მოსაღწევად. თუ სინათლე ჩვენამდე მოვიდა, ის კარგა ხნის გამოსული უნდა იყოს, ამიტომ გალაქტიკების წლოვანებაც მინიმუმ ამ რიგისაა. მსგავსად ამისა, ჩვენ ვიცით სამყაროს წლოვანება, რადგან შეგვიძლია ყველაზე შორეულ ობიექტებამდე მანძილის განსაზღვრა. მათ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად 13 მილიარდი წელი სჭირდება, ანუ სამყაროს წლოვანება სულ მცირე ამდენი წლისაა.

მიუხედავად იმისა, რომ "სინათლის” მეთოდი საკმაოდ მარტივია, კრეაციონისტები დგამენ რისკიან ნაბიჯს და სამყაროს ბიბლიურ წლოვანებასთან (ღვთისმეტყველების კონტექსტში არცთუ ცალსახასთან) თანხვდენისათვის, ისინი გვთავაზობენ სხვადასხვა ახსნას. მართალია, ნათელი არც ერთია, მაგრამ ისინი ამტკიცებენ, რომ პრობლემა გადაწყვეტილია. მაგალითად, ბერი სეტერფილდის და მისი მიმდევრების თანახმად, სინათლის სიჩქარე წარსულში საგრძნობლად დიდი იყო და შემდგომ დაეცა [12]. ამ აზრის ერთადერთი მოტივაცია სამყაროს ბიბლიური წლოვანების შენარჩუნებაა. მეცნიერების თვალსაზრისით, ეს იდეა ზედაპირულია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ნონსენსი დაკვირვების კონტექსტში. მეორე მხრივ - ბიბლიური წლოვანება არასოდეს დადასტურებულა არც მსოფლიო საეკლესიო და არც სერიოზული ავტორიტეტის მქონე ადგილობრივ კრებაზე [13], ამიტომ მისი საღვთისმეტყველო სანდოობა არცთუ დამაჯერებელია. მათემატიკური დეტალიზაციის გარეშეც, შესაძლებელია სინათლის შენელების შეუძლებლობის ჩვენება. მართლაც, თუ სინათლე ნელდება, მაშინ დროის ტოლი შუალედები დედამიწიდან განსხვავებულად უნდა გამოჩნდეს დროთა განმავლობაში, რადგან რაც დრო გადის, სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად უფრო დიდიხანი ესაჭიროება. ეს შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც შესაძლო ტესტი სინათლის შენელების გასარკვევად. შესაძლებელია მოვნახოთ ისეთი ბუნებრივი “საათი” შორეულ კოსმოსში, რომ ტესტი ჩავატაროთ? ასეთ ობექტებს ეწოდებათ პულსარები – სწრაფად მბრუნავი (ნეიტრონული) ვარსკვლავები, რომლებიც შორეული კოსმოსიდან მომავალი უცნაური პულსირებადი სიგნალის დეტექტირებით პირველად 1967 წელს აღმოაჩინეს. ითვლება, რომ დაკვირვებადი პულსაციები გამოწვეულია ორი არხის გასწვრივ მბრუნავი ვარსკვლავის გამოსხვებით; როდესაც არხი ჩვენკენაა მომართული, გამოსხივებას პულსირების მაქსიმუმში ვხედავთ. განვიხილოთ პულსარი, რომელიც დაშორებულია 170,000 სინათლის წლით, ეს იმას ნიშნავს, რომ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად 170,000 წელი ესაჭიროება. ასეთი დიდი მანძილის გამო, ბერი სეტერფილდის თეორიის მიხედვით, სინათლე დროთა განმავლობაში საკმარისად ეცემა და თუ ვზომავთ პულსაციებს შორის დროის ინტერვალს დღეს და რამდენიმე წლის შემდეგ, უნდა აღმოვაჩინოთ განსხვავება მომიჯნავე პულსაციებს შორის, იმის მიუხედავად, რომ პულსარი ბრუნავს მუდმივი კუთხური სიჩქარით. პულსარებზე დაკვირვება გრძელდება მათი პირველი აღმოჩენიდან (1967 წელიდან) 44 წლის განმავლობაში, მაგრამ ასეთი თვისების მქონე არც ერთი პულსარი ნაპოვნი არაა, რაც ასაბუთებს, რომ სინათლის სიჩქარე არ მცირდება. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ თუ ვაკვირდებით ჩვენგან 13 მილიარდი წლით დაშორებულ გალაქტიკას, შეიძლება დავასკვნათ, რომ სამყაროს წლოვანება არის არა უმცირეს 13 მილიარდი წლისა.

სამყაროს ევოლუციის მიხედვით, მზის სისტემის წლოვანება იმავე რიგისაა, რაც სამყაროსი, ამიტომ ინტერესს მოკლებული არ იქნება, განვიხილოთ შესაბამისი შეფასებებიც. ამ კონკრეტული შემთხვევისთვის არსებობს სხვა, რადიომეტრულ დათარიღებაზე დამყარებული მეთოდები. ეს გახლავთ დათარიღების მეთოდი, რომელიც იყენებს რადიოაქტიური ბირთვების დაშლის ტემპს. მატერიის მრავალი ტიპი სტაბილურია, თუმცა ზოგიერთი არამდგრადია და ემორჩილება რადიოაქტიურ დაშლას. კერძოდ, თუ ჩვენ ვიცით თავდაპირველად რა რაოდენობით იყო წარმოდგენილი რადიოაქტიური ნივთიერება და რამდენია ამჟამად, შესაძლებელია გამოვთვალოთ, რა დრო გავიდა დაშლის დაწყებიდან. ამ მეთოდის გამოყენებით მეტეორიტების ნაჭრების დათარიღებამ აჩვენა დაახლოებით 4,5 მილიარდი წელი. მეორე მხრივ - სამყაროს კოსმოლოგიური ისტორიის მიხედვით ითვლება, რომ მეტეორები დაახლეობით ამ პერიოდში წარმოიქმნენ; ამით ევოლუციის თეორია უფრო სარწმუნო ხდება, ვინაიდან დათარიღების დამოუკიდებელი მეთოდი იმავე შედეგს გვაძლევს.

ყველა დროს ჩატარებული რადიომეტრული დათარიღება სამყაროს დიდ წლოვანებაზე მიანიშნებს, ამიტომ კრეაციონისტებს, იმისათვის, რომ დაანგრიონ წლოვანი სამყაროს თეორია, რჩებათ ერთადერთი გზა: გაანადგურონ რადიომეტრული დათარიღების სანდოობა. კრეაციონისტები ამტკიცებენ, რომ ეს მეთოდები გამოუსადეგარია, რადგან ისინი ემყარებიან მცდარ დაშვებებს. ამ მიზნით, მოდით, გადავხედოთ მათ. რადიომეტრული დათარიღების უმთავრესი აქსიომა ამბობს, რომ: “მოცემული ელემენტის დაშლის ტემპი დროში არ იცვლება”. არსებობს ამ აქსიომის თეორიული კვანტურ-მექანიკური მიზეზები, რაც არ წარმოადგენს აღნიშნული სტატიის მიზანს. მაგრამ სხვა, უფრო მძლავრი მეთოდი ამ დებულების შესამოწმებლად არის დაკვირვებითი სიცხადე. როგორც უკვე განვიხილეთ, “სინათლის მეთოდი” ასაბუთებს, რომ შორეული ობიექტები უფრო წლოვანნი არიან. როდესაც ჩვენ ანდრომედას გალაქტიკაში 2,7 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავს ვუმზერთ, ვაკვირდებით ვარსკვლავს, როგორც ის გამოიყურებოდა 2,7 მილიონი წლის წინ. ამ გალაქტიკაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ რადიოაქტიურ ელემენტებს ზუსტად ისეთი დაშლის ტემპი ჰქონდათ 2.7 მილიონი წლის წინათაც, როგორც დღეს. ეს კი არის იმის პირდაპირი დადასტურება, რომ დაშლის ტემპი დროზე დამოკიდებული არაა – ის მუდმივია.

მიუხედავად იმისა, რომ ასტროფიზიკა სარწმუნო დაშვებებზეა დამყარებული, კრეაციონისტები ცდილობენ, დაუპირისპირდნენ თანამედროვე მეცნიერებას, ვინაიდან ის წარმოადგენს ყველაზე მძლავრ იარაღს ახალგაზრდა სამყაროს იდეის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, როგორც წესი, კრეაციონისტები ამბობენ, რომ “ყველა ეს მეთოდი მცდარი უნდა იყოს, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ასე სულაც არ მომხდარა”. რეალურად კი სიტუაცია საპირისპიროა: თუ რაიმე თეორია (ამ შემთხვევაში - კრეაციონისტული) ამბობს ერთს და დაკვირვება აჩვენებს მეორეს, ეს ნიშნავს, რომ მიდგომა გადახედვას საჭიროებს.

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კრეაციონისტთა ერთადერთ საქმეს ისეთი მიდგომების და თეორიების ძებნა წარმოადგენს, რომლებიც კლასიკური მეცნიერების წინააღმდეგაა მიმართული, თუნდაც ეს მიდგომები და თეორიები კრეაციონიზმს არ ეთავსებოდეს. მაგალითად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ კრეაციულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს მერაბ ჯიბლაძის ბროშურა “დიდი აფეთქება: მითი თუ სინამდვილე”, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მერაბი მხარს უჭერს მოდელს, რომლის მიხედვითაც სამყარო ყოველთვის არსებობდა (ანუ არც არასოდეს შექმნილა). ჩვენ მიერ ნახსენები კრეაციონისტები “უტევენ განათლების ბირთვს, რომელიც დავაგროვეთ სამყაროს, ევოლუციის, ჩვენი წარმოშობისა და სამყაროში ჩვენი ადგილის შესახებ. უეჭველია, რომ ეს ყოველივე სერიოზულ დარტყმას აყენებს ადამიანთა უფლებებს” [1]. ამ დროს რეალობა კი ასეთია: თანამედროვე კოსმოლოგია ადასტურებს რომ სამყაროს გააჩნია დასაწყისი დროში, რაც სრულ თანხვედრაშია ქრისტიანულ კოსმოგონიასთან, რომლის უმთავრეს მესიჯს წარმოადგენს თეზა, რომ ღმერთმა დასაბამი მისცა სამყაროს.

ბიბლიოგრაფია

1. European Assembly: Committee on Culture, Science and Education. Draft resolution, Doc. 11297, 8 June 2007

2. D. Russell Humphries, Publication of the Creation Research Society, Vol. 4, №. 4, 1999.

3. Steven Weinberg, Gravitation and Cosmology (New York, NY: John Wiley & Sons, 1972).

4. THE AGE OF THE EARTH, United States Department of the Interior GEOLOGICAL SURVEY, Branch of Isotope Geology Menlo Park, California.

http://wrgis.wr.usgs.gov/docs/parks/gtime/ageofearth.html

5. Священник Константин Буфеев. Ересь эволюционизма.

www.creatio.orthodoxy.ru/sbornik/rev_kbufeev_eresy.html

6. St. Ephrem the Sirian. Commentaries on the first chapter, thus on Genesis

  1. St. Augustine. City of God. 20,1
  2. St. Augustine. The Literal Interpretation of Genesis 4,27
  3. St. Ilarius the Pictavian. Tractat. In Psalt. LI, n.5 (PG IX, 311)
  4. Диакон Андрей Кураев, Школьное Богословие, М., "Благовест", 1997
  5. საპატრიარქო უწყებანი, № 9, 4-10 მარტი, 2005
  6. Barry Setterfield. The Atomic Constants, Light, and Time, by Barry Setterfield and Trevor Norman, © August 1987
  7. Богословские исследования” (сентябрь-октябрь 1960 г.) // Журнал Московской Патриархии. 1961, № 10. сс. 76-77; реферат статьи румынского священника Петра Савина