Sunday, January 23, 2011

Jesus Christ Superstar (შეიძლება თუ არა როკ მუსიკამ ადამიანი ეკლესიამდე მიიყვანოს?)

დღეს ინტერნეტ სივრცეში მრავალ სტატიას შეიძლება წავაწყდეთ მსგავსი სათაურებით: როდესაც მუსიკა ღმერთს ეწინააღმდეგება, მუსიკის მავნე ზეგავლენის შესახებ ადამიანის სულზე, სატანური როკი და ა.შ. ყოველი მათგანი გაჯერებულია როკ-მუსიკის მავნებელი ზემოქმედების შესახებ შემცველი ინფორმაციით. ცხადია, როგორც იტყვიან ხოლმე - "Нет дыма без огня", თუმცა, ყოველთვის არსებობს გამონაკლისიც. "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" როკ მუსიკის იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მელომანები ეპოქალურს უწოდებენ. მუსიკის ავტორი ენდრიუ ლოიდ უებერი (Andrew Lloyd Webber) გახლავთ. აღნიშნული ფილმის შესახებ მორწმუნეთა აზრები არაერთგვაროვანია.
გთავაზობთ მცირე ამონარიდს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ალექსანდრეს (გალდავა) დღიურებიდან, რომელიც არაერთხელ გამოქვეყნებულა სხვადასხვა ინტერნეტ ჟურნალში:


8 იანვარი, ორშაბათი
დილით, ჩვეულებისამებრ, ჩავრთე რადიო და გავიგონე ნაცნობი ხმა, რომელსაც როკოპერა "იესო ქრისტე - სუპერსტარის" შესახებ მიჰყავდა გადაცემა. გამახსენდა ჩემი ბავშვობა, როდესაც სკოლის პერიოდში გრძელი თმებითა და დახეული ჯინსებით დავდიოდი და მე და ჩემი მეგობრები ვუკრავდით და ვბაძავდით როკმუსიკოსებს. იმ ფულს, რომელსაც მშობლები ყოველდღიურად გვაძლევდნენ, ვაგროვებდით და ნახმარ ინსტრუმენტებს ვყიდულობდით. ვძვრებოდით დასაკრავად სარდაფებში, გვყრიდნენ მეზობლები, ვაწუხებდით და გვაწუხებდნენ. მთელ ჩვენს დროსა და ენერგიას დაკვრას ვუთმობდით. გვიხაროდა, დამოუკიდებლები ვიყავით სრულიად, გვქონდა ჩვენი სამყარო, რომელიც სავსე იყო მუსიკით და თავისუფლებით...
ჩვენი შთაგონების წყარო სწორედ ეს როკოპერა "სუპერსტარი" იყო, რომელიც სახარების შინაარსზეა აგებული. თუმცა, ბავშვობაში მისი მოსმენისას, ჩემში მას არანაირი რელიგიური გრძნობა არ გაუღვიძებია; დღევანდელი გადასახედიდან კი ვხვდები, რომ ეს იყო სახარებისეული შინაარსის მიწოდების მცდელობა არარელიგიური, თავისუფალი, ჰიპური ახალგაზრდებისათვის, რომლებიც თავისით არასდროს წაიკითხავდნენ სახარებას. ეს არის მათ ენაზე მიტანილი რელიგიური მუსიკა. ასევე მახსენდება (როცა უკვე ზილოტი მოძღვარი ვიყავი და ჩემს წარსულზე ხაზი მქონდა გადასმული), როგორ მოვხვდი უწმინდესთან მიღებაზე. თანამედროვე ხელოვნებაზე საუბრისას, პატრიარქმა აღნიშნა "სუპერსტარისადმი" თავისი სიმპათია.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყე, რომ ბავშვობის გატაცება ამ მუსიკით არ ყოფილა დასაძრახი! თურმე, უწმინდესს თვითონ ჰქონია დასაკრავი ინსტრუმენტები და თვითონ წერს მუსიკას. ერთი სული მქონდა, სახლში დავბრუნებულიყავი, გამომეღო გადამალული ინსტრუმენტი და დამეკრა.
ბასილი დიდი ამბობს, ქრისტიანი უნდა ემსგავსოს ფუტკარს, რომელიც სხვადასხვა ყვავილისაგან აგროვებს ნექტარს და ქმნის თაფლს, ანუ საუკეთესოს. ასევე, წინასწარმეტყველმა მოსემ, ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, ღვთის ბრძანებით გამოიტანა ეგვიპტელების მთელი საგანძური, რაც სიმბოლოა ადამიანური სიბრძნისა. ის, რაც კაცობრიობამ მოიპოვა კეთილი, ქრისტიანმა არ უნდა უგულებელყოს, არამედ გამოიყენოს და წარმართოს ღვთის სადიდებლად. "ყოველი მოცემაი კეთილი, და ყოველი ნიჭი სრული, ზეგარდამო არს შთამომავალი ღვთისა და მამისა."





ფილმის სრულად ხილვა შესაძლებელია ამ ბმულის მეშვეობით