Thursday, January 6, 2011

დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა

ავტორი: ზაზა ოსმანოვი
სამყაროს წარმოშობის და მოწყობის თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენების შესახებ
სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალებში "ხვამლი" და ”საპატრიარქო უწყებანი” (იხ. ხვამლი, 2(16), გვ. 51 (2007);
საპატრიარქო უწყებანი, N3 (489), გვ.14 (2009))

ჩვენს წინაშე ორი დიდი წიგნია ბიბლია და მეცნიერება ბუნების შესახებ. და თუ ზოგიერთი ამბობს, რომ ეს ორი წიგნი ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავად ვერ გებულობს ან ერთს, ან მეორეს.
(მეცნიერებათა აკადემიაში შეხვედრისას უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან)


სამყარო, როგორც ამას ადასტურებენ თანამედროვე დაკვირვებები, წამოადგენს კომპლექსურ სტრუქტურას, თავისი უამრავი ვარსკვლავით, გალაქტიკით, ნისლეულით და იდუმალებით მოცული მრავალი ასტრონომიული ობიექტით. მილიარდობით კოსმოსური სხეული ქმნის იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ხილულ სამყაროს და რომლის შექმნის შესახებ ისტორიითაც იწყება წიგნთა წიგნის, ბიბლიის პირველი სტრიქონები: `დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა” (შესაქმე, 1,5), და რომლებიც ღმერთს ჭეშმარიტ შემოქმედად წარმოგვიდგენენ.

უდიდესი წმინდანი ბასილი დიდი ამბობს: "ოდეს ვჭვრეტთ ქმნილებათა მშვენიერებას, მაშინ შემოქმედ ღმერთს განვადიდებთ, როგორც უნიჭიერეს მხატვარს”, ანუ სამყაროს ჭვრეტაში, კვლევასა და შესწავლაში ვხედავთ არა უბრალოდ კვლევის ობიექტს, არამედ გარკვეულ წილად ავდივართ პირველწყარომდე, ავდივართ ღმერთამდე. მეორე ცნობილი მოაზროვნე და მეცნიერი, კვანტური მექანიკის ფუძემდებელი ჰეიზენბერგი ამბობდა: "საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ... ჭურჭლის ფსკერზე ჩვენ გველოდება ღმერთი”. ამიტომა, გასაკვირი არაა, რომ სამყაროს შესწავლა ყოველთვის იყო ეკლესიის მამების ყურადღების ცენტრში, და ქმნიდნენ რა მეცნიერების ციტადელებს ეკლესია-მონასტრების კედლებში, ეკლესიის მესვეურნი სრულიად აცნობიერებდნენ, რომ ეს იყო კიდევ ერთი საშუალება ღმერთის დიდებისა.

და მაინც რა არის მეცნიერების კვლევის ობიექტი და მიზანი? შევეხოთ მის ერთერთ მიმართულებას: ასტროფიზიკას. ასტროფიზიკა სწავლობს ციური სხეულების ევოლუციას და იმ კანონზომიერებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი სამყაროს განვითარებას, არეგულირებენ მის სტრუქტურასა და დინამიკას. საინტერესოა, თუ რამდენადაა შესაძლებელი, რომ კვლევის პროცესში მივწვდეთ, თუნდაც მცირედით `შევეხოთ” თვით აბსოლუტს, შევეხოთ ღმერთის იდეას? ჩვენი თემაც სწორედ ამ საკითხს განიხილავს. რა თქმა უნდა, აქ გველოდება ორი ურთიერთგამომრიცხავი უკიდურესობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო როგორც მეცნიერებასთან, ისე რელიგიასთან. პირველი ეხება აბსოლუტურ შეუძლებლობას ღმერთის შეცნობისა, ვითომდა მისი ტრანსცენდენტულობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე _ მეცნიერებისადმი პრეტენზიას, მოეთხოვოს მას, დაამტკიცოს ან თუნდაც უარყოს ზუსტი მათემატიკური ენით ღმერთის არსებობა.

პირველთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული ღვთისმეტყველების მიხედვით ღმერთი არის სიყვარული და ის ქმნის ადამიანს ისეთს, რომ მან შეძლოს შეიცნოს მისი შემოქმედი, რისთვისაც იგი ადამიანს მრავალ საშუალებას აძლევს, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ხილული სამყაროა . რაც შეეხება მეორე უკიდურესობას, მას მივყავართ როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის პროფანაციამდე. მეცნიერება შეისწავლის ხილულ, მატერიალურ სამყაროს და თუ მას მოვთხოვთ ღმერთის იდეის შეცნობას, მაშინ რელიგიის ფუნქციას მთავარი – ღვთის რწმენა აკლდება. ასე, რომ მეცნიერებას და რელიგიას აქვთ თავიანთი განსაკუთრებული ადგილი და მათი ერთმანეთში აღრევა დიდი შეცდომა იქნებოდა.

შევეცადოთ, გავერკვეთ იმაში, თუ როგორ განიხილავს თანამედროვე ფიზიკა ჩვენს სამყაროს და შესაძლებელი არის თუ არა მისი მიღწევები დავუკავშიროთ იმ უმთავრეს იდეას, რომ სამყაროს ჰყავს შემოქმედი. საკითხი ეხება იმას 1) რომ სამყარო ისეთი, როგორიც იგი არის, თითქმის ერთადერთი ვარიანტია შესაძლო სამყაროთა სხვადასხვა ტიპებს შორის, სადაც შესაძლებელია ჩვენნაირი ცოცხალი არსების დაბადება და 2) რომ სამყაროს გააჩნია დროში დასაწყისი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა შევეხოთ საკითხს, თუ რამდენად კარგადაა მორგებული ხილული სამყარო ადამიანს.

1. იმას, რაზეც ვისაუბრებთ ამ ნაწილში, ეწოდება ანთროპული პრინციპი, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: `ჩვენი სამყარო თითქმის ერთადერთია თეორიულად შესაძლო ვარიანტთა შორის, სადაც შესაძლებელია ადამიანის არსებობა”. ამ პრინციპის ერთგვარი ჩანასახები, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, ცნობილ ბიოლოგთან ალფრედ რასელ უოლასთან გვხვდება, სადაც ვკითხულობთ შემდეგს: `ის უკიდეგანო და კომპლექსური სამყარო, რომელიც ჩვენს გარშემოა, არის აბსოლუტურად აუცილებელი...რათა შეიქმნას ადამიანის განვითარებისთვის, ყველა დეტალში მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო”. პირველად ტერმინი `ანთროპული პრინციპი” გაჩნდა წინა საუკუნეში, როდესაც 1973 წელს კრაკოვში ჩატარებულ კოპერნიკის დაბადებიდან 500 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერეციაზე ცნობილმა ავსტრალიელმა ფიზიკოსმა ბრენდონ კარტერმა განაცხადა, რომ კოპერნიკის პრინციპის (რომლის მიხედვითაც ადამიანის მდებარეობა სამყაროში არაპრივილეგირებულია) საწინააღმდეგოდ, "ჩვენი მდებარეობა (სამყაროში) მართალია არაცენტრალურია, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით – გარდაუვალად პრივილეგირებული”. ამ კონცეფციამ სწრაფად დაიმკვიდრა თავისი ადგილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში და უკვე 1986 წელს ცნობილი კოსმოლოგები ჯონ ბაროუ და ფრანკ ტიპლერი გამოსცემენ წიგნს სათაურით: "კოსმოლოგიური ანთროპული პრინციპი”, სადაც ავტორები გვთავაზობენ ე.წ. სუსტი და ძლიერი ანთროპული პრინციპის კონცეფციას.

ჯონ ბაროუსა და ფრანკ ტიპლერისეული სუსტი ანთროპული პრინციპი გულისხმობს, რომ "ყველა ფიზიკური სიდიდე შეზღუდულია იმ პირობით, რომ სამყაროში არსებობს ადგილი სადაც შესაძლებელია განვითარდეს ნახშირბადზე დამყარებული (ბიოლოგიური) სიცოცხლე”. ძლიერი ანთროპული პრინციპის მიხედვით კი `სამყაროს უნდა ჰქონდეს ისეთი თვისებები, რომლებიც მას საშუალებას მისცემენ წარმოქმნას სიცოცხლე მისი ისტორიის ერთერთ სტადიაზე“. ორივე კონცეფციის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ სამყაროს `მოეთხოვება” იყოს ისეთი, რომ საშუალება მისცეს სიცოცხლის განვითარებას.

მართლაც, საკმარისია ჩავიხედოთ ჩვენი სამყაროს ფიზიკურ სტრუქტურაში, რომ აღმოვაჩენთ ერთ უცნაურ თვისებას: ყველა ფიზიკური კანონი, რაც განაპირობებს სხვადასხვა მოვლენების წარმოშობა-განვითარებას, სასწაულებრივად ზუსტად არის განსაზღვრული და მცირედით შეცვლა შესაბამისი კანონისა, გამოიწვევს თავად სამყაროს პრინციპულ სახეცვლილებას, რაც თავის მხრივ შეუძლებელს გახდის ადამიანის არსებობას.

მაგალითისთვის განვიხილოთ ჩვენი სივრცის განზომილება. ცნობილია, რომ იგი 3-ის ტოლია, ანუ ნებისმიერი სხეულის სივრცეში განფენილობა ხასიათდება სამი სიდიდით: სიგრძით, სიგანით და სიმაღლით. მაგრამ რატომ არის სამყაროს განზომილება 3, და არა ნაკლები ან მეტი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ერთ გარემოებას მივაქციოთ ყურადღება: ჩვენი პლანეტა ბრუნავს თითქმის წრიული ფორმის ტრაექტორიაზე მზის გარშემო და მის ასეთ სტაბილურ მოძრაობას უზრუნველყოფს მზესა და დედამიწას შორის არსებული ე.წ. მსოფლიო მიზიდულობის ძალა. აღმოჩნდა, რომ საკმარისია განზომილება 3-გან განსხვავებული იყოს, რომ მიზიდულობა ისე შეიცვლება, რომ დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის ტრაექტორიის სტაბილურად შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, ეს კი, ბუნებრივია, ჩვენს პლანეტას არახელსაყრელს გახდის ადამიანის არსებობისთვის.

გარდა განზომილებისა, ფიზიკაში არის უამრავი სხვა სიდიდე, ე.წ. კონსტანტი, ანუ ფიზიკური მუდმივა. საქმე აქაც ისევეა, როგორც წინა შემთხვევაში. მაგალითად საკმარისია ოდნავ შევამციროთ ელექტრონის მუხტის სიდიდე, რომ ატომის ბირთვი ვეღარ ჩაიჭერს მას, რის შედეგადაც ვერ წარმოიქმნება მატერიის ფუნდამენტური სუბსტრატი - ატომი. მეორეს მხრივ, ოდნავ გაზრდა მუხტისა იმდენად გააძლიერებს ბირთვსა და ელექტრონს შორის ურთიერთქმედებას, რომ მომიჯნავე ატომები ვეღარ `გაცვლიან” ერთმანეთში ელექტროებს, რაც ხელს შეუშლის მოლეკულების წარმოქმნას. აღნიშნულიდან დასკვნა ერთია: ელექტრონის სიდიდე ზედმიწევნით კარგადაა შერჩეული, რათა მოხდეს ატომებისა და მოლეკულების წარმოქმნა, ეს კი თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია ცოცხალი არსების შექმნისათვის.

ასევე ზედმიწევნით კარგადაა შერჩეული გრავიტაციული მუდმივა, რომელიც სხეულებს შორის ურთიერთქმედებას განსაზღვრავს. მართლაც, აღმოჩნდა რომ საკმარისია მისი მნიშვნელობა ოდნავ მეტი იყოს, რომ ვარსკვლავთა ფორმირება განხორციელდებოდა უფრო ეფექტურად და შედეგად საშუალო ვარსკვლავების მასა საგრძნობლად დიდი იქნებოდა, რაც თავის მხრივ გამოწვევდა იმას, რომ ასეთი ვარსკვლავები გაცილებით მალე ამოწურავდნენ ენერგეტიკულ მარაგს (ცხადია, რომ სიცოცხლის ერთერთი მთავარი პირობა მზიდან მოსული ენერგიაა) და ცოცხალი არსებებისთვის არახელსაყრელ პირობებს შექმნიდნენ პლანეტარულ სივრცეში. მეორე მხრივ, თუ გრავიტაციული მუდმივა იქნებოდა ოდნავ მცირე, მაშინ საშუალო ვარსკვლავები მზესთან შედარებით ნაკლებად მასიურნი იქნებოდნენ და ისინი ვერ წარმოქმნიდნენ პერიოდული სისტემის იმ მძიმე ელემენტებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია პლანეტების ფორმირებისათვის.

ფიზიკურ მუდმივათა ასე ზუსტად შერჩევის მიზეზის ასახსნელად თანამედროვე ფიზიკაში სხვადასხვა სცენარი განიხილება, თუმცა თითოეულის განხორციელების შემთხვევაში, კითხვა კითხვად რჩება – რატომ `შეირჩა” ისეთი ფიზიკური კანონები, რომლებსაც მივყავართ სწორედ იმ სცენარამდე, რომელიც თავის მხრივ ადამიანის შექმნისათვის ყველა ხელსაყრელ პირობას ქმნის?

2. ახლა განვიხილოთ მეორე საკითხი, რომელიც სამყაროს გაჩენას გულისხმობს. კოსმოლოგიურ მეცნიერებაში ძირეული გადატრიალება დაიწყო 1915 წელს, როდესაც ალბერტ აინშტაინმა გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნაშრომი ზოგადი ფარდობითობის თეორიის შესახებ, სადაც შეიმუშავა სამყაროს გეომეტრიული თვისებების და მასში არსებული მატერიის ურთიერთგავლენის თეორია. ხოლო 1922 წელს საბჭოთა მათემატიკოსმა ალექსანდრე ფრიდმანმა ამოხსნა აინშტაინის მიერ მიღებული განტოლებები და სამყაროს ძალზედ უცნაური მოდელი მიიღო. ამ მოდელის მიხედვით სამყაროს საწყისი ზომა ნულის ტოლია და საკმაოდ სწრაფად იზრდება, ანუ ფართოვდება. ამ პროცესს კოსმოლოგიაში "დიდ აფეთქებას” უწოდებენ. მეორე თვისებას, რომლითაც ფრიდმანის მოდელი ხასიათდება, ეწოდება ერთგვაროვნება, რაც გულისხმობს იმას, რომ გალაქტიკები სივრცეში უნდა იყოს საკმაოდ თანაბრად განაწილებული. და ბოლო, ასევე პრინციპული შედეგი დიდი აფეთქების თეორიისა ე.წ. იზოტროპიულობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამყარო ყველა მიმართულებით ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს.

რა თქმა უნდა, ზემოთ ნახსენები სამი თვისება თეორიის შედეგი იყო და მას არსებობის უფლება მხოლოდ ექსპერიმენტული დასაბუთების შემდეგ შეიძლებოდა მისცემოდა. 1929 წელს კალიფორნიელი ასტრონომი ედვინ ჰაბლი აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომს, სადაც საკუთარი დაკვირვებების საფუძელზე ადასტურებს, რომ ნებისმიერი გალაქტიკა ჩვენსას შორდება მით მეტი სიჩქარით, რაც მეტია იმ გალაქტიკიდან ჩვენამდე მანძილი. ეს უცნაური შედეგი პირდაპირ თანხმობაში მოვიდა ფრიდმანის კოსმოლოგიურ მოდელთან სამყაროს გაფართოების თვალსაზრისით. მომდევნო პერიოდში დასაბუთდა აგრეთვე დანარჩენი ორი თვისება, რამაც კიდევ უფრო დიდი ავტორიტეტი შესძინა ზოგად ფარდობითობის თეორიას და კერძოდ დიდი აფეთქების კოსმოლოგიურ მოდელს.

და მაინც, რით არის საინტერესო დიდი აფეთქების თეორია? ამ თეორიის მიხედვით ჩვენი სამყარო ფართოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ, ის ოდესღაც ერთ წერტილში იყო მოქცეული, ანუ მისი ზომა ნულს უდრიდა. მართალია, კვანტური ეფექტების გათვალისწინებას სამყაროს საწყის ზომაში გარკვეული კორექტივები შეაქვს, თუმცა სიტუაცია ძირეულად მაინც იგივე რჩება: ის რასაც ჩვენ სამყაროს ვუწოდებთ, მრავალი მილიარდი წლის წინ ჩაისახა. ბიბლია კი თავის მხრივ ამბობს: `დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა”, ეს კი სრულ უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ მითი მეცნიერების ანტირელიგიურობის შესახებ – ამ შემთხვევაში კრახს განიცდის. თანამედროვე კოსმოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურეს უმნიშვნელოვანესი დებულება, რასაც რამდენიმე ათასწლეულია შეგვახსენებს წმინდა წერილი – რომ სამყაროს გააჩნია დროში დასაწყისი. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირში ათეისტური რეჟიმის ბატონობისას, დიდი აფეთქების თეორია ხშირად (განსაკუთრებით დასაწყისში) დისკომფორტს უქმნიდა სოც-რეალიზმის მიმდევართ, რადგან იგი არაპირდაპირ მიანიშნებდა სამყაროს შექმნაზე - ფაქტობრივად, შემოქმედის არსებობაზე.

მეცნიერება არ იკვლევს ღმერთის არსებობის ფაქტს, ის იკვლევს ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროს და ამ კვლევისას, უცნაურ, სქოლასტიკური აზროვნებისთვის ერთი შეხედვით აბსურდულ დებულებამდე მიდის: რომ ა) ჩვენი სამყარო შემთხვევით არ არის ისეთი, როგორიც არის და ბ) სამყაროს გააჩნია დროში დასაწყისი. მორწმუნე ადამიანისთვის კი სრულიად ცხადია, რომ, როგორც პირველი, ისე მეორე დაკავშირებულია უმთავრეს დებულებასთან: ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.

ზაზა ოსმანოვი (ასტროფიზიკოსი)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი