Friday, January 6, 2012

მეოთხე პასუხი დავით თინიკაშვილს - forever

დეკანოზი ლევან მათეშვილი




ამ წერილის დასაწყისში მინდა ყველას შობა მივულოცო, უპირველეს ყოვლისა კი ბ–ნ დავითს და მინდა საჯაროდ პირობა დავდო, რომ ეს ბოლო წერილია ამ პოლემიკის ფარგლებში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დისკუსია იმ ფაზაშია შესული, როცა არა სიმართლის დადგენას ემსახურება, არამედ ბოლო სიტყვის დატოვებას, კამათის სულით შეპყრობას, შესაბამისად, ბ–ნ დავითს მინდა ვურჩიო, რომ ილუზია არ ჰქონდეს „ნეიტრალური“ ადამიანების მონადირების და სიმართლის დალაგების, შეისვენეთ, დაე, მცენარეები სხვამ მარგლოს :).
მართალს ბრძანებს ბ–ნი დავითი კამათის შესახებ, როცა ჩვენი მისამართით ამბობს: „..მას აუცილებლად უნდა „ჩაჰყვე“...“ – ვფიქრობ, ეს კონსტრუქტივიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, თანაც ქართული რეალობის გათვალისწინებით, რადგან მოგეხსენებათ ქართული ანდაზა – „ ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო“, ამიტომაც მივესალმები ბ–ნ დავითის „ჩაყოლას“, you are welcome!
მაშ, ასე ბოლო პასუხები:

1. მართალია azrebi.ge ილიაუნში შექმნილია, მაგრამ ჩვენს მოსაზრებაში ეს სეკულარული უნივერსიტეტი არ გვიგულისხმია (მით უფრო მისი პერსონალი!). რაც შეეხება ხსენებულ ბლოგს, თუ მეტყვით, რომ (ბლოგერები) ეკა კვესიტაძე, სიმონ ჯანაშია, ნინია კაკაბაძე და სხვ. სასულირო პირებს სხვაგვარად აღიქვამენ, მე მათ ორივე ხელით დავლოცავ :), ხოლო რაც შეეხება დეკანოზ კახაბერ კურტანიძეს, ამ ბლოგის ფორმატში (სტატუსი–მასპინძელი), ჩემი მისდამი პატივისცემის მიუხედავად, ძალიან სეკულარულად გამოიყურება, ყოველ შემთხვევაში მისი ბლოგზე დადებული სურათი მაინც – ჰოლივუდის ღიმილით, ხანში შესული მამაკაცი მაისურში :) – დამეთანხმებით, „ნეიტრალურ“ ადამიანს მისი სასულიერო პირად აღქმა გაუჭირდება. ჩემთვის მის ჩაცმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ბ–ნი დავითი კი ნამდვილად კარგად ხვდება თუ რას ვგულისხმობდით წინა წერილში, და პირიქით, ჩვენს ბლოგში ვერ დაგვისახელებთ რომელიმე ბლოგერს, რომელიც თქვენს მიმართ ნეგატიურად იყოს განწყობილი, ასე რომ საწუწუნო ნამდვილად არ გაქვთ!
2. ბ–ნ დავითს დროის კონტინიუმი კვლავაც ერთი სივრცე ჰგონია, წინააღმდეგ შემთხვევაში ადრეც (კირიონ პირველის მოტანა) და ახლაც (ვატიკანის მეორე კრება) არ მოიყვანდა ასეთ არგუმენტებს. ჩვენ არ გვესმის რა მოსატანია მე–20 საუკუნეში შემდგარი კრების გადაწყვეტილებანი გიორგი მთაწმინდელთან მიმართებაში? და თუკი ათონელი მამები ვატიკანის მეორე კრების შემდეგ შევიდნენ რომის ეკლესიის წმინდანთა დასში, ხომ შეიძლება, რომ ბ–ნმა დავითმა ამის დამადასტურებელი ფაქტებიც მოიტანოს! კრების მუხლები კი არა, არამედ რომის ეკლესიის ლიტურგიკული მოსახსენებელი, მაგრამ ასეთის არ არსებობის გამო დროის კონტინიუმის გამოგონება არ არის საჭირო! (მართალია, ბ–ნი დავითი გვპირდება, რომ უახლოეს პერიოდში შეიყვანენო, მაგრამ... :)) მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მკითხველის აცდენის ოსტატური მანევრია, რადგან ჩვენ საუბარი გვქონდა მიხეილ თამარაშვილის მიერ მოტანილი ცნობების არაკომპეტენტურობაზე, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ: ა) არ დასტურდება ათონელი ბერების გადასვენება რომში, ბ) „პროპაგანდა ფიდეს“ – რომის კონგრეგაციის – ქართველთა სარწმუნოებაზე შეხედულება –სქიზმატ – მწვალებლები. ჩვენს მიერ მოტანილ თამარაშვილის მამხილებელ ფაქტებზე ბ–ნი დავითი პასუხს ვერ გვცემს, სამაგიეროდ მე–20 საუკუნის პაპების თბილ ურთიერთობებზე გვესაუბრება :).
3. პატივცემული ჩვენი ოპონენტის შემდგომი არგუმენტები მირაჟულ წარმოსახვებს თუ ქარის წისქვილებთან ბრძოლას უფრო ჰგავს, ვიდრე წინა წერილის კარგად, გააზრებულად წამკითხველი ოპონენტის პასუხს. ბ–ნი დავითი ჯვაროსნებზე გვესაუბრება, რომ მათ არ დაურბევიათ ათონი, რაზეც ჩვენც იდენტური აზრი გვაქვს, მას ჩვენი ციტატაც კი მოჰყავს: “...დაარბიეს და ამოხოცეს ლათინებმა და არა ჯვაროსნებმა..“, ჩვენ ხაზს ვუსვამთ –„არა ჯვაროსნებმაო“! მაგრამ ბ–ნი დავითი მიზანმიმართულად, არგუმენტების კორიანტელით და თავგამოდებით იგივეს გვიმტკიცებს :). ნუთუ ეს ნაცრის შეყრაა „ნეიტრალური“ მკითხველისთვის? ერთადერთი, რაც ბ–ნმა დავითმა შენიშნა უნებლიედ გაპარული არაზუსტი ციტირება – ვაღიარებთ ასეა !!! მაგრამ ფაქტი ლათინების მიერ ათონის აწიოკებისა უამრავია, მათ შორის ივერონის, როდესაც ამ მონასტრის 200 უხუცესი ბერი გემით ზღვაში გაიყვანეს და ჩაძირეს, ხოლო ახალგაზრდა საძმო მონობაში გაყიდეს (РГБ. Григор. № 1706, ХVI в. Л. 19б – 22, Повесть о нашествии папистов на Святую Гору // Афонский патерик. 1897, 2002р. Ч.2.) ბ–ნ დავითს ძალიან უნდა ათონის დარბევა მეკობრეებს გადააბრალოს და ამბობს: “უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ამის ჩამდენნი იყვნენ განძის მაძიებელი მეკობრეები, რომლებიც სწორედ მე-13 საუკუნეში ეგეოსის ზღვაში მრავლად იყვნენ. ამის შესახებ ჩემი კოლეგა, იოანე კაზარიანი უფრო მეტად შემდეგი თვალსაზრისისკენ იხრება: ხსენებულ წელს თავდამსხმელები იყვნენ ან აგიბელინები - დასავლელი იმპერატორის წარმომადგენლები ან ალმუგავარები, რომლებიც იყვნენ ჯარისკაცები წარმოშობით კატალონიიდან. სხვათა შორის, სწორედ ალმუგავარები დაესხნენ თავს ათონს 1306-7 წლებში, დაარბიეს ეკლესია - მონასტრები და ამოხოცეს ბერები“ – მაგრამ ეს მეკობრეები აღმსარებლობით ხომ ლათინები იყვნენ? შემოსავლის 10% ხომ რომს უხდიდნენ :), და უფრო მეტიც, ხან და ხან მეკობრეები პაპებიც კი ხდებოდნენ :). (მაგ. ბალთაზარ კოსა – იოანე ოცდამესამე :), მართალია ვატიკანი მას ანტიპაპადაც კი არ აღიარებს და 1958 წელს ანჯელო რონკალიმ, როდესაც პაპად აირჩიეს, სპეციალურად იოანე ოცდამესამის სახელიც კი აიღო იმის ხაზგასასმელად, რომ სხვა პაპი იგივე სახელით არ არსებობდა :)). ასე რომ, ათონისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ლათინების პროფესიას – მეკობრე იქნებოდა , დეზერტირი, თუ პაპის ლეგატი – შედეგი ერთი იყო! და ფაქტია, რომ ლათინთაგან მოწყვეტილნის ფენომენი და თაყვანისცემა დღესაც არსებობს ათონის მთაზე, ანუ წმინდა მოწამეები ლათინთაგან მოწყვეტილნი ლიტურგიულ მოსახსენებელში შეტანილია!
და ბოლოს, მირაჟული ლოგიკის თუ კონტრლოგიკის ნიმუშს წარმოადგენს ოპონენტის მიერ ჩვენი ე. წ. თანხმობა: „ მისასალმებელი გახლავთ მამა ლევანის საბოლოო თანხმობა, რომ ფილიოკვე რეალურად არ წარმოადგენს პრობლემურ საკითხს. ეს მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია!“ – უკაცრავად და სად ნახეთ რომ ამ საკითხზე თანხმობა განვაცხადე? თუ პირიქით, მიგითითეთ ვლადიმერ ლოსკის შესანიშნავი ნაშრომი, რომელსაც სავსებით ვიზიარებთ, ის სრულიად აქარწყლებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფილიოკვე პრობლემა არ არის! ბ–ნო დავით ნუ შეეჯიბრებით იდენტურ საკითხზე ვლადიმერ ლოსკის :).
4. გიორგი მთაწმინდელის თემაც, მართლაც და ამოწურულია და ნუ უყურებთ სამყაროს შავ – თეთრ ფერებით, ანუ თუ ეს ათონელი ბერი „სრული ბერძენი“ იყო თავისი მენტალობით და საქმიანობით ე.ი. იგი ანტილათინი გამოდის ავტომატურად? რა თქმა უნდა, ასე არ არის და მე არა ერთგზის ამიღნიშნავს, რომ ეკლესიის ერთობის დარღვევა ტრაგედია იყო ღირსეული სასულიერო პირებისთვის, რომელთა რიცხვს უდავოდ გიორგი მთაწმინდელი მიეკუთვნებოდა და მისი ამ განცდების პრიმიტივიზაციას ნუ შეეცდებით და „ლათინელების მიმართ სიმპატიებამდე“ ნუ დაიყვანთ!
დასასრულისთვის კვლავ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს ბოლო პასუხია , რაც არ უნდა პასუხების კორიანტელი მოყვეს ოპონენტისგან და კვლავ ერთხელ განვაცხადებ, რომ ისტორიის „ჩიჩქვნას“ შევეშვათ, რადგან ბევრი „ჩონჩხი“ დაგვხვდება, რაც არ შეუწყობს ხელს ორი ეკლესიის, თუნდაც სოციალურ დონეზე, ინტეგრაციის პროცესს. ვიმეორებ, ორივე ეკლესიის ისტორიაში იყო შეცდომები, მაგრამ, შეცდომები შეიძლება იყოს სისტემური ხასიათის და ადამიანური გადაცდომები. მართლმადიდებელ ეკლესიაში ბევრი იყო ადამიანური გადაცდომა, მაგრამ სისტემურის რა მოგახსენოთ! ამიტომ მივხედოთ დღევანდელ რეალობას და ამ მოცემულობიდან ვიმოქმედოთ!