სტატია ქვეყნდება ავტორის თანხმობით
მართლმადიდებელ მორწმუნეთა, ეკლესიურთა ერთ ნაწილს ჩამოუყალიბდა აზრი, თითქოს ღვთისათვის ერთადერთი მოსაწონი სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმა მონარქიაა, ეკლესიის მიერ ნაკურთხი მეფით სათავეში. ამ თვალსაზრისს ზოგიერთი მეტად პატივცემული სასულიერო პირიც ემხრობა. მათი წარმოდგენით, საქართველოს ხსნა სწორედ მეფობის აღდგენაშია და ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნეც აუცილებლად ამ თვალსაზრისს უნდა იზიარებდეს. რას ვკითხულობთ ბიბლიაში მონარქიის შესახებ? მეფობის შემოღებამდე ებრაელებს მსაჯულები განაგებდნენ. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღვთის მადლის ზემოქმედების შედეგად, ხალხში ყველაზე დიდ ავტორიტეტს მოიპოვებდნენ და დაწინაურებოდნენ, მაგრამ ებრაელებმა, წარმართთა მსგავსად, მეფის ყოლა მოინდომეს და ღმერთმაც დაუშვა, რომ მათი სურვილი შესრულებულიყო. აი, რას ეუბნება უფალი სამუელ წინასწარმეტყველსა და მსაჯულს, რომელსაც ებრაელების ეს მოთხოვნა არ მოეწონა: "შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ” (1 მეფეთა, 8,7). ღმერთმა ისიც იწინასწარმეტყველა, თუ როგორი იქნებოდა მეფის ძალაუფლება: იგი “წაიყვანს თქვენს შვილებს და ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ...წაგართმევთ საუკეთესო ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს...წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს და თავის საქმეზე ამსახურებს...და თქვენც მისი ყმები გახდებით. მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი” (იქვე, 8,11-18). როდესაც სამუელ წინასწარმეტყველმა უფლის ზემოხსენებული სიტყვები ებრაელებს უთხრა “არ დაუჯერა ხალხმა სამუელს...ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ხალხები არიან” (იქვე, 8,19-20).როგორც ვხედავთ, სამეფო ხელისუფლების შემოღება რჩეულ ერში ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. მიუხედავად ამისა, უფალმა მაინც არ ინება უმადლოდ დაეტოვებინა ებრაელთა ახალი წინამძღოლი და კურთხევა დააწესა. ამით მოუწოდებდა და შეახსენებდა კიდეც მეფეებს, რომ არ გადაეხვიათ რჯულისაგან და ხალხზე უანგაროდ ეზრუნათ. კურთხევით მეფეებზე გარკვეული მადლი გადადიოდა, რათა შემწეობა გაეწია მათთვის სახელმწიფოს მართვის საქმეში, მაგრამ ამით მეფე რაღაც ზეადამიანი, უცოდველი და შეუმცდარი არსება როდი ხდებოდა. ეს უკვე პირველი ცხებული მეფის, საულის მაგალითზე დამტკიცდა.არა მარტო კურთხევითა, თუ მირონცხებით, არამედ სხვა მღვდელმოქმედებისა და საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ღვთის მადლი ყველას ერთნაირად ეძლევა, მაგრამ ის თუ ვინ როგორ გამოიყენებს ამ მადლს, ვისზე როგორ გავლენას მოახდენს იგი, თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული.რაც შეეხება ქრისტესა და მოციქულთა დამოკიდებულებას ხელისუფლების, მათ შორის, მეფეთა მორჩილებისადმი (მათე 22,21; რომ. 13,1-7; ტიტ., 3,1; 1 პეტრ., 2,11, 13-15), ამას უშუალოდ ცხებულ მეფობას ვერ დავუკავშირებთ, რადგან ცხებული მეფეები იმ დროს საერთოდ არ არსებობდნენ. Mმხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ დაიწყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება სხვადასხვა ქვეყანაში. ხოლო თვით პირველ ქრისტიანებს, ქრისტეს მოციქულებს მეფე არ აურჩევიათ იმისათვის, რომ მას ქრისტიანული თემი ემართა, არც უცდიათ ამის გაკეთება და არც ამისაკენ მოუწოდებიათ.ქრისტიანთა, მართლმადიდებელთა დამოკიდებულება მონარქიისადმი შუა საუკუნეებში, სწორედ ქრისტესა და მოციქულთა სწავლების საფუძველზე ჩამოყალიბდა და, მოკლედ რომ ვთქვათ, ძირითადად, შემდეგს გულისხმობდა: რადგანაც ყველაფერი ღვთის ნებითა, თუ დაშვებით ხდება, ამა თუ იმ მეფის ზეობაც ღვთის ნებისა, თუ დაშვების გამოხატულებაა. რადგან სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის და კეთილდღეობის დაცვისკენაა მოწოდებული, ღმერთიც, როგორც სიკეთის წყარო, ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი ამ ფუნქციის განხორციელებაში შეეწევა. ამდენად, ყოველივე კეთილი, სამართლიანი, რასაც მეფეები აკეთებენ, ღვთის ნების შედეგია. ამდენად, მათდამი მორჩილება, როგორც სიკეთისა და სამართლიანობის მსახურებისადმი, რა თქმა უნდა, ღვთისათვის სათნო საქმეა. ხოლო თვით მეფეთა მხრიდან, თავიანთი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულება, დიდი მადლია, და, აქედან გამომდინარე ღვთისმსახურებაა. ჯერ კიდევ პავლე მოციქული ბრძანებდა წარმართ მმართველებზე: “იგი ღმრთის მსახურია შენდა სასიკეთოდ” (რომ., 13,4).სწორედ ამ შეხედულებას იზიარებენ, ძირითადად, აღნიშნული პერიოდის ქართველი მოაზროვნეებიც, როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. ავტორს შესწავლილი აქვს საქართველოს ისტორიის ყველა ქართული გამოცემული წყარო უძველესი დროიდან მონღოლთა შემოსევამდე. არც ერთი მათგანი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქართველი მოღვაწეები ცხებული მეფობის ინსტიტუტს სახელმწიფოს მართვის ღვთისათვის ერთადერთ სასურველ ფორმად მიიჩნევდნენ. მეფეებისადმი მორჩილებას ისინი იმდენად ქადაგებდნენ, რამდენადაც მეფეები საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეს აკეთებდნენ, მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის ზრუნავდნენ.გრიგოლ ხანძთელი მის თანამედროვე მეფეებთან საუბარში დასძენს, რომ ბერები მათთვის ლოცულობენ "უმეტესად ამისთვის, რამეთუ მეფობისა სიმაღლესა თანა გაქვს თქვენ ქრისტეÁს მიმსგავსებული სიმდაბლე და მოღვაწებაÁ წმიდათა ეკლესიათაÁ და ნუგეშინისცემაÁ გლახაკთაÁ და ყოვლისა ერისა სიმართლით განკითხვაÁ.” (გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, “ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები”, წ.I, თბ., 1963, გვ.276).ქართული ისტორიული წყაროები არ ერიდებიან იმის აღნიშვნას, რომ მეფეები, ისევე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, სრულებითაც არ არიან შეცდომებისა და მანკიერებებისაგან დაზღვეულნი და წმინდა მამები მათ მხილებას ისევე არ ერიდებიან, როგორც ქებას.მაგალითად, გიორგი მერჩულე მოგვითხრობს, თუ როგორ ამხილებდა ცოდვებში გრიგოლ ხანძთელი აშოტ კურაპალატსა და მის ვაჟს, ადარნასეს. მან აშოტის ნების საწინააღმდეგოდ, ქალი, რომელთანაც კურაპალატი მრუშობდა, დედათა მონასტერში წაიყვანა და ამ გზით აღკვეთა ცოდვა მეფის ოჯახიდან.გიორგი მცირე “გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში” შემდეგნაირად აღწერს გიორგის სტუმრობას ბაგრატ IV კურაპალატთან: მთაწმინდელმა ჯერ აკურთხა მეფე, შემდეგ კი “აღლესა მახვილი მხილებისაი მეფეთა მიმართ მრავალთა უწესოებათათვის უშიშად” (“ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები”, წ.II, თბილისი, 1967 ,გვ. 162).გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოების გათვალისწინება. როგორ შეიძლება შევაფასოთ სიტუაცია, როდესაც ორი მართლმადიდებლური ქვეყანა, მართლმადიდებელი მეფეებით სათავეში, ერთმანეთს უპირისპირდება? როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ქრისტიანი მაშინ, როცა მისი სახელმწიფოს ცხებული მეფე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ომში იწვევს. ქვეყნისა, რომლის სათავეშიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნაკურთხი მეფეა? ალბათ იგი თავისი მეფის ბრძანებას უნდა დაემორჩილოს. ასევე უნდა მოიქცეს მოწინააღმდეგე ქვეყანაში მცხოვრები მორწმუნეც, მაგრამ ერთ-ერთი მხარე მართალი არ იქნება, რადგან ომის წამოწყება, მით უმეტეს კი მართლმადიდებლებს შორის, კეთილი საქმე არ არის, ორი ჭეშმარიტება კი არ არსებობს.ასეთი მდგომარეობა არაერთხელ შექმნილა ბიზანტიისა და საქართველოს ურთიერთობებში. ბიზანტია ცდილობდა რაც შეიძლება მეტად დაემორჩილებინა საქართველო, შეესუსტებინა, ან, თუ შესძლებდა, საერთოდ მოესპო ქართველი მეფეების ძალაუფლება და საკუთარი გავლენა განემტკიცებინა, ხელი შეეწყო ქართველი მეფეების მოწინააღმდეგე ფეოდალებისათვის, მიეტაცებინა ქართული მიწები. ვინ იცის რამდენი მართლმადიდებლის სიცოცხლე შეიწირა ამ ბრძოლამ?! სწორედ ბიზანტიის პოლიტიკა იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველომ დიდ ხანს ვერ მოახერხა გაერთიანება, რომ დაიკარგა ბევრი ქართული მიწა.ქართული მწერლობა ბევრ ასეთ ფაქტს გადმოგვცემს და მათ სათანადოდაც აფასებს.ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერი აღწერს ვახტანგ გორგასალის მცირეწლოვნობის ჟამს, როგორ დაიპყრეს ქართული სახელმწიფოს ტერიტორია ბერძნებმა (ეგრისწყალიდან ციხეგოჯამდე). ამ მარცხით შეწუხებული ქართველები დასძენენ: როცა ჩვენი მეფე გაიზრდება ვძებნეთ საზღვარი ქართლისა ბერძენთაგან.” (ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა, “ქართლის ცხოვრება”, ტ.I, 1955, გვ.146).აი როგორ ახასიათებენ VI საუკუნის 30-იან წლებში ბიზანტიის აგრესიის შედეგად დასავლეთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ამ დროის ეგრისელი სახელმწიფო მოღვაწენი "(ბიზანტიელებმა) მეფეს... მეფობის გარეგნული ნიშნები დაუტოვეს, ხოლო ძალაუფლება საქმეებში თვითონ მიითვისეს," "მეფეც მოსამსახურის ბედში იმყოფება და განმკარგულებელი სტრატეგოსის ეშინია. უამრავი ჯარიც ჩაგვიყენეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ დაიცვან ქვეყანა შემწუხებელთაგან, არამედ რათა დავემწყვდიეთ ჩვენ როგორც სადილეგეში და ჩვენს ქონებას დაჰპატრონებოდნენ." ასეთი მდგომარება ქართველებმა დიდ ხანს ვერ მოითმინეს და ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყდნენ (პროკოპი კესარიელი, “გეორგიკა”, ტ.2, თბილისი, 1965, გვ.76).სუმბატ დავითის ძე აღწერს ბაგრატ IV-ის (1027-1072) მეფობის დასაწყისში, 1028 წელს ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე VIII-ის (1025-1028) მიერ საქართველოში ლაშქრობის მოწყობას. რაკიღა ქართველმა მეფემ მტრის მოგერიება ვერ მოახერხა, ბიზანტიელებს მედგარ წინააღმდეგობას უწევს ტბეთის ეპარქიის მოსახლეობა ეპისკოპოს საბას მეთაურობით. დამხვდურნი მათ მიერვე აშენებულ სვეტის ციხეში მაგრდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიელებიც მართლმადიდებელნი არიან, სუმბატი ასეთ საქციელს ქრისტიანულ გმირობად მიიჩნევს და მებრძოლებს სარწმუნოებისათვის წამებულებს ადარებს. იგი წერს: "ღმერთმან განაძლიერნა მყოფნი იგი სუეტსა მას შინა მადლითა და მეოხებითა წმიდათა მოციქულთათა და ლოცვითა წმიდათა ამათ მღდელთმოძღუართათა.” (სუმბატ დავითის ძე, ცხორებაÁ და უწყებაÁ ბაგრატონიანთა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო გონელი არახამიამ, თბილისი, 1990, გვ.58-59). როგორც ვხედავთ, თვით სასულიერო პირი, თანაც ეპისკოპოსი უდგება სათავეში ბრძოლას ცხებული მეფის წინააღმდეგ.სუმბატი შემდეგსაც წერს: "მსწრაფლ ეწია რისხუა უმსჯავროსა მას მეფესა კოსტანტინეს...უწყალოებისათÂს ბაგრატ მეფისა ჩუენისა მოოÃრებისათვს მამულისა მისისა.” (იქვე, გვ.59).ქართული ისტორიული თხზულებებიდან კიდევ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლებოდა, მაგრამ, ვფიქრობთ ესეც საკმარისია იმისათვის, რომ ვთქვათ: შუა საუკუნეების ქართული აზროვნება არ ერიდება ცხებული მეფეების მანკიერებათა, დანაშაულთა მხილებას და, უკიდურეს შემთხვევებში, თუკი მეფეთა ქმედება უსამართლოა, მათ მიმართ შეიარაღებულ წინააღმდეგობასაც არათუ მხოლოდ დასაშვებად, არამედ გმირობადაც კი მიიჩნევს.შორს რომ არ წავიდეთ, როგორ მოგვექცა ერთმორწმუნე რუსეთი, მართლმადიდებელი და “ქრისტიანობის დამცველი” მეფეებით სათავეში? მოსპო ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი სამეფო დინასტია, მეტიც, გააუქმა ჩვენი ავტოკეფალიაც და ქართველებს მშობლიურ ენაზე ღვთის დიდების საშუალება წაგვართვა. ეს ყველაფერი ეკლესიის მიერ კურთხეულმა, ცხებულმა მეფეებმა გააკეთეს. ღვთის ნებას ასრულებდნენ ისინი?თავი რომ ვანებოთ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს და თვით საქართველოს შიდა მდგომარეობა განვიხილოთ, ცხებულ მეფობასთან არის დაკავშირებული როგორც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ისე მისი დაცემა, დაქუცმაცება, ძმათა შორის ომების გაჩაღება და ბოლოს, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა. ცხებული მეფობის არსებობამ ამ უბედურებებისაგან ვერ დაგვიფარა.ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ცხებული მეფის ინსტიტუტის არსებობა არ იძლევა არათუ იმის გარანტიას, რომ, უმაღლესი ხელისუფალნი, მეფეები, სახელმწიფოს მართვის საქმეში, მნიშვნელოვან შეცდომებს არ დაუშვებენ, არამედ მათ მიერ დიდი ბოროტებების ჩადენასაც არ გამორიცხავს. ბოროტებებისა, რომლებიც შეიძლება ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრებსაც კი გასცდეს.ქრისტიანებს გვწამს, რომ ყველა უბედურება, რაც ჩვენს სამშობლოს თავს გადახდენია, უფალმა ჩვენი ცოდვების გამო დაუშვა და ყოველთვის ისეთი ქვეყანა და სახელმწიფო გვქონდა, როგორსაც ვიმსახურებდით. უფლის დიდი მოწყალებიდან გამომდინარე კი, იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ღმერთი დამსახურებულზე უფრო მეტსაც გვაძლევდა და გვაძლევს.ასე რომ, მთავარი მთელი ერის ცოდვა-მადლია. ვერც ერთი მეფე თუ სახელმწიფოს მეთაური შეძლებს ქვეყნის ხსნასა და განმტკიცებას, თუ ერი ცოდვებშია ჩაფლული. ხოლო თუკი ეს ასეა, ეკლესიის მთავარი ფუნქცია კი ერის სულიერი მწყემსობაა, მაშინ მან მთელი ძალისხმევა სწორედ ამისკენ უნდა მიმართოს და ერიც სწორედ იმას მიიღებს, რასაც დაიმსახურებს.დღეს ბევრი ქართველი მართლმადიდებელი ეკლესიისაგან გაუცხოებულია, ბევრი სხვადასხვა რელიგიური სექტის მიმდევარი გახდა, ქართველები დაყოფილნი არიან სხვადასხვა პარტიებად, მიმდინარეობებად, კლანებად, არის ერთმანეთის ქიშპობა, მტრობა, ხშირია მოწინააღმდეგეთა ერის მოღალატეებად გამოცხადება. გვაგონდება მაცხოვრის სიტყვები: “იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად” (იოანე, 4,35).ასეთ პირობებში ეკლესიის წინაშე ორი უმთავრესი ამოცანა დგას: თავის წიაღში მოიზიდოს, გააეკლესიუროს ჩვენი ერი და მისი ერთიანობის საფუძვლად იქცეს. ამისათვის კი საჭიროა თვით ეკლესია ყოველგვარ პოლიტიკურ მიმდინარეობაზე მაღლა დადგეს. რა თქმა უნდა, ყველასა აქვს უფლება, საერო პირი იქნება ის თუ სასულიერო, თავისი შეხედულებები ჰქონდეს ამა თუ იმ სახელმწიფო ფორმის, სოციალურ-ეკონომიკური წყობის, სხვადასხვა პოლიტიკური საკითხის შესახებ, მაგრამ ამ შეხედულებების ერთადერთ ღვთაებრივ ჭეშმარიტებად გამოცხადება ეკლესიის ზემოაღნიშნულ მისიაზე დამღუპველ გავლენას იქონიებს. მეტიც, ეს თვით ამჟამად არსებული მართლმადიდებელი მრევლის ერთიანობაზეც უარყოფითად იმოქმედებს და, პირადი დაკვირვებით, უკვე მოქმედებს კიდეც.ეკლესია ხომ ყველა მორწმუნისაა. თითოეული ჭეშმარიტი მორწმუნე ხომ მისი სხეულის ნაწილია, მიუხედავად იმისა მონარქისტი იქნება იგი, თუ რესპუბლიკელი, სოციალისტი, თუ ლიბერალი. ეკლესია ხომ უფრო მაღლა დგას, ვიდრე სახელმწიფო, ისევე, როგორც იმქვეყნიური ცხოვრება – ამქვეყნიურ, მიწიერ ცხოვრებაზე. ამიტომაც არ იქნება გამართლებული ამქვეყნიური საკითხებით, რაოდენ მნიშვნელოვანნიც უნდა იყვნენ ისინი, მას დაბრკოლებები შევუქმნათ, შევავიწროვოთ მასში შესასვლელი კარი, დავაბრკოლოთ მასში შემოსვლის მსურველნი.ვახტანგ კობალაძე