ძვ. ბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ჯაშმა
ჰომილია XL
საყვარელნო, გარეგნულად გაცხადებული ღვაწლისა და იმის შესახებ, თუ როგორი ცხოვრების წესი არის უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, უნდა იცოდეთ, რომ ყველა სათნოება ერთმანეთზე არის დამოკიდებული, თითქოს არსებობს სულიერი რამ ჯაჭვი: თითოეული მათგანი მეორეზე არის მიბმული. ლოცვა [მომდინარეობს] სიყვარულისგან, სიყვარული _ სიხარულისგან, სიხარული _ სიმშვიდისგან, სიმშვიდე _ სიმდაბლისგან, სიმდაბლე _ მსახურებისგან, მსახურება _ სასოებისგან, სასოება _ რწმენისგან, რწმენა _ მორჩილებისგან, მორჩილება _ უბრალოებისგან. ასევე საპირისპირო მხარეს ყოველი ბოროტება მეორეზე არის დამოკიდებული: სიძულვილი [მომდინარეობს] რისხვისგან, რისხვა _ მზვაობრობისგან, მზვაობრობა _ პატივმოყვარეობისგან, პატივმოყვარეობა _ ურწმუნოებისგან, ურწმუნოება _ გულქვაობისგან, გულქვაობა _ უზრუნველობისგან, უზრუნველობა _ მცონარებისაგან, მცონარება _ სასოწარკვეთისგან, სასოწარკვეთა _ მოუთმენლობისაგან, მოუთმენლობა _ სიამეთმოყვარეობისაგან. ბოროტების დანარჩენი ასოებიც ერთმანეთზე არის მიჯაჭვული. ამგვარადვე არის სიკეთის მხარეზეც სათნოებები ერთმანეთზე მიჯაჭვული და დამოკიდებული. მაგრამ ყოველგვარი კეთილი ღვაწლის თავი და წამოწყების მწვერვალი არის დაუცხრომელი ლოცვა, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ, ყოველდღე მოვიხვეჭოთ დანარჩენი სათნოებები ღვთისადმი ვედრებით. რამეთუ აქედან წარმოიშვება ღირსეულთათვის ღვთის სიწმინდესა და სულიერი მოქმედებასთან თანაზიარება, და უფალთან გონების განწყობის კავშირი ენითუთქმელ სიყვარულში. ვინც ყოველდღე აიძულებს საკუთარ თავს, რომ დაუცხრომლად ილოცოს, სულიერი სიყვარულის მეშვეობით ღვთის მიმართ საღვთო ტრფიალებითა და მგზნებარე ვნებით აინთება და მიიღებს სულის წმინდამყოფელი სისრულის მადლს.
კითხვა: ზოგიერთებმა გაყიდეს ქონება, მონები გაათვისუფლეს და ასრულებდნენ მცნებებს, მაგრამ არ ეძებდნენ ამქვეყანაზე სულიწმინდის მიღებას, განა ასე მცხოვრებნი არ შევლენ ცათა სასუფეველში?
პასუხი: ეს რთული საკითხია. ზოგიერთები ამბობენ, რომ არის ერთი სასუფეველი და ერთი გენია. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ არის მრავალი სიღრმე, განსხვავება და საზომი ერთსა და იმავე სასუფეველში და ერთსა და იმავე გეენაში. როგორც ერთი სული არის [სხეულის] ყველა ასოში, _ ზემოთ თავშიც მოქმედებს და ქვემოთ ფეხებშიც ისევ ის მოძრაობს, _ ამგვარადვე მოიცავს ღმრთეება ყველა ქმნილებას ცასა და ქვემოთ უფსკრულში, და ყოველივეს აღავსებს ქმნილებაში, თუმც ქმნილებების გარეთ მყოფობს მისი უსაზღვროებისა და მიუწვდომლობის გამო. ასე რომ, ერთი და იგივე ღმრთეება ზრუნავს ადამიანებზე და განაგებს ყოველივეს მისი გონების მიხედვით. როდესაც ზოგი ლოცულობს და არ უწყის, რას ითხოვს, ზოგი კი მარხულობს, და სხვები მსახურებისთვის არიან დადგენილი, ღმერთი, როგორც სამართლიანი მსაჯული, თითოეულ მათგანს მიუზღავს რწმენის საზომის მიხედვით. რადგან რასაც აკეთებენ, ღვთის შიშით აკეთებენ, მაგრამ ყველა მათგანი არ არის ძე, არც მეფე, არც მემკვიდრე.
ამქვეყანაზე არიან მკვლელები, გარყვნილები და მტაცებლები, მაგრამ ასევე არიან ისინი, რომლებმაც საკუთარი ქონება გლახაკებს დაურიგეს. უფალი მათაც ხედავს. სიკეთისმოქმედთ მიაგებს განსვენებას და საზღაურს. რადგან არსებობს ზეაღმატებული საზომები და ასევე არის მცირე საზომები; ერთსა და იმავე ნათელში და დიდებაში არის განსხვავებები. ერთსა და იმავე გეენაში და სასჯელში აღმოჩნდებიან მომწამვლელები, მტაცებლები და ასევე სხვა წვრილი ცოდვის ჩამდენებიც. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ `ერთი არის სასუფეველი და ერთი არის გეენა, და არ არსებობს სიღრმეები~, არასწორად ამბობენ. რადგან რამდენი ამქვეყნიური კაცი არის, რომელიც დადის სანახაობებზე და სხვა უწესობებზე, და რამდენი არის, ვინც ლოცულობს და ეკრძალვის ღმერთს? მათაც და ამათაც ხედავს ღმერთი და როგორც სამართლიანი მსაჯული ამათ განუმზადებს განსვენებას, მათ კი _ სასჯელს.
როგორც ადამიანები შეაბამენ ხოლმე ცხენებს და ეტლებს, მათ მართავენ სადავეებით და ერთმანეთის წინააღმდეგ მიაგელვებენ (რადგან თითოეული მათგანი იბრძვის, რათა ჩამოგდოს და დაამრაცხოს მოწინააღმდეგე), ასეთივე სანახაობა არის გამართული მებრძოლთა გულში, როდესაც ბოროტი სულები ებრძვიან [ადამიანის] სულს, ხოლო ღმერთი და ანგელოზები უყურებენ ამ სანახაობას. გარდა ამისა, სული ყოველ ჟამს მოიპოვებს მრავალ ახალ აზრს, მსგავსადვე ბოროტებაც ნერგავს მასში [მრავალ აზრს]. სულს მრავალი დაფარული ზრახვა აქვს და ერთსა და იმავე ჟამს წარმოქმნის და შობს მათ. ასევე ერთსა და იმავე ბოროტებას აქვს მრავალი ზრახვა და ჩვეულება, და ყოველ ჟამს შობს ახალ აზრებს სულის წინააღმდეგ. გონება არის მეეტლე, იგი შეაბამს სულის ეტლს და ხელთ უპყრია აზრთა სადავეები. და ასე მიაგელვებს სატანას ეტლის წინააღმდეგ იქითკენ, სადაც მასაც შებმული აქვს სულის წინააღმდეგ.
კითხვა: თუ ლოცვა არის განსვენება, როგორ ამბობენ ზოგიერთები: `არ ძალგვიძს ლოცვა~? და ვერც ძლებენ ლოცვაში ყოფნას?
პასუხი: თვით ეს განსვენება იძლევა ჭარბ გულმოწყალებას და სხვა მსახურებებს, როგორიც არის ძმების მონახულება და სიტყვით მსახურება. თვით ბუნებას სურს წასვლა და ძმების ნახვა, და მათთან საუბარი. რამეთუ ცეცხლში ჩაგდებულს არ ძალუძს დარჩეს საკუთარ ბუნებაში, არამედ იძულებით ისიც ცეცხლად იქცევა. ამავე გზით, როდესაც ცეცხლში ჩავყრით ქვიშას, ჩაუქრობელ ქვად იქცევა. ასევე, თუ ვინმე მოისურვებს ზღვაში ღრმად ჩაყვინთვას და შესვლას, შუა ზღვაში ჩაიძირება და გაუჩინარდება, მაგრამ სიღრმეში შესულს მას კვლავ სწადია ამოსვლა, გამოცურვა და ნაპირზე გადმოსვლა, და მიწაზე ადამიანების ნახვა, _ ამგვარადვე თუ ვინმე შევა მადლის სულიერ სიღრმეში, კვლავ ახსოვს მისი მეგობრები, და თვით ბუნებას სურს ძმებთან გამოსვლა, სიყვარულის აღსრულება და სიტყვით განმტკიცება.
კითხვა: როგორ არის შესაძლებელი, რომ ორი პირი არის გულში, _ მადლიც და ცოდვაც?
პასუხი: ისევე, როგორც როცა ცეცხლი სპილენძის გარედან არის; შემდეგ, თუ დაუმატებ შეშას, აჰა, ცეცხლოვანი გახდება [სპილენძი], ჭურჭლის შიგნითაც რაც არის, დუღს და თუხთუხებს, მაშინ როცა ცეცხლი გარედან არის მოდებული. მაგრამ თუ ვინმე ყურადღებას არ მიაქცევს და არ დაუმატებს შეშას, ცეცხლი დაიწყებს განელებას და თითქოს ჩაქრობას. ასევე არის მადლიც: ციური ცეცხლი შენს შიგნითაც არის და შენს გარეთაც არის. შემდეგ, თუ ლოცვით და ქრისტეს სიყვარულისადმი აზრების მიძღვნით დაუმატებ შეშას, შენი აზრები იქცევიან ცეცხლად და შთაიფლებიან ღვთის ვნებაში. თუმც, სულიწმინდა გშორდება და თითქოს შენს გარეთ გამოდის, მაგრამ შენს შიგნით არის და ჩანს ისე, თითქოს შენს გარეთ არის. მაგრამ თუ ვინმე ზრუნვას მოაკლებს და საკუთარ თავს მიუძღვნის ამქვეყნიურ საქმეებს, ან ხეტიალს, ბოროტება კვლავ მოვა და ჩასახლდება სულში, და დაიწყება მთელი ადამიანის ტანჯვა. ასე რომ, სულს ახსოვს წინანდელი განსვენება, და იწყება მისი წვალება და გამუდმებით შევიწროება. მაგრამ გონება კვლავ მიმართავს ღმერთს და დაიწყება მასთან წინანდელი განსვენების მიახლოება, იწყება უფრო ძლიერი ძიება და ამბობს: `უფალო, მჭირდები.~ ნელ-ნელა მოედება მას ცეცხლი და გაიზრდება სულის განსვენება, როგორც სათევზაო ნემსკავს ნელ-ნელა ამოჰყავს თევზი [წყლის] სიღრმიდან. რადგან ეს რომ არ იყოს და [კაცმა] ისე იგემოს სიმწარე და სიკვდილი, როგორ შეძლებს ის სიმწარის სიტკბოსგან გარჩევას და სიკვდილის სიცოცხლისგან, და როგორ შესწირავს მადლს ცხოველმყოფელ მამას და ძეს და წმინდა სულს უკუნისამდე! ამინ.